Monday, September 6, 2010

ჯადოსნური ფეხსაცმელი

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი ამჯერადაც არავინ და არაფერი ყოფილა..
თუმცა იყო ბევრი რამ.. არსებობდა მრავალი ქალაქი და სახელმწიფო, ცხოვრობდნენ უკვდავნი და მოკვდავნი.. დრო თავის კალაპოტს ურჩად მიუყვებოდა და სულ უფრო ახალ-ახალი საოცრებები იქმნებოდა ამ ქვეყანაზე, ამ სამყაროს დიდი და საინტერესო მატიანე იქმნებოდა..
არც კი მახსვოს ეს როდის იყო, მაგრამ ევრაზიის კონტინენტის დასავლეთ  ნაწილში სამეფო შუზლენდია არსებობდა და ვინ  იცის, იქნებ ახლაც კია. საოცარი თითქოს არაფერი იყო, ადამიანები ჩვეულებრივი სიმაღლისანი იყვნენ, ტანთ ემოსათ კოხტად შეკერილი ტანისამოსი..მაგრამ საოცარი ის იყო თუ როგორ სახლებში ცხოვრობდნენ, სახლები არც მეტი და არც ნაკლები ფეხსაცმლის ფორმისა იყო. ზოგი მაღალი, დაბალი ან საშუალო ზომისა იყო.
ადამიანები იმიტომ ცხოვრობდბებ ასეთ სახლებში, რომ მათ ძალიან უყვარდათ ფეხსაცმელები, თითქმის ყველა შუზლენდიის მკვიდრი კერავდა ფეხსაცმელებს თავისთვის, ოჯახის წევრებისთვის, თანამემამულეებისთვის და მეზობელი ქვეყნის მცხოვრებლებისთვისაც. თუმცა ყველას როდი გამოსდიოდა შეკერილი ფეხსაცმელი ლამაზი. . შუზლენდიის დედაქალაქში ერთი ლამაზი ყმაწვილი ცხოვრობდა, სახელად, თუ გონება არ მღალატობს, ნიკოლასი ერქვა. სწორედ იგი ქმნიდა ყველაზე ლამაზ წაღებს, ჩექმას, ტუფლს.. მასთან სულ დიდი რიგი იდგა ფეხსაცმლის მსურველთა. მეზობელი ქვეყნებიდანაც კი მოდიოდნენ მასთან სასურველი ფეხსაცმლისშესაკერად.. ნიკოლასი ასე ოციოდე წლის იქნებოდა, მაღალი სანდონიანი სახის,  შავი ხუჭუჭი კულულები მოუჩანდა ფეხსაცმლის ფორმიანი ქუდიდან.. იგი იმდენად კეთილი იყო, რომ ღამღამობით,  დაგროვილი შეკვეთების გამზადებაში მისი დის მეგობარი ფერიები ეხმარებოდნენ. სწორედ ამიტომ იყო, რომ მისი შეკერილი ფეხსაცმელი ადამიანებს საოცარ ხასიათზე აყენებდა.. ყველაფერს ხალისიანად აკეთებინებდა და ყველას კარგი საქმისკენ მიეშურებოდა.

ასე გრძელდებოდა და მეორდებოდა. იგი სახელგანთქმული და დაფასებული ფესაცმლის ოსტატი გახდა და  ულამაზესი დის პატრონიც იყო ამავდროულად.. ღმერთს კი მადლობას წირავდა..
მისი სახელი გასცდა ქვეყნისა და კონტინენტის საზღვრებს და ჩრდილოეთის სამფოში ჩააღწია. ყინულის სასახლეში ექოდ გაისმოდა მისი სახელი. პრინცესამდეც მიაღწია ნიკოლასის ამბავმა.

ყინულის პრინცესა ერთი გოროზი და ამპარტავანი ვინმე გახლდათ. ყველფერი თავზე საყრელი ქონდა, ბროლის და ალმასის ფეხსაცმელები უბრჭყვიალებდა პაწია ფეხებზე.. ირიონიული ღიმილი გადაურბენდა ხოლმე სახეზე, ვერ წარმოედგინა მის ფეხსაცმელზე ლამაზი თუ სადმე შეიძლებოდა რომ ყოფილიყო, ან ვინმე ჭაბუკს თუ შეეძლო შეკერვა.. ცხობისმოყვრეობამ სძლია და შუზლენდიაში ჩავიდა ჩრდილოეთის ამალასთან ერთად. ჩავიდა და სწორედ მაშინ აცივდა ევრაზიაშიც..
ნიკოლასის ფესაცმლის სახლის დანახვაზე გაოცდა.. ამისთანა არაფერი ენახა აქამდე.. ყმაწვილმა მოწიწებით უმასპინძლა უცხო შორეული ქვეყნიდან მოსულ სტუმარ პრინცესას..მისმა სილამაზემ მოხიბლა, ამპარტავნებამ კი გააბრაზა. გადაწყვიტა მისთვის ჭკუა ესწავლებინა, სხვისი შრომა და თავდადება დაენახებინა და ადამინებისადმი პატივიცემის გრძნობა გაეჩინა, გული მოელბო, ცივი და გაყინული პინცესასი..
ფესაცმლის კერვა დაიწყო, კერავდა დიდხანს, რამდენიმე კვირა.. თავაუწევლად.. ჩრდილოეთის მკვიდრინი კი ბობოქრობდნენ შუზლენდიაში.. ხეებს ფოთლები გაუყვითლდა, კიდევ უფრო აცივდა.. შუზლენდიაში თბილი ფეხსაცმელები შეიკერა ყველამ უჩვეულო იყო ასეთი კლიმატი ამ ქვეყნისთვის.. როცა ნიკოლასმა დაასრულა პრინცესას ფეხსაცმელი,  უკვე თეთრად გადაპენტილიყო არე-მარე, თოვლი მოსულიყო.. ყველაზე მეტად შუზლენდიის პატარებს გაუხარდათ თეთრი, ხორხოშელა ფანტელელბი..
ახალგაზრდა ოსტატის შემოქმედებამ თვალი მოსწყვიტა პრინცესას.. რაღაცნაირი, უცნაური ფორმის იყო, ჩვეულებრივზე მაღალი.. მოხდენილი, ოქროს ძაფებით დაქარგული, ფერები სიხარულის მომტანი როგორც ყოველთვის, ფერები თითქის მარადიული გაზაფხულისა.. პრინცესას მართლა ძალიან მოეწონა, პატარა ნამცეცა ფეხები შეომოსა ახალი ფეხსაცმლით და ჰოი საოცრებავ, იგი გამაღლდა, ისე, რომ უკვე თავისუფლად სწვდებოდა ახალგაზრდა ოსტატს.. ნიკოლასმა მისთვის ქუსლიანი ფეხსაცმელი შეკერა, ისეთი, როგორიც ჯერ არსად არავის არ ქონია ქვეყანაზე.. ყინულის პრინცესა თითქოს რაღაცამ გაათბო, გაალღვო, მის გულში უცნაურმა ელვამ დაირბინა.. მისი გული ნიკოლასის თვალებმა და ჯადოსნურმა ფეხსაცმელმა სიკეთით აავსო.. მიხვდა როგორი გოროზიც იყო და სინანულის ცრემლი წამოუვიდა, ისეთი ცხელი იყო მისი ცრემლი, რომ თოვლი სულ დაადნო..
ძალიან არ ეთმობოდა ჩრდილოეთის ამალას შუზლენდია, მაგრამ სამეფოს პატრონი სჭირდებოდა.. პრინცესა გულთბილად დაემშვიდობა ნიკოლასს, მის დას და ფერიებს და დაპირდა ყოველთვის ერთსა და იმავე დროს, მისივე შეკერილი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით ესტუმრებოდა შუზლენდიას..
გავიდა დრო.. ყინულის გულგამთბარი პრინცესა მართლაც სტურობდა ერთსა და იმავე დროს შუზლენდიას. ე.ი. ევრაზიის კონტინენტს, მოქონდა თოვლი და ზამთარი.. სწორედ ასე წარმოიშვა კონტინენტზე წელიწადის დრო ზამთარი, რომელიც პატარებს ისევე ძალიან უყვართ, როგორც ზღაპარი.. პრინცესას მართლაც ყოველთვის ემოსა ნიკოლასის შეკერილი ოქროს ძაფებით მოქარგული მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები, საოცარი ფერისა.. თითქოს ოსტატისთვის თავის მოწონებას ცდილობდა ამით..
მაშ შემდეგ სულ ასეა, გოგოები შუზლენდიაში და არა მარტო, ყოველთვის სხვადასხვანაირ მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს იცვამენ რო გაიპრანჭონ, თავი მოაწონონ იმათ, ვინც მათ მოწონთ.. ამბობენ, ყინულის პრინცესა ისევ დადის შუზლენდიაში ნიკოლასთან მაღალქსულიანი ფესაცმელებითო, იქნებ მასაც უნდა რომ თავი მოაწონოს ოსტატს.. არ ვიცი აქ უკვე აღარაფერი.. ზამთარიც მოდის ხოლმე მაშინ, როცა ჩრდილოეთის ამალა ესტუმრება ევრაზიას.. ცოტა ხანში მიდის და ასე გრძელდება უკვე რა ხანია ამ სამყაროში.. ეტყობა ბოლომდე არ უმართლებს ყინულის გოგონას....
 ფაქტი კი ფაქტად რჩება, ჯადოსნური ფეხსაცმელი თანამედროვე სამყაროშიც გოგოების საყვარელი ატრიბუტია, შეუძლიათ თუ არა მისი ტარება მაინც ცდილობენ ერთხელ მაინც გადმოიხედონ მაღალი ქუსლების სიმაღლიდან.. გაიპრანჭონ, მოაწონონ თავი იმათ, მათ ვინც მოწონთ და ასე ყინულის პრინცესას ემსგავსებიან..
ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა..

იგ, 2010 წელი სექტემბერი

1 comment: