Tuesday, August 31, 2010

საღამოს ჰანგები

საღამოს ჰანგები,
წითელი ვარდები,
თვალები, ოჰ ის თვალები
ისევ ელვარებს ,
წამები, რამდენი..
ფიქრებს განვდევნი..
შენს ბაგეს ატყვია
მკრთალი ნაღველი.
მახეში გავები ..
დნება სანთელი..
სიჩუმე, სიბნელე,
საღამოს ჰანგები..
ის მე ვარ, რომ მოჩანს
მორიგი გამვლელი..
და მაინც
ჯიუტად გაისმის
საღამოს ჰანგები...

იგ, 2010/სექტემბერი

არ ვიცი, რაღაც ..

შუაღამეა  და ისევ კომპს  უზის და ჩაჰკირკიტებს რაღაცეებს,  ამას უძილობის შეტევა ქვია..
ნებისმიერი შეტევა, ეს ძლიერად გამოხატული კარგი ან ცუდი მდგომარეობაა.. რაღა მაინც ცუდი უნდა დამემართოს, ფიქრობს, ებრძვის თავის თავს..
ამ ბოლო დროს ძალიან შეიცვალა, ეზარება ყველაფერი.. კიდევ კარგი გაუმართლა და გამოცდებზე  არ "გაფეილდა".. ბედი სწყალობს, მაგრამ კოკა როდემდე მოიტანს წყალს ..
მუშაობაც ეზარება.. თითქოს ტვინი გამოურეცხეს ისე იქცევა,  არაადეკვატურია ხანდახან..ადამიანების ამოჩემება დაიწყო.. ისე გრძნობს თავს, თითქოს მათ გარეშე ცხოვრებას ვერ შეძლებს.. მათი დანახვა ყველაფერს ურჩევია..
არც კი იცის რას /ვის დააბრალოს, მგონი მობეზრდა ერთგვაროვნება, მგონი დეპრესია დაეწყო თუ რა ხდება.. განგაშია მის გონებაში...თავს იყრის უამრავი კითხვა, რომელიც იწყება თუ
რატომ არ შეიძლება ადამიანებს ბევრი არჩევანის საშუალება ჰქონდეთ!..
როგორ შეიძლება აკეთებდე იმას, რაც არ მოგწონს და მაინც აკეთებდე, იმიტომ, იმიტომ , რომ საჭიროა!
რატომ არ შეიძლება, რატოოომ??
პასუხებს კი ჩუმი, მოგუდული ხმა სცემს: იმიტომ რომ ასეთია ცხოვრება, ყველას როდი ეცხოვრება-ო  თურმე..

არადა ის, ერთი ა რ ა ჩვეულებრივი, ოპტიმიზმით გაჟღენთილი ადამიანი იყო, ბედნიერება დასდევდა მეგზურად.. სხვებს აძლევდა რჩევებს და დღეს რატომღაც ვუყურებ და ვერ ვცნობ..ის გულნატკენსაც გავს.. მინდა,  მივიდე შევაჯანჯღარო, უიმედო ილუზიები მოიშორის, აზრზე მოვიყვანო, არ მინდა ფარ-ხმალი დაყაროს,  მაგრამ მეც ვერ ვახერხებ ამას..

მე რაღა მჭირს, არ ვიცი,  რაღაც
და ნეტავ რააა?
კარგი ფიქრო, უსასრულო, დამანებე თავი,
თორემ მე წავაალ...
აი, შენ კი, ახალგაზრდავ, ისევ იკარგები,
რა გჭირს, თავი მოგაბეზრე,
დაიცადე ცოტა ხანი, ნუ წახვალ!!!!

 2010წელი,  უკვე 1 სექტემბრის  განთიადი
იგ

შემოიხედე გენაცვალე (ან ხანდახან მაინც შემოიხედე)

დავიწყებ იქიდან, რომ საერთოდაც არა ვარ გურმანი, ჩემთან ერთად ჭამა ზოგჯერ ჩემს ოჯახის წევრებსაც არ უყვართ, ანდა რა სასიამოვნოა იატაკზე გართხმული თეფშიანი და ლუკმებით პირგამოტენილი ადამიანის ყურება, რომელიც ჭამს, თან ტელევიზორს უყურებს და კიდევაც ასწრებს ილაპარაკოს  იქამდე, სანამ არ გადასცდება... და მერე "ოოპს!"
მაგრამ მოხდა საოცრება და მომინდა ხინკალი, მწვადი, ქაბაბი, ხაჭაპური და ლუდიც კი! ხოდა,  როცა ხელი ჩავიქნიე, "ჯანდაბას ჩემი დიეტა-თქო", ჩემს საყვარელ მეგობრებთან ერთად შევიხედე "გენაცვალეში". აი, მართლა კი გვენაცვალა..  თავი მოვიკალი ჭამით (რა გასაკვირია, 2 კვირის ნანერვიულები და უჭმელი ვიყავი), ჩემს მიერ გადამუშავებული საკვები პროდუქტების ჩამონათვალი ასეთია:  5 ცალი ხინკალი, 1 ნაჭერი ხაჭაპური, 1 ნაჭერი მწვადი, ნაცევარი ქაბაბი, 1  კათხა ლუდი, 250 მლ მინერალური წყალი "ლიკანი"..შედეგად გაბერილი მუცელი, ნაღრძობი კუჭი.. დაბინდული გონება და ნუ რავიცი, კიდევ რაა :D

უი, კიდევ რა და კიდევ ერთი ლექსი. მეცინება თან:

სულ არ ვგავართ ერთმანეთს ეს ვიცი,
არასოდეს გამიტეხავს ფიცი,
ხვდები იმას, რომ ისევ გიცდი?
სავსე მთვარე რომ დანათის თბილისს,
ქალაქი კი განაბული  თრთის..
მოდის სიო, მთაწმინდიდან  ქრის,
სულ არ ვგავართ ერთმანეთს ეს ვიცი,
მაგრამ მაინც რუსთველზე გიცდი,
მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ ვცდი.
ბედისწერა ნუთუ მეც დამსჯის?

აი ასე, როცა კუჭი მძიმდება, ადამინის გონება გადაიტვირთება ხოლმე, აზრებიც მძიმდება, რითმა იფანტება სადღაც და მოდის მერე ნელ-ნელა, წვეთ-წვეთად..მაგრამ რითმა  მაინც მოდის.. :)

31/08

Monday, August 30, 2010

სამსახურში დაწერილი ლექსი

მიყვარს პოეზია და პროზა,
არ ვიღებ წამლის დოზას,
არ გავხდები მონა,
ჩემი დრო მალე მოვა..
არ ვუჩივი მუზას,
ჩემთან მოდის, როცა მგრუზავ,
ასე ხდება, თითქმის მუდამ.
ზოგიერთს სწამს  ღმერთი ბუდა..
ჩემთვის ერთი არის ღმერთი..
ნუ, მე არვის არას ვერჩი,
დრო მოვა და ამას  ვეტყვი..
სწორედ ახლა, ამ წუთებში
შიმშილსა ვგრძნობ და  ვარ მხეცი.. :)

30/08, 12:45

Friday, August 27, 2010

როცა სათქმელი არაფერია

კარგია,  როცა სიტყვები სათქმელს გამოხატავენ, ადამიანები  მგრძნობიარენი არიან და რაც მთავარია არსებობს თემა, საგანი, რომელზედაც შეიძლება ისაუბრო. ისაუბრო დაუსრულებლად, აზრიანად, სასიამოვნოდ.. მაგრამ ხდება ისეც, რომ სათქმელი შემოგელევა, თითქოს გონებაში აკოწიწებს რაღაცას, მაგრამ ხვდები რომ უაზრობა გამოდის მისი გამოთქმა. მაშინ ჯობია გაჩუმდე.. ჯობია დაიცადო მანამ სანამ სათქმელი ყველაფერი იქნება.. თუმცა დუმილი სულაც არაა ცუდი, დუმილში ზოგჯერ მიხვდები იმ ყველაფერს, რაზეც შეიძლება ისაუბრო, უბრალოდ უხერხულია ეს მდუმარებაც, არა?

***
როცა სთქმელი არაფერია,
მაშინ გაჩუმდი და დაიცადე,
დუმილი ხშირად ყველაფერია
დაფიქრდი შენთვის, რა განიცადე?... 




Sunday, August 22, 2010

Real story

ის ონკოლოგიურ საავადმყოფოს მე-7 სართულის აივანზე იჯდა. ავადმყოფი არ იყო. იმის თქმა მინდა, რომ ამ საავადმყოფოს პაციენტი არ იყო, თუმცა ბევრ რამეს უჩიოდა ამ ბოლო დროს, განსაკუთრებით გული სტკიოდა, ოღონდ არა პირდაპირი გაგებით...
აგვისტოს მცხუნვარე მზე ადგებოდა ფანჯრებს და აივანს. ის თითქოს ვერც გრძნობდა.. ხან თვალდახუჭული იჯდა, ხანაც მიაშტერდებოდა თვალწინ ხელის გულივით გადაშლილ თბილისის შემოგარენს.. ისეთი სიცხე იდგა, ქალაქი მირაჟივით იკლაკნებოდა შორიდან.. სამარისებური სიჩუმე მეფობდა საავადმყოფოში, ავადმყოფების კვნესაც კი არ ისმოდა. 
კვირა დღე იყო, ეს კი კარგად ახსოვდა, სამი დღე გავიდა რაც აქ იყო.. სამი უსაშველოდ გაწელილი დღე.. იცოდა კიდევ დიდხანს მოუწევდა გაჩერება.. გაუნძრევლად დიდხანს იჯდა, ხელში წიგნი ეჭირა, გადაუშელილი, მაგრამ მრავალჯერ წაკითხული "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა".. მასაც უყვარდა, ყველა უყვარდა და უყვარდა ლიტერატურაც.. მხოლოდ მაშინ შეტოკდა, მზე რომ ღუბლებს შეერია, თითქოს თვალთ დაუბნელდა, ზემოთ აიხედა- მოკრიალებულ ცის თაღზე რამდენიმე ღრუბლის ნაგლეჯი დაგორავდა და მზეც სწორედ მათ ამოეფარებოდა ხოლმე..
ასე გავიდა საათები.. მას ჰქონდა მოლოდინი.. მოლოდინი კი იმდის მომცემი იყო.. რეანიმაციიდან კარგი ამბები მოდიოდა და აღმოხდა: "მგონი გადავრჩით".

პ.ს. მას უკვე ერთი საუკუნის  მეოთხედი ცხოვრების გზა გაეარა ( ნუ ერთი წლით ნაკლები).. რატომღაც ახლა ჩაფიქრდა, დაფიქრდა. ახლიდან შეაფასა და გადააფასა ღირებულებები.. მიხვდა, რომ ერთ-ერთი იმათთაგანი იყო, ვისაც პასუხისმგებლობა ყველაზე მეტად აკისრია, მიხვდა თავის მისიას, მიხვდა, რომ ის სჭირდებათ და მიხვდა მთავარს, რომ ცხოვრება ღირს, ღირს იმად, რომ იბრძოლო და გამარჯვების სიხარულით იზეიმო, როგორც ახლა, ღირს იმად, რომ გიყვარდეს და შენი სიყვარულით მოიპოვო კიდევ უფრო მეტი სიყვარული.. მიხვდე , ცხოვრება და სიცოცლხე ღვთისგან ნაბოძები საჩუქარია...

უკვე მოსაღამოვებულიყო, ლისის ტბის მხრიდან სიგრილე წამოვიდა და ნიავმა თმები გადაუწია.. ტანში სიცივის შეგრძენამ და ჟრუანტელმა დაურბინა.. ერთხანს კიდევ გაჩერდა აივანზე,თვალი გაუსწორა შორიდან მკაფიოდ დანახულ სამების ოქროსფერ გუმბათს, პირჯვარი გადაისახა და პალატის სიღრმეში თვალს მიეფარა.. 

21/08

* * *

რა ვიცი, ვიცი, არ ვიცი..
სწორედ ამიტომ განვიცდი.. 
დრო გადის, მაინც დაგიცდი..
რა მოხდა, ოცნებას დამიშლით?
გრძნობებს არასდროს ავიშლი.. 
მივდივარ ჩემი გზით, გამიშვით!.. 

Tuesday, August 17, 2010

წვიმს.. თან ძალიან წვიმს ..

აი, სწორედ ისეთი ამინდია, როგორი განწყობაც მაქვს.. ბუნება მეხმიანება..სულ რაღაც ორი დღე დარჩა.. ორი უსშველოდ გაწელილი დღე და მოლოდინი, რა იქნება, როგორ იქნება.. 
მეშინია.. არადა მე და შიში რამის.. ახლა მეშინია, დაკარგვის, ადამინაების დაკარგვის.. მათი, ვინც ძალიან მიყვარს.. არაფრის და არავის დაკარგვა არ მინდა.. 
რა იქნება, ისეთი დღე გათენდეს ძალიან არა უბრალოდ ბედნიერი რომ ვიყო.. არადა ბევრი არაფერი მინდა,  ეს კი იცის ღმერთმაც.. 

"წვიმს, ისევ წვიმს და კვლავაც იწვიმებს, 
ვუმზერ ლამაზად მოცეკვავე წვიმის ფერიას..
ვუმზერ და თავი მაინც ბედნიერი ვინმე მგონიაა .."  

17/08 , 22:40

Sunday, August 15, 2010

იყო და არა იყო რა...



ღვთის უკეთესი კი არა იქნებოდა რა.. 
 ამბავი, რომელსაც მე მოგიყვებით  დედამიწის აღმოსავლეთ ნაწილში, ყველაზე ლამაზ და ჯადოსნურ მხარეში, ყვავილების ქვეყანაში დაიწყო, გრძელდება და გაგრძელდება  მუდამ, თუ კი  პატარებს  და დიდებსაც ზღაპრები ეყვარება...
ყვავილების პატარა ქვეყანაში რაღა თქმა უნდა ბევრი ულამაზესი და უჭკნობი ყვავილი ხარობდა..  ქვეყანას მეფის მაგივრად მთავარი მებაღე განაგებდა.. ხალხი ტკბილად და ბედნიერად ცხოვრობდა. ერთადერთი სადარდებლი ის იყო, რომ მებაღეს და მის მეუღლეს შვილი არ ჰყავდათ.. 
გამოხდა ხანი და მოხდა სასწაული.. ხანში შესულ მებაღეებს  ბუნებამ საჩუქარი უბოძა პატარა გოგონას სახით. თეთრი ფითქინა არსება, ატმის ყვავილივით ვარდისფერი პაწია ტუჩებით კალათიდან უღიმოდა მათ.. გაიხარა ყვავილების სამეფომ.. ზეიმები გაიმართა მრავალი..  გოგონა იზრდებოდა და მშვენდებოდა.
ყვავლების დედოფალას ეძახდნენ.. სათნო და კეთილი ბავშვი იყო ბუნებითაც.. მის გამოჩენაზე ვარდები საოცარ სურნელს აფრქვევდნენ და თავს ხრიდნენ..   მშობლები შეხაროდნენ  ასულს და განგებას მადლობას წირავდნენ.. 
ამ ამბიდან გავიდა 16 წელი.. მებაღე და მისი მეუღლე უკვე ღრმა მოხუცებულობას ესტუმრნენ..
 ერთ მშვენიერ დღეს ხმა გავარდა ქალაქში, ვიღაც უცხო ჭაბუკმა გადაკვეთა მათი ქვეყნის საზღვარი.. თან ამბობდნენ, თეთრ რაშზეა ამხედრებული, დაჰქრის და საოცარ ზღაპრებს ყვებაო.. სინამდვილეში ეს ჭაბუკის მოჯადოებული ზღაპართ ქვეყნის უფლისწული გახლდათ. ბედისწერამ ყვავილების სამყაროში მოახვედრა.. მას სჯეროდა,  რომ სწორედ აქ იპოვიდა ისეთ ადამიანს, რომელიც დაეხმარებოდა თავისი სამეფოს დაბრუნებაში. 
სტუმართმოყვარე მებაღემ უმასპინძლა მისი ქვეყნის სტუმარ ჭაბუკს.. უფლისწულს თვალი მოსჭრა ყვავილების დედოფალამ.. დედოფალი გახდა მისი ზღაპრების მსმენელი და სწორედ აქ დაიბადა ის მრავალი ზღაპარი თუ მითი,  რომელიც ასე გვიყვარს ჩვენ და დიდი განცდითა და სიხარულით ვკითხულობთ ან ვუსმენთ.. 


 ზღაპართ სამეფოში სიმშვიდე დაბრუნდა.. ცხოვრება ზღაპრულად გაგრძელდა.. ზღაპრები, ყვავილები, დედოფალები და უფლისწულები, სიკეთე და ბოროტება  ერთ სამყაროში გაერთიანდა.  სამყაროში, სადაც ზნეობა, სიყვარული, მეგობრობა ყოველთვის ამარცხებს ბოროტებას, გაძლევს ძალას, რომ ყოველთვის შეძლო ზღაპრის მოყოლა, ანუ იყო მეზღაპრეც  :) და  შენი  მოყოლილი ზღაპრებით ადამიანები გაახარო,  ზოგჯერ მწარე რეალობაში ცუდი კარგით შეუცვალო.. ის ნაპერწკალი გააღვივო, რომელიც ბედნიერი ცხოვრების კოცონს დაანთებს.
ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა..  

"თქვენთვის მეზღაპრე  დღეს მე ვიქნები, 
მყავს ფერიები, შორს  ჩვენგან ჭინკები ,
ბოროტებაზე სიკეთე  მძლავორბს,
ჩვენი ცხოვრებაც ამასვე ამბობს.. "

იგ, 15/08. 20:17 






Saturday, August 14, 2010

შაბათი, 14 აგვისტო, 21:11

თბილისი, ისევ და ისევ დედაქალაქი, სიცხე.. 
მაგრამ ყველაზე აუტანელი მოლოდინია.. შიში ხვალინდელი დღისა..არ იცი რა იქნება.. როგორ იქნება..  საოცრად სუსტი აღმოვჩნდი  ამ დიდი განსაცდელის წინაშე, იქნებ არც არაფერია საგანგაშო, მაგრამ  თავს ვერ ვერევი. 

საოცრად მარტო ვგრძნობ თავს.. არ ვიცი რას ვეძებ და ვისგან რა მინდა..  არ მინდა ჩემი პრობლემები თავზე მოვახვიო ვინმეს და ისე ვქნა მერე გამირბოდნენ.. 

დედაჩემო და ჩემო დაო, იქნებ მალე ჩამოხვიდეთ, მგონი ერთად უნდა ვიყოთ ასეთ დროს.. ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ.. ნიკუშას  "დადა" მაკლია, მისი ტიტინი.. 

ღმერთო, დამიბრუნე ძალა და შემართება, შენ დაგვიფარე ყველაზე უარესისგან.. 

ჩემო ჭიამაია, იცი , რომ ძალიან შორს ხარ? შენც,  ჩემო მეზღაპრე.. ;( 

ელენიკა, მადლობა რომ ჩემს გვერდით იყავი  მაშინ, როცა თავს ზარი დამეცა ..
 მადლობა ყველას თქვენ,  ვინც  ჩემს გვერდით ხართ და გჯერათ,  ყველაფერი კარგად იქნება..  

აი,  ასეთი უმწეო ჩემი თავი არ მინახია არასდროს.. რა მჭირს, რააა??  რეალობა ვერ დამიჯერებია და ძილ-ბურანში ვარ... 

Wednesday, August 11, 2010

რასაც არ ელოდები...

















უსიამოვნოა, როცა ოჯახის წევრი ავადმყოფობს და უარესი როცა არ მიდის ექიმთან.. მამას თითქმის ერთი წელი კუჭ-ნაწლავის პრობლემა აწუხებდა და ვერ და ვერ მივიდა ექიმთან.. ეშინოდა თუ რა იყო არ ვიცი, მაგრამ რისი უნდა შეშინებოდა დევივით კაცს..
რაც უფროი დრო გადის და ადამიანი თავს არ აქცევს ყურადღება, მით უფრო რთულდება ანამნეზიც. ბევრმა ხვეწნა-მუდარამ, მუქარამ და ა.შ  შედეგი გამოიღო და მამა თბილისში ჩამოვიდა, შვებულებას დამთხვია.. ოჯახის ახლობელმა თერაპევტმა რესპუბლიკურში პროქტოლოგიის კლინიკა გვირჩია, რადგან აქ ყველაზე კარგად იკვლევენ ნაწლავურ პრობლემებს.
იმის იმედით, რომ საგანგაშო არაფერი იქნებოდა, მე და მამა , როგორც ექიმა დაგვარიგა, სამშაბათს დილითვე წავედით გამოკვლევაზე.   
 დილის 12:00, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკად.ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალური კლინიკა (ყოფ. რესპუბლიკური საავადმყოფო).. 
ჯერ ამ შენობის კედლებს მიღმა მოხვედრა.. გარედან კარგად შეუმინავთ, მაგრამ შიგნით რომ შეხვალთ თავი მიწისქვეშა საკონცენტრაციო ბანაკში გეგონებათ. არ ვაზვიადებ, არაფერი მომჩვენებია.. მეოთხე სართულზე ავედით, რატომღაც ნევროლოგიის გამყოფილებაში მიღებაზე პროქტოლოგი გველოდებოდა.. რაღაც იმედიანად ავირბინე კიბეები მეოთხე სართულამდე.. როგროც კი ექიმის კაბინეტისკენ გზას გავუყევით მე გული მიმძიმდებოდა, მამაც რატომღაც გაჩუმდა.. გრძელი, ჭუჭყიანი , ნახევრად ჩაბნელებული დერეფნის  ბოლოში აღმოჩნდა ბ-ნი კ.მ-ას "კაბინეტი", დაცდა მოგვიწია, რადგან სხვები იყვნენ შესულები.. ირგვლივ მიმოვიხედე.. დასაჯდომად სკოლის ძველი სკამები იდგა, შავი, ისეთი რომ ვერც კი დაჯდებოდი.. იატაკი- აქა-იქ ამოყრილი მეტლახი..   ჭერი-არც ჩანდა.. იმიტომ რომ ნახევრად ბნელოდა-თქო.. ექიმთან შევაღწიეთ ბოლოს.. უშუალო კაცი აღმოჩნდა ბ-ნი კ, მოგვისმინა და საჭიროდ ჩათვალა სწორი ნაწლავის კოლონოსკოპია (ენდოსკოპით დათვალიერება). მაქამდე კი ნაწლავების გამსოსარეცხად საჭირო გახდა ოყნის გაკეთება, ამ საკითხში დახმარება ქ-ნ ნუნუს დაევალა.. გადაურეკა ტელზე და მოხუსხუსდა ასე 70-75 წლის, წელში საკმაოდ მოხრილი ქ-ნი ნუნუ, დანაოჭებულ სახეზე ბარაქიანად ეცხო ფერ-უმარილი,  წარბები ეტყობა დრომ და ჟამმა გააცვინა და მიეხატებინა.. წითელი მანიკურიც კი ქონდა.. 
ქ-ნი ნუნუ გაგვიძღვა საორდინატოროში, სადაც მამაჩემს მოამზადებდნენ  მნიშვნელოვანი გამოკვლევისთვის.. ჩუმად გავყევით მე და მამა ექთანს.. ექთანი გაგვიშინაურდა და საუბრის გაბმა სცადა: -" რა ჯანდაბაა, ასე ძვირი რომაა აის კოლონოსკოპია, თუ ფული არ გაქ უნდა მოკვდე, ფაქტიურად ასეა.." არ მქონდა საუბრის თავი, ისე შევხედე, მიხვდა და გაჩუმდა.. 
საორდინატორო: პატარა ასე 4 კვ.მ-ი ზომის ოთახი საშინელება იყო.. რომ წარმოვიგინე მამა აქ უნდა დაეწვინათ 1,5 სთ-ის განმავლობაში, გული კიდევ შემეკუმშა.. კედლებზე ობობები დარბოდნენ, მართლა.. სველი წერტილი? ამაზე,  უკაცრავად და ჩამპალი არაფერი მინახია! ესაა ჩვენი რეპუბლიკური თქო, გარედან თვალს დაგიბრმავებს და შიგნით უნდა ნახოთ.. არა რაა, გვეშველება რამეე?  
14:00 ჩავედით პირველ სართულზე, მუხაშავრიას კლინიკაში.. ეს კლინიკა ითვლება პროქტოლოგიის კერად-ო და ვნახოთ-თქო ვამბობდი.. მანამ სანამ მამა გამოკვლევაზე შევიდა, მე ყურშა მოვინახულე, ჩვენი გიოც რატომღაც ამ კლნიკის პაციენტი აღმოჩდა .. კიდევ კარგი გიორგი აღმოჩნდა ჩემს გვერდით, გული გამივაგრე.. ეს თურმე ძალიან მჭირდებოდა.. რა ვიცოდი წინ რა ინფორმაცია მელოდებოდა.. 
ნახევარი საათის შემდეგ  ბ-ნი გია გამოვდა გამოკვლევიდან, მე და გიოს შეგვხედა და იკითხა:
 -" ვინ არის გორაშვილის თანმხლები?"-სახე მკაცრი და კატეგორიული ჰქონდა.
-"მეე  ბ-ნო.."-თითქმის ამოვიკნავლე.
-"რამდენი წლის ხართ გოგონა?'"
-"24 -ის"
-"კარგი, შემოდით.."
შევედი და ვაი ამ შესვლას.. შეშინებული თვალებით გიორგის ვუყურებდი, ნუ გეშინიაო, როგრო არ უნდა შემშინებოდა, დედას გული რასაც უგრძნობდა, მე რასაც ჩემს გონებაში უკუვაგდებდი ის აღმოჩნდა.. "სახეზეა სწორი ნაწლავი კიბო, გაკეთდა ბიოფსია, შედეგი გადაიტანეთ ...." მეტი არაფერი გამიგია..  ამ სიტყვებმა თავდაყირა დამიყენა ყველაფერი, კანკალმა ამიტანა, გავქვავდი.. ღმუილი ამომივიდა პირიდან.. "თავი ხელში აიყვანეთ, მე პაციენტს ამ ინფოს არ მივაწვდი, სხვა რამეს ჩავწერ, არ ინერვიულოთ".. ჩემმა კივილმა და ბღავილმა შეძრა იქაურობა..არ მინდოდა მამას ასეთ დღეში ვენახე.. მაგრამ ყველაფრის ახსნა იმით შევძელით, მე, ელენემ, ქეთიმ და გიომ,  რომ სასწრაფო ოპერაციის დანიშვნამ გამოიწვია ჩემი განერვიულობა.. 
მამამ გარეგნულად არაფერი შეიმჩნია, მაგრამ მე ან ექიმი ვის რას დავუმალავდით.. ცოტა მოგვივანებით ამოთქვა, რაო შვილიკო, რამ შეგაშინა მამა არ მოგიკვდებაო..  
მამა კარგად იქნება, ღმერთია მოწყალე.. განსაცდელის ჟამს მე მისი  ძალიხმევის მჯერა, თქვენი მხარდაჭერისაც ძვირფასო მეგობრებო.. 
მიჭირს თავის ხელში აყვანა, აი, ძალიან ცუდად ვარ, ამერია თავგზა, პარასკევის მოლოდინში კი გული მელევა, პარასკევს პასუხი იქნება დათესილი სიმსივნისა..  


მესმის ყველას ნათქვამი, გამხნევება, მაგრამ თავს ვერ ვერევი.. ერთი, მამის ნებიერა გოგო ვარ, რომელსაც არასდროს  უგრძვნია მსგავსი სუსხი, არ მინდა დავკარგო რწმენა, მინდა ვიბრძოლო და ჩემს ოჯახის წევრებს მაგალითი მივცე.. თან ჯერ საბოლოოდ არაა გარკველი  კიდევ ყველაფერი.. მომავალ კვირას იმედის თვალით შევცქერით, იმის იმედით, რომ მამას ოპერაცია წარმატებით ჩაივლის, ყველასე უარესის შემთხვევაშიც კი მედიცინა ისე შორს წავიდა.... მე მჯერა რომ მამა ბრძოლისუანრიანია, ღმერთი მოწყალე და არ დაუშვებს ცუდს.... 


იგ, 12/08/10

Monday, August 9, 2010

ხვალ უკეთესი დღე გათენდება

მჯერა (მინდა მჯეროდეს), მწამს (მინდა მწამდეს)
უკვე 0:36-ია.. ორშაბათი ყოველთვის მძიმეა, ზოგჯერ გარემოებებიც ამძიმებს..
ჰაა, სამშაბათო.. : )   აი რაში დამეხმარე

Saturday, August 7, 2010

08.08.08

2008 წლის ზაფხულს დიდი გეგმები გვქონდა..არავინ არ ფიქრობდა იმაზე, რომ სულ ცოტა ხანში საქართველო ცეცხლის ალში გაეხვეოდა.. მაგრამ 2008 წლის ზაფხულში, კერძოდ აგვისტოში, საქართველო-რუსეთის ომის მომსწრე გავხდით, ერთმორწმუნე ერმა არ დაინდო პატარა, მაგრამ დიდი და გამართლებული ამბიციების მქონე ქვეყანა.
ომის წიპირობა:
ოსები წარმოშობით მდინარე დონის ნაპირებზე მცხოვრები ალანების შთამომავლები არიან, რომლებიც კავკასიაში დაახ. XIII საუკუნეში გადმოსახლდნენ მონღოლთა მიერ მათი სამშობლოდან აყრის გამო. ოსების დიდი ნაწილი ამჟამინდელი ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე დასახლდა. ნაწილი მოგვიანებით სამხრეთ კავკასიაშიც გადმოვიდა და დღევანდელი ცხინვალის რეგიონში დასახლდა. საბჭოთა პერიოდში ოსებს შეზღუდული ავტონომია მიენიჭათ საქართველოს სსრ-ის ფარგლებში (სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი). საქართველოს მიერ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებას 1991-92 წლებში სამხრეთ ოსეთში ეთნიკური კონფლიქტი მოჰყვა, რაც ამ უკანასკნელის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებით დასრულდა. კონფლიქტში დაახლოებით 2000 ადამიანი დაიღუპა მათი სურვილი ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთება იყო.  სამხრეთ ოსეთი, როგორც პოლიტიკური ერთეული, საერთაშორისო თანამეგობრობას არ უცვნია. რეგიონის მოსახლეობას ძირითადად ოსები შეადგენენ. მოსახლეობის დაახ. 20 % ქართველია (14,000. სულ 70,000). ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემდეგ რეგიონში მხარეებს შორის სამშვიდობო შუამავლის როლს რუსი, ჩრდილოეთ ოსეთისა და ქართველი სამხედროები ასრულებდნენ (500 წარმომადგენელი ყოველი მხრიდან). ამავე პერიოდში რუსეთმა სამხრეთ ოსეთის ოსურ მოსახლეობას საშუალები მისცა მისი მოქალაქეობა მიეღო.
ბოლო წლების განმავლობაში არტილერიული სროლები მხარეებს შორის დროდადრო მწვავდებოდა, რასაც ორივე მხარეს მსხვერპლი მოჰყვა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოსებს მშვიდობის სანაცვლოდ ფართო ავტონომია შესთავაზა, რაც ოსებმა უარყვეს, ვინაიდან მათი გაცხადებული სურვილი სრული დამოუკიდებლობა იყო.

სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საქართველოს გავლენის ქვეშ მოქცევა სააკაშვილის ადმინისტრაციის მთავარი მიზანი იყო ვარდების რევოლუციის შემდეგ. ამასთან, 2002 წლიდან აშშ-ის არმია საქართველოს ინტენსიურ წვრთნებს უტარებდა და დახმარებას უწევდა. საქართველოს სამხედრო ბიუჯეტმა 2008 წლისთვის თითქმის $0.99 მილიარდი შეადგინა, რაც მშპ-ის 4,5 % და საქართველოს საზოგადოებრივი შემოსავლების მეოთხედზე მეტი. ამჟამად, სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა და რუსულ პასპორტს ფლობს: BBC-ს ცნობით, სამხრეთ ოსეთის 70.000 მოქალაქის ნახევარზე მეტმა მიიღო მოსკოვის შეთავაზება რუსული პასპორტის მიღებაზე. დიმიტრი მედვედევი ამტკიცებს, რომ სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა 90%-ს რუსული პასპორტი აქვს. რუსეთის მტკიცებით, ეს საკმარისი საბაბია რეგიონში რუსეთის ინტერვენციისთვის, მათი მოქალაქეების დასაცავად, სამშვიდობოების მისიის ფარგლებში.

 *
ასე იყო თუ ისე, რუსეთი ყველანაირად ცდილობდა პროვოკაცია ომად გადაექცია.. აგვისტოს დასაწყისში განსაკუთრებით დაიძაბა სიტუაცია და ერთ დღესაც კურიერში ინფორმაცია გაჟღერდა:  საქართველოს თავდაცვის ქვედანაყოფებსა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური სროლების შედეგად ექვსი დაიღუპა, ხოლო 21 ადამიანი დაიჭრა.. ცხინვალის რეგიონი ამავე დღეს  ლტოლვილებით დატვირთულმა 20 ავტობუსმა დატოვა..  კიდევ უარესი: რუსეთის სამხედრო ავიაციამ საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია, რუსული  სუ-24- ები გამოჩდნენ.. საზღვაო დესანტი გააქტიურდა აფხაზეთის მხრიდან.. ჩენი ქვეყანა იბომბებოდა!!!!  ომი დაიწყო.. ომიი, პანიკამ, უიმედობამ და ცრემლმა მოიცვა ქვეყანა..
 22 წლის ასაკში ომის სიმწარე ვიგრძენი.. ხელში გამეყინა ბათუმის მატარებლის ბილეთები და უკვე ჩალაგებული ჩანთა.. მობილურზე ზარები გაისმა, ჩემი მეგობრები, ნაცნობები , თანამშრომელბი და ყველა,  ვისაც იარაღის ტარება და ხმარება შეეძლო ან თუდაც რ შეეძლო და სურვილი გაუჩნდა ქვეყანა დაეცვა, ცხინვალისკენ დაიძრა..
ბევრი, ძალიან ბევრი ჯარისკაცი, მოხალისე, რეზერვისტი უკან ვეღარ დაბრუნდა.. მათ გმირები ჰქვიათ, ისინი ცათა სასუფეველში განისვენებენ, მიუხდავად იმისა, რომ უთანასწორო, უაზრო ბრძოლაში დაიღუპნენ, მათ სჯეროდათ, სწამდათ ..
 თბილისი იძულებით გადადგილებული ადამინებით გაივსო.. ჩემს უბანში, ჩუღურეთშიც გამოჩდნენ, რაიონის გამგეობამ ისინი მე-5 სკოლის შენობაში "დააბინავა".. მათ შორის 3 ახალშობილი იყო.. მათი მამებიც ომში დაეცნენ.. რა გამაჩერებდა სახლში, მე,  ჩემი და მეზობლებიც  ჩვენი ჩალაგებული, ბათუმისთვის გამზადებული ჩანთებით და კიდევ თუ რამე მოგვეპოვებოდა გასაცემი მოვაგროვეთ და  ავადექით მათ.. რაც ვნახე არ დამავიწყდება.. სასოწარკვეთილი სახეები, საკუთარი ბუდეებიდან წამოყრილი ადამიანები.. უსახლკაროდ  დარჩენილები და აწ უკვე ლტოლვილები .. ბავშვების ტირილი.. რძეგამშრალი დედები ხელში ჩვილებით.. იქვე მადლიანი ადამინი გამოჩნდა, სახლში მეძუძური შვილი და რძალი ჰყოლია და თავისთან გადაიყვანა..
იმ ღამეს თბილისის ჩემოგარენიც დაიბომბა.. ხალხი აღმოსავლეთისკენ გარბოდა, მანქანების კოლონამ გადაჭედა კახეთის გზატკეცილი,  ჩემს რაიონშიც ჩამოცვივდა ბომბები. შირაქის ყოფილი სამხედრო აეროდრომის დაბომბვა იყო იდეაში.. დედა და მამა კახეთში იყვნენ, მე და ჩემი და მამიდასთან ერთად თბილიში.. გვეხვეწებოდნენ გავსულიყავით საქართველოდან აზერბაიჯანში .. არსად არ წავსულვართ.. არც წავიდოდით, თუნდაც თბილისი აეღო მტერს!!!  იმაზე ვფიქრობდი რა გამაკეთებინა სასარგებლო ასეთ მომენტში..  მივხვდი მეც და ბევრი სხვაც, რომ  ჩვენი სამშობლო მართლა ერთია, როგორც ღმერთია!!
 კიდევ, საერთაშორისო დიპლომატიის უსუსურობა მაგიჟებდა, ქვეყანა იბომბებოდა და გაერო ვერ იღებდა რეზოლუციას!!!! ეს ვითომდა უმაღლესი დიპლომატიისა და ჰუმანურობის გამომხატველი ორგანო მხოლოდ ფიქტიურია(?)  სამაგიეროდ მოძმე რეპუბლიკების (ყოფილი პოსტ-საბჭოთა  ქვეყნების) და არა მარტო  ისინი თბილისს ეწვივნენ..  სადღაც 12 აგვისტოსთვის საფრანგეთის პრეზიდენტის სარკოზის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის მემორანდუმი გაფორმდა.. თუმცა ომი ას მარტივად როდი მთავრდება.. ამას მოჰვა მარადიორობა, ხალხის დაწიოკება.. სადისტურად ხოცვა..

 დარჩა დანგრეული ცხონვალი, გორი..

















 *
 2008 წლის აგვისტოს ომი დამთავრდა, ბევრი დაობლდა, ბევრი დაქვრივდა, ბევრი დაიწერა ამ ყველაფერზე, გაკრიტიკდა და ა. შ. მაგრამ ის დიდი ომი, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის გრძელდება არ დამთავრებულა, ჩვენ ჩვენი ტეროტორიები გვაქვს დასაბრუნებელი და ნეტა ოდესმე თუ დაგვიბრუნდება ღმერთო?!
დღეს 08.08.2010-ია , ორი წელი გავიდა ამ ამბიდან.. გამახსენდა ყველაფერი და არც არასდროს დამვიწყებია, განა კი შესაძლებელია დავიწყება.. ჭკუის სასწავლებელი უფრო იყო ეს ამბავი.. მე ვინ ვარ ვაკრიტიკო ჩვენი ერისმთავარნი, მაგრამ ეს ომი არ უნდა ყოფილიყო..
 "ყველას მშვიდობას გისურვებთ ორსავ სოფელსა შინა,
 ომი გვაშოროს განგებამ, მოგვცეს წყალობა ღვთისა,
ამობრწყინება ქართველებს ერთიანობის მზისა!"

ღმერთს ებარებოდეს სრულიად საქართველო და ქართველობა, ამინ!

იგ, 08.08.2010

გაგრძელება იქნება...

აქა მშვიდობა!

2010 წლია 07/08, თბილისი
კიდევ ერთო ბლოგერი შეემატა ქართველ ბლოგერთა რიცხვს.. საწერი დამიგროვდა, მე კი არ ვწერ, თითქოს თვითონ მწერს ეს ყველაფერი.. ხოდა, აქ დავწერ ხოლმე მოთხრობებს, ჩანახატებს, ლექსებს.. და საინტერესო  (შევეცდები რომ იყოს საინტერესო)  საკითხავებს.. 
იგ