Saturday, July 23, 2011

დროებით..

ბევრი არაფერი მინატრია,
მინდოდა წვიმა და მივყვები ქარაშოტს,
დრო  რომ უკან აღარ გვიბრუნდება
უკვე დიდი ვარ და ამას ვგრძნობ.
ვცდილობ გარშემო ყველა დავაჯერო,
"აღარ მიყვარხარ"-ს ვთამაშობ..
ზახფულის ერთი გრილი  საღამოა,
 სუფრაზე სავსე მთვარე თამადობს..
გული უშენობით დაიღალა,
გული უშენობით ავადობს..
ბევრი არაფერი მინატრია,
მინდოდა გყვარებოდი შენ, არა- დროს..
ბევრიც არაფერი მინანია,
მაგრამ ახლა უკვე სხვა მართობს..
.............
ალბათ სავსე მთვარე დამათრობს... )))))))))



*
დღეს,  მართლაც,  ვინატრე გიჟური წვიმა, ჭექა-ქუხილი.. მერე რა, რომ ახლა ცოტა მცივა კიდეც.. ბუნებას ჩემი რომ ესმის ისედაც ვიცოდი.. ზაფხულის სეზონის ბოლო პოსტია ბლოგზე და "Across the univers"-სმა შვებულებაში გამიშვა, ყოველგვარი განცხადებისა და მეილის მიწერის გარეშე.. ამასაც უსიტყვოდ ესმის ჩემი.. და მიხვდა, რომ დასვენება მჭირდება..
აბა, დროებით გემშვიდობებით.. სადმე კი არ მივდივარ, აქვე ვარ, ძალიან ახლოს.. ზაფხულის სასიამონოდ გატარებას გისურვებთ და იყავით ბედნიერები, ლაღები.. დატკბით ყოველი წუთით და .. და რაც შეეხება ჩემს ახალ ზღაპრებსა თუ ლექსებს, მოგივანებით გამოვამზეურებ.. :))))))))))))))))

იგ
2011 წლის 23 ივლისი

Monday, July 18, 2011

მზე, ზღვა და მირაჟი..

ზაფხული სიცხე.. ასფალტი ლამის გადნეს.. შუადღეს თუ გარეთ გახვალ და გაიხედავ, ჰაერში იკლაკნება ყველაფერი სიცხისგან. რა სჯობს ახლა ზღვაზე ან მთაში დასვენებას.. ბევრმა თავს უშველა კიდეც,  ბევრმაც  კარგა ხნით არე დაგეგმა შვებულება და დღე-დღეზე მიემგზავრება სადმე ზღვისპირეთში. მათ, ვინც ვერსად შეძლო წასვლა მოუცლელობისა თუ ფინანსების გამო, აწ უკვე ცხელი ქალაქის აუზებსა და წყალსატევების პირას აფარებს თავს. ოღონდ წყალი იყოს და  ბავშვები სკვერებსა და გამზირებზე არსებულ შადრევნებშიც კი ჭყუმპალაობენ.
მე არსად არ წავსულვარ, შვებულებაც კი არ დამიგეგმავს. არც შაბათ-კვირას დავდივარ აუზზე. ვმუშაობ და ვკითხულობ. ბოლოს აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ მე გამოვიყურები თოვლივით თეთრად და ოფისის "ზაგარი" მაქვს, ავადმოფივით ჩამიშავდა თვალები ამდენი უძილობით და კომპიუტერთან მუშაობით.
-გოგო, შენ რა გჭირს, არ გინდა აუზზე წამოხვიდე? ხვალ შაბათია, . ჩვენ-, მე, ლიკა, ქეთი და მარუსა მივდივართ.. და კიდევ იკა და თორნიკე შემოგივერთდებიან.. ჰო, იკას გოგოც იქ იქნება..
- მადლობა სალო, , დიდი მადლობა ,არა...
-კაი რაა, წამო რა, გთხოვ.. ჩვენთან ერთად თითქმის აღარ ხარ ამ ბოლო დროს.. არ მითხრა, რომ ისევ იმ ამბის გამო, რით ვერ მოინელე.. ჩემი აზრი კი იცი და არ ღირს ამ ყველაფერზე ასეთი ნერვიულობა..  მე მეღიმება..
-ხვალ რაღაც გეგმები მაქვს გოგო.. ოჯახი მიდის აგარაკზე და შეიძლება მეც გაყვე.. მოკლედ დაგირეკავ , თუ რამე შეიცვალა, თქვენთან ვარ! ..
-და ახლა არ ამთავრებ მუშაობას? არ მოდიხარ?
-მალე მოვრჩები სალო, მადლობა კიდევ ერთხელ.. ძალიან მიყვარხარ და გაფასებ..
სალომე წავიდა და მე დავრჩი ჩაფიქრებული, აკაკი წერეთელის პოზა მქონდა მიღებული.. ვიჯექი ჩემს სამუშაო მაგიდასტან და ანთებულ მონიტორს შევცქეროდი, ციფრები უკვე წრეზე ტრიალებდნენ .. დავიღალე. საქმე ნამდვილად ესწრება და მე რად ვიკლავ თავს? რას ვზივარ აქ მარტო და რატომ არ გავიხედავ გარეთ რა ხდება.. არა, არა, ასე არ შეიძლება, შვებულბეში უნდა გავიდე.. მაგრამ სად წავიდე, ვისთან ერთად.. თან გაგანია სეზონია ჩემი საქმის და ისევ სექტემბერში სჯობს .. ორი კვირა, ორი კვირა მებევრება.. მოდი.ერთი კვირა იყოს..
მენატრება ლურჯი ზღვა.. ბევრი მზე.. სიცოცხლე და სიხარული. არა, ხვალვე წავალ ზღვაზე, გადავფრინდები ორი დღით.
...ზღვამ გამაცოცხლა. ნაპირს ფეხშიშველი გავუყევი.. ადრიანი დილის სიგრილე მოჰქონდა ნიავს. ახლა ზღვა წყნარი იყო ჩემთან შედარებით. კარგი ამინდის გამოსვლას გვიქადდა ვარსკვლავები.  მზე ნახევრად ამოსული იყო.. საოცრად ლურჯი მეჩვენა წყალი, აი ისეთი, კაბო დე როკაში რომ არის... ლივლივებდა და თითქოს მისი ტალღები ჩასახუტებლად მიხმობდა.. და მეც ჩავეხუტე.. მზეს მივეფიცხე.. თვალდახუჭული ვიწექი ცხელ ქვიშაზე. ნიავი თმას მიწვალებდა.. უცებ მომინდა მზის თვალებში ჩახედვა, მაგრამ ის ისეთივე ძნელი აღმოჩნდა, როგორც მისთვის თვალის გასწორება. თვალები მაშინვე ამეწვა და ინსტიქტურად დამეხუჭა.. მაშინ კი.. მაშინ ცრემელბი წამომივიდა..
ასე თვალდახუჭული ვიწექი და მზის მწველი სხივები დანავარდობდნენ მთელ სხეულზე. არ ვინძრეოდი. ქუთუთოებქვეშ ვცდილბდი რაღაც დამენახა, ყველაფერი მოწითალო-სტაფილოსფერი იყო.. შიგ შუაგულში კი დიდი შავი წერტილი ხან იზრდებოდა და ხან პატარავდებოდა.. ბოლოს კი, ყველაფერი ეთბაშად აირია.. ვეღარ ვარჩევდი ვერაფერს..
თვალები გავახილე და წამოვიწიე.უცებ ზღვიდან ძველი ნაცნობის სხეული ამოიმართა, გრძელი თმები ჰქონდა.. "არა, ღმერთი ჩემო, ის არის ნამდვილად.. როგორ ჰგავს.. მაგრამ გრძელი თმა აქვს.."-წამებში გაირბინა გაოცებულმა ფიქრებმა. გახურებულ თვალებზე ხელი მოვისვი და ის-ის იყო მასთან მიახლლოვება გადავწყიტე, გაქრა..
თითქოს ჰაერში გაიფანტა. ზღვის ლურჯ ტალღებში გაუჩინარდა.. "ჰმ! ნუთუ ამდენი ხანი ვიწექი მზის გულზე, რომ ზღვაში მირაჟი დავინახე.. ისევ მისი აჩრდილი , რატო ვერ ველევი..."
მაჯის საათი შუადღის სამს აჩვენებდა. სიცხე პიკს აღწევდა. ქოლგის ქვეშ შევძვერი შეზლონგზე, იქიდან გავხედე ხალხით გადაჭდილ სანაპიროს ,  ყველაფერი უცნაურად მომეჩვენა.. თითქოს ზღვისპირა ქალაქის ყველაზე მაღალსართულიანი სასტუმროს წვერი პიზასავით გადახრილიყო გვერდზე..


ირინა გორაშვილი
2011 წელი

დაბრუნება..

ასაკით 38 წლის იყო უკვე. დიდად კი არ ეტყობოდა, ასე 30 წლისას თუ იტყოდით მასზე. ტანად დაბალი, მაგრამ სასიამოვნო სლავური გარეგნობის ქალბატონი გახლდათ. ერთი წლის წინ დაბრუნდა სამშობლოში. 10 წელზე მეტი ხანი გადახვეწილი იყო უცხო მხარეში, ვერც ერთი მშობლის ამბავს ვერ დაესწრო. ოკეანის გაღმა ცხოვრობდა, ამერიკაში. იქ სწავლობდა, მუშაობდა. ასაკის მატებამ ეტყობა ნოსტალგია გაუმძაფრა, ფესვების ძახილმა ბოლო  პერიოდში ძილი გაუტეხა, ღამღამობით დედ-მამა ერთმანეთის მონაცვლეობით ესიზმრებოდნენ და ზურგს აქცევდნენ. მოენატრა თავისი ქვეყანა, და, დისშვილები, თავისი სახლი.. ის სულ მარტო იყო დიდი ქვეყნაშიც და სამშობლოშიაც.. პირადი ცხოვრება ვერ აიწყო, ვერავისთან გაჩერდა.. ბოლოს სახლში დაბრუნება არჩია და დაბრუნდა კიდეც..

*
როგორც კი ფეხი დავადგი ჩემი ქვეყნის მიწაზე, გულმა უცნაურად ჩქროლვა დამიწყო. ფეხის გულები ამეწვა, არადა თოვდა.. მე ჩემმა ქვეყანამ მიმიღო, როგორც უძღები შვილი. დედმამიშვილის სითმო, დიშვილების ალერსი.. ყველა მე მეფერება, მოვნატრებივარ.. მშობლების გაყინული საფლავი და ჩუმი სინანული.
მეორე დღესვე არა ერთი სამსახურეობრივი შემოთავაზებაც მივიღე. მუშაობა დავიწყე. გავიდა რამდენიმე თვე.. ბევრი საყვარელი ადამიანი მოვინახულე, ზოგიც გზაზე შემხვდა, ყველა გაზრდილა, დაოჯახებულა, დაწვრილშვილებულა, ერთი მე გამოვერიე მარტოკინა. ხანდახან ვფიქრობ, რომ უნდა დამეთმო  რაღაცეები და ახლა ასე არ ვიქნებოდი, მშობლების გულსაც გავახარებდი, მგონი ჩემზე დარდმა და უსასრულო მოლოდინმა იმსხვეპლა ისინი. ყველას ამბავი გვიგე, გარდა ერთი ადამიანისა, რომელიც დიდი ხნის წინ დიდი წვალების შემდეგ სამუდამოდ დავივიწყე. თუმცა მას შემდეგ არც არავინ შემყვარებია, ამიტომაც დიდი ხნით ვერავინ ავიტანე ჩემს გვერდით. გუშინ შემთხვევით მის ბიძაშვილს გადავეყარე საღამო ხანს. მან მიცნო, მე ვერა.. ეტყობა დიდად არ შევცვლილვარ. მოვიკითხეთ ერთმანეთი..მისგან გავიგე, რომ სამხრეთ ამერიკაშია უკვე სამი წელია. ხშირად ვერც უკავშირდებიან. არც ცოლი ჰყავს არც შვილი. ის ქალი, მე რომ მახსოვდა 15 წლის წინ, ერთ მშვენიერ დღეს მობეზრებია, მას მერე კიდევ ჰყოლია ვიღაც, ეგონა ისიც მოსწონდა თუ უყვარდა, მაგრამ.. მე მგონი არც დავემშვიდბე იმ გოგოს, სახლამდე ძლივს მივათრიე ფეხები.. დავეგდე საწოლზე და ავტირდი.. ძველმა იარებმა თავი გამახსენა. იმ ღამეს მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ქალაქად დარჩენა აღარ მინდოდა, მამისეულ სახლში მომინდა ცხოვრება,  სოფელში. ჩემს დას გავუმხილე ჩემი განზახვა და ოღონდ შენ კარგად იყავი, სულიერად მოისვენე და სადაც გაგიხარდება იქ იცხოვრეო. გასაღები ავიღე, ჩავალაგე მთელი ბარგი-ბარხანა, მივატოვე ახლად დაწყებული სამსახური და ასე გადმოვედი სოფელში საცხორებლად.
მეზობლებმა აღარ იცოდნენ რა ექნათ სიხარულისგან, ზოგს ცოცხალიც აღარ ვეგონე,,
-შვილო, ხედგამოჭრილი დედაშენი ხარ, ეხლა რო დაენახე ცხონებულ შენს მშობლებს რას გაიხარებდნენ.. გული მეტკინა, სული დამიმძიმდა.
-ნინა ბებია, აი, ახლა ხო აქ ვარ, იმიტომ დავბრუნდი, რომ მათი ხსოვნა შევინახო, აქაურობა ისევ ავაყვავო..

*
ასე შევუდექი სოფლის ცხოვრებას. სოფელში ყველას თვალში წონა მქონდა, შევატყე, მაინც საზღვარგარეთ ნასწავლი და კარგ პოსტებზე ნამუშევარი ქალი ვიყავი. რჩევებსაც ვაძლევდი ხოლმე მათ. მთელი ჩემი ფინანსები ჩემი საოჯახო მეურნების აყვავებისკენ მივმართე. მეზობლად გასაყიდი კარ-მიდამო იყო და ისიც შემოვუერთე ჩემს მამულს. სახლი მთლიანად გადავაკეთე და თანამედროვეობის ოზისად ვაქციე. გაზაფხულზე ხეხილი და ვაზი ჩავყარე.. იმედი მაქვს მალე გაიზრებიან და მათ ნაყოფს მოვესწრები. ქალაქიდან სტუმრების ნაკლებობას არასდროს განვციდი, პირიქით უყვართ ჩემთან ჩამოსვლა და აქ დროსტარება. საკუთარი მეურნეობიდან იმდენი მოსავალს ვიღებ, რომ სოფელში მეორე კათარზისი  ავაშენე და მეზობელი სოფლებიდანაც ვმასპინძლობ ხალხს. მიწის ნაკვეთების დამუშავებაში ადგილობრივები დავასაქმე. ერთადერთი ვერავის ვანდე ჩემი კარ-მიდამოსა და ჰოლანდიიდან ჩამოიყვანილი ჭრელი ძროხების მოვლა-პატრონობა. ერთი ვეტექიმი მოდის ხოლმე ჩემი საქონლის გასასინჯად მეზობელი სოფლიდან და მეტი არავინ. ეს კაცი ძალიან შემომეჩვია, ვერ იტყვით მასზე ლამაზიო, ერთი გამხდარი ახმახი ტიპია, მაგრამ ეტყობა გულწრფელად ეპყრობა ჩემს ჰოლანდიურ ძროხებს. გეგმიური ვიზიტების გარდა, ისედაც შემომივლის ხოლმე, ბოლოს რომ იყო თავის მიერ თიხისგან გაკეთებული მინდვრის ყვავილებით სავსე ლარნაკი მომართვა.. მგონი ამ კაცს მოვწონვარ.. მეზობლები ერთმანეთს გადახედავენ ხოლმე, როცა ჭიშკართან გავაცილებ ხოლმე ამ ჩემს ვეტექიმს. ექიმის ყოველ მოსვლაზე სულ უფრო და უფრო ვხვდები, რომ ვეტექიმს ძროხების გარდა სხვა ინტერესიც აქვს.. არ ვიცი რა ვუყო..

*
ამასობაში სოფელში ცხოვრების ერთი წელი მიილია. ქალაქში მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ჩავდივარ. აქ ბევრად უკეთესად ვგრძნობ თავს. საკუთარი რძის ნაწარმის მაღაზიაც გავხსენი.. მე თვითონ ამომყავს ყველი და ვადედებ მაწოს, ვდღვებავ კარაქს..
მომდევნო წლის შემოდგომა ჩემთვის ორმაგად ბარაქიანი აღმოჩნდა, ჩემი ძროხა ელიზაბეთი ხბოს ელოდება, დღე-დღეზეა. ღამეები არ მძინავს. გავხედავ ხოლმე არაფერი გამომეპაროს, არ გაუჭირდეს მშობიარობა. ვეტექიმს საბაბი აქვს მთელი დღეები ჩემს სახლში გაატაროს. ის ძალიან თბილი და მზრუნველია არა მარტო ელიზაბეთის, არამედ ჩემს მიმართაც. ჩემი და ბოლოს გამეხუმრა კიდეც, მეტი რაღა გინდა, გაბრწყინდება შენი მეურნეობაო.. ჰმ!
ბოლო დღეს გამომიცხადა, რომ ამ ღამეს უნდა მოიგოს ელიზაბეთმა.
-მეზობელს მაინც დაუძახე, მარტო ვერ შეძლებ მის დახმარებას.. ან თუ გინდა..
-კი კი, მინდა, დარჩი ამ ღამეს ჩემს მამულში და ერთად მივხედოთ ელიზაბეტს.. ბავშვივით გაუხარდა..
- მარტო ელიზაბეთს კკკიი არა, შენც რომ რამე დაგჭირდეს, მე სულ მზად ვარ შენს დასახმარებლად, მომეცი უფლება.. სიტყვა არ დავამთვრებინე.. სტუმრების ოთახში გავაცილე ცივად.. მაინც რა მჭირს, რატომ ვერ ვიტან..  ლამის ნემსის ყუნწში გაძვრეს, მე კიდევ არაფერს არ ვუფასებ, უმადური ვარ!
შუქი მის ოთახში დიდხანს ენთო, ფეხის ხმაც ჩამოდიოდა, ბოლთას სცემდა, ვერ ისვენებდა. მე ბუხართან სავარძელში ვიჯექი და გაშტერებული შევცქეორდი ნაკვერჩხლების ტკაცა-ტკუცს.. ვერ გავიგე ისე ჩამეძინა. უცებ აუტანელი სიცივე ვიგრძენი, თითქოს ვიყინებოდი. სიცივსგან კიდურები მტკიოდა, მიდნოდა დაყვირება, მაგრამ ხმაც არ მემორჩილებოდა. მერე  ვიღაცის ფეხის ხმა მომესხმა.. არა, ნამდვილად მიახლოვდებოდა ვიღაც.. სულ უფრო და უფრო ახლოს ვგრძნობდი ხმაურიან ცხელ სუნთქვას. ვიღაც ძალიან ახლოს მოვიდა, მომეხვია  და არა მარტო სითბო, სახეზე სველი შეხებაც ვიგრძენი.. ვერ ვინძრეოდი.
ამ დროს სინათლემ გაილევა და კარზე კაკუნი გაისმა. თვალი გავახილე და ჩემი გაბღენძილი ძაღლი ჩარლი მეკრობოდა და მლოკავდა, გარეთ ჭექა-ქუხილი იყო, სადღაც მეხი ჩამოვარდნილიყო, სინათლის კაბელები დაეწყვიტა ალბათ და ელექტრო ენერგია გათიშულიყო..  გვიანი შემოდგომის უკუნეთ სიბნელეში მხოლოდ გალევებისას ჩანდა გარემო. ოთახის ზღურბლზე ფანრით ხელში ვეტექიმი იდგა.
-გაიღვიძე, ელიზაბეთი მშობიარობს. საწვიმარი ჩაიცვი, საშინელი თქეში მოდის გარეთ.. წარღვნას გავს ისეთი ამინდია..

*
ელიზაბეთმა ზუსტად თავისნაირი ხბო მოიგო. მე და ვეტექიმი ვეხმარებოდით მისი შვილის ამ ქვეყნად მოვლინებაში.. წუხანდელი საშინლად ავდრიანი ღამის შემდეგ უჩვეულოდ მზიანი შემოდგომის დილა გათენდა. დილით ჩემმა დამაც დამირეკა,
-გთხოვ, ჩამოდი ქალაქში, რაღაც ახალია ამბავია და მჭირდებიო.. "ნუთუ კიდევ ბავშვს ელოდება"-გავიფიქრე და გამიხარდა.. "აბა სხვა რა უნდა იყოს"...
ამ დროს კი ჩემს ტელეფონზე უცხო ნომრიდან შეტყობინება მოვიდა: "მეც დავბრუნდი"


ირინა გორაშვილი
2011 წელი

ჩემი საყვარელი ფილმები

რომაული არდადეგები (Romand Holiday)

რატომ მაინცდამაინც "რომაული არდადეგები" ?

 არდადეგების, შვებულებების ბუმია და თან ჩემი საყვარელი მსახიობია განუმეორებელი ოდრი ჰეპბერნი..

 ფილმი  ძალიან კარგ ხასიათზე დაგაყენებთ, რომაული თუ არა შავისზღვისპირა არდადეგებს და შვებულებას ვუსურვებ ყველას..



http://www.youtube.com/watch?v=nXgnl6qMh0c&feature=related


ამელი (Ameli )

 ფილმი არის თანამედროვე პარიზული ცხოვრების უცნაური გამოსახვა, რომელიც ხდება უბან მონმარტრში და გვიყვება მორცხვი ოფიციანტის ისტორიას, რომლის როლსაც ოდრი ტოტუ თამაშობს და რომელიც გადაწყვეტს უკეთესობისაკენ შეცვალოს მის ირგვლივ მყოფი ხალხის ცხოვრება, სანამ თავისივე მარტოობას ებრძვის. ფილმი ფრანგული და გერმანული კომპანიების ერთობლივი თანამშრომლობით შეიქმნა.

 "ამელი" გახდა საუკეთესო ფილმი ევროპული კინოს დაჯილდოვებაზე, მიიღო ოთხი სეზარი (მათ შორის: საუკეთესო ფილმისათვისა და საუკეთესო რეჟისორისათვის), ორი ბაფტა (მათ შორის: საუკეთესო სცენარისათვის) და იყო წარდგენილი ოსკარის ხუთ ნომინაციაზე.

 პირველად ამ ფილმს რომ ვუყურე, ჯერ კიდევ  სკოლაში დავდიოდი. ვთქვი, კიდევ ერთი კარგი ფრანგული ფილმი გადაიღეს თქო..
 გავიდა წლები და რამდენჯერაც არ ვნახე ეს ფილმი, სულ უფრო და უფრო სხვადასხვანაირად აღვიქვი, ალბათ აუდიტორიასაც გააჩნია.  "ამელის" ვალსი ჩემი ტელეფონის რინგ ტონი გახდა, ძალიან მომწონს..მუსიკაც, ფილმიც, ალბათ იმიტომ რომ, მეც სულ ვცდილობ ირგვლივ ყველას რამე გავუადვილო და გავახაროო, ეს მსგავსება ვიპოვე, მაგრამ განსხვავება დიდია ჩემსა და ამელის შორის, ამელი ძალიან ლამაზია.. და Happy End-ი აქვს..
 ეს  ბოლო კვირააა სულ ჩამესმის "ამელის" მუსიკა.. არადა, გავიხდავ და  ტელეფონი არ რეკავს..ა რ ვიცი რატომ.. მაგრამ ასეთი ბოლო აქვს ამ ამბავს: დღეს რუსთაველში ვნახე დიდ ეკრანზე ეს ფილმი, მადლობა ნიკას :*
 ასე რომ, ვისაც არ გაქვთ ნანახი  ჟან-პიერ ჟენეს "ამელი", ნახეეთ,  არ ინანებთ:)

http://www.youtube.com/watch?v=aip3836VtZ0&feature=related


მსოფლიოს გავლით  (Across the Universe)
 
ეს არის ფილმი, რომელიც რამდენჯერაც არ უნდა ნახო მაინც აგაღელვებს, "ბითლზების" განუმეროებელი მუსიკაზე ჭკუა მეკეტება... ფილმი არა მარტო  მორიგი love story-ია, გაცილებით მეტია, დაწყებული სულ სხვანაირად აჟღერებული "ბითლების" 33 უკვდავი ჰიტიდან, 60 იანი წლები, ლევერპულის დოკები , გრინ ვილიჯის ბოჰემა, დეტროიტის ამბოხიანი ქუჩები, ვიეტნამი. ანტი საომარო პროტესტების დემონსტრაციები და რაც მთავარია და მე ბოლოს ყურებამდე გამაღიმებს ხოლმე  Happy End-ია :-)
 30-31 აგვისტოს კინოთეატრ "რუსთაველში" დიდ ეკრანზე გვაქვს საშუალება ვნახოთ  ეს ფილმი..

 http://www.youtube.com/watch?v=s-sU4xZur8A&feature=related

  პ.ს. ამ ფილმზე რომ ვგიჟები, ჩემი ბლოგის სათაურიდანაც ჩანს :-) და ბოლოს, მართლაც  All You Need Is Love , არა? :-)





    ჭამე,ილოცე,შეიყვარე (Eat Pray Love)  (2010)


ამ ფილმის გამოსვლას ეკრანზე უკვე თვეებია ველოდებოდი და როგორც იქნა!! ერთი სული მქონდა სანამ არ ვნახე.. ჯულია რობერთსი არ ბერდება შემიძლია ვთქვა და ჩემი  ერთ-ერთი საყვარელი მსახიობია..
ფილმი ელიზაბეტ გილბერტის ცხვორებას ასახავს,  ერთ მშვენიერ დღეს ხვდება, რომ ცხოვრობს სრულიად განსხვავებული ცხოვრებით ვიდრე მას სურდა. მტკივნეული განქორწინების შემდეგ ის მიემგზავრება სამოგზაუროდ მსოფლიოში, რაც მას დაეხმარება გახსნას ახალი ჰორიზონტები და იპოვოს საკუთარი თავი... ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო..მინდა ვაღიარო, რომ მე უფრო მეტს ველოდი ამ კინო სურათიდან, მაგრამ მაინც "მაგადია". და რაც მათავარია, აღმოვაჩნე, რომ სწორედ მოგზაურობა მჭირდება მეც, გარემოს შეცვლა ალბათ ყველას დაეხმარება საკუთარი თავის შეცნობასა და პოვნაში. ამ ფილმის ნახვის შემდეგ ვჭამ, ვლოცულობ და მიყვარს =)


http://www.youtube.com/watch?v=mjay5vgIwt4

 2010 წელი, ნოემბერი
იგ

არქივიდან: რაჭა ჩვენი სიყვარულია...

თბილისში აუტანელი სიცხეები დაიჭირა. სუნთქვა ჭირს, მუშაობა ეზარება კაცს და გული დასასვებლად: ზღვისკენ, მთისკენ, ტყისკენ და რავიცი, სადღაც სამსახურიდან შორს მიუწევს. ნანატრ შვებულებამდე კიდევ ბევრია დარჩენილი.. ვიქენდების იმედიღა აქვს თბილისს მყოფ ადამიანებს.. მათ შორის ჩვენი „სასტავიც“ არის.

რაჭაში წასვლა 16/07-დე კარგა ხნით ადრე დაიგეგმა.. ყველაფერს კი ჩვენს დიდ მეგობარს, ყველაზე ლამაზ რაჭველს, ვერიკოს უნდა ვუმადლოდეთ.. სწორედ მან გვაჩუქა დაუვიწყარი “ROL”. მას შემდეგ რაც გავიგე, რომ რაჭაში წამსვლელთა, ანუ ვერიკოს მიერ „რჩეულთა“ სიაში მეც ვიყავი დიდად გამიხარდა.. მეორედ ვნახვდი რაჭას, თან იმ ადამინაებთან ერთად ვინც ჩემთვის ახლობელია.. მოკლედ, ჩვენი შემადგენლობა ბოლოს ასე ჩამოყალიბდა: მასპინძლები-ვერიკო და გიო (ვერიკოს ძმა), 2 ინგა (ტეფნაძე და დოლიძე), მეგი, ანა, ნინჩო, ნიკა, ლევანი, სანდრო და თქვენი მონა-მორჩილი მე-ირინა.

I

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ჩვენ ვეროს მშობლების დიდი ხელის შეწყობით, ამაღლებული განწყობით პარასკევს, 16/07-ში სამუშაო დღს ბოლოს 19 სთ-ისკენ დავიძარით რაჭისკენ.. ისე გვიხაროდაა.. სამარშუტო ტაქსში ვისაც სად უნდოდა ისე განლაგდა, მე ჭიამაიას გვერდით ვიჯექი, დავჯექი და დიდ ხანს არ გაუვლია, დამეძინა.. (ნეტა მაშინ დამძინებოდა თურქეთში რომ ვმგზავრობდი, უძლობისგან კეკელკა ქალს რომ დავემსგავსე :დ) იმედიანად ვიყავით, ჩვენი მძღოლი სახელი რომ დავიმახსოვრე, რაჭველი გახლდათ და დარწმუნებული ვიყავი მშვიდობიანად ჩაგვიყვანდა დანიშნულების ადგილას.. მგზავრობისას დრო და დრო მეღვიძებოდა და ვერთვებოდი ჩვენების ჟრიამულში.. სიმღერა და მხიარულება კი ნამდვილად არ გვაკლდა.. რაღაცნაირად მეამა აი, ჩვენი ინგას (დოლიძის) მეგო „კუნთას“ და ლევანის ნამღერი : „მე არ დაგწვავ იმნაირად ვააანააათეეებ“ მისამღერი ქონდა ძაან მაგარი რა... :დ:დ და იმღერეს არა მარტო ეს, კიდევ ბევრი რამ სხვაც, შესრულება იყო ცოცხალი, რადგან არ წამოიღეს ლეპ-ტოპი, უბრალოდ დაავიწყდათ და სხვანაირად ვერ მოვუსმენდით მუსიკას.. მე ჯერ არ მაქ, თორე იმასაც წავათრევდი .. ხანდახან მეც წავიყროყინებდი ხოლმე „მომღერლებთან“ ერთად.. საერთო მხიარულებას მაინც ლევანი ამაგრებდა, ბექში ყავდა დოლიძე და მეგი, მერე ნინჩიტო.. დანარჩენებიც იქ ვიყავით, შედარებით მოკრძალებულად.. თუ რამეს ვცდები, მე მაპატიეთ, მე ხომ უფრო მეტი მეძინა და თუ ვიღვიძებდი, შევუჭამე ხალხს ტვინი ტყიბულის ხსენებით, იქ რა ვქენი, როგორ იყო და ა. შ.

ამასობაში დაბინდდა, გადავედით ლიხს იქით, მოგვშივდა, მოგვწყურდა.. მივირთვით ბუტერბროდები, დავლიეთ , ჯერჯერობით არა ალკოჰოლი:დ ჰოო, მერე , მერე საჭირო ოთახი მოგვინდა.. (მე არა) მაგრამ ვერ ვიპოვეთ.. თერჯოლაში გავჩერდით მარკეტთან ისე, თითქოს აი, საზოგადოებრივი ტუალეტი ყოფილიყოს, მაგრამ ვერ მოგვართვეს განცხრომა.. მარშუტკაში აბრუნდა ფიოზიოლოგიური მოთხოვნილებით შეწუხებული სასტავი :დ:დ მაგრამ მათ გაძლეს უწერამდე.. ეს გზა კი აღარ ილეოდა.. ხან გვეძინა ხან გვეღვიძა, ვღადაობდით , ხან (არ) გვეკიდა ფეხებზე ყველაფერი.. ნაწვიმარიც იყო, მოძრაობა გადატვირთული.. 12:55 იყო ტყიბულში რომ შევედით, რა კარგად დამამახსორდ საათი.. აი მაშინაც ავქაქანდი:-„ეს არის ტყიბულის ცენტრიი, გაიხედე წინ- კულტ -სახლი, სადაც რიგდებოდა ვაუჩერები.“ ხოდა ამ დროს ვერიკომ, გიდობასაც რომ ითავსებდა მასპინძლობასთან ერთად, საზეომოდ გვაცნობა, რომ დავადექით უკვე რაჭის გზას და ნაქერალას უღელტეხილს.. მე მეორდ მივუყვებოდი ამ გზას.. უმრალესლობა პირველად.. ნაწვიმარი იყო ნაქერალა, თხელი ნისლი ჩამოწოლილიყო.. გზა წვიმისგან ოღრო-ჩოღრო გამხდარიყო.. ჩვენი მარშუტკა მიიკვლევდა გზას ზემო რაჭისკენ, უწერისკენ.. სულ ვკითხულობით, მალე მივააალთ.. პასუხი- უწერამდე დარჩა 1,5 სთ, მერე ნახევარი სთ და ბოლოს ღამის 2 სთ-ისკენ უკვე მივედით.. უწერაში მეც პირველად ვიყავი.. ქვემო რაჭა მქონდა აქამდე დალაშქრული..

ვერიკოს სახლიც გამოჩნდა.. ჩვენმა მასპინძლებმა, ვერიკომ და გიომ ჭიშკარი გააღეს..რადგან ნაწვიმარი იყო, მარშუტკა ვერ შევიდა ეზოში, ამიტომ ჩვენ ორგანიზებულად ჩამოვალაგეთ ჩვენი ატრიბუტები, პროდუქტები..

შუა ღამე კი იყო რომ მივედით, მართლა უკუნეთი იყო, მაგრამ მთელი სიცხადით დავინახე იქაურობის სილამაზე, სიმწვანეში ჩაფლული ორ სართულიანი მყუდრო, კოხტა სახლი, რომელმაც თბილად მიგვიღო.. წინა დღის ძლიერი წვიმის შედეგად ის დაგვხვდა, რომ შუქი არ იყო, არც წყალი.. სანთლები ავანთეთ, ნამდვილი რომანტიკა იყო პირადპირ..

მივალაგეთ ბარგი და გაიშალა სუფრა, ეს ჩვენი მშვიდობით ჩასვლისა იყო, იქაურობის კეთილად დახვედრისა, მოკლედ ვადიდეთ ღმერთი.. დავლოცეთ ჭერი.. კიდევ მრავალი მადლობა ვუთხარით ვეროს, ერთი ბოთლი „მედოფი“ გამოვცალეთ და უკვე გამთენიისას 5-სკენ ავლაგდით მეორე სართულზე დასაძინებლად.. რა თქმა უნდა გოგოები ცალკე და ბიჭები ცალკე :დ:დ მე, ჭიამაიას და მეგის ერთ ოთახში უნდა დაგვეძინა, მაგრამ.. დაძინების ჟამს პატარა პრობლემამ იჩინა თავი: თურმე ანიკოს ხეხემალს მაგარი საწოლი არ უხდება.. განაწყენდა ნინჩომ და ინგამ რომ არ დაუთმეს საწოლი.. მე შევთავაზე ჩემ ადგიალს დაეძინა, მაგრამ მეგომ არ დაიშალა და მე დავრჩი სადაც ვიძინებდი და მეგი ანას ადგილას, უკანა საძინებელში გადავიდა.. დაწოლა და დაძინება ერთი იყო..


II

დილით 7-ს აკლდა წუთები რომ გამეღვიძა, მგონი მამალსაც არ ეყივლა, თვალები გავაჭყიტე.. წყლის ხმა ისე სასიამოვნოდ ჩამესმოდა, მივხვდი რიონი იყო.. ღია ფანჯრიდან სუფთა, გრილი ჰაერი შემოდიოდა და ადრე ადგომას დაჩვეული, რა გამაჩერებდა ლოგონში, ავდექი. დანარჩენებს ეძინათ და რა გასაკვირია, როდის დავწექით.. ინგამ (ტეფნაძემ) კი ნახევრად გაახილა თან ცალი თვალი და მითხრა, „უიმეეე-ოო“.. გარეთ გამოვედი და ჩემს თალწინ ულამაზესი ხედი გადაიშალა: ცად აზიდული ტყით (ნაძვნარით) დაფარული მთები, დაბლა ხეებში გაშლილი ნისლი.. აღმოსავლეთით ოდნავ ფერ შეცვლილი ცის კაბადონი.. აისი იწყებოდა რაჭაში, უწერაში.. მინდოდა ბევრი მესუნთქა ეს სუფთა ჰაერი.. ეზოში ჩავედი, ვობოდიალე სახლის გარშემო.. მწვანე, ნაწვიმარი ბალახით დაფარული ეზო ულამაზესი იყო თავისი ვაშლისა და ტყემლის ხეებით.. პატარა, თბილი კოხტა სახლით.. იღვიძებდა ბუნება და მეც ვატყობდი, რომ ვცოცხლდებოდი.. მეორე სართულის აივანზე კარგად მოვეწყვე „ლეჟანკაზე“ , წიგნის კითხვა დავიწყე, დასამთავრებელი მქონდა გოთუას „ყინწვისის ანგელოზი“ ..

ამასობაში ვერომ გაიღვიძა. იმდენი ვიარე დერეფანში, რომ როგორც იქნა ერთი კაცი გავაღვიძე .. J ადრე ადგა ვერო, რომ მოეგვარებინა წყლის პრობლემა და არა მარტო წყლის.. ბოლოს ტეფნაძეს და ვერიკოს მოუტანიათ „ნაპერწკალადან“ მჟავე და თან ბუნებრივად გაზიანი წყალი.. ამ დროს უკვე მე აივანზე მეძინა, აი ისე, ნიკამ როგორც თქვა: „ ვარდენას ქალიშვილივით“.. ისე ჩამძინებია კითხვისას, ვერ გამაღვიძეს გოგოებმა რომ მეც წავსულიყავი მათთან ერთად.. რომ გამეღვიძა 10-ზე მეტი სთ იყო, მზე მაცხუბებდა, გვერდები მტკიოდა „ლეჟანკაზე“ წოლისგან, ჩემს ჭიამაიას დაუფარებია რომ არ გავციებულიყავი J ქვევით ჩასულს კიდევ ერთი გაღვიძბული ჩვენიანი დამხვდა, ნიკოლოზიJ მიზანში გარტყმაში ვარჯიშობდა.. ინგა აღფრთოვანებული იყო დილის ვოიაჟით, ნიკაც ვერ მალავდა იქაურობის სილამაზით გამოწვეულ აღფრთოვანებას, განსაკუთრებით კი სახლი მოეწონა..

მანამ სანამ ყველა გაიღვიძებდა და ჩვენი უცნაურ სახელიანი მძღოლი მოგვაკითხავდა, ვისაუზმეთ.. ნელ-ნელა შემოგვიერთდნენ ჩვენი მძინარა გოგო-ბიჭები.. რომ მოვრჩით საუზმეს, იქაურობა დაამშვიდა ტეფნაძემ, გავამზადეთ საქეიფოთ საგზალი და შოვისკენ გავწიეთ.. გზა წაეღო ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილ მდინარეს, ჩვენ რომ ავდიოდით ის-ის იყო სუფთავდებოდა.. ექსკურსია შოვის ტურ-ბაზით დაიწყო.. შემდეგ სტალინის ერთ დროს დიდებული სახლის ნარჩენები ვნახეთ, გადავიღეთ უამრავი ფოტო ფეის ბუქისთვის და რავიცი სამსახსოვროდ :დ ღირსშესანიშნაობების მონახულების შემდეგ შევარჩიეთი ერთი გემრიელი საქეიფო ადგილი და დავიწყეთ სუფრის მზადება.. ბიჭებმა გაამაგრეს აყირავებული სუფრა და მერე საბანაოდ წავიდნენ რიონზე.. მეგიც გაჰყვა მათ. დანარჩენმა გოგოებმა კი გადავწყვიტეთ ფოტო სესია მოგვეწყო მდელოზე .. ნუ, მოკლედ გული ვიჯერეთ ფოტოების გადაღებით, იმდენი სურათი გადავიღეთ, ბევრი სახალისო კადრი დაფიქსირდა, რაღაც უბადრუკი გვირვინი დავწანი გვირილებისგან და გადაიოდა ხელიდან ხელში, თავიდან თავზე.. :დ ფოტოებს ვერიკოს ბიძაშვილი ნათია გვიღებდა. ნათია რაჭაში დაგვხვდა და შემოგვიერთდა.. მეგი და ბიჭები რომ დაბრუნდნენ, ცეცხლი გაჩაღდა მწვადის შესაწვავად, მაგრამ ბუნებამ არ გვაცალა მის წიაღში მოლხენა, შეიკრა პირი, საწვიმრად მოემზადა.. ჩვენც მეტი რაღა დაგვრჩენოდა, უკან უწერაში გამოვბრუნდით , სახლში გავაგრძელეთ ქეიფი და დროსტარება.. სანამ სახლში მივიდოდით, შავ წყალზე შევჩერდით, ეს სამკურნალო მინერალური წყალია, კუჭ-ნაწლავს რგებს მაგრამ მე მავნო... სუნი ქონდა აი ისეთი, 300 არაგველების მეტროში რომ დგას.. მაგრამ აბა როგორ არ უნდა გამესინჯა.. დავლიე ეგეც.

უწერაში რომ დავბრუნდით საკაიფოდ წვიმდა.. შუქი მოსულიყო, წყალი -არა. გამოსავალი ყოვეთვის არსებობს: საწვეთურებს დავუდგით ვედროები რომ წყალი მოგვეგროვებინა ჭუჭლის დასარეცხად და ა.შ.
სუფრა გაიშალა, ყველა დატრიალდა, სამწვადე ცეცხლი დაინთო, მაგრამ ჩვენს ლევანს ვინ აცალა მწვადის შეწვა.. ჩვენი უცნაურ სახელიანი მძღოლი აქტიურობდა.. ლევანს გაუტყდა..
ხო კიდევ რა.. კარგ ქეიფს ხო კარგი მუსიკა უნდა დამეთანხმებით, დინამიკები კი გვქონდა,მაგრამ ლეპტოპი არა.. თუმცა გამოსავალიც აქაც ვიპოვეთ, ნიკას ჯეისონმა კიდევ ერთხელ ისახელა თავი.. ჯეისონი შეუერთა დინამიკებს და წავიდა სალსა, დისკო და რავიცი ოსური და ა შ. აქედან არცერთს არა კი არა და ვერ ვცეკვავ L არ ვიცი და იმიტომ :დ
გადავინაცვლებ სუფრაზე: თამადა სანდრო.. სადღეგრძელოები არ ეშლებოდა.. ჩემ გვერდით ზის ლევანი.. ღადაობს ყველაფერზე.. ამოუწურავი ღადაობის ფანტაზია გამოაჩინა და ჯერ სად ვიყავით თურმე..
გართობა: ნიკა, ვერო, ანა, ორივე ინგა, სანდრო, ნინჩო ცეკვავენ სალსას, დისკოს.. ფიგურულ ვალსს.. ლევანი ცდილობს იცეკვოს და ილეთებს სწავლოს.. მე რას ვაკეთებ? შავმა წყალმა მოქმედება დაიწყო ჩემში.. მაგრამ კიდევ კარგი ბოლომდე არ ამოქმედდა :დ რომ დავბრუნდი სიტუაციაში, მე ჩემთვის ვტლინკავდი ერთ ადგილზე, ამას ცეკვას არ უძახიან :დ

ჭამა-სმა რომ მორჩა გასართობ თამშებზე გადავედით: ფლირტი, გაცურობანა, „რა არ გამიკეთბია“ (აღმოჩნდა რომ თურმე ბევრი რამეც გაგვიკეთებია და თამშის წესის მიხედვით დალევა გვიწევდა იმაზე რაც გაგვიკეთებია და რამდენი ბოთლი ლუდი გამოიცალა აღარ მახსოვს:დ) , მერე გარტყმაზე იყო თამაში, კარგი მომხვდა მეგოსგან და კარგად გავარტყი მეც ნინჩიტოს :დ თამაში თამაშია რააა.. :დ ფოკუსებიც იყო: სანდრომ, გიომ და ნიკამ გადაწყვიტეს, რომ ანა აეფრინათ სულ ზევით ზევიიით.. მაგრამ ლაგვილავამ არ ისურვა გაფრენა, ფოკუსი ჩაიშალა, ანა დარჩა დაბლა:დ

მე გამომრჩა მეთქვა, ზალაში შავი პიანინო „საქართველო“ იდგა.. ვერიკო ძალიან კარგად უკრავდა.. მესიამოვნა.. ლევანსაც ისე ესიამოვნა, რომ მეორე დღის საღამოს მიწურულს გადაწყვიტა ესწავლა პიანინოზე დაკვრა.. ვერიკომ დიდი მოთბინებითა და ლევანმა კიდევ აღფრთოვანებულმა მონდომებითა შუაღამემდე ფორტეპიანოს გაკვეთილები ატარეს.. აუუუუ, „ბესამე მუჩო“-ს, „ძაღლების ვალს“-ს და „რიმდარიროოო“-ს ბოლოს პიანინოზე კი არა ჩვენს ნერვებზე უკრავდა.. ყველაზე ადრე საზოგადოება ინგა ტეფნაძემ დასტოვა და გადაინაცვლა საძინებელში, მშვიდ ძილს მიჰყო ხელი.. დანარჩენები ამტანები გამოვდექით.. ისტერიკა გვჭირდა.. მე გიორგის გადავეკიდე ნარდის თამაშით.. რომ დაატყო აღარ მოვეშვებოდი, რავი მოვიგე თუ მომაგებინა ვერ გეტყვით.. :დ მერე ნიკას მივადექი.. ჯოკერს თამაშობდნენ ნიკა, ინგა, ნათია და ნინჩო, რა თქმა უნდა მომინდა ჯოკერის თამაშიც, მაგრამ 4 კაცი თამშობს ამ ჯოკერს :დ ხოდა ნიკას „ვეხმარებოდი“ ჩემს ჭკუაში.. ლევანი ისევ აგრძელებდა „ბესამე მუჩოს“ .. ნიკამ ბოლოს მოიგო ჯოკერი,, დოლიძემ ნიკას სასარგებლოდ მოხსნა თავისი კანდიდატურა :დ მეც ხომ დავეხმარე თან და..

ისევ შუაღამე იყო, 4 სთ.. აღარ მახსოვს პიანინოს ჩაჩუმება როგორ მოხდა.. ვერიკო მასწ-ს სახეზე მიხატებული ღიმილიღა ქონდა.. ლევანს- ენით აუწერელი სიხარული, მან შეძლო, ისწავლა სამი სიმღერა!! და როგორც თვითონ აღნიშნავდა, ექსელის გარდა სხვა რამეშიც ჰპოვა ბედნიერება.. დასაძინებლად ასულებს კიდევ არ გვეწერა ძილი.. შევედი და ჩემს საწოლში შოშიაშვილი წევს ტანსაცმლიან-ფეხსაცმლიან!! თან ისე იფარებდა საბანს, გეგონება რამე გამოუჩნებოდა :დ ჩემი ოთახიდან რომ გავიდა, მეორე გოგოების საძინებელი დააწიოკა, დოლიძის, ნინჩიტოს და მეგის წიოკი ისმოდა .. :დ ვეღარ გავიგე რა ხდებოდა იქით.. ძილმა თავისი ქნა..


III
მესამე ანუ უკან გამომგზავრების დღეს დილის 7 სთ-ზე აღარ გამღვიძებია.. წინა ღამემ ისე დამღალა, ჩამეძინა.. 9 იყო რო ავდექეი, ამჯერად ინგამ დამასწრო.. კიდევ მეძინებოდა, მაგრამ მახსოვდა უნდა მიგველაგებინა წინა ღამის არეული პირველი სართული..
ამინდი ამჯერად წვიმიანი გათენდა. გეგმის მიხედვით უწერიდან რომ წამოვიდოდით შაორზე უნდა გვექეიფა, მაგრამ რადგან ეს წვიმის გამო არ გამოდიოდა, მწვადების და სიმინდის შეწვა სახლში გადავწყიტეთ.. მწვადი შესაწვავი იყო, ბიჭებს ეძინათ.. ნიკამ და გიომ გაიღვიძეს .. ცეცხლი დაანთეს.. დანარჩენი გოგოებიც წამოდგნენ და ლევანს რომ ისევ ეძინა, მომივიდა იდეა, მისივე საყვარელი „მესამე მუჩოს“ და „ძაღლების ვალსის“ სიმღერით შევსულიყავით ბიჭების ოთახში და გაგვეღვიძებინა.. დავირაზმეთ: მე, ნინჩო, ინგა (ოღონდ დოლიძე ), ანა, მეგი, ვერიკო ჩართული კამერით და ნიკაც ჩვენთან იყო, ღადაობდა: -„ მიდით , შედით , სანდროც გადახდილია“-ო :დ მაგრამ ჩავატარეთ „რაზვეტკა“ - სანდრო იყო საბან-დახურებული და გაღვიძებული.. აი ლევანს კი ეძინა.. შევედით დავჭექეთ „ბესამე, ბესამე მუუჩოო, რა რა რა რააარააარააა“ მერე მეგიმ წაუმღერა: „მეოთხე, მეხუთე, მეექვსე მუუუჩოოო“.. წამოყო თავი აწ უკვე „ბესამემ“ (ლევანმა) .. ვერო ვიდეოს იღებდა და თან „ძაღლების ვასლიცო“ შეგვახსენა. აქ ნიკამ გმაოიჩინა თავი , “ შვილო უნდა გაგათხოვო ... მე გავაგრძელე ომახიანადვე, „ გაგაყოლო ექიმს, არა დედი, არ გავყვები ჯიბე გამოფხეკილს“ :დ

ამ მიუზიკლის შედეგად, მალე ლევანი და სანდრო შემოგვირთდნენ. შევწვით მწვადი, სიმინდი.. კარტოფილი. ამ კარტოფილს იმდენი ვურიე ტაფაზე, რომ შემწვარი პიურე გამოვიდა, მარა კაი იყოო თქვეს:დ
საუზმემდე პიანინოსთან უკვე ლევანი აღარ იჯდა, ნიკა იყო ყურებში აიპოდ გარჭმული, ოღონდ არ უკრავდა.. წერდა.. რას? აი რაც მე დაწერე, ამნაირს, შთაბეჭდილებებზე.. კიდევ ერთი მწერალი გაიჩითა სასტავში..
საუზმი შემდეგ გავამზადეთ ჩვენი ჩანთები.. თბილისიკენ წასლის დრო ახლოვდებოდა.. არცერთს არ გვეთმობოდა რაჭა, უ წ ე რ ა, ყველას დარჩენა გვინდოდა თუნდაც ერთი დღით. მაგრამ როგორც ჩვენ გვინდა, ისე სად არის.. ვერიკომ, დერეფანში კარებთამ კარადა გვაჩვენა, სადაც ყველა ჩიხრაძეების სტუმარი შთაბეჭდილებების შესახებ წარწერას ტოვებდა.. ჩვენც დიდი სიყვარულით ჩენი კვალი დავტოვეთ იმ იმედითაც , რომ აქ ისევ დავბრუნდებით.. J
დავემშვიდობეთ სახლს, მე - პატარა ანანოსაც, ვერიკოს ნათესავების გაცნობაც მოვასწარი იმ დღეს, დილით ადრე, უთენია რომ ავდექი.. მარშუტკაში ასულები უკვე ხმამაღლა ვამბობდით, რომ რაჭა ჩვენი სიყვარულია!!!
უკანა გზაზე თვალს გვჭრიდა რაჭის ბუნება, მთები, ტყეები..ნისლი ასდიოდა რაჭის ხეობებს და გადარეული რიონი სწრაფი დინებით მიუყვებოდა.. თვალწარმტაცია ადგილები ბარაკონი, ცით დამშვენებული ნიკორწმინდა..ბევრი სურათი გადავიღეთ სამახსოვროდ.. ნიკორწმინდაში სანთლებიც დავანთეთ.. მალე ჩემს საყვარელ ხიდთანაც მივედით, შაორზე.. ეს ადგილი ყველაზე მეტად მიყვარს.. შაორის წყალსაცავზე ამ ხიდიდან საოცარი ხედი იშლება..
ჩვენი მარშუტკა ისე ქვემოთ ჩავიდა ტბის ნაპირთან, რომ კარგი დიდი საფლობი იყო და პირდაპირ შიგ ჩავარდა უკანა ბორბალი.. მანამ სანამ მძღოლი მარტო ცდილობდა როგორმე ამოეყვანა მანქანა ამ ტალახიდან.. ლევანი მაშინვე წყალში შევარდა.. გოგოებმა ბუნების საჭირო ოთახში შევიარეთ.. მე, ანა და მეგი რომ ვბრუნდებოდით, ნიკას და სანდროს შაორის ხიდზე სანახაობა მოეწყოთ: ხიდიდადნ ხტებოდნენ წყალში, მასტერკლასები ჩაატარეს რააა.. ეს ყველაფერი აისახა ფირებზე.. ნიკამ ცურვა არ ვიციო და რავიცი, კარგად გაცურააა.. ხოდა , გადახტომა მეც ისე მომინდა, ცოტა დამაკლდა არ ვისკუპე .. წლის დამხრჩვალი კი ვიქნებოდი :დ ამ ყველაფრის შემდეგ, შაორის ნაპირას დავნაყრდით..ჩვენი მარშუტკა ისევ ტალახში განისვენებდა.. რადგან საკუთარი ძალებით ვერას გავხდით, მძღოლმა გარეშე ძალის დაზმარება ითხოვა და ნივა მოიყვანა.. ნივას + ჩვენი გოგო-ბიჭების ძალ-ღონე ( ჩემ გარდა, არ მიმიღია მონაწილეობა „მიწოლაში“ ) =მარშუტკა ამოყვანილია ტალახიდან!!!
მარშუტკა სანამ მოტრიალდებოდა, გავიხედე და რას ვხედავ ლევანს ხელში უკავია ბაყაყი და კოცნის მას.. მახსენდება მე 2 ჭიქა დავლიე მეტი არა.. მივიჭერი ლევანთან და ბაყაყთან და მეც ვაკოცე, რავიცი რა მეგონა, პრინცად გადაიქცეოდა თუ რა იყო..ლამის გულს ირევდნენ დანარჩენები ჩვენი შემხედვარე.. ბაყაყს ხო ვაკოცე და მერე ნიკაზე გადავედი ბაყაყიანი.. :დ
მარშუტკში რო ავედით ტუჩები გვეწვოდა მე და ლევანს, ნიკას -ლოყა.. ტეფნაძე ხელებს ასავსავებდა, არ მომეკაროო :დ მეკაიფებდნენ, აი , გაგილურჯდა ტუჩებიო:დ ისე, კიდევ კარგად გადავრჩი რომ არ მომწალა ამ ბაყაყმა, მე მათ წინაშე გენოციდი მაქვს ჩადენილი, ოღონდ ეს ადრე იყო ძალიან...
შაორიდან თბილისკენ გამოვწიეთ, ყველა გაყუჩდა.. მაგრამ არა „ბესამე“, დოლიძე და ნინჩიტო.. მაგრა აჯაზებდნენ რააა, ლევანი ღადაობდა, გოგოები მღეროდნენ ჰიტებს .. .. მე ჯეისონი მქონდა ყურებში და ჩემთვის ფიქრებში გართულს ჩამეძინა (რომ გამღვიძა ჯეისონი უკვე მეგისთან იყოო..), ტეფნაძეც მუსიკას უსმენდა მშვიდად.. ვერიკო და გიო წინ ისხდნენ, ნიკაც წყნარად იყო, ჯეისონის მაგივრად ტელეფონიდან უსმენდა მუსიკას.. სანდროც წინა სავარძელზე იჯდა, ასევე მშვიდად... ერთხელ კიდევ გავჩერდით გზაში, ნაზუქების საყიდლად..

11 სთ იყო თბილიში რომ ჩამოვედით, ეგრევე ცხელი, დახუთული ჰაერი, ქაოსური მოძრაობა და ორშაბთის გათენების, სამსახურში წასვლის შეგრძნებამ უსიამოვნოდ გაგვიარა ყველას.. მარშუტკამ საიდანაც წაგვიყვანა, ისევ იქ დაგვტოვა, ჩვენი ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე..


IV

და ბოლოს, ათასი მადლობა ვერიკოს, მის ოჯახს.. რაჭას მადლიანს, თითოეულ “ROL“-ის მონაწილეს.. სასიამოვნოდ ჩაიარა ამ ვიქენდმა.. არ დავჭირდა ვეროს დიდი „ლახანკაც“ :დ:დ:დ (ვხუმრობ რა ) კარგი იქნებოდა, აი ისინიც რომ წამოსულიყვნენ, რაღაც მიზეზები რომ გამოუჩნდათ..
ერთს კიდევ ვიტყვი, მე მთელი დღე ისევ რაჭაში ვიყავი, ისევ თითქოს იქაური ჰაერით ვსუნთქავდი.. ცოცხლად ვგრძნობდი თავს.. რაჭის ბუნებამ თავისი გაიტანა, მუზები ამიშალა და დამაწერინა ასე ბევრიი აბზაცი.



19/07/2010 წელი
იგ

დიდი ხნის არქივიდან..

****

ე-ს  
მე არ მინდა ვიყო ძლიერ ლამაზი,
ირგვლივ არის ყველაფერი მარაზმი,
ეს ცხოვრება ემსგავსება მანიას,
გადაჩვევა შენი მიჭირს ძალიან.
მე რ მინდა ვიყო ძლიერ თარსი,
მოლოდინი გახდეს ჩემთვის ფარსი
ერთხელ უკვე გატყდა ჩემში ნავსი..
აღარ მინდა მეორეჯერ მსგავსი.
მეორეჯერ მსგავსი ანომალია,
ყველაფერი ჩემი არა,
მხოლოდ შენი ბრალია..
მხოლოდ შენი გულგრილობა მკლავს..
გადავიქეც მე უჩინარ ხმად..
ისევ ისე მეორდება კვლავ
შენ ვერ ამჩნევ მეოცნებე ქალს!

  2010 წელი


* * *
მე ვწერ სტრიქონებს,  ვაწყობ ლექსებად,
მოვადნილ მუზას არ აქვს საზღვარი,
ფიქრს უსასრულოდ მივყავარ ცამდე,
და ისევ მე ვარ ხნით დამაშვრალი.
თითიქოს ნისლიან ხილვებში მოჩანს,
ვხედავ უცნაურ აზრთა გამგებელს
და ჰორიზნტზე გამოიკვეთა
ჩუმი ჩრდილი, მეფაიტონე..
მოერეკება ჩემს აზრებს ფრთიან,
მუზად იხუვლებს კი არა სძინავთ,
ფურცელს აჩნდება კვალი მიზნების,
ამოუცნობი მკრთალი სიზმრების..
ასე გრძელდება და მეორდება,
მოვარდნილ მუზას არ აქვს საზღვარი,
ფიქრს უსასრულოდ მივყავარ ცამდე,
მხოლოდ ამ ფიქრებს მივყავარ სადმე...

* * *
მაშინ  მე-8 კლასში ვიყავი, 03 მარტი თენდებოდა.. დედასთვის საჩუქარი მინდოდა გამეკეთებინა, რამე ორიგინალური.. მამას სუნამო უნდა ეყიდა.. ირმას მოგვროვილი ფული ქონდა.. მე მოგროვილი ფულიც არ მქონდა.. ავდექი და დედასთვის დავხატე და დავწერე. აი, ნახატი კი ინახება კახეთში , სახლში საგულდაგულოდ და ლექსი მახსოვს და დავწერ  აქ:

დედა- უხმო სევდა,
შვილის ზრუნვაში გადაღლილი ნაზი არსება,
ნათქვამია, რომ "დედის ცრემლზე ია ამოდის"
შემ ჩემო კარგო, რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ,
ვიცი, ძვირფასო, რომ შენს ამაგს ვერ გადავიხდი,
მაგრამ ვეცდები, გავამართლო შენი იმედი
და გავიზარდო სასახელო ქართსველთაგანი.
დედა-მზის სხივით მოქარგული სახელთაგანი.
დედა-შვილისთვის  მუდამ დიდი საყრდენი ძალა
და თქვენ იცოცხლეთ, დიდხანს, დიდხანს ჩვენს საიმედოდ,
თქვენ, მუდამ ბურჯნო, ოჯახის და ქვეყნის ღირსების!

ჩემი ხელითვე გავაკეთე მისალოცი და  კონვერტი, ჩავდე ფურცელზე დაწერილი ლექსი და დედას დავუტოვე მაგიდაზე.. მორიგეობიდან რომ დაბრუნდა, სხვა საჩუქრებთან ერთად ჩემი ცხელი და გულწრფელი ლექსი ელოდა.. დედა ჩამეხუტა, ცრემლი უჩანდა თვალებში სიხარულისა.. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ მას მოეწონა ჩემი საჩუქარი და მისი მაშინდელი გახარებული  სახე არასოდეს დამავიწდება..


* * *
უჩინარი ვარ ..
უჩინარი ვარ და დავსველდი,
რამდენჯერ გთხოვე და არ გაჩერდი..
ვერაფერს ვერასდროს ამჩნევდი..
მესმოდა სისტყვები -არცერთი..
და მაშინ გაწვიმდა, ფიქრებში გარჩევდი
უჩინარი ვარ ყოველთვის,
ვერ მამჩნევ ვერასდროს..
მე კი კვლავ დავსველდი,
ფიქრებში, წვიმაში უაზროდ
უჩინრად დავბერდი..

31/05/2010, 23:16

* * *
 ამ ლექსების ისტორია ასეთია: სკოლა დავამთავრე და რადგან სწავლა უმაღლეში გავაგრძელე, მომიწია კახეთიდან გუდა-ნაბადის აკვრა და თბილისისკენ წამოსლვა..
ეს პროცესი ძალიან მტკივნეული იყო.. სახლი სადაც 17 წელი გავატარე, მშობლები, და, რომლის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო, ჩემი ცუგრია მინიც დავტოვე დედოფლისწყაროში და მე დედაქალაქში გადმვოვედი.
სახლში ხშირად ვლექსადით მე და ჩემი და და წამოსვლის წინაც დავუტოვე დარიგება ლექსად თქმული:

დაო,  უნდა დაგიტოვო,
დარიგება საიმედო,
იქნებ რამე გამოვტოვო,
დაამატე, გაიხსენო..
გახსოვდეს, რომ წინ გაქვს დიდი
ბრძოლის ველი გასავლელი,
დაიხსომე, დაისწავლე,
დარიგება ჩემი წრფელი.
ისწავლე და წაიკითე
ბევრი წიგნი, შენთვის მრგები,
"სწავლის ძირი მწარე არის ,
კენწეროში გატკბილდების"
იმედი და რწმენა ღვთისა
მუდამ გქონდეს გულში ხატად,
ჩენი ქვეყნის სადიდებლად
არა მოერიდო ავსაც.
იქნებ, თავი მოგაბეზრე,
ანდა გავაგრძელე ძლიერ,
იმედია, აგამიგებ და გამიხსენებ
შენთვის დამშვრალსა და მშიერს!.

დის დარიგების პასუხი, ავტორი ჩემი და:

გმადლობ შენ დაო რჩევისთვის,
ბრძნული სიტყვების ფრქვევისთვის,
არ დაგივიწყებ მოძღვრებას,
მემახსოვრება მე მუდამ.
მინდა მეც გითხრა სათქმელი,
გამოგადგება ქალქში,
გესწავლოს შენ სიეშმაკე,
ჩაგეცვას სულ პლატფორმები. : D
გული მწყდება, რომ მიდიხარ,
აცარიელებ სახლსაო,
გპირდები კარგად მოვუვლი შენს შვილობილის კარსაო.. (მინის რა)
ღმერთმა ქნას შენი ნატვრაო,
ყველა აგიხდეს, ასრულდეს,
მე წარმატებებს გისურვებ
ეკონომისტობის გზაზე.
აბა რაღა დაგიწერო,
გითხარ ჩემი სათქმელი.
ვეცდები გავამართლო
დედ-მამის შენი იმედი..
შენ კი არ დადარდიანდე,
თუ ჩავაბარე წელსაო,
ჩამოვალ ერთად ვიქნებით
არ მოგანატრებ თავსაო..

 P.S. ცოტა კი გაურითმავია და იმედია არ მიწყენ. ისე დილის 08:30 კვალობაზე არა უჭირს რა. ჰა, რას იტყვი?.. იცინე, იცინე .. სწორედ შენს გასამხიარულებლად დავწერე ეს ლექსი..

 27/02/2005

ჩემა დამ მართლაც გამამხიარულა, შემდეგ ტრადიციად გვექცა არა ეს-ემ-ესბის წერა, არამედ წერილების გზავნა .. ჩამოჰქონდათ ჩემებს, მეც ვატანდი ირმასთან და ა.შ. მერე ჩააბარა ეროვნულები და თვითონაც ჩამოვიდა თბილისში..

* * *

Friday, July 15, 2011

* * *

ტაატით მარტო, ბოდვით და ღელვით,
შენსკენ მომავალ გზას გამოვყევი,
დაგიკრეფ იებს, ვარდებს და გნახავ
მზის სხივის კონად შეგიკრავ თავთავს..

ლექსებს დაგიწერ, უამრავ ზღაპარს,
აი ისეთებს, არავის არ ჰგავს,
 ბენიერების გაჩუქებ წამებს,
ფიქრებს უცნაურს მე მივცემ ღამეს.

ტაატით მარტო, ბოდვით და ღელვით,
მე გადავსერავ ცხრა ზღვას და მდელოს,
რომც არვინ მენდოს, დავხატავ ტილოს
და თუ დამჭირდა დავაშრობ ნილოსს..

ტაატით მარტო, ბოდვით და ღელვით,
მოვდივარ მარტო და ისევ გნატრობ,
გული საგულეს ვეღარ ჩერდება,
ვეღარ მოველ მე  შენს გაჩერებას..


იგ,

ივლისი, 2011

ლექსი უბრალოდ, ისე..

დღეები გადის,
აი,  დაღამდა კიდეც, 
სათქმელს დაგროვილს
გული ვერ იტევს, 
ვიღაც უხილავი, 
ჩემთვის უცნობი ძლიერად მიტევს,
ამ ცხოვრებაში არავინ მითბენს..
დამღალა სევდამ, 
უიმედო სიმების ძერწვამ, 
ჩვენ ორს შორის რომ 
სიყვარული მხოლოდ მე მსერავს..
დრო გადის.. 
ერთხელ მაიცნ იქნებ დაფიქრდე, 
მტერი არა ვარ, ნუ მექიშპები
ამ ერთხელ დამინდე..
ნეტავ ვიცოდე, 
ისე, უბრალოდ..
გულში რა გიდევს.. 




იგ
ივლისი, 2011

Tuesday, July 12, 2011

ჰარი პოტერის დასკვნითი ნაწილი..

"ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები 2"- ასე ჰქვია ფილმის ფინალურ ნაწილს, რომელიც უკვე გამოვიდა დღის სინათლეზე. ცოტა კი უცნარური შეგრძნება მაქვს, რომ მთვრდება პოტერიანა.. 2001 წლიდან მოყოლებული მოუთმენლად რომ ველოდებოდი სულ, ამ დღეებში ბოლო სერია უნდა ვნახო. ფილმის ქართული პრემიერა 14 ივლისს კინო-თეატრ "ამირანში" 3D ფორმატით გაიმართება.
ჩემო ძვირფასებო,  ცნობისთვის, ინგლისელმა მწერალმა ჯოან როულინგმა, ჰარი პოეტერის სულის ჩამდგმელმა ადრე განაცხადა, რომ ის აღარ გააგრძელებს ამ რომანზე მუშაობას. ახლა კი ცნობილია, რომ ავტორმა ეს ყველაფერი გადაიფიქრა და უახლოეს მომავალში ჰარი პოტერის ახალ ტომეულს შემოგვთავაზებს. ეკრანიზაციაც მოხდება ალბათ, აბა ისე როგორ იქნება.
აღსანიშნავია, რომ პოტერის ბოლო ტომი პროდიუსერებმა ორ ნაწილად გაყვეს, მიზეზად წიგნის სიდიდე დაასახელეს, თუმცა ცხადია – ყველაფერი მოგების გამო გაკეთდა. პირველმა ექვსმა ფილმმა  თითქმის 5,5 მილიარდი დოლარი მოგება მოუტანა.
 “ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრების” მეორე ნაწილი კვლავაც დევიდ იეტისმა გადაიღო. ჯადოქრებზე ბოლო ორ ფილმს ეს რეჟისორი ხელმძღვანელობდა და Warner Brothers-ის მითითებებს ზუსტად ასრულებდა.
ცოტას მოგიყვებით რა ხდება ბოლო ნაწილში, მე ვიკიპედიაში წავიკითხე.. მოკლედ, ვოლდემორთან შეკრების შემდეგ სიკვდილის მხვრელები თავს ესხმიან ჰარისა და მის მეგობრებს გადაფრენისას, რასაც ეწირება ბუ ჰედვიგი. ჰარის ჯადოსნური ჯოხი მოულოდნელ შელოცვას ისვრის და ბნელი მბრძანებლის ჯოხი, რომელიც მან ლუციუს მალფოისგან აიღო, იმტვრევა.ბილ უისლის ქორწილის წინ მეგობრების სამეულს აკითხავს მაგიის მინისტრი რუფუს სკრიმჯერი, რომელმაც ბავშვებს უნდა გადასცეს დამბლდორის ანდერძით გათვალისწინებული ნივთები - გოდრიკ გრიფინდორის ხმალი, წიგნის ბარდი ბიდლის ზღაპრები, დელუმინატორი (შუქის შეწოვის და გამოშვების მოწყობილობა) და ჰარის მიერ პირველად დაჭერილი სნიჩი. მაგრამ ხმალს ჰარის არ აძლევენ, რადგან ის დამბლდორს არ ეკუთვნოდა. ქორწილში ჰარი გაიცნობს ლუნა ლავგუდის მამას, ქსენოფილიუსს, რომელსაც გულზე დამაგრებული აქვს უცნაური სამკუთხედი ნიშანი.
ამ დროს საზარელი ამბები მჟღავნდება: სკრიმჯერი მოკლულია, ვოლდემორი აკონტროლებს სამინისტროს, ხოლო სიკვდილის მხვრელები თავად ჩნდებიან ქორწილში.
 ხოლო, როგორ დამთავრდება პოტერიანა, ამას მრავალ ჩემნაირ პოტერმანთან ერთად ვნახავ "ამირანში"..
 და ბოლოს , “ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები” ერთ დიდ ტრეილერს უფრო ჰგავს, ვიდრე მხატვრულ ფილმს. ჰოდა, მიყვარს ტრილერები, თან სადაც სასწაულები და მაგიური რამეები ხდება.. ნეტა მეც შემეძლოს ცოტა ჯადოქრობა..იფ, იფ.. რა მაგარი იქნებოდა..
დასანანია, რომ ამ ფილმის ნახვა მარტოს მომიწევს..
თუმცა, უკაცრავად, მომიტევეთ, სულ დამავიწყდით, უცნობო პოტერმანებო ამა ქვეყნისა, "ამირანში"  შეხვედრამდე . ;)
ვიდრე ფილმს ნახავდეთ, ოფიციალურ ტრილერს გიტოვებთ.. 

პ.ს. ადრე ვამბობდი, რომ ბიტლომანი ვარ, ახლა გამოვიდა, რომ პოტერმანიც ვყოფილვარ..
რა ვქნა, ჰარი პოტერი ჩემი ბავშვობის ნაწილიც არის..


იგ,
ივლისი, 2011

მე არ მინდა ვიყო "ცივსისხლიანი"...:)

ადამიანი თავისი ტვინის ძალიან მცირე პროცენტს იყენებსო თურმე....რამდენს შევძლებდით თუნდაც კიდევ ამდენის გამოყენება რომ შეგვძლებოდა.......და საერთოდ რა იქნებოდა რომ გამოგვეყენებინა მთელი ჩვენი შესაძლებლობები...იქნებ მე შემიძლია ფრენა და ვერ ვხვდები, იქნებ შემიძლია დროის უკან დაბრუნება და ბევრი რამის შეცვლა, იქნებ არ მჭირდება შეცდომებზე სწავლა, იმიტომ რომ მათ არ ვუშვებ...იქნებ მე ვარ წინასწარმეტყველი... იქნებ შემიძლია არ ვისუნთქო, არ მტკიოდეს, არ ვგრძნობდე, ვაკონტროლებდე ჩემს ემოციებს და ვიდგე მათზე მაღლა...იქნებ მე ცხოველების ენა მესმის...იქნებ მე თქვენ აზრებსაც ვკითხულობ... იქნებ...იქნებ ...იქნებ...ალბათ ბევრი რამე შეგვიძლია ჩვენ, ადამიანებს....და მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი - იქნებ შემიძლია როცა მოვინდომებ გადავხედო ჩემს ქვეცნობიერს და უამრავ კითხვას გავცე პასუხი- რატომ არ ვარ ბედნიერი, როცა ყველაფერი კარგადაა თითქოს?? ან რა მიხარია ზოგჯერ უამრავი პრობლემით გარემოცულს??? რატომ ვქმნი ზოგჯერ წვრილმანისგან ტრაგედიას და რატომ ვარ სხვა დროს არაადეკვატურად ინდეფერენტული?? ...რატომ ვართულებ მარტივს? ან სიმშვიდე რატომ მეზიზღება??...მე არ მჯერა ბედის- მე ვიცი რომ თითოეული მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში ჩვენი აზრებით ან აკვიატებული იდეებით მოვიზიდეთ, სწორედ ამიტომაა ოპტიმისტებს ყოველთვის მეტად რომ უმართლებთ- ისინი თავად იზიდავენ დადებით მოვლენებს...მე კი ჩემი პესიმისტური ახირებით რომ „ეს არ გამოვა“, ხშირად დამინგრევია ის, რაც წესით გამოდიოდა.... რამდენი მეგობარი ან ნაცნობი მყავს , რომნლებიც სულ ცდილობენ გრძნობების და ფიქრების კონტროლს და მათი ცხოვრება რა თქმა უნდა მეტად გათვლილი და უპრობლემოა ვიდრე ჩემი...მაგრამ მე რომ არც მიცდია??? ბოლომდე რომ მივყვები ყველა ემოციას??? განა არ შემიძლია, მაგრამ რომ არ მინდა??? ......ალბათ ბევრი რამე შეგვიძლია ჩვენ, ადამიანებს....მაგრამ ალბათ იმიტომ ვართ ადამიანები, რომ ვერ ვიყენებთ ამ შესაძლებლობებს... ასე რომ...:) პრაგმატულებო, პრაქტიკულებო, არაემოციურებო- ნუ კარგავთ თქვენს ადამიანურობას....იცხოვრეთ, იგრძენით, გრძნობების ნუ გეშინიათ!! რაც უფრო მეტს გრძნობთ, მით უფრო ცხოვრობთ!! ...და მეც გავაგრძელებ ძველებურ, მშფოთვარე ცხოვრებას:) დავუშვებ ისევ შეცდომებს, და ვერც ვისწავლი მათზე, ...ისევ ვიგრძნობ, ისევ განვიცდი, ისევ მეტკინება, არც წინასწარმეტყველება მინდა და არც თქვენი აზრების კითხვა,- მოულოდნელობას არაფერი ჯობია...მე გულგადაშლილი შევხვდები ცხოვრების ყველა დარტყმას...მერე ამ დარტყმას ისევ სიხარული ჩაანაცვლებს...მე ვიცხოვრებ...იმიტომ რომ მე ვარ ადამიანი....


ბუშკა -The author


2011 წელი 



Sunday, July 10, 2011

ივლისის სიცხეში..

ივლისის სიცხეშიაც არ მასვენებს,
ისევ განუწყვეტელ აზრთა დევნა,
ისევ შორეული სიზმარივით,
რატომ თავს მევლება აღმაფრენა..

უცებ მომერია სიხარული,
გულს ისევ მოსწყურდა ანცობა,
არა, აღარავის აღარ ვეტყვი,
თურმე ძნელი არის განდობა..

მომინდა იმ წარსულში დაბრუნება,
ციცინათელებთან თამაში,
თმაში გაბნეული გვირილების
სურნელს ვერ ველევი მარადის..

ნუთუ შენ არ გინდა დაიბრუნო
და მეც დამიბრუნო ბავშვობა,
მოდი არ აცალო ამ სიყვარულს,
ნაწვიმარ გუბესავით დაშრობა!!!

პ.ს. სიცხისგან ვწერ, დიახ, სიცხისგან!!! რავარი სიცხეები დაიჭირა ამ ბოლოს ბიჯოოო!! :D ;-)

იგ

ივლისი, 2011

მინდა, ვიღაცა მელოდეს სადღაც..

მოგესალმებით ყველას..

დიდი ხანია აღარ დამიწერია ჩემს ბლოგზე, მომნატრებია აქაურობა.. ამასობაში ზაფხული ვიგრძენი, თუმცა ივლისის სიცხეში მე მაინც "მგრილა"..
ჰოო, რაზე მინდოდა დამეწერა.. ამ ბოლო დროს, დროს "ვინახავ" ხოლმე წიგნის წასაკითხად. განსაკუთრებით თანამედროვე მწერლებს მივეძალე(დედაჩემი იტყოდა, რას ამბობ, რაც ძველი იყო ყველა წაიკითხეო.. ყველა არა, მაგრამ რაც წაკითხული უნდა ჰქონდეს ადამიანს, თამამად ვაცხადებ, წაკითხული მაქვს უმეტესობა).
თანამდეროვე მწერალთა სიაში კი განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლოს ანა გავალდა, ფრანგი მწერალი ქალი.. დაიბადა 1970 წელს პარიზში. მან კლასიკური ლიტერატურული განათლება ჯერ პანსიონში, შემდეგ კი სორბონის უნივერსიტეტში მიიღო. გავალდას წარმატებული სამწერლობო კარიერა 1999 წელს დაიწყო, როდესაც ის FRANCE INTER–ის ლაურეატი გახდა კონკურსში “ყველაზე ლამაზი წერილი სიყვარულზე”. მას შემდეგ მან არაერთ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, რაც დაგვირგვინდა RTL–ის გრანპრით ნოველების კრებულისათვის “მინდა, ვიღაც მელოდეს სადღაც”, ასევე კრებული დაჯილდოვდა ARIAL-ის გრანპრით.

მისი წიგნი , "მინდა, ვიღაც მელოდეს სადღაც“ კი საკმაოდ მოთხონადია თბილისის წიგნების მაღაზიაში. წიგნმა დამაინტერესა და მეც ვიყიდე. პატარა ტანის წიგნი სასიამობნოდ წასაკითხი აღმოჩნდა. დიდად კი ვერ დაიკვეხნის თავისი ლიტერატურული მნიშვნელობით, მაგრამ თანამედროვე ფრანგების სევდიანი, მხიარული, უიღბლო თუ ბედნიერი ისტორიებია.. მოთხრობები "სკეჩებივითაა" და ერთი ამოსუნთქვით იკითხება.. წიგნების მაღაზიიდან გამოვედი თუ არა(ტერიტორია ვერა) დავიწყე კითხვა, სახლში მისული არ ვიყავი, უკვე დამთავრებული მქონდა (ტერიტორია- ჩუღურეთი).

მოთხრობები პირველ პირშია დაწერილი, ნაწერი სადაა და გასაგები.

სხვადასხვა ისტორიები ენაცვლება ერთმანეთს და ვერც კი ხვდებით, დრო როგორ გადის ..

მაგალითად: ერთი იმ გოგოს ხვდება, რომელიც წლების განმავლობაში ეგონა, რომ მისი ცხოვრებიდან იყო გასული, მეორე უნებლიედ ხდება სხვათა უბედურების მიზეზი, ჯარისკაცი კიდევ იმას ხვდება, რომ რისთვისაც ბევრს იბრძვი, რაც ასე ოცნებად გეჩვენება შეიძლება ისეთი აღარ აღმოჩნდეს – დრო გავიდა და შეიცვალა. მის ცხოვრებაში კიდევ ქარვა შემოდის და ხვდება, რომ ეს ერთადერთი გადარჩენის გზაა.

ყველა მათგანში არის რაღაც საერთო, ღრმა სულიერი სამყარო. პრაგმატულ და რაციონალურ სამყაროშიც არიან ასეთი მგრძნობიარე ადამიანები. მკითხველზე მათი ისტორიები ემოციურად მოქმედებს.

აღსანიშნავია, რომ ეს წიგნი საფრანგეთში ბესტსელერი გახდა და 27 ენაზეც ითარგმნა..

გირჩევთ, აჰყვეთ თანამედროვეობას და ანა გავალდას გაეცანით..

წიგნიში საინტერესო ციტატებია, აი ისეთი, რო გონებაში ჩაგრჩება კიდეც:


1. ჩემმა “მოჩვენებითმა ცხოვრებამ” თავი დამანება და მომცა უფლება, ბედნიერი ვყოფილიყავი;

2. ის ბიჭი უფრო გულჩვილი არლეკინო იყო, ვიდრე golden boy;

3. ერთბაშად, ერთი დარტყნით მიბრუნდება მთელი ჩემი გონიერება;

4. მასაც "არ უნდოდა ეტირა. უბრალოდ ეშინოდა არ დამსხვრეულიყო და არ ეტირა შინაგანი სიკვდილის გამო"

5. ასეთიც ბევრი შემხვედრია: "არ იცის რა სურს ცხოვრებაში და მუდამ თან დაათევს ბანალურობას"

6. "ჩემი მეორე ნახევარი, რომელსაც ჩემი სისუსტის გამო ერთ დღეს ცოლად გავყევი"- ამის მეც მეშინია..

7. ზოგჯერ ასეთი შეგრძენაბ მეც მაქვს ხოლმე გავალდას გმირებისა არ იყოს: "ისეთი შეგრძნება, მაქვს როგორც დამწყებ პარიკმახერს, რომელმაც წინასწარ იცის, რომ მისი გაკეთებული ვარცხნილობა არ ივარგებს".

8. და ბოლოს: "ნუ შემიყვარებთ ჩემი დიდი მკერდის გამო, გიყვარდეთ ჩემი სუბსტანციის არსი" =)

გთავაზობთ მწერლის პორტრეტსაც..

Anna Gavalda

 















იგ
ივლისი, 2011