Monday, January 31, 2011

და მე დავბრუნდი

და მე დავბრუნდი
მთვრალი,
დაღლილობისგან მკვდარი,
მონატრებისგან მდნარი,
ცივად ხმიანობს 
ჩემი ლექსების თარი..
ქრის ქარი..
გაქრა დარი..
ნუ ნერვიულობთ:
ცუდი დამთავრდა(?)
ახლოა სინათლის კარი..

P.S. ბევრი დამიგროვდა საწერი და ბევრს დავწერ..სხვა რა დამრჩენია.. დავწერ და წავიკითხავ.. დავხატავ და დავტკბები ჩემივე ნახატებით.. დავლევ და დავთვრები ისე, რომ დავივიწყო "მუგოკოს" კოშმარები, დავიძინებ, რომ სიზმარში მაინც გნახო..ვიტირებ მაშინ, როცა ძალიან შემცივდება, მომშივდება და პიკს მიაღწევს სევდა, რომელიც აქამდე სულ თან მდევდა.. 

ჩემი ბლოგის მისამართი ლამის დამავიწყდა, მაგრამ მიხარია, რომ დღეს მაინც მომეცა საშუალება დამეწერა.. 

იგ
2011 წელი იანვარი 

Thursday, January 20, 2011

ჩემი კიდევ 2 ცალი ლექსი ...

* * * 
თბილ ქალაქს ფიფქემბა ათოვა დღეს,
კარგა ხანია ვერ ვხედავ მზეს,
არაფერს ამბობ, ჩუმად ხარ შენც..
ზამთრის სუსხიან ფიქრებს ვსდევ,
ბედი ტიალი სად მიმათრევს?
ალბათ შენგან შორს
და მიტომაც თოვს!


* * *
ქაოსი 


და იყო გვიანი,
დღე არა მზიანი,
გზა მეტად მტვრიანი,
თვალები წყლიანი
და სევდიანად მომზირალი.
ბედის ბორბალი?
 ეშმაკის ფრთიანი
ტრიალებს, ბზრიალებს,
გულის საგულეს ფრთხიალებს.
ტკივილს არავინ მიამებს,
ვიღაც პირიქით, მიმატებს..
ოდესმე თუ გამიმართლებს?!


იგ, იანვარი 2011



ირმას ლექსი

ისევ რაღაცას ვეძებდი და ამ ძებნაში ფურცლების დასტას გადავეყარე.. ფურცლები დროს გაეხუნებინა, არც ისე დიდ დროს, მხოლოდ 5 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ეს ლექსი დაიწერა თქვენი მონა-მორიჩილის მიერ და ეძღვნება ჩემს დას, ირმას.. შესაბამისად ლექსს ჰქვია  "ირმას ლექსი".. 
მისთვის არა ერთი რამ დამიწერია, შაირი, ზღაპარი თუ ჩანახატი, მაგრამ ამ ლექსმა ისე გაახარა, თან დაჰქონდა.. მგონი შეყვარებულისავით იყო მაშინ და ... 


დღე გაილია, დაღამდა კიდეც,
სუსხი იგრძნობა ცივი ზამთარის,
თეთრი გარემო ანათებს გრძელ გზას,
აღარსად მოჩანს სინათლე მთვარის.


სარკმლის წიაღში კიაფობს სევდა,
ყინვამ შიპყრო შორი ფიქრები,
ზამთარზე უკეთ ვინ იცის ნეტავ, 
ვის უმზერს შენი შავი თვალები.. 


2006 წელი
იგ

Saturday, January 15, 2011

იქ, სადაც


პატარა ქალაქია, 
იქ მე ლექსები მაბადია,
იქ, სადაც არაფერი ღალატია,
ფერები მუქია და ყველა გადარია,
იქ, სადაც გიწუნებენ, რატომ
შენი გრძნობა მუდამ ხალასია.
იქ , სადაც სიყვარული სახადია,
სადაც გულწრფელობა ყველას ახატია
სიცრუის საბანი ქალაქს რომ აფარია..

იგ, იანვარი 2011

ზღაპარივით ხელთათმანი

იყო და არა იყო იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა ამ ქვეყანაზე.. ერთ პატარა ქალაქში კი ცნობისმოყვარე გოგონა ცხოვრობდა. ყოველთვის ყველა დეტალს უკირკიტებდა და სანამ არ გაიგებდა ძირფესვიანად იმის ასავალ-დასავალს, რომ არ ჩერდბოდა.. ბევრს მობეზრდა მისი საქციელი და თავს არიდებდა მასთან შეხვედრას.. მაგრამ, მე როგორც მითხრეს, ბოროტი არ იყო,  პირიქით, იგებდა თითქმის ყველაფერს ყველაზე და მათ დახმარებას ცდილობდა.. საიდან  იყო ბევრმა არც იცოდა, მაგრამ ის არსებობდა და არავინ ჯავრობდა სხვა რამეზე.. როგორც ამბობენ ასაკით დიდი უნდა ყოფოლიყო, ათასგვარ მითსა თუ რეალობას ჰყვებოდნენ მის შესახებ.. იგი არასდროს არავის არაფერს უამბობდა. თუმცა-ღა პატარა ბავშვივით ჰქონდა პირი-სახე.. ტანთ ემოსა წითელი, თეთრი კოპლებიანი კაბა, პიჯაკი, რომელიც ოდნავ დიდიც კი ჰქონდა და თეთრი შარფი კისერზე მოეგდო, დაბალძირიანი ხაკისფერი ფეხსაცმელები ეცვა  და თმებს კიკინად შეკრეულს ან ნაწნავს ატარებდა. მხოლოდ ღრუბლიან ამინდში იშლიდა ოქროსფერ დალალებს, თითქოს მზეს უხმობდა..
 სად ცხვორობდა და ყველგან, მაგრამ ხშირად ერთ პატარა ქუჩაზე,  კაკაოს უბანში  მდებარე კაფეში შეიძლებოდა დაგენახათ.. სადაც ნაირ-ნაირი "შიკოლადი" იყიდებოდა..
მაშინ ზამთარი იყო.. პატარა ქალაქში ცხოვრება თავის რიტმს მიუყვებოდა მდორედ.. მაგრამ სადაც კი გამოჩნებოდა წითელ კაბიანი, მაშინვე საინტერესო და მხიარული რამ უნდა მომხდარიყო.. ის თითქოს ყველას უყვარდა..

ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ რაც, ქალაქში გამოჩნდა უცხო ვინმე სტუმარი, ერთი უკარება, ცივი ახალგაზრდა, შავ ტყავის პიჯაკში გამოწყობილი.. მისია მისი იყო ქალაქის მერიაში ფულის დათვლის ახალი მექნიზმის შემუშავება(ო) ასე ამიხსნეს.. ფულის დათვლასთან არაფერი არ ჰქონდა საერთო პატარა გოგონას, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, გზად მიმავალს ქვაფენილზე დაგდებულმა ნივთმა მოწყვიტა მზერა.. გაშლილ ხელს გავდა შორიდან და სწორედაც რომ.. ქვაფენილზე ხელთათმანი ეგდო.. მამაკაცის იყო.. დასწვდა, აიღო, დაყნოსა.. მოიზომა და რა თქმა უნდა დიდი მოუვიდა.. გადაწყვიტა ხელთათმანის პატრონი ეპოვა და დაებრუნებინა ნივთი
ცალ ხელზე გაკეთებული ხელთათმანით დადიოდა კარგა ხანს.. არ იშორებდა ხელიდან და  ძალიან მოსწონდა, თან  ერთი სული ჰქონდა გაერკვია ვის ეკუთვნოდა. ხელთათმანი კი ისეთი თბილი იყო, სიცხისგან ხელი ეწვოდა ლამის.. 
ამასობაში კი ცალი თათმანი არც მეტი და არც ნაკლები, ქალაქში სტუმრად ჩამოსულ ფინანსისტს  დაეკარგა..  დიდად არც უნაღვლია დანაკარგზე... თავის საქმეს ასრულებდა.. გულგრილად ათვალიერებდა ქალქის ქუჩებს.. აი, შუა ზამთარში კი საზაფხულო ტანსაცმელში გამოწყობილმა, წითელკაბინმა და ცალ ხელზე ხელთათმან წამოცმულმა გოგომ კი მიიქცია მისი ყურადღება, არ ვიცი რას გაიფიქრებდა მის დანახვაზე.. ალბათ იტყოდა პატარა ქალაქის გიჟიაო. 
ამასობაში კი,  ცნობისმოყვარე გოგონა, რა ცნობისმოყვარე იქნებოდა, რომ არ გაერკვია ვისი იყო მის მიერ ნაპოვნი ნივთი.. გადაწყვიტა, არად ჩაეგდო ახალგაზრდა მამაკაცის გულგრილობა და კაკაოს უბანში მდებარე შოკოლადის კაფეში დაეპატიჟებინა და  დაებრუნებინა თავისი ხელთათმანი.. დიდხანს ელოდა, მაგრამ ის არ გამოჩენილა, ანდა რას მივიდოდა, ერთი ცალი ხელთათმანის გულისთვის ვიღაც უცხო, შუა ზამთარში ზაფხულის კაბაში გამოწყობილ გოგოსთან კაკაოს უბანში, შოკოლადის კაფეში.. 
ეს ამბავი ისე გავრცელებულა ქალაქში, რომ ყველა ეკითხებოდა პატარა ცნობისმოყვარე გოგოს, "მოვიდა, რაო? მართლა ისეთი ცივი და უკარებაა როგორც ერთი შეხედვით გავსო" მაგრამ აქ უკვე პასუხი არ ჰქონდა გასაცემი, რადგან არა იცოდა რა.. 
გოგონა ერთ ხანს გულგატეხილი დადიოდა.. თითქოს ხვდებოდა, რომ ყველას საქმეში ცხვირის ჩაყოფა არა ვარგოდა, მაგრამ თავს იმართლებდა ისევ საკუთარ თავთან, მას ხომ ამით სიკეთე უნდოდა რომ მოეტანა ისევ იმათთვისვე.. 
დილა გათენდა მას შემდეგ მრავალი.. ქალქში ახალი სისტემით მარტივად ითვლიდნენ ფულს.. ცხოვრება არ ჩქარობდა, ერთი დრო გადიოდა მალე, თან ისე, რომ ყველას დაავიწყდა გოგონა, რომელიც სულ რაღაცას საინტერესოს და სახალისოს აკეთებდა.. ის უცებ გაქრა ქალაქიდან, იმ წელს მოსული თოვლივით.. 
მხოლოდ კაკაოს უბანში, შოკოლადის კაფეში დააკლდა გამყიდველს მუდმივი კლიენტი და სინანულით ამბობდა, რომელიმე თქვენგანს ხომ არ უნახია წითელ, თეთრ კოპლებიან კაბაში გამოწყობილი გოგონა, აწეული ოქროსფერი თმებით და ცალ ხელზე დიდი ხელთათმანითო.. 
Stanislaw Wyspianski: Portrait of a Girl in a Red Dressამ დროს რას არ ამბოდა იქ შეკრებილი ხალხი, თითქოს ის გოგონა, იმ ფინანსისტს გაჰყოლია უკან და ხელთათმანის დაბრუნება  უნდოდაო..


ნეტავ რატომ ლამობდა ასე მისთვის ხელთათმანი დაებრუნებინა, ეჰ მაგდენი რომ ვიცოდე.. ან ის ახალგაზრდაც მისულიყო შოკოლადის კაფეში, რა დაშავდებოდა, ასე ხომ აღარ გაქრებოდა ისეთი ადამიანი, რომელიც ისედაც სანთლით საძებარია ამ ქვეყანაზე, მაგრამ იცით, მე მჯერა, რომ ის მუდამ იქ არის, სადაც სითბო, გულწრფელობა და სიყვარულია, სადაც ცხოვრება უხარიათ, შეუძლიათ დაძლიონ საკუთარი სიჯიუტე და საკუთარ თავთან ერთად სხვასაც ბედნიერება მოუტანონ.. 
უჰ, რავიცი, ძალიან გამიგრძელდა ახლა საუბარი და სიბრძნის მაგვარი რამეების ფრქვევა(?).. 


ჭირი იქა, ლხინი აქა, 
ქატო იქა, ფქვილი აქა..


დასასრული(?)


იგ, იანვარი 2011





15/01

ისევ მუზამ შემაწუხა,
გულმა ლექსის  წერა მთხოვა,
ტანი მიგრძნობს, თოვლი მოვა..

*
ფეხებზე მაცვია თბილი უგები,
ნუგეში ვპოვე მე მეგობრის უბეში.
ისევ შენ გხედავს თვალის გუგები,
მაგრამ ნუ მელი..
*
ამობენ არის,
იტყვიან იყო,
როცა ცხოვრების გზები გაიყო.
მაინც რა იყო?
ბედი არ იყო..
ფიალა მწერლის ცრემლებით გაივსო,
შენი ღიმილი მე არ მაღირსო.
მძულხარ მაისო!

იგ, იანვარი 2011

Thursday, January 13, 2011

13.01.2011

გადათეთრდა არე–მარე
დაანათა მთვარემ..
გვიანია, მაგრამ სათქმელს
მოგახსენებთ ბარემ:
დღეს არ ვიცი რამ გატეხა,
ფიცი მქონდა მტკიცე,
შენთვის წერილის მოწერას
ამწეოდა სიცხე..
კარგით ,ახლა ნუ მოჰყვებით,
სხვა დროს კი გამკიცხეთ..
ერთიანად ჩამომგლიჯეთ
მე სირცხვილის რიდე,
რაცა გნებავთ ისა მკადრეთ,
ტანჯვას  ამარიდეთ!!!

იგ, იანვარი 2011
02:00 AM

Wednesday, January 12, 2011

I Will Wait For You - The Umbrellas of Cherbourg

შერბურის ქოლგები, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მიუზიკლი, რომელის მუსიკა ამ ბოლო დროს ჩემი მეგზურია.. ჩამესმის მაშინაც კი როცა მარტო არ ვარ.. 
მათ, ვისაც არ აქვს ეს ფილმი ნანახი: ნაღვლიანი ისტორიაა სიყვარულისა და განშორების შესახებ. სიუჟეტი შერბურში ვითარდება. ქოლგების გამყიდველ ქალს და ავტომობილების პროფილაქტიკაში მომუშავე მამაკაცს ერთმანეთი შეუყვარდათ, მაგრამ სამხედრო სამსახურში გაწვევის გამო, იძულებულნი არიან დაშორდნენ. ქალაქში დაბრუნებულ მამაკაცს საყვარელი ქალი გათხოვილი ხვდება. 


აი, ის მუსიკაც, რომელიც არ მასვენებს... =)











იგ, იანვარი 2011

Tuesday, January 11, 2011

ეპილოგი

შუაღამე იყინება და ჩემი სანთელი კი იწვის..
 ამ ზამთარსა და სიცივეში 
რა სიყვარული აგტეხიაო,
ვიღაც ხომ იტყვის?
რა იყო, გოგო ვინ შეგყვარებიაო?
ბედი კრიალოსანს ითვლის..
ვინ ვარ რომ გავბედო და 
ვიუბნო სიყვარულზე?
თავხედი თითქმის!


დიახ, დიახ, სწორედაც რომ.. არანაირი უფლება არ მაქვს ვილაპარაკო ჭეშმარიტ სიყვარულზე.. რადგან არა მყვარებია ჭეშმარიტად და ჰაა. აქამდე ზოგიერთი თქვენგანივით ვიყავი, "მხოლოდ ჩემიანები მიყვარდა, და მერე, ჩემთვის მოულოდნელად, სულში გამეფურჩქნა უცნაური ,სიყვარულის მცენარე - აბა, თუ მიხვდებით, რომელი? - ყაყაჩო!- არა, ჩქარა ჭკნება!- ენძელა!- ნაზია ძალზე...- გეორგინი!- გაფოფრილია...- ვარდი?- შაბლონურია...- აბა რა?- და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი - ეკლიანი და ეკლებიანი, ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი მისი ყოველი ჩხვლეტა, და აი ახლაც, თქვენ რომ გიყურებთ, ახლა მჩხვლეტს და რომ იცოდეთ როგორ მიყვარხართ ..." (დოჩანაშვილის "სამოსელი პირველი) .. მაგრამ ზოგჯერ სულაც არაა ტკბილი ამ კაქტუსის ჩხვლეტა.. ეს ეკლები პირდაპირ შხამიანად რო ესობიან ადამიანს..


P.S. ჩვენს ეზოშიც მოვა გაზაფხული, აბა ისე როგორ იქნება ..

P.P.S. არავის არაფერს არ ვუხსნი, უბრალოდ რაღაცნაირად ამოტვიტივდა  თემა.. და ალბათ ისევ ჩაიძირება, იმედია ისე არა, როგორც ტიტანიკი...  :D


იგ, იანვარი 2011
       







სტენდალის ნაშრომი "სიყვარულის შესახებ"

 "ბატონო სტენდალ, მაინც რა არის ეს სიყვარული?
- მოდით ასე ვთქვათ: გიყვარდეს - ნიშნავს სიამოვნებას განიცდიდე, როდესაც რაც შეიძლება ახლო მანძილიდან ხედავ, ეხები, ყველა გრძნობის ორგანოთი აღიქვამ არსებას, რომელიც გიყვარს, და რომელსაც უყვარხარ. 
- ამით ფაქტიურად არაფერი გითქვამთ, ვინაიდან განმარტებაში გამოიყნეთ ის სიტყვა, რომლის განმარტებაც მე გთხოვეთ.
- (იცინის) მართალია. მაშინ ასე ვიტყვი: სიყვარული არის გრძნობა, რომელსაც განიცდის ერთი ადამიანი მეორეს მიმართ. შესაბამისად ეს არის გარკვეული დამოკიდებულება, გარკვეული მიმართება სხვა ადამიანთან. მე სიყვარულის ოთხ ძირითად ფორმას გამოვყოფდი: პირველი ესაა - სიყვარული ვნება. ამას სიყვარულის ძირითად მნიშვნელობას დავარქმევდი. თავბრუდამხვევი, ლამაზი, მგზნებარე . . . აი ისეთი, წიგნებში რომ ვკითხულობთ ხოლმე. ამ დროს ადამიანი კარგავს საკუთარ მე-ს და მთლიანად მოცულია სიყვარულის ობიექტით. გავიხსენოთ რომეო და ჯულიეტა, მარგო და ლა-მოლი, ქეთა და ბერო. მეორე - სიყვარული გატაცება. კარგი ტონის ადამიანმა ზუსტად იცის ყველა წესი, რაც ამგვარ ურთიერთობაში დაშვებულია, გონივრულია. არაფერი გაუთვალისწინებელი არ ხდება. როგორც წესი ამგვარი ურთიერთობა აგებულია პატივმოყვარეობაზე. ამგვარ სიყვარულს ვაწყდებით ხოლმე რომანებში "კარგი სასიძოები"-ს პერსონაჟებთან. ისინი თითქოს ცუდები არ არიან, მაგრამ რაღაც არ ყოფნით. ალბათ ძალა. სიყვარულისთვის წესების დარღვევის ძალა. მესამე ესაა ფიზიკური სიყვარული - ყველაზე კარგად ამ სიყვარულის გამოხატვა შემდეგი წინადადებით შეიძლება: "რა ჯობია გლეხის ქალს ნადირობის დროს რომ გადააწყდები ტყეში." ამგვარი რამ ჩვეულებრივი მოვლენაა ადრეულ ასაკში. სიყვარულს მე მას ვუწოდებ იმდენად, რამდენადაც ფიზიკური ლტოლვით დაბნელებული გონება ვე არჩევს რასთან აქვს საქმე, სიყვარულთან თუ ფიზიკურ ლტოლვასთან. და ბოლოს - სიყვარული პატივმოყვარეობა. ეს არის სიყვარულის ყველაზე უხამსი და ცარიელი ფორმა. ამ დროს ადამიანს სხვა ადამიანი კი არ უყვარს, არამედ საკუთარი თავი მის გვერდით. სინამდვილეში სიყვარული ვნების დროსაც მოგწონს საკუთარი თავი, ოღონდ განსხვავება ამ ორ სიტუაციას შორის არსობრივია: სიყვარული ვნების არსი ყველაზე კარგად მარკესის ერთ ბრძნულ გამონათქვამში ჩანს: „მე შენ მიყვარხარ არა იმიტომ ვინ ხარ შენ, არამედ ვინ ვარ მე, როცა შენ გვერდით ვარ." ანუ აქ საყვარელ ადამიანთან დამოკიდებულება მაინც უფრო ღრმა და სიღრმისეულია. სიყვარული პატივმოყვარეობის დროს ერთი ადამიანი მეორეს როგორც მოსართავს ისე განიხილავს. საუბარი უშუალოდ ზედაპირულ მორთვაზეა. მაგალითდ შემოდის გოგო, რომელიც ერთი შეხედვით არ მოგწონს, მაგრამ ვინაიდან ყველა შენი მეგობარი მის სილამაზეს აღნიშნავს შენ თვლი, რომ მასთან ერთად ყოფნის შემთხვევაში ყველა გაღიარებს. იტყვიან, რომ მაგარი ხარ. როგორც ხვდებით ეს ძალიან ზედაპირული ურთიერთობაა, რამდენადაც უშუალოდ ფიზიკურ მოხდენას გულისხმობს. ჩემი აზრით ამ ურთიერთობას სიყვარულთან არანაირი კავშირი არ აქვს, ყოველ შემთხვევაში იმ ფორმასთან, რომელსაც მე ვაფასებ. 
- სიყვარულში ვნებას გულისხმობთ?
- დიახ. სწორედ ეს არის სიყვარულის ის გაგება, რომელიც ჩემთვის ყველაზე ლამაზია. ამგვარი სიყვარული მხოლოდ ცივილიზაციის მონაპოვარია და გეტყვით ეხლა რატომ. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ პრიმიტიულ კულტურებში ვინმეს თეთრი ღამის გათენების ფუფუნება ჰქონდეს. ან თუნდაც უბრალო გლეხი წარმოიდგინეთ, რომელიც 14 საათიანი ფიზიკური შრომის შემდეგ სატრფოს ფანჯარასთან სიმღერას მღერის. სად აქვს მას ამის დრო და ენერგია? ამგავრი ადამიანი ცოლის შერთვის დროს ყველაზე ნაკლებად ფიქრობს გრძნობებზე. მისთვის მთავარია პრაქტიკული გამოყენება. რამდენად ჯამრთელია ქალი ჯანსაღი შთამომავლობის შესაქმნელად, რამდენად გამძლეა სახლის სამუშაოსთვის და ა.შ. ამდენად იმისათვის, რომ სიყვარული, რომელზეც მე ვსაუბრობ შეიქმნას აუცილებელია 1. ბევრი თავისუფალი დრო. 2. წარმოსახვის უნარი, ფანტაზია. 3. ინტელექტი-განათლება. აი დააკვირდით იმ ფილმს, თუ არ ვცდები "რაც გინახავთ ნუღარ ნახავთ" . . .
- რაც გინახავს ვეღარ ნახავ . . .
- დიახ. აი არ მჯერა, რომ იქ სიყვარულზე იყოს საუბარი. პირადად ჩემზე ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი, კერძოდ სიძე, გონებაშეზღუდულის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომლისთვის "ქალის" მოძებნაზე ყარაჩოღელთა მთელი გუნდი მუშაობს. არც ის ქალი გამოირჩევა სხვათა შორის ინტელექტის სიჭარბით. ის, რომ მათ არც კი იციან რას სჩადიან დაქორწინებით ჩანს ფილმის ფინალში, როდესაც პირველივე კოცნის შემდეგ პატარძალი ეტლიდან ხტება და გარბის. მან არც კი იცის რას ნიშნავს ლტოლვა საყვარელი ადამიანის მიმართ, რა სიყვარულზეა საუბარი(იღიმის).
- რა კავშირშია ერთმანეთთან ლტოლვა და სიყვარული?
- კარგი. მოდით მაშინ ჩემს მოსაზრებას გაგაცნობთ იმის თაობაზე, თუ როგორ იქმნება სიყვარული და ყველაფერი უფრო ცხადი გახდება. იმისათვის, რომ სიყვარული დაიბადოს გარკვეული ეტაპებია გასავლელი: 1. აღტაცება - ხედავ ადამიანს და ის იწვევს შენში აღტაცებას, იპყრობს შენს ყურადღებას, გამოარჩევ მას სხვებისგან და ა.შ. 2. აღტაცების შემდეგ თავში მოგდის ერთი ფიქრი. კერძოდ: "ალბათ რა კარგია მისი კოცნა და მისგან კოცნის მიღება". ერთი სიტყვით ჩნდება გარკვეული ფიზიკური ლტოლვა. 3. იმედი - იმედი უკვე სერიოზულად ცვლის სიტუაციას. ადამიანი ფიქრობს, რომ კოცნა არც თუ ისე არარეალურია. რაღაცა ნიშნების საფუძველზე, რომლებიც შესაძლოა სარეთოდაც არ იყვნენ ნიშნები, გიჩნდება წარმოდგენა, თითქოს სიმპათია ორმხრივია. ამ დროს ლტოლვა იმდენად დიდია, რომ ვეღარ მალავ მას, წითლდები, თვალები გიელვარებს, სუნთქვა გიხშირდება. იმდენად დაბნეული ხარ, რომ ენა გებმის და სისულელეებს ლაპარაკობ. ამგვარი მეტყველების მიზეზი ისაა, რომ საუბრისას არ გულისხმობ იმას რასაც ამბობს. გონებაში მხოლოდ ერთი წინადადება გიტრიალებს: "მე შენ მომწონხარ", ან "მე შენ მიყვარხარ". სხვა ნებისმიერი წინადადება აზრსმოკლებულია. 4. სიყვარული დაიბადა!!! 5. იწყება პირველი კრისტალიზაცია - ეს სიტყვა ჩემი გამოგონილია ძალზედ სპეციფიური პროცესის აღსაწერად. ზალცბურგთან ახლოს მარილის მაღაროებში სეირნობისას გადავაწყდი ტოტებს, რომლებიც მემაღაროებმა ზამთრის განმავლობაში იქვე მიაგდეს. მთელი ამ ხნის მანძილზე ტოტებზე გაჩნდა კრისტალები, რის გამოც ტოტი ისეთად აღარ ჩანდა, როგორიც ის სინამდვილეში იყო. მსგავსი პროცესი მიმდინარეობს ადამიანის გონებაშიც. შეყვარებული ადამიანი ვეღარ ხედავს თავისი სიყვარულის ობიექტს ისეთად, როგორიც ის არის სინამდვილეში. გონება ავსებს ყველა ნაკლოვანებას და ქმნის მისგან სრულყოფილებას. შეიძლება გეზიზღებოდეს ადამიანი რომელიც სიგარეტს ეწევა, მაგრამ როგორ შეიძლება გეზიზღებოდეს ის, რომელიც ასე ლამაზად ეწევა მას. შეიძლება გეზიზღებოდეს უხეშობა, მაგრამ შენი სატრფო ყველაზე ნაზი უხეში იყოს და ა.შ. 6. ჩნდება ეჭვი - ეჭვის გაჩენის მიზეზი როგორც წესი მოპირდაპირე მხარის ვერაგი საქციელია. მაგალითად: გაუმხილე ადამიანს შენი გრძნობები. ისიც იგივეს განიცდის, თუმცა თვლის, რომ ჯერ კიდევ ცოტა დრო გავიდა იმისათვის, რომ მან საკუთარი გრძნობები გაგიმხილოს. რას იტყვიან დაქალები? ან თავად შენ ხომ შეიძლება იფიქრო, რომ ის ადვილი მოსაპოვებელია? ამიტომ აუცილებელია მოვლენების განვითარების შენელება. თუკი გუშინ იგი შენს ყვავილებს სიამოვნებით იღეებდა, შენი ხუმრობები მას ღიმილს ჰგვრიდა და გრძნობდი, რომ იგი შენს მიმართ გულგრილი არ იყო, დღეს ის გულცივად გხვდება, გამცირებს, უხეშობს და ა.შ. ეს ყველაფერი აღძრავს ეჭვს, მართლა იყო თუ არა ის ნიშნები, რომლებმაც იმედი ჩაგისახეს ნამდვილი, თუ ეს უბრალო ბოროტული თამაშის ნაწილი იყო. თუკი შენ ეჭვი ვერ დაძლიე, თუკი მისი ცივი დამოკიდებულება აუტანლად დამამცირებელი და შეურაცმყოფელია, მაშინ შესაძლოა სიყვარული საერთოდ გაჰქრეს. თუმცა არც ეჭვია დაუძლეველი წინაღობა შეყვარებული ადამიანისათვის. ამისათვის აუცილებელია სიყვარულის დამადასტურებელი ნიშნების პოვნა. ასეთი კი უხვად მოიპოვება. შეიძლება ათჯერ არ გაგიღიმონ მაგრამ ერთხელ შემოგხედონ "სხვანაირად" და ეს შემოხედვა ათივე გულცივობას დაჩრდილავს და გადაწონის. შესაძლოა ათჯერ გადაყარონ შენი ნაჩუქარი ყვავილები(ან, გითხრან რომ გადაყარეს) მაგრამ ერთხელ შენს ნაჩუქარ საყურეებში შენიშნო და მეტი მტკიცებულება აღარც გჭირდება. მას შენ უყვარხარ. სწორედ ამ დროს დგება ბოლო ფაზა. 7. მეორე კრისტალიზაცია - მეორე კრისტალიზაცია არის უკვე დასრულებული პროცესი სიყვარულისა. რაც მთავარია ეჭვი დაძლეულია. ძალიან ძნელია ამ დროს შეყვარებულ ადამიანს ჭკუა მოსთხოვო. საყვარელმა ადამიანმა სტუმრად მისულს სულ ცივი წყალი რომ გადაგასხას და სახლიდან გამოგაგდოს მაინც იფიქრებ, რომ ეს იმიტომ ქნა, ალბათ შეატყო თუ როგორი მთვრალი იყავი და გაგაგრილა. ახსნა ყოველთვის მოიძებნება. სამწუხაროდ ამ დროს აღარ არსებობს არანაირი დამცირება ან შეურაცყოფა, რომელსაც ადამიანი ვერ გადაიტანს. დოსტოევსკის ქალებში შეყვარებულ კაცებთან ვხედავთ ხოლმე ხშირად ამგვარ განცდებს. კარამაზოვები გაიხსენეთ.
- რამდენი დროა საჭირო იმისათვის, რომ სიყვარული დაიბადოს. მეორე კრისტალიზაციის ჩათვლით რა თქმა უნდა?
- ძალზედ ინდივიდუალურია, ასე ხელდასმით ვერ ვიტყვი. ფიქსირებული დრო არ არსებობს. შეიძლება მეორე და მესამე საფეხურებს შორის უფრო დიდი დრო გავიდეს ვიდრე მეექვსე და მეშვიდე საფეხურებს შორის. ძირითადად იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ წარადგენ, როგორ მიაწოდებ თავს სასურველ პიროვნებას. შესაძლოა ყველაფერი კარგად მიდიოდეს მაგრამ კრისტალიზაცია ყველაზე პატარა დეტალმა შეაჩეროს: შესაძლოა მას არ მოეწონოს თუ როგორ მიირთმევ საჭმელს, ან არ მოეწონოს როგორ იცინი, ცეკვავ და ა.შ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მანდილოსანისთვის ბოროტ ენებს უთქვამთ, შენს სატრფოს ერთი პერანგი ზედიზედ ორი დღე ეცვაო და ამას დაუბრკოლებია კრისტალიზაცია. ვინაიდან ეს პროცესი უდროოა, უგრაფიკო, შესაბამისად მისი დაჩქარებაც შეუძლებელია. ზოგიერთს ჰგონია, რომ რაც უფრო მეტ ყვავილს მიართმევს საყვარელ ადამიანს, მით უფრო მალე შეიყვარებს ისიც. ეს სისულელეა. თუ კრისტალიზაცია არ შედგა მინდორი რომ აჩუქო მაინც აზრი არ აქვს. როგორც წესი ყველაზე შეუგნებელი ამ მხრივ სიყვარული პატივმოყვარეობის მიმდევრები არიან, რომლებისთვისაც ფსონზე საკუთარი ღირსება დევს. მათ საკუთარი თავი იმდენად მოსწონთ, რომ ვერ წარმოუდგენიათ როგორ შეიძლება ვინმემ უარი უთხრას და იმისაც ეთაკილებათ, სხვები რას იტყვიან წარუმატებლობის შემთხვევაში. თავის თავის სიყვარული არ აძლვთ საშუალებას პრობლემის მიზეზები საკუთარ თავში ეძებონ და შესაბამისად მიზეზს გარე ფაქტორებში პოულობენ. ლოგიკა მარტივია: თუ კინოში ერთხელ წაყვანამ არ უშველა საქმეს ორჯერ უნდა წაიყვანო და თან პოპკორნიც უყიდო. თუ ბუკეტმა არ უშველა უფრო დიდი უნდა აჩუქო. თუ ამათმაც არ უშველეს მერე მძიმე არტილერია უნდა ჩართო და ტელეფონი აჩუქო. თუ ამის შემდეგაც უარი მიიღე თამამად შეგიძლია მას კახპა უწოდო(აბა მაშინ რას დაგყვებოდა აქეთ-იქეთ) და შესაბამისად მიზეზიც მთლიანად მასში გადაიტანო. შენი სახელი კვლავ ხელშეუხებელი რჩება. გულისამრევია ეს ყველაფერი.
- ოდნავ სხვა კუთხით მინდა საუბარი წავიყვანო. ძალიან ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ სიყვარული გარკვეული დროის მანძილზე ქრება ან ჩვევაში გადადის. როგორ შეიძლება სიყვარულის შენარჩუნება იმ ფორმით, როგორიც ის ურთიერთობის დაწყების პირველ პერიოდშია? 
- საინტერესო შეკითხვაა. გარკვეულწილად ჭეშმარიტების შემცველიც. რა თქმა უნდა პირველი პერიოდი ბევრად უფრო მრავალფეორვანი და საინტერესოა, რამდენადაც დიდია ეჭვი(უყვარხარ თუ არ უყვარხარ), რომელიც ყოველწამიერ დაძლევას მოითხოვს. სწორედ ეს ეჭვი არის ის, რაც აიძულებს ადამიანს ჩაიდინოს მრავალი ქმედება, რომელსაც ის ნორმალურ მდგომარეობაში არ ჩადის ხოლმე. თუკი ჩვენ ვაღიარებთ, რომ სიყვარულის მთელი ეშხი ეჭვის გამოვლინებების ყოველწამიერი ჩახშობაა მაშინ ლოგიკურია, რომ იგი განელდება, როგორც კი აღარ იქნება ეჭვი. თუკი მაგალითად ბიჭი აბსოლუტურად დარწმუნებულია იმაში, რომ გოგოს იმდენად უყვარს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მის გვერდით იქნება ეს სიყვარულისთვის დიდი საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს. თუკი არ არის არაფერი, რაც ბიჭის საქციელს დააბრკოლებს, თუკი არ არსებობს შიში, რომ მას მიატოვებენ მან ყველაფრის უფლება შიეიძლება მისცეს საკუთარ თავს. ერთი მხარის თავხედობასთან ერთად იზრდება მეორე მხარის დაკნინებაც. დროთა განმავლობაში, ყველაფრის მომთმენი ადამიანი მონად გადაიქცევა. მაგრამ რა აზრი აქვს თუკი შენ მონას უყვარხარ? მას სხვა გზაც არ აქვს. კოცნა სხვისი თავისუფალი ნება უნდა იყოს, თორე მონას უბრძანებ და გაკოცებს. სიყვარულის მთავარი არსი ხომ ორი თანასწორი ადამინის ურთიერთობაა და არა ბატონისა და ყმისა. სამწუხაროდ ძალიან ბევრი მაგალითია იმისა, თუ როგორ ხდება ამ მხრივ პიროვნების განადგურება. უყვარდებათ მხიარული, მომღერალი, მოცეკვავე, მოსიყვარულე არსება და მას შემდეგ რაც "თავისად" მიიჩნევენ საკუთარი კომპლექსების გამო იწყებენ მის განადგურებას. უკრძალავენ ცეკვას, სიმღერას, ადამიანებთან ურთიერთობას და ა.შ. მარტივად უნდა დაისვას საკითხი: თუ არ მოგწონდა ისეთი, როგორიც შეიყვარე მაშინ რად გინდოდა. პირდაპირ მოგეყვანა ცოლად ის ვინც არც მღერის, არც ცეკვავს, არც მხიარულია და საერთოდ არანაირ პრობლემას არ შეგიქმნის არასდროს. აქ ეჭვი მაქვს სიყვარულზე არც კი არის საუბარი. ან რა სიყვარულზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც ამ დისკურსში ქალი განიხილება როგორც "მონაპოვარი", სამმაგი მნიშვნელობით. როგორც ნივთი, რომელსაც მოიოპოვებ, როგორც მონა და როგორც პოვარი. ჩვენ არცერთი არ გვიყვარს ხოლმე. ჩვენ მათ ვიყენებთ სხვა მიზნებისთვის. კიდევ ერთხელ გავმეორდები: ადამიანი თავისი არსით არის თავისუფალი და სწორედ მის თავისუფლებაში უნდა ვეძებოთ სიყვარული. ჩვენ ის კი არ უნდა დავამსხვრიოთ და "ჩვენს ჭკუაზე მოვიყვანოთ" არამედ ისეთად უნდა შევიყვაროთ როგორიც ის არის. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამინი არ არის სრულყოფილი არსება და ცხოვრების მანძილზე გამუდმებით იცვლება. ჩვენ არ უნდა შევაფერხოთ საყვარელი ადამინი განვითარების გზაზე, არამედ ხელი შევუწყოთ მას გამოამჟღავნოს ყველა ის შესაძლებლობა, რომელსაც ის ფლობს. სამწუხაროდ ბევრი სხვა გზას ირჩევს. ურჩევნიათ გვერდით "ყავდეთ" მონა და იყვნენ მშვიდად, ვიდრე უყვარდეთ ადამინი და შფოთავდნენ. სუსტია ადამინი. ისევ გავცდი თემას. შეკითხვას რომ დავუბრუნდე. თუკი ჩვენ გვსურს, რომ შევინარჩუნოთ სიყვარული აუცილებელია, რომ ორივე მხარე ერიდოს დამონებას. მუდმივად უნდა არსებობდეს დაკარგვის საშიშროება და ეჭვი. შესაბამისად ორივე მხარე მუდმივად უნდა ცდილობდეს საყვარელ ადამიანში ამ ეჭვის ჩახშობას და მხოლოდ ამ გზით შეიძლება სიყვარულისთვის იმ საინტერესო ელფერის შენარჩუნება, რომელიც მას პირველ პერიოდში აქვს. ეს უნდა იყოს მუდმივი პროცესი ახალ ახალი ეჭვების ჩახშობისა. უნდა ავღნიშნო, რომ ბავშვობაში მუდმივად მაღიზიანებდა ამგვარი მიდგომა საკითხისადმი: "თუ იმ მტირალა კაცს მომიყვან მაშინ შენი ვიქნები" ან "თუ მამაჩემისთვის უკვდავების ვაშლს მომიტან . . ." ან "დრაკონს თუ მოკლავ . . ." საერთოდ რა შუაშია "თუ". ხომ არ შეიძლება ადამიანი მუდმივად მტირალა კაცებს, ვაშლებს და დრაკონებს დაზდევდეს რათა შენ სიყვარული დაგიმტკიცოს. ეს ხომ ერთჯერადი აქციაა და . . . მერე რა. ფორმიდან თუ ამოვარდი სიყვარული გაქრება? როგორც ჩანს კი. ფორმიდან რომ არ ამოვარდეთ, ამისთვის როგორც ზემოთ ავღნიშნე ფანტაზიაა აუცილებელი. 
- ფანტაზია უკვე ახსენეთ და უფრო კონკრეტულად ხომ არ შეგიძლიათ განმარტოთ თუ რა კონტექსტში გულისხმობთ მას.
- ფანტაზია გვაძლევს საშუალებას გავამრავალფეროვნოთ გარემო. მრავალფეროვნება ასაზრდოებს სიყვარულს, ერთფეროვნება კი კლავს. შეიძლება მაგალითად ადამიანმა ერთვი კვირის განმავლობაში საღამოობით კინოს უყუროს საყვარელ ადამიანთან. რა თქმა უნდა ეს შესაძლებელია, მაგრამ გაზარდეთ ეს პერიოდი თვემდე ან წელიწადამდე. დარწმუნებული ხართ, რომ სიყვარული ამ გზით შენარჩუნდება? ხშირად ინიციატივების არარსებობას ფინანსურ კრიზისს უკავშირებენ ხოლმე. სინამდვილეში დიდი ფინანსები არც არის საჭირო ფანტაზიის ხელშესაწყობად. პარკში სეირნობა უფასოა, სპექტაკლებზე დასწრება არც თუ ისე ძვირი და ა.შ. მთავარი მაინც მონდომებაა. 
- სამწუხაროდ ჩვენი დრო იწურება. რამეს ხომ არ დაამატებდით?
- ორ რამეს დავამატებდი თემასთან დაკავშირებით. 1. გარიგებით ქორწინება დაკანონებული პროსტიტუციაა. არ შეიძლება მოიყვანო ადამიანი ცოლად, რომელიც არ გიყვარს. ეს უნდა მეთქვა. და 2. ადრეულ ასაკში გათხოვება აბსოლუტური სისულელეა და ამას მარტივად დაგიმტკიცებთ ჩემს მიერ ზემოთ განვითარებული ლოგიკის საშუალებით. თუკი ადამიანს არ აქვს გამოცდილება, არ განუცდია მარცხი, თუ იგი არ მოუტყუებიათ მაშინ მას არ შეიძლება ეჭვი გაუჩნდეს რაღაცის მიმართ. თუ ეჭვი არ არსებობს არ არსებობს სიყვარულიც. 14-15-16-17-18 წლის ასაკში საიდან შეიძლება იყოს ვინმე დარწმუნებული იმაში, რომ საყვარელი ადამიანი არის ერთადერთი და განუმეორებელი. მიუხედავად იმისა, რომ რომეოსა და ჯულიეტას ამბავი როგორც ჭეშმარიტი სიყვარულის არსებობის მტკიცებულება ისე განიხილება(თუნდაც ჩემს მიერ), არასდროს გიფიქრიათ იმაზე რას იზამდა ჯულიეტა გათხოვებიდან ორი წლის შემდეგ როდესაც რომეოს გარდატეხის ასაკში ხმა გამოეცვლებოდა და მის სახეს მუწუკები დაფარავდნენ? ან როდესაც იგი მთვრალი მოვიდოდა სახლში და ჭურჭლის ლეწვას დაიწყებდა? ამდენად ჩემი პოზიცია შემდეგია: საჩქარო არაფერია. თუკი ჩვენ კარგად ვგრძნობთ თავს ვინმესთან ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დღესვე ჩირაღდნით გავიქცეთ რუბიკონისკენ და გადავწვათ იგი. სიყვარულს, როგორც ნებისმიერ ურთიერთობას სჭირდება მუშაობა მთავარია არ დავიზაროთ. თუ დაგვეზარა, ეს იმის ნიშანია, რომ არც გვყვარებია და ამ დროს დროულად წასვლა ბევრად უფრო ჰუმანურია ვიდრე მოჩვენებით სიყვარულში ცხოვრება. ამდენად ნუ ვიქნებით ყალბები პირველ რიგში საკუთარ თავთან. ეს ზოგადად ცხოვრების მთავარი წესია და განსაკუთრებით ეხება ისეთ ფაქიზ გრძნობას, როგორიც სიყვარულია.


სტატია (პოეზია.ჯე)

ფსიქო(ლოგია)

ფსიქიატრიულის მიმღების ექიმმა ჩაინიშნა პაციენტის მიღების დრო, ძველი დაჟანგული საათი 17:17 უჩვენებდა..
უცნაური ამინდი იყო, არც დარი იყო და არც ავდარი.. წელიწადის რომელი დრო იყო არც კი მახსოვს... პაციენტი არც პატარა იყო და არც დიდი.. ჰო, ერთი შეხედვით  19-20 წლისას გავდა..  ექთნების  ჩურჩული გასიმა ვიწრო, ბნელ და ჭვარტლიან დერეფანში, "საწყალი, ასე ახალგაზრდა და რა მოუვიდა.."  "განსაკუთრებული შემთხვევააა, მთავარი ექიმი გამოიძახეს ამ კვირა დღეს, პატრონებიც შეშფოთებულები არიან, ვიღაც ჩინოვნიკის ქალიშვილი უნდა იყოს.. გასაიდუმლოებული კია ყველაფერი.." 
გასაიდუმლოებული იყო მართლაც ყველაფერი.. გოგონა კი დავინახეთ,  თმები გაშლოდა, სახე შეშლოდა.. თვალები ცრემლიანი და ჩაწითლებული ჰქონდა.. არავის არაფერს არ უშავებდა.. უბრალოდ ხელში ქაღალდების დასტა ეკავა და ითხოვდა მისთვის მოესმინათ და დაეჯერებინათ.. "ხო ვთქვი არ არსეობს, არ არსეობოს თქო.. აი ნახეთ, მე ვადასტურებ, მართლა არ არსებობს.." რა არ არსეობდა ვერ გავიგე და ვიკითხე,  "ამბობს ჭეშმარიტი სიყვარული არ არსებობსო.. გაგიჟებულა ვინცაა" 
ექიმები დაფაცურდნენ,  ასეთი ანტიკვარული შემთხვევა ათასწლეულში ერთი შეიძლება გამოერიოს.. ანამნეზსა და დიაგნოზში დიდი ასოებით ჩაიწერა: "მანიაკალური დამოკიდებულება ადამიან(ებ)ზე, წარსულზე, აუტიზმი.. მკურნალობა: შემთხვევის იშვიათობიდან გამოდმინარე მინდინარეობს ინტენსიური დაკვირვება და კვლევა.. P.S. ისე რა მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს.. ამას რაღა ეშველება?? " ამ ექიმის მინაწერსაც გაარჩევდა კაცი.. 
ის კი, ახალი გიჟი, როგორც მოიხსენიებდნენ ხოლმე, ალბათ ამას ვერც კი წამოიდგენდა.. არისტოკრატული კვალი შერჩენოდა მის არა ამქვეყნიურ სახეს.. იდუმალი სევდა შეპარვოდა შეშლილ თვალებს.. დროდადრო იძახდა, "რატომ არა, რატომ ვერა? იმიტომ რომ არ არსებობს, აბა სად არსებობს.. ჭეშმარიტი სიყვარული.. " ეს მისთვის არ იყო თორე, ისე როგორ არ იარსებებდა, აბა დედამიწას რაღა დაატრიალებდა? 
ეს მას არ გაუმართლა, დამჭკნარ ხელში რომ ჩაებღუჯა დახეული ქაღალდები, ფოტოები, წერილები.. მას, რომელსაც სხვისი  სიცოცხლე  თავისაზე მეტად ყვარებია თურმე და არად ჩაუგდიათ, ფეხქვეშ უთელიათ გრძნობა, გული გაუყვიათ სხვასთან, საბრალოს არა დარჩენია და მაშინ გაქრა სწორედაც რომ მისი რწმენა.. 
 ბევრი რამის გაგება შეუძლებელი აღმოჩნდა ახალგაზრდა პაციენტის შესახებ.. იგი საგულდაგულოდ გამოკეტეს ფსიქიატრიულის "ლუქს" კარცერში, რადგან საზოგადოებისთვის სახიფათოდ მიიჩნიეს მისი ავადმყოფური(?) სტატიები, ბოდვა.. ბლოგიხ გაუუქმეს (ბლოგს რაღას ერჩოდნენ)  და ადამიანის პიროვნულ ფსიქო(ლოგია)ზე მოძღვრების წერას შეუდგნენ.. 
მაგასაც გავიგებთ რა დაწერეს... 

იგ, იანვარი 2011


Wednesday, January 5, 2011

04/01

არავის არაფერს არ ვთხოვ, 
სასაცილოა, მაგრამ
რაც არ მქვს იმას არ ვთმობ,
აღარც სასმელი მათრობს,
ჩემს სანთელს ვიღაც აქრობს..
მხოლოდ მე რატომ ვნატრობ,
მოცლილი ვარ და მარტო? :|
ვცდილობ რაღაცას მივხვდე
და ჩემს ბილიკებს მივსდევ..




იგ, 2011 წელი იანვარი

Tuesday, January 4, 2011

რა ხდება?! ახალი წელია!

"წერას ვარ ატანილი, მინდა ფერადი ამბები თქვენს ფერხთა ქვეშ ნოხად გავშალო და თქვენ გადაიაროთ..თქვენ კი დამყოლი, ჯიუტი, როგორ სულში ჩამყურებთ? რაც არ უნდა მოხდეს, რომ თვალი აგარიდოთ.. ვერა,  ვერ შევძლებ (არც შემიძლია, გულწრფელი ვარ ბოლომდე), თქვენი ვარ, შენი( (ც) , მაგრამ რათ გინდა შენ ერთი გიჟი მწერალი არა?!) 
ჰო, რას ვამბობდი? აა, ახალი წლის პირი იყო. წანწალს დაჩვეულს ამჯერად უფრო მეტად მიმიწევდა გული გარეთ. განათებულ ქუჩებში სიარული პირდაპირ რომ მსიამოვნებდა.ცნობისმოყვარეობით ვათალიერებდი ყველა გამვლელს, დიდსა თუ პატარას.. ვეძებდი რაღაცას და ვიღაცას, ყველა შემთხვევაში საინტერესოს. ხდება ხოლმე, რომ მიმართლებს და ბევრს რასმე უჩვეულოს წავაწყდები, ამჯერად კი თითქოს ყველა ერთნაირი სახე იყო, არაფერი განსაკუთრებული, თან ყველას ეჩქარებოდა სადღაც, ყურს არავინ  მიგდებდა, გეგონებოდა მართლა უცხო პლანატელი ვყოფილიყავი.. ის კი მახარებდა, რომ ცხოვრების რიტმი არ იყო მდორე, მაგრამ დედამიწა ვგონებ რაღაც აჩქარებით ბრუნავდა. შეიძლება იმიტომაც, რომ ძველი წელი სულს ღაფავდა და ახალი წელი იწყებოდა. რავიცი აბა...
ბოლოს ქუჩებში ხეტიალით დაღლილს გონება გმინათდა. ვიფიქრე, მოდი სახლების შორია ხლოს გავივლი და თუ მივწვდები ფანჯარაში შევიჭყეტავ, ვნახავ ერთი რა ხდება, რა ზამზადისია.. 
 უცნაური გრძნობებით გონება არეულს მეტიც აღარ მინდოდა და სახლის ფანჯრებს დავუწყე მზერა. ჩემი სიმაღლის პატრონი, ფეხი წვერებზე დამდგარი შეძელბისადაგვარად ვმაღლდებოდი და ქურდულად, დაუპატიჟებლად და ურცხვად ვუთვალთვალებდი უცხოებს.. არაჩვეულებრივი გამოფენა კი გადაიშალა ჩემს თვალწინ: ერთნი, ეტყობოდათ ძლიერ მდიდარნი, საუცხოო საახალწლო ნობათით სავსენი ეგებებოდნენ ახალ წელს, ისეთ ფანჯრებშიც შევიჭყიტე, სადაც ოდნავ მბჟუტავი ეკონომ ნათურის სინათლე გამოდიოდა და ზოგს არც კი ეცალა ახალი წლისთვის, თოვლის ბაბუას მოლოდინში ბუხართან ჩაძინებული ბევრი ბავშვიც ვნახე... ვნახე თვალცრემლიანებიც, ავადმყოფობით შეპყრობილნიც და ფიქრს გავყევი, უკიდურესობების მომსწრე შევიქმენი, ნუთუ ესაა კანონზომიერება?! 
გულმა დამძიმებულმა ერთი ვიწრო აღმართიანი ქუჩისკენ გამიწია. იქვე ახლოში პატარა განათებული ეზო დავინახე და იქით შევედი. პირველივე ფანჯრიდან გოგონას ხმა და ახალი წლის პირზე შერბურის ქოლგების მელოდია მომესმა. გოგონა ტელეფონზე საუბრობდა :
"- აუ, ძალიან გთხოვ, ახალ წელს ქალაქში დავრჩებიმ გთხოვ რა.. მამას უთხარი, არ ეწყინოს, მერე ჩამოვალ, მეორე დღეს.. ჰოო, კაი დაველოდები შენს პასუხს. "
ოჰო, გავიფიქრე, აქ მგონი რაღაც საინტერესო ხდება და ფანჯირს გისოსებს ლამის მივაჭყლიტე ცხვირი.. პატარა ოთახიდან კი ვანილის მოტკბო სულნელიც ჟონავდა სევდიანი ვალსის ფონზე. "ნამცხვარიც ცხვება". გოგონა კი,  ტელეფონს ხელს რომ არ უშვებდა, ნაძვის ხეს სათამაშოებით რთავდა.. ცოტა ხანში ლამაზად მორთული ნაძვის ხე განათდა და თვალი მომჭრა  მეც კი.  ვიდრე მე ნაძვის ხე შევყურებდი და ნამცხვრის სუნზე მომდგარ ნერწყვს ვყლაპავდი, ტელეფონმა დაურეკა და უცებ გამოვფხიზლდი.. პატარა გოგო  (რომელსაც ეტყობოდა, რომ დიდი გული ჰქონდა),  ისევ  ვიღაცას რაღაცას უხსნიდა. მე დავიძაბე და მივაყურადე:
"- გოგო, იცი მე აქ ვრჩები ახალ წელს.. არა, შენთან თუ მოვახერხე ამოვალ.. უფრო ალბათ ვერა.. აა, მანდ ვაპირებთ კი, გამოიცანი.. "
იმან კი გამოიცნო და მე ვერა, მომინდა ახალი წლის დღეებში ამ გოგოს ავკიდებოდი და მასთან  ერთად გამეტარებინა ახალი წელი, რაღაც კარგ გეგმებს უჩანდა პირი..  ამ საღამოდან მოყოლებლი ატუზული ვიყავი მის ფანჯარასთრან. საოცარია, მანაც ვერ შემამჩნია.. ნუთუ უჩინარი ვარ? მოვიწყინე ამდენი გულგრილობით, მე ხომ მას ვგულშემატკივრობდი, რომ ყველაზე ბედნიერი და მხიარული  ახალი წელი გაეტარებინა..
დილითაც გამარჯობის უთქმელად  ჩამიარა..
ახალ წლამდე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი, რომ ჩემი უცნაური პასპინძელი საოცრად მოწყენილი დაბრუნდა.. ფანჯრიდან დავინახე, ჩანთას ალაგებდა.. ეჭვი ავიღე გასამგზავრებლად ემზადებოდა. ნეტავ რა მოხდა, გავიფიქრე და შემეცოდა, არადა წინა დღეებში რა მხიარული იყო..

"-მამა ხვალ მანქანა გამომიგზავნე, მოვდივარ თქვენთან, , ქალაქში აღარ მინდა დარჩენა, ისევ თქვენთან ჩამოვალ.."მესმოდა ,  "-რატომ  და იმიტომ რომ იმ საქმიდან აღარაფერი გამოდის .. და ვაა, თუ თქვენ გინდათ რომ წამოვიდე, მითხარით რა ვქნა., რით წამოვიდე, -არძელდებდა.. 
ე.ი. მივემგზავრებით? კარგია, გავერთობი-მეთქი ცოტას, ნეტავ სად მივდივართ და თან 31 დეკემცბერს?
31  დეკემბერი კი  სათოვად გამზადებული ამინდით გაგვითენდა.. მართლაც, რომ გამოჩნდა პატარა ფიფქები, რომლებიც პატარა გოგოს ფიქრებივით დაფარფატებდნენ თბილ ქალაქს. თანდათან რაღაცას ვხვდებოდი და ვერც.
ახალი წლის დადგომამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩებოდა, განწყობა პიკს აღწევდა ქალაქში.. კურდღლის ყურები გაეკეთებინათ ყველაზე მხიარულებს, შამპანურით ხელში ზოგიერთი გამვლელი მიიჩქაროდა სახლისკენ..
ჩემი გოგო კი რატომღაც ფეხს ითრევდა წასვლაზე.. გაღიზიანებული ჩანდა და თავის ტელეფონს უხასიათოდ ჩაჰყურებდა. ბოლოს 7-ს რომ წუთები აკლდა სადგურისკენ აიღო გეზი.. მე კვალდაკვალ მივყვებოდი, მარტო არ მიდნოდა მისი დატოვება..მერე რა, რომ ვერ მამჩნევდა.. მე კი გადამედო მისი განწყობა.. ის  თავისთვის ბუტბუტებდა: "იქნებ  გზაში შევხვდე ახალ წელს, ამით მინდა ჩემი პროტესტი გამოვხატო ყველას და ყველაფრის წინაშე.."
უკვე ბნელოდა, ჩვენმა მანქანამ გეზი აღმოსავლეთისკენ რომ აიღო.. დაღლილ მგზავრს ჩანთა მიეხუტებინა და  და ძილ-ბურანში ჩაძირულიყო.. მე  გვერდით მივუსკუპდი.. მინდოდა მეთქვა , რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა..მაგრამ  ვფიქრობდი,  ვერ მხედავს და ხმას როგორღა გაიგონებდა.
ჩემს პატარა მგზავრს ნატვრა იმისა, რომ მაინცდამაინც ტრანსპორტში შეხვედროდა ახალ წელს, არ შეუსრულდა, მე კი გულში მიხაროდა.. მძღოლიც თითქოს მიხვდა, სვლას უმატა და  სწრაფად კეცავდა კილომეტრებს.. უკვე ათი საათი ხდებოდა, რომ მანქანამ სვალს უკლო, განთებული სახლებისა და გზების მიხედვით მივხვდი, რომ იქ ვიყავით, სადაც უნდა ჩავსულიყავით.. პატარა გოგოს სახლს რომ მივუახლოდით, ჩაძინებულს გადავხედე, ბედნიერი ღიმილი გადასდიოდა პირი სახეზე..ალბათ რაღაც სასიამოვნო სიზმარს ხედავდა, მაგრამ გავბედე და შევეხე, რომ გამეღვიძებინა..შეიშმუშნა და ნახევრად გახელილი თვალებიდან ზემოთ ამომხედა: "რა ხდება?" " ახალი წელია! შენს სახლში  ხარ.. "
"უკვე ჩამოვედით, უჰ რა დროა გასული..  ისეთი კარგი სიზმარი ნახა, დავიწყებოდა კიდევაც რას ფიქროდა ცოტა ხნის წინ..  მძღოლს მადლობა გადაუხადა , დამდეგი ახალი წელი მიულოცა და ჭიშკარში შეგებებულ ცუგრიას მიუალერსა..


მე კი ისევ ვერ დამინახა, მაგრამ ჩემი ხმა გაიგო.. გარეთ წვიმდა. დიახ, ახალი წლის ღამეს აღმოსავლეთში თოვლის ნაცვლად წვიმის წვეთებად იღვრებოდა ზეცა.. მე კი უჩინარი ვიდექი წვიმაში და და დავსველდი წვიმით და ფიქრებით.. მაგრამ მაინც მიხაროდა, რომ პატარა მგზავრი, ის პატარა გოგო, რომელსაც დიდი გული ჰქონდა მარტო არ შეხვდებოდა ახალ წელს... 


იგ, იანვარი 2011

Monday, January 3, 2011

ერთი წვეთი ჩემი პოეზია: S M S

სასმელმა ჩემი გონება დაბინდა,
ფიქრები მოვლენებს დანებდა,
ეს გული ისევ აღელდა:
ბედობა გათენდა!


ყველაფერი კარგი დაგბედებოდეთ ყველას!!!!! 


ბედობა დღე, 2011 წელი

ლექსი დამებედა

საოცარი რამ რამ რომ დამემართა,
ჩემს წინ სალი კლდე რად აღემართა?
ჩემი გრძნობა რომ აღმოვთქვი, ნეტავ რად,
თავს ვგრძნობ მაინც უცნაურად, ნეტრად..


არაფერი აქამდე არ მეძნელა,
მე არ მინდა იები და ენძელა,
არ მომწონს, რომ ჩემს გარშემო ბნელია
და ცხოვრების რიტმი როცა ნელია..


ყველაფერი მესმის, მაგრამ ვდგავარ მაგრად,
დაბოღმილი არ ვარ ნაღდად.
ჩემს სცენაზე დაეშვება ფარდა,
მაშინ როცა ყველა მოვა შენს გარდა... 


02/01/2011
იგ

შიშველი მხრები

შენი შიშველი მხრები,
მარტინით არა, 
მე შენი ცქერითაც ვთვრები.. 
თვალების ფერი?
ზურმუხტს ედრები..
თავს ისე ვგრძნობ 
როგროც ედემში,
როცა ხარ ჩემს გვერდში.. 
თავს რომ ვერ ვერევი..
გარემო, ფერები?
სწორედ ამ ლექსით
მე ყველას რომ გეფერებით..


P.S. იზი და გოგოებო, მადლობა :)


იგ, იანვარი 2011