Wednesday, September 22, 2010

სევდიანი ტიტრები ჩემი ყოველდღიური ყოფიდან

რამდენჯერ ვთქვი, არ დავიწუწუნებ, არ ვიქნები უკმაყოფილო არაფერზე-თქო.. არა,  არც ვწუწუნებ, არც უკმაყოფილო ვარ.  უბრალოდ ძალიან ბევრი რამე მოხდა ამ ბოლო პერიოდში, ერთი წისქვილის ქვა აღარ დატრიალდა ჩემს თავზე, მაგრამ ღვთის შეწევნით მე ისევ ფეხზე ვდგავარ.. ისევ ვიბრძვი.. ისევ ვცდილობ.. არ მინდა უაზრო და უმიზნო იყოს ჩემი ცდა ყოველი.. ტყუილი ილუზიების აყოლა არ მინდა, არ მინდა იდიოტი აღმოვჩნდე ბოლოს და ვიღაცამ გაიცინოს..
არადა ამბობენ, თუ რამე გულით გინდა აუცილებლად გამოვაო, მაგრამ უსაზღვროდ ცდა და ბრძოლაც არ შეიძლება, ასე ვფიქრობ. ოდესღაც უნდა გაჩერდე, მაშინ,  როცა ნათლად ხედავ, რომ ამოიწურა ბრძოლის პოტენციალი.. ძალით ვერ შეიქმნ ვერაფერს,  ღვთის ნებასაც ხომ წინ ვერ აღუდგები ადამიანი?!.. უნდა შეეძლოს ადამიანს გაჩერდეს, მიუხედავად იმისა, ეს ბედის დანებება რამდენად ატკენს გულს, სულს..
 ასე, სევდიანი ტიტრები გარბიან ამ წუთას ჩემი სულისა და გულის გასწვრივ.. არ მიყვარს დაკარგვა ნივთისა და ადამიანისა ხომ საერთოდ..
თმცაღა, ადამიანს ღმერთმა ნიჭი მისცა იმისა, რომ ამ მკაცრ სამყაროში შეეგუოს გარემოებებს. სწორედ შეგუების უნარი ასულდგმულებს და უნარჩუნებს სიცოცხლეს ყოველ ცოცხალ ინდივიდს.. მეც უნდა შევეგუო ალბათ და რატომ? სულ რატომ უნდა შევეგუეო ? აი ჩემი პროტესტი, მაგრამ სად გავაპროტესტო, სად და აქ, აბა სხვაგან სად...

მკაცრი და კატეგორიული ხმა გაისმის:  - დაამთავრებ თუ არა, ხომ ხედავ არაფერი გამოგდის, არც გამოგივა! კარგად ჩაიხედე სარკეში, ცოტა დაფიქრდი, პატარა აღარ ხარ!  ბოროტულად იცინის ხმა...
მე ისევ ვფიქრობ, ვორჭოფობ.. გული მტკივა და მაინც..  და ნეტავ რა აჯობებს ჩემთვის? ღმერთო, მე დავრწუნდი, იმაში, რომ მწყალობ და იქნებ დამეხმარო, რომ სწორი გადაწყვეტილება მაინც  მივიღო...

იგ,  22/09/2010

Tuesday, September 21, 2010

ნაყინის წვიმა

ზაფხული მიწურულიყო. ენკენისთვე იდგა. ჰაერს სუსხი შეპარვოდა, ჩიტები ტოვებდნენ პატარა ქალაქს  და თბილი ქვეყნებისკენ მიეშურებოდნენ, ფოთლებს ელფერი ეცვალათ.. შემოდგომა შემობრძანებულიყო პატარა ქალაქში.. თითქოს ბევრი სიხარული უნდა მოეტანა ნაირფერად აჭრელებულს შემოდგომას, მაგრამ ირგვლივ საოცარმა მოწყენილობამ დაისადგურა. თითქოს თბილს ქვეყნებში გაფრენილმა ჩიტუნემბა წაიღეს ყველაფერი მხიარული.. ბავშვებმა, მოზარდებმა, მოზრდილებმა თუ მოხუცემბა ღიმილი დაივიწყეს.. 
ქალაქის  მერმა აღარ იცოდა რა ექნა, . მისი ბრძანებით ერთ დროს მხიარული ქალაქი სხვადასხვა ფერის საღებავებით შეღებეს, შენობები წითელი–ყვითელი–მწვანე თუ ლურჯი გახდა.. ქალაქში ძალიან ბევრი შადრევანი გაჩნდა, უბრალო კი არა, მოცეკვავე თანაც. მაგრამ ყოველი ცდა ამაო იყო: ღიმილი, სიხარული და სიყვარული ვერავინ და ცერაფერმა დააბრუნა, პატარებს თამაში დაავიწყდათ.. სასწავლო წელიც უღიმღამოდ დაიწყო, ბავშვებს სკოლის ჩანთები სულ სახლში რჩებოდათ.. ყველა ხვდებოდა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა.. .. ხალხმა მკითხავებს მიაშურა, აინტერესებდათ რა ხდებოდა მათ ქალაქში, რა მოხდა ასეთი, რომ ცხოვრება უაზრო გახდა.. თითქმის ყველა მკითხავმა ერთი და იგივე იწინასწარმეტყველა: უახლოეს მომვალში ნაირფერ ქალაქში ნამდვილი სასწაული მოხდებოდა. 
ერთ მშვენიერ დღეს ქალაქში საოცრად მოიღრუბლა.. ღრუბლებმა პირი შეკრეს, ჩამობნელდა. მზემ აკრიფა თავისი სხივები მრავალი და გადაგორდა სადღაც შორს.. ჭექა–ქუხილმა შეაზანზარა არე–მარე. შეშენებული ადამიანები სახლებში შეიყუჟნენ. უცებ ცა გაიხსნა და მსხვილ–მსხვილიკრისტალები, წვეთები და სხვადასხვა ფერისა და ფორმის ფიგურებმა იწყეს ცვენა. ქალაქი ისე განათდა,  პატარა ქალაქის გაოცებული მცხოვრებნი ფანჯრებს აეკვრნენ.. გარეთ კი ვერავინ ბედავდა გასვლას, უკვირდათ ეს ყოველივე და თან ეშინოდათ. უფრო მეტი საოცრება ის იყო, რომ ძაღლებმა, კატებმა და სხვა შინაურმა ცხოველებმა ორ თათზე იწყეს სვლა,თითქოს ცეკვავდნენ, უხაროდათ.. იცინოდნენ. და სად იყო და სად არა, ორი უცნობი ახალგაზრდა ჩამოჰყვა უცნაურ და ფერად წვიმას. ჭაბუკი: მაღალი, გამხდარი, ხუჭუჭთმიანი, პირმშვენიერი და გოგონა–პატარა ტანად, თოვლივით თეთრი და ოქროსფერ კულულებიანი, მის თმებზე მზის სხივები თამაშობდნენ..  ამასობაში კი ქალაქის თავზე დიდი ფერადი თაღი გადაიჭიმა, სწორედ იმ ფერი, რა ფერის შენობებიც იყო ქალაქში, ნაირფერი შენობებიდან ფერები ცაზე ალაგდა... ასე ცისარტყელა დაიბადა...  გათამამებული ბავშვები ეზოებში გაცვივდნენ და ჰოი საოცრებავ, წვიმა, რომელიც მხიარულად წკაპუნობდა ნაყინის იყო, ტკბილი, შოკოლადის, მარწყვის, ვანილის, ლიმონის.. ორცხობილები და სხვადასხვა ტკბილეულობები მრავლად ცვიოდა ზეციდან. ოქროსფერთმიანი გოგონა და თმახუჭუჭა ჭაბუკი გულუხვად არიგებდნენ ფერად–ფერად სათამაშოებს და უამრავ ღიმილს ჩუქნიდნენ პატარა ქალაქის მცხოვრებ ადამიანებს. 
ასეთი სასიამოვნო წვიმა ჯერ არ ყოფილა მათთან.. სულ არ ციოდა, თეთრი ციდან ტკბილეული ცვიოდა. ბავშვებს კამფეტების ჭამისგან  სახეები მოეთხუპნათ, კბილები ყავისფერი– ვარდისფერი ქონდათ. მას შემდეგ ციდან ჩამოცვენილი ნაყინები მაღაზიებში იყიდება, ოღონდ შეფუთული და სახელებიც კი ქვიათ. თქვენ წარმოიდგინეთ და ზოგს "ამადეუსი" და  "ტორნადოც" კი.  რაც ყველაზე სასიხარულო იყო, ყველა, დიდი თუ პატარა იცინოდა, ცეკვავდა, მღეროდა, უყვარდათ ერთმანეთი ისე ძლიერ, როგორც არასდროს. ყველაფერი კი ამ ორი რაღაცნაირად სასიამოვნო ადამიანის გამოჩენამ მოჰგვარათ. ტკბილმა წვიმამ ხანგრძლივი დინების შემდეგ გადაიღო და ქალაქში კი ძველებურზე უფრო მეტი  სიხარული დამკვიდრდა.. 
ქალაქის მცხოვრბთ არ უნოდათ განშორება პატარა ოქროსფერთმიან გოგონასთან და თმახუჭუჭა ჭაბუკთან. მათ შესთავაზეს პატარა ქალაქის დიდ მთაზე დაედოთ ბინა...
დღეს იქ მართლაც არის ყველას, დიდის თუ პატარას საყვარელი ადგილი, იქ დიდ მთაზე, რომელსაც მთაწმინდას ეძახიან ზღაპრული ქალაქი "ბომბორაა"გაშენებული, ყოველ კუთხესა და კუნჭულში იგრძნობა სიხარული, სილაღე და სიყვარული.. 

ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა.. 

იგ, 2010 წელი, სექტემბერი (კახეთი)


* * * 
მე მიყვარს სიხარული,
მე მიყვარს სიყვარული,
მე მინდა ერთ დიდი ზღაპარში 
სიარული, 
ჟრიამული,
ოღონდ არა მარტო,
მინდა ჩემთან  გნახო, 
ჩემს ერთ დიდ ზღაპარში გმირად
დაგიმატო :) 
მინდა ჩემი გრძნობა 
შენად გაიხადო, 
რა ვქნა დრო გადის და 
ვცდილობ განგიმარტო:

Friday, September 17, 2010

ნატვრის თვალის ამბავი (ანუ როგორ დაიკარგა)

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იყო მაშინაც..  ამჯერად მე თქვენ ნატვრის თვალის ამბავს მოგიყვებით, რომელიც თურმე  მართლა არსებობდა, რომელიც გაქრა და რომელსაც დღემდე ვნატრობთ რომ ვიპოვოთ და ავიხდინოთ ოცნებები..
მაშ ასე, უძველეს დროში, მაშინ როცა ჯერ კიდევ ოცნებები სრულდებოდა, დრიმლენდში ნატვრის თვალი ინახებოდა. დრიმლენდი, ოცნებების ქვეყანა იყო, ყველაზე მაღალმთიანი, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობდა, მეტზე თუ არა, იმიტომ რომ ქვეყნის ყველაზე დიდი საგანძური-ნატვირს თვალი დაცული ყოფილიყო. ქვეყანა ნამდვილი ზღაპარს გავდა.. დიდი თოვლი იყო, სახლები ხისგან იყო აშენებული, მაგრამ არ ციოდა, იმიტომ რომ აქ  სიყვარულით თბებოდნენ.. ნაძვნარში იყო ჩაფლული მთელი ქვეყანა. ცხოველებიც კი უწყინარები იყვნენ, ადამიანებთან მეგობრობდნენ დათვები, მგლები.. დრიმლენდსაც ყავდა თავისი მეფე-დედოფალი და პრინცესა, აბა ამის გარეშე როგორ იქნებოდა.. პრინცესა არ იყო ლამაზი, ლამაზმა ბუნებამ ის ძალიან შეუხედავი დაბადა, მაგრამ ის ძალიან კეთილი იყო, საოცარი ხმა ჰქონდა და მის სიმღერას ჩიტები გალობით ჰყვებოდნენ..  სწორედ პრინცესას დაბადების დღის საჩუქარი იყო ნატვრის თვალი, რომელიც მას მისმა ნათლია ოცნების ფერიამ აჩუქა და რომელიც მას მხოლოდ 16 წლის ასაკში გადაეცემოდა..გადაეცემოდა იმ შემთხვევაში, თუ ზღვის დონეზე 2050 მეტრზე მისი გულისთვის ერთი ქვეყნის პრინციც კი ავიდოდა..  
ყველა, დიდი თუ პატარა ნატვრით შეჰყურებდა ამ დღეს, რადგან ოცნებების ახდენის ხანა უნდა დაწყებულიყო დრიმლენდში და იქნებ მთელს სამყაროშიც....
გავიდა ხანი.. იზრდებოდა პრინცესა, მრავლდებოდნენ დრიმლენდის მცოვრებნი და ბევრდებოდა ოცნებები.. ახლოვდებოდა ნანატრი დღის დადგომა. პრინცესას 16 წლის იუბილეს წინა დღეს დრიმლენდის სამეფო კარზე  დიდი სამზადისი შეიქმნა. სწორედ ამ დღეს ყველასთვის სასიხარულო შეტყობონება მოიტანეს მტრედებმა: პრინცესას იუბილეზე ყველაზე სასურველი სტუმარი უნდა მოსულიყო: უცხო ქვეყნის რაინდი, რომელსაც შორით მისწვდა პრინცესას სათნოობისა და მისი საამო ხმის ამბავი.. გაიხარა მეფე-დედოფალმა, გაიხარა დრიმლენდმა.. 
მეორე დღის განთიადს, საოცრად საშინელი ქარბუქი ამოვარდა.. ოცნებების ქვეყნის მისადგომებს  ბოროტმა ძალებმა შემოუტიეს.. დაბადების დღის დადგომამდე რამდენიმე საათიღა იყო დარჩენილი, რომ დრიმლენდის სამეფო კარზე უმხედრო ბედაური გამოჩნდა.. ის უცხო ქვეყნის რაინდს ეკუთვნოდა, პრინცესას და არა მარტო მის, მთელი ქვეყნის და სამყაროს ნანატრ პრინცს.. და რადგან პრინცესას არცერთი პრინცი არ ესტუმრა, საგულდაგულოდ დაცულ საცავში ნატვრის თვალი გაქრა, მის ნაცვლად კი გაჩნდა იმედი, იმედი იმისა, რომ ერთხელაც რომელიმე ჩვენგანს ხელში ნატვრის თვალი ჩაუვარდება და ყველა ოცნებას აისრულებს..


აქ ვაპირებდი დამესრულებინა ზღაპარი, მაგრამ გამახსენდა, უცხო ქვეყნის რაინდის და პრინცესას  შესახებ სიტყვა აღარ დამცდენია, რა ბედია ეწია? უცხო ქვეყნის რაინდმა, დრიმლენდის პრინცესას ნანატრმა პრინცმა ქარბუქს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და დარჩა რეალსთორის სამეფოში, რომელიც დრიმლენდის მეზობლად მდებარეობდა.. და როგროც ამბობენ, ამ ქვეყნის მეფის ასულზე დაქორწინდა.. 
პრინცესას რა მოუვიდა? იგი ნატვრის თვალის გაქრობის შემდეგ იმედის ტყვეობაშია, ისე ხშირად აღარ მღერის.. დრიმლენდშიც შეიცვალა ბევრი რამ, მას შემდეგ მგლები და დათვები აღარ მეგორობენ ადამიანებს... ამიდმაც განიცადა ცვლილებები, გახშირდა ქარები და სწორედ ამ ხშირი ქარების გამო ადამინებს თვალები აეწვათ და წყლის წვეთების მაგვარი ბურთულები გამოეკიდათ ქუთუთოებიდან.. ასე ცრემლი გაჩნდა.. და რადგან ხშირი იყო უამინდობა, ბევრმა ცრემლმა  ტირილი შვა..

 ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა.
პ.ს.   ალბათ ასეც უნდა მომხდარიყო, ნატვრის თვალი რომ ყოფილიყო, ასე ძალიან უინტერესო იქნებოდა ყველაფერი, იმისათვის რომ აგვისრილდეს ოცნებები, უნდა იმედი გვქონდეს, თან დიდი; უნდა ბევრი ვიშრომოთ, ვიბრძოლოთ და მერე გამოვა ყველაფერი, აი სწორედ მაშინ ჩაგვივარდება ხელთ დაკარგული ნატვრის თვალი... 

"უჰ, ნეტავი მაპოვნინა ნატვრის თვალი, 
ავიხდენდი რამდენიმე ოცნებას, 
ძაან მინდა დავუბრუნდე ბავშვობას, 
ყველაფერი იყოს ისე როგორც მინდა, 
ირგვლივ იყოს სიმღერა და გალობა, 
რა ჯობია, როცა ლაღი-ბედნიერი
მიუყვები ამქვეყნიურ ცხვოვრებას!" 

იგ  (ბახმაროში დაწერილი, 2010 წელი, სექტემბერი)  

  

Wednesday, September 8, 2010

მალე დავბრუნდები...

ანდა სად გავექცევი ბლოგის მისტერიას..
და საერთოდაც, ვერაფერს, ვერავის ვერსად გავექცევი, ვერც ზღვის დონიდან 2050 მ-ზე და ვერც ქვეყნის, კონტინენტის საზღვრებს მიღმა..
მაშ ასე, როგორც არის, ასეა თუ ისეა შვებულებაში ვარ, რაღაც არაოდინალურ, არა სამუშაო მდგომარეობაში, მაგრამ მაინც ვერ მომისვენია.. მივდივარ გურიაში, კერძოდ ბახმაროში..
წესით, იქ ბევრი უნდა ვწერო, მაგრამ შენ მაინც ვერ დაგწერ, ვერ აღგწერ, ვერ ჩაგწერ, ვერ გაგწერ...
თუ მოხდა ისე, რომ გამიმართლა, ძალიან საინტერესოდ დაიხუნძლება პოსტები....
მე  ინტერნეტს მოწყვეტილი ( არა მარტო :( ) 10 დღე ვიქნები და ვინ იცის, ვინ მიხვდება ეს რა 10 დღე იქნება..
იქნებ განვიკურნო,
იქნებ დავიბრუნო,
ისევ ისე ლაღი ხასი-ათი,
გავა უშენო დღე -ათი
ისევ უსაშველო განთიადით..

ძვირფასებო, დროებით ...
იგ, 2010

Tuesday, September 7, 2010

რა ვქნა მიყვარს ეს ლექსები და იცნობდეთ თქვენც..

თუმც კაცი ზეცისგან ვერაფერს გაიგებს

სინდისს ვფიცავარ,
კურნავდი იარებს.
მიყვარდი, როგორც ზღვა ალბატროსს.
მე შენთან შორიშორს ვიარე
და ახლოს არ მოველ არასდროს.

შენს ტრფობას მერჩია მარილი მეჭამა,
ან მძევლად ვყოლოდი ტაიგებს,
მე ცუდი არა ვარ, იცოდეს ზეცამაც,
თუმც კაცი ზეცისგან ვერაფერს გაიგებს.

ეს გული ხომ შენკენ ქარივით ილტვოდა,
არ მსურდა სიწმინდის შელახვაც.
მე შენი ტრფიალი მინდოდა,
და შენი ბავშვობის შენახვაც...


სიმონ ჩიქოვანი

* * *
  

მე და შენ

მე ასე მგონია, ლერწამი ვიყავი,
ვამბობდი სიმღერებს, ცის მადლით ცხებულს,
მე ვიყავ ლერწამი, შენ კიდევ ნიავი
და თბილი ღუღუნით მივსებდი სხეულს.

და როცა ჟამთასვლამ ცვლილება გვარგუნა
და მიწად ვიქეცით როცა,
მე ვიყავ ბალახი - შენ ჩემი შხაპუნა,
ცრემლებით, სიცილით გიყვარდა მოსვლა.

მე ასე მგონია, ჩიტებიც ვიყავით
და გზებზე ვფანტავდით ბარტყებს და სიზმრებს.
ბევრჯერ გადავლახეთ სიკვდილის სიავე
და ჰა, ერთმანეთი მოვძებნეთ ისევ.

გიყურებ, გისმენ და მტეხს გულისფიცარი,
რაღაც მაგონდება, ვით შორი სიზმარი -

თითქოსდა ხილვებით ნათდება უკუნი,
ირღვევა ჟამი და ერთმანეთს ერწყმის:
წვიმების შხაპუნი, ჩიტების ჟღურტული,
ჩურჩული ქარის და ღუღუნი ლერწმის..

შოთა ნიშნიანიძე

Monday, September 6, 2010

შემოდგომაა


ზაფხული სადღაც შორს წასულა,
ფიქრები ჩემი  ზღაპრებში გასულა,
ფოთლებში, ქარბუქში, წვიმაში
ვიღაც უცნობში მერევი..
გეხები  ცივი ხელებით..
 ისევ გასულა გემები,
ოცნების ემბლემით..
შემოდგომაა
უფოთლო ვერხვებით,
უბადლო, უნაკლო
ბგერებით, ხედებით..
სიცივის ენებით..
შემოდგომაა და
მე უკვე ვერაფერს ვერ ვხდები..


პ.ს. თან ძილის დროა და
     ძილის უფალთან სიზმრებში  გეწვევი :-)


იგ, 2010

ჯადოსნური ფეხსაცმელი

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი ამჯერადაც არავინ და არაფერი ყოფილა..
თუმცა იყო ბევრი რამ.. არსებობდა მრავალი ქალაქი და სახელმწიფო, ცხოვრობდნენ უკვდავნი და მოკვდავნი.. დრო თავის კალაპოტს ურჩად მიუყვებოდა და სულ უფრო ახალ-ახალი საოცრებები იქმნებოდა ამ ქვეყანაზე, ამ სამყაროს დიდი და საინტერესო მატიანე იქმნებოდა..
არც კი მახსვოს ეს როდის იყო, მაგრამ ევრაზიის კონტინენტის დასავლეთ  ნაწილში სამეფო შუზლენდია არსებობდა და ვინ  იცის, იქნებ ახლაც კია. საოცარი თითქოს არაფერი იყო, ადამიანები ჩვეულებრივი სიმაღლისანი იყვნენ, ტანთ ემოსათ კოხტად შეკერილი ტანისამოსი..მაგრამ საოცარი ის იყო თუ როგორ სახლებში ცხოვრობდნენ, სახლები არც მეტი და არც ნაკლები ფეხსაცმლის ფორმისა იყო. ზოგი მაღალი, დაბალი ან საშუალო ზომისა იყო.
ადამიანები იმიტომ ცხოვრობდბებ ასეთ სახლებში, რომ მათ ძალიან უყვარდათ ფეხსაცმელები, თითქმის ყველა შუზლენდიის მკვიდრი კერავდა ფეხსაცმელებს თავისთვის, ოჯახის წევრებისთვის, თანამემამულეებისთვის და მეზობელი ქვეყნის მცხოვრებლებისთვისაც. თუმცა ყველას როდი გამოსდიოდა შეკერილი ფეხსაცმელი ლამაზი. . შუზლენდიის დედაქალაქში ერთი ლამაზი ყმაწვილი ცხოვრობდა, სახელად, თუ გონება არ მღალატობს, ნიკოლასი ერქვა. სწორედ იგი ქმნიდა ყველაზე ლამაზ წაღებს, ჩექმას, ტუფლს.. მასთან სულ დიდი რიგი იდგა ფეხსაცმლის მსურველთა. მეზობელი ქვეყნებიდანაც კი მოდიოდნენ მასთან სასურველი ფეხსაცმლისშესაკერად.. ნიკოლასი ასე ოციოდე წლის იქნებოდა, მაღალი სანდონიანი სახის,  შავი ხუჭუჭი კულულები მოუჩანდა ფეხსაცმლის ფორმიანი ქუდიდან.. იგი იმდენად კეთილი იყო, რომ ღამღამობით,  დაგროვილი შეკვეთების გამზადებაში მისი დის მეგობარი ფერიები ეხმარებოდნენ. სწორედ ამიტომ იყო, რომ მისი შეკერილი ფეხსაცმელი ადამიანებს საოცარ ხასიათზე აყენებდა.. ყველაფერს ხალისიანად აკეთებინებდა და ყველას კარგი საქმისკენ მიეშურებოდა.

ასე გრძელდებოდა და მეორდებოდა. იგი სახელგანთქმული და დაფასებული ფესაცმლის ოსტატი გახდა და  ულამაზესი დის პატრონიც იყო ამავდროულად.. ღმერთს კი მადლობას წირავდა..
მისი სახელი გასცდა ქვეყნისა და კონტინენტის საზღვრებს და ჩრდილოეთის სამფოში ჩააღწია. ყინულის სასახლეში ექოდ გაისმოდა მისი სახელი. პრინცესამდეც მიაღწია ნიკოლასის ამბავმა.

ყინულის პრინცესა ერთი გოროზი და ამპარტავანი ვინმე გახლდათ. ყველფერი თავზე საყრელი ქონდა, ბროლის და ალმასის ფეხსაცმელები უბრჭყვიალებდა პაწია ფეხებზე.. ირიონიული ღიმილი გადაურბენდა ხოლმე სახეზე, ვერ წარმოედგინა მის ფეხსაცმელზე ლამაზი თუ სადმე შეიძლებოდა რომ ყოფილიყო, ან ვინმე ჭაბუკს თუ შეეძლო შეკერვა.. ცხობისმოყვრეობამ სძლია და შუზლენდიაში ჩავიდა ჩრდილოეთის ამალასთან ერთად. ჩავიდა და სწორედ მაშინ აცივდა ევრაზიაშიც..
ნიკოლასის ფესაცმლის სახლის დანახვაზე გაოცდა.. ამისთანა არაფერი ენახა აქამდე.. ყმაწვილმა მოწიწებით უმასპინძლა უცხო შორეული ქვეყნიდან მოსულ სტუმარ პრინცესას..მისმა სილამაზემ მოხიბლა, ამპარტავნებამ კი გააბრაზა. გადაწყვიტა მისთვის ჭკუა ესწავლებინა, სხვისი შრომა და თავდადება დაენახებინა და ადამინებისადმი პატივიცემის გრძნობა გაეჩინა, გული მოელბო, ცივი და გაყინული პინცესასი..
ფესაცმლის კერვა დაიწყო, კერავდა დიდხანს, რამდენიმე კვირა.. თავაუწევლად.. ჩრდილოეთის მკვიდრინი კი ბობოქრობდნენ შუზლენდიაში.. ხეებს ფოთლები გაუყვითლდა, კიდევ უფრო აცივდა.. შუზლენდიაში თბილი ფეხსაცმელები შეიკერა ყველამ უჩვეულო იყო ასეთი კლიმატი ამ ქვეყნისთვის.. როცა ნიკოლასმა დაასრულა პრინცესას ფეხსაცმელი,  უკვე თეთრად გადაპენტილიყო არე-მარე, თოვლი მოსულიყო.. ყველაზე მეტად შუზლენდიის პატარებს გაუხარდათ თეთრი, ხორხოშელა ფანტელელბი..
ახალგაზრდა ოსტატის შემოქმედებამ თვალი მოსწყვიტა პრინცესას.. რაღაცნაირი, უცნაური ფორმის იყო, ჩვეულებრივზე მაღალი.. მოხდენილი, ოქროს ძაფებით დაქარგული, ფერები სიხარულის მომტანი როგორც ყოველთვის, ფერები თითქის მარადიული გაზაფხულისა.. პრინცესას მართლა ძალიან მოეწონა, პატარა ნამცეცა ფეხები შეომოსა ახალი ფეხსაცმლით და ჰოი საოცრებავ, იგი გამაღლდა, ისე, რომ უკვე თავისუფლად სწვდებოდა ახალგაზრდა ოსტატს.. ნიკოლასმა მისთვის ქუსლიანი ფეხსაცმელი შეკერა, ისეთი, როგორიც ჯერ არსად არავის არ ქონია ქვეყანაზე.. ყინულის პრინცესა თითქოს რაღაცამ გაათბო, გაალღვო, მის გულში უცნაურმა ელვამ დაირბინა.. მისი გული ნიკოლასის თვალებმა და ჯადოსნურმა ფეხსაცმელმა სიკეთით აავსო.. მიხვდა როგორი გოროზიც იყო და სინანულის ცრემლი წამოუვიდა, ისეთი ცხელი იყო მისი ცრემლი, რომ თოვლი სულ დაადნო..
ძალიან არ ეთმობოდა ჩრდილოეთის ამალას შუზლენდია, მაგრამ სამეფოს პატრონი სჭირდებოდა.. პრინცესა გულთბილად დაემშვიდობა ნიკოლასს, მის დას და ფერიებს და დაპირდა ყოველთვის ერთსა და იმავე დროს, მისივე შეკერილი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით ესტუმრებოდა შუზლენდიას..
გავიდა დრო.. ყინულის გულგამთბარი პრინცესა მართლაც სტურობდა ერთსა და იმავე დროს შუზლენდიას. ე.ი. ევრაზიის კონტინენტს, მოქონდა თოვლი და ზამთარი.. სწორედ ასე წარმოიშვა კონტინენტზე წელიწადის დრო ზამთარი, რომელიც პატარებს ისევე ძალიან უყვართ, როგორც ზღაპარი.. პრინცესას მართლაც ყოველთვის ემოსა ნიკოლასის შეკერილი ოქროს ძაფებით მოქარგული მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები, საოცარი ფერისა.. თითქოს ოსტატისთვის თავის მოწონებას ცდილობდა ამით..
მაშ შემდეგ სულ ასეა, გოგოები შუზლენდიაში და არა მარტო, ყოველთვის სხვადასხვანაირ მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს იცვამენ რო გაიპრანჭონ, თავი მოაწონონ იმათ, ვინც მათ მოწონთ.. ამბობენ, ყინულის პრინცესა ისევ დადის შუზლენდიაში ნიკოლასთან მაღალქსულიანი ფესაცმელებითო, იქნებ მასაც უნდა რომ თავი მოაწონოს ოსტატს.. არ ვიცი აქ უკვე აღარაფერი.. ზამთარიც მოდის ხოლმე მაშინ, როცა ჩრდილოეთის ამალა ესტუმრება ევრაზიას.. ცოტა ხანში მიდის და ასე გრძელდება უკვე რა ხანია ამ სამყაროში.. ეტყობა ბოლომდე არ უმართლებს ყინულის გოგონას....
 ფაქტი კი ფაქტად რჩება, ჯადოსნური ფეხსაცმელი თანამედროვე სამყაროშიც გოგოების საყვარელი ატრიბუტია, შეუძლიათ თუ არა მისი ტარება მაინც ცდილობენ ერთხელ მაინც გადმოიხედონ მაღალი ქუსლების სიმაღლიდან.. გაიპრანჭონ, მოაწონონ თავი იმათ, მათ ვინც მოწონთ და ასე ყინულის პრინცესას ემსგავსებიან..
ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა..

იგ, 2010 წელი სექტემბერი