Sunday, September 18, 2011

შავი ზღვის აჩრდილი

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ შვებულების ტკბილი დღეები დაიწყო. ოჯახს მონატრებული ვიყავი, რადგან იშვიათი სტუმარი გახლავართ სახლში. დასვენება კი ერთად გადავწყვიტეთ ზღვაზე. თითქოს ზღვის ტალღების ძალა მინდოდა გადამდებოდა, მინდოდა ჩემთვის ვინმეს მოევლო, უფრო სწორად დედას, ეზრუნა ჩემზე  და ისე ახლოს ყოფილიყო, როგორც ბავშვობაში იყო ერთ დროს...
შემოდგომის პირი იყო, მაგრამ მზე მაინც ამაყად დასცქეროდა შავი ზღვის სანაპიროს. ზღვი პირა სახლში გავჩერდით, რამდენიმე მეტრის გავლა იყო საჭირო და უკვე ზღვაზე ვიყავი. ტალღების ხმა კი გულს მიჩქარებდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ერთად ვიყავით, მე მაინც დროდადრო ფიქრებში გარინდებული, შორს სადღაც წასული მარტო ვრჩებოდი საკუთარ თავთან. 
იმ დღეს კი საოცარი წვიმა დასცხო. თითქოს ერთიანად გახსნილიყო ცის თაღი და ვიღაცას დიდი ბიდონებით წყალი გადმოესხას. უცნაურად ვგრძნობდი თავს და ამინდი შესაფერისი იყო ჩემი სულიერი მდგომარეობისა. თითქოს დავმშვიდდი, სული მოვითქვი...
აზვირთებული ტალღებს ერთი ამბავი გაჰქონდა. მარტო გავეშურე ნაწვიმარი ზღვის სანახავად. შემაღლებულ სველ ქვიშაზე მოვიკეცე და აღელვებულ ზღვას ჩავაშტერდი. 
ბინდდებოდა.. იქ, სადაც მე ვიჯექი კარგად ჩანდა გარემო.. ნაპირი და ბინდი კი ნელ-ნელა ერწყმოდა ერთმანეთს და ზღვას. აქაფებული ტალღები განმგმირავი ხმაურით ეხეთქებოდა ნაპირს. თვალი გამიშტერდა და შორს სივრცეში მოციმციმე სინათლე დავაფიქსირე. დიდხანს ვფიქრობდი რა შეიძლება ყოფილიყო, თან თვალს ვერ ვაშორებდი.. "ნუთუ ნავია? რომელი ჭკვიანი შემოსულა ასეთ ამინდში.." ან შეიძლება მეთევზეთა კატერია, ან სანაპირო დაცვა.."- ვფიქრობდი ჩემთვის და უცებ გონებში წარმოსახვა გაჩნდა: "ხომ შეიძლება ვინმე მეთევზე იყოს, წყლის შვილი, უცხო გაბედული და მამაცი.." ფანტაზიას  ფრთა გაეხსნა, ჩავიძირე ფიქრში და ავიტაცე იდეა უცხო, მამაცი მეთევზისა,  გაბედულად რომ მოაპობდა ადიდებულ ტალღებს. მჯეროდა, რომ სწორედ ის იყო.. სანახევროდ დახუჭული თვალებით მაინც შევცქეორდი ერთ წერტილს ზღვაში და რაღაც დაუჯერებელ ამბავზე ფიქრს ვაგრძელებდი. ნავის მსგავსი ხისგან შეკრული მოცურავე ელემენტი კი  აღმოსავლეთიდან  ნაპირისკენ მოძრაობდა, აზვირთებულ ტალღებს მოჰქონდათ. დროდადრო გაიელვებდა ხოლმე და სინათლეზე გავარჩიე უცნობის გარუჯული და  დაკუნთული სხეული, ქერა,  შუბლზედ ჩამოშლილი კულულები და ზღვასავით ლურჯი თვალები..  მეთევზედ მონათლული ჭაბუკი მედგრად ებრძვოდა ტალღებს, არ ნებდებოდა ზღვას. გული მიგრძნობდა  ზღვაც არ გაიმეტებდა მას დასაღუპად. .. უცებ მჯდომარე წავბარბაცდი და თვალთახედვიდან გაქრა უცნობიც.. თითქოს წყლის ბნელეთმა ჩაახვია და ჩაყლაპა.. შევკრთი, არ მინდოდა დაღუპულიყო..მინდოდა ნაპირამდე გამოეღწია, სამშვიდობოს დამეგულებინა და თუნდაც უჩუმრად გავცლოდი. 
დაისის უკანასკნელი წუთები სიკვდილის მოლოდინით გარინდულიყო. სასოწარკვეთილი შევცქეროდი გაავებულ ზღვას და ამ დროს კვლავ გამოჩნდა ნავი და მასზე ჩემი ფანტაზიის მიერ გამოჭედილი ჭაბუკი, თვალს ვერ ვწყვეტდი.. მას უდარდელი სახე ჰქონდა, მოსჭარბებოდა სილაღე და დამცინავი ღიმილი დროდადრო სერავდა მის სახეს. 
მეთევზე ზღვისფერი თვალებით სულ უფრო და უფრო მიახლოვდებოდა, მაგრამ უკუნეთი სიბნელე ჩრდილავდა მას და შორს ჩემსავე გონებაში აბრუნებდა. 
მთელ საათზე მეტი გასულიყო ამასობაში. ტანში აუტანელმა სიცივემ დამირბინა და ჩემს ოთახში დავბრუნდი იმ იმედით, რომ მეორე დილით დარი იქნებოდა. 




12/09/2011 
ურეკი, საქართველო. 

No comments:

Post a Comment