Saturday, March 26, 2011

დედაა..

ისევ დედა, როემლიც  მენატრება:
-შვილო, სევდა შენთვის მე არ მემეტება..
ისევ დედა, როემლიც არ ბერდება: 
-შვილო, ნუ ტირიხარ, მალე განელდება..
ისევ დედა, სიზმარში სულ  რომ მეკარგება:
-შვილო, ასე მოქცევა შენ არ გეკადრება..
ისევ დედა, მომავალი ჩემსკენ ხელგაშლილი:
-შვილო,  შენ უნდა იყო მხოლოდ ფრთაგაშლილი..
ისევ დედა, ახლა დედაც ცრემლიანი:
-შვილო, იცოდე, რომ მე ვერ გადავიტან,
  შენი დარდი მომკლავს  თუ არ გაჩერდები,
  დედას ხომ უყვარხარ, ამას არ ჯერდები?!
დედა, მეც მიყვარხარ და მენატრები! 



იგ, 
მარტი, 2011 

Friday, March 25, 2011

Answer

დღე და ღამე ვერ ვისვენებ ისევ 
და თუ სევდა ჩემს გულს ისევ წამლავს,
თუ  ცრემლებმა დამისველა სახე,
შენ გგონია ტრაგედიას ვმართავ?!

 ეს არაა მოთქა ან გოდება, 
 დრამატიკოსს ანდა ახლა ვგავარ?
მეც ვერ ვხვდები, გეფიცები .. 
რაღაც ჩემთვის უცნაური მმართავს.. 

მახსენდება, ბაირონს რომ
 დალიმ ლექსი დაუცვარა,
გალაქტიონს ასე სწამდა მერი,
ბესიკი კი უმღეროდა მხოლოდ ანას ,
ჩემთვის კიდევ
შენს გარეშე  შეიცვალა ეს ქვეყანა..


იგ,
მარტი, 2011 

თითქოს..

თითქოს თოვლია ჩემ სულში მხოლოდ,
სიცივე მეფობს, წყვდიადში ყეფს დრო,
თითქოს მინდა და ვერ შევიცვალე,
თითქოს არაფერს, ყველაფერს ვითხოვ..
ცხოვრება მხოლოდ ერთ გზასღა მითმობს.

იქნებ დრო არის გამოთხოვების, 
იქნებ საათმაც დარეკა შვიდი,
მატარებელი შორს მიმვალი
ბაქანზე  დგას და მეც მივალ მშვიდი..

ის მაინც ვიცი მელოდებიან,
იქ არვინაა ბოროტი, ფლიდი..  
აქ დამიღამდა, შენც კი მოგბეზრდი..
მივდივარ, რადგან ჩემი დრო მიდის...



იგ,
25 მარტი, 2011 

მინდოდა მეთქვა და ვერ ვთქვი..

...სადღეგრძელო...
ჰო, მოხდა სასწაული და მე ისე გავჩუმდი, გეგონებათ დიდი მორცხვი ვინმე  ვყოფილიყავი და ცხოვრებაში ჭიქა არ ამეწიოს..
მანამ სანამ იმას დავწერდე, რაც უნდა მეთქვა, მინდა  ერთხელ კიდევ მივულოცო დაბადების დღე ჩემს მეგობარ ვერიკოს.. ყოველივე კარგს გისურვებ ვერი..

* * *
პარასკევი, 25 მარტი 2011 წლისა..
ჩვენი ოფისი.. ჩვენი ვერიკოს დაბადების დღე.
ოფისი დაცარიელებული უჩვეულოდ. მიზეზი საპატიო, გასვლითი ტრეინინგები თუ რაღაც მსგავს-და-გვარი  "ტოპ მენეჯმენტისთვის" გუდაურში, "გუდ-აურაში" უფრო "ასწორებს" მსჯელობა, აზრთა მსვლელობა, "მიდლ მენეჯმენტი და ოფიცრობა" ცოტანი შემოვრჩით 19:00 საათს.. სულ ოთხ კაცამდე და სტუმარი, არა სტუმარი არა, ჩვენი მეგობარი კონკურენტის ოფისიდან.. კიდევ ბევრი აკლდა ამ სიტუაციას პირადი საპატიო მიზეზებისა და გამო..
ბოლოს წინა სადღეგრძელო იყო: "ჩვენ გაგვიმარჯოს, ჩენს მეგობრობას"-ო.  ემოციებით სავსენი აღმოვჩნდით თურმე და ბავშვებმა (ჰოო, ბავშვებმა :) ) რაღაცნაირად გულახდილი  სადღეგრძელეობით  გული ამიჩუყეს..  ინგა დ-მ, ვერიკომ, ტატომ და ნიკამ სათითაოდ გაიხსენეს "როგორ იყო ჩვენი დამეგობრების შემთხვევაში". ბოლო სიტყვა მე ავირჩიე.. ამ ბოლო დროს სულ ბოლოში ვარ და.. ვერაფერიც ვერა ვთქვი ისეთი.. არადა მეც მინდოდა მეთქვა, მაგრამ ყელში ბურთი თუ ნამეტანი "მედოფი" გამეჩხირა..
აი, რა მინდოდა მეთქვა და ვერა ვთქვი:
ინგა დ, შენ მათ შორის  ყველაზე პირველი გაგიცანი, უფრო იმიტომ განვეწყე შენს მიმართ დადებითად, რომ ჩემი კუსანას მეგობარი აღმოჩნდი.. თან ისეთი ხალისიანი, აი მე რო მიხარის ხოლმე, რაა..
ვერიკო, იუბილარო.. ლამაზო და საყვარელო..  საოცრად მშვიდი, გაწონასწორებული, მეგობრული და ერთგული ხარ :) აბა  როგორ არ გამიჩნდებოდა სურვილი შენთან მეგობრობისა :)
ტატო, შენ "გაჯეტა" ხარ.. კრეატიული, ზრდილი.. ნამდვილი მისაბაძი ადამიანი და რაღა დავმალო, თავიდან არ მსიამოვნებდა კიდევ ერთი ახალი რეპორტინგი რო მომიჯდებოდა გვერდით, მაგრამ მე რა ვიცოდი, რომ ასე ჩვენიანი იქნებოდი :)
ნიკოლ, შენ,  კიდევ ერთხელ შეგიძლია წაიკითხო "ჯადოსნური ფეხსაცმელი"  და არა მარტო ეგ..

ჰოდა, თქვენ გაგიმარჯოთ!


"ღამენათევი და ნამთვრალევი,
გულწრფელი ისე, როგორც არასდროს,
ხშირად  სევდიანი, ზოგჯერ საქმიანი,
ფიქრში დამათენდა ამავ დროს..

ჩემი სათქმელი დღეს რომ ვერ გითხარით,
ახლა  ვწერ და ნახავთ, რომ
თითქმის  ყველაფერი ნათელია,
ღმერთს თქვენს* კარგად ყოფნას  აქაც ვთხოვ!"


*ჩემი მეგობრები ყველა :)

იგ,
მარტი 2011

Sunday, March 13, 2011

დათუნია დრუნჩა

იყო და არა იყო რა
ღვთის უკეთესი ამ ქვეყნად
მეზღაპრემ არ-რა იპოვა..
თუმცა მას ბევრი სთქმელი
ბავშვებთან დაუგროვდა და..
ამჯერად დათუნიაზე
დრუნჩაზე მოგახსენებთ, რას?

დათუნია დრუნჩა ერთ პატარა სოფელ ჰეფი ვილიჯში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად.. მას ჰყავდა დედა, მამა და ტყუპის ცალი ძმა. ძმები ერთმანეთისგან ისე განსვავდებოდნენ, რომ სულაც ვერ იტყოდოთ მათზე  ტყუპებს, როგორც გარეგნულად , ასევე  ზნე-ხასიათითაც. ერთი თუ მშობლების მორჩილი შვილი იყო, ბეჯითი და სწავლის მოყვარე, მეორე პირიქით. არაფერი ესმოდა უფროსების დარიგებისა  და თავის ნებაზე აკეთებდა მაინც ყველაფერს. ეს ცელქი დათუნია გახლდათ სწორედ დრუნჩა.
დიდი შავი თვალები მუდამ ეშმაკურად უციმციმებდა. ერთ ადგილას ვერასდროს ჩერდებოდა. ადგილზე ცმუკავდა და სულ რაღაცას ეძებდა  გასაფუჭებლად.. მაგრამ ისეთი საყვარელი იყო,  რომ  ყველას ძალიან უყვარდა .
ზაფხულის არდადეგები მიილია ჰეფი ვილიჯში და ყველა მოსწავლე სკოლაში წასასვლელად ემზადებოდა.  დედამ,  თავისი პატარები სასკოლო წიგნებითა და სხვა ნივთბით მოამარაგა, ახალი პერანგი და შარვარლი გაუუთოვა და მეორე დილას სკოლაში წასასვლეად ყველაფერი გაუმზადა. სკოლაში წასვლა სულაც არ ეხალისებოდა დრუნჩას, მერე რა რომ მთელი ზაფხული დაისვენა, ახლა შემოდგომა იყო, ხილი დამწიფებულიყო ბაღ-ვენახში.. გული იქით უფრო მიუწევდა.  მაგრამ რას გახდებოდა..
ჰეფი ვილიჯში ახალი სასწავლო წელი ზეიმით დაიწყო. ჟრიამულს მიჰქონდა შემოდგომის ფერებში ჩაფლული სოფელი.. სკოლის ეზო სავსე იყო ბავშვებით. დრუნჩა და მისი ძმა დედამ მიიყვანა სკოლაში  და დაიწყო  დრუნჩას წამებაც.. დილით ადრე ადგომა, გაკვეთილების მომზადება,  თავს მოიმძინარებდა ხოლმე რომ არ ესწავლა..მაგრამ დედა რომ დაადგებოდა თავზე, იძულებული იყო წაეკითხა და მისთვის ჩაებარებინა.. ასე გადიოდა დღეები.. მასწავლებლები და მშობლები ვერაფერს გახდნენ  ზარმაც დათუნია დრუნჩასთან..
ერთ მშვენიერ დღეს კი, როცა რთველი გაჩაღდა სოფელში, ტყეში თაფლის ამოღება დაიწყეს სკებიდან.. დრუნჩას სულმა წასძლია და ტყეში მოუნდა წასვლა, მაგრამ სკოლა.. უცებ, დაძაბა გონება და მოიგონა მუცლის ტკივლი. დედასთან  დაღმანჭული სახით, ტირილით და კლაკვნით  მივიდა და უთხრა:
-დედიკო, დედიკო.. მუცელი მტკივა ძალიან.. გუშინ სკოლაში ძველი ლობიანი მომყიდეს მგონი და ცუდად ვარ..მოიტყუა კიდეც..  შეწუხდა ქალბატონი ბეა..
-კარგი დრუნჩა, დედა გენაცვალოს.. დღეს დარჩები სახლში..
-უი, რა კაია დეეე, -და ის-ის იყო გარეთ გავარდნას აპირებდა, დედამ უთხრა:
-არა, კარი შეგეშალა.. შენს ოთახში! დღეს იწვები, მოწამლულზე შეიძლება სიცხე მოგცეს და გარეთ ყოფნას შიგნით ჯდომა სჯობს.. თან რომ არ ჩამორჩე სკოლის მასალას, წაიკითხავ კიდეც..
-ჰოო, შვილო, შენს იმედზე ვტოვებ ჩართულ გაზქურასაც, შენი საყვარელი მურაბა იხარშება ..
დათუნიას თავზარი დაეცა..  მთელი ორი დღის ნაკოწიწები გეგმა წყალში ეყრებოდა.. დრუნჩა გამოკეტეს სახლში..მაგრამ რა გააჩერებდა ასე მთელი დღე, როცა დანარჩენი ბავშვები სკოლაში იყვნენ, ზოგი ვენახში და ზოგიც ტყეში.. დრუნჩა ფანჯრიდან გადმოძვრა.. თავის მაგიერ სათამაშო ჩააწვინა საწოლში და მოკურხცლა ტყისკენ, სადაც ყველაზე გემრიელი თაფლი ეგულებოდა და მისნაირი ზარმაცი მეგობრები.. აღარ გახსენებია არც გაზქურა და მისთანები..
შუადღე გადასული იყო, რომ ჰეფი ვილიჯის ცენტრში განგაშის ზარი დაირეკა.
-არიქა ხალხნო, ბეას სახლი იწვის.. პატარა სოფელში ისე მალე გავარდა ხმა, რომ დრუნჩას დედ-მამა, პაპა-ბებია მაშინვე მოცვივდნენ.. დედა თავგანწირული კიოდა, ჩემი დრუნჩაა შიგნით, დამეხმარეთ, რომ გადავარჩინოო.. სახანძრომ ცეცხლი ჩააქრო.. გამურულიყო პატარა კოპწია სახლი.. როგორც კი სახლში შეცვივდნენ და  დრუნჩას ოთახის კარი გამოაღეს, მის ნაცვლად ლოგინში ნახევრად დამწვარი სათმაშო იპოვეს.. ყველა მიხვდა რაშიც იყო საქმე.. და ამას კი არ მოელოდნენ,  თუ მისი  სიზარმაცე და ტყუილი ამ ზომამდე მივიდოდა..
დათუნია დრუნჩა კი ტყეში თაფლით იტკბარუნებდა პირს..  იმდენი თაფლი ჭამა, რომ მუცელი მართლა ასტკივდა, თან ისე.. ფეხს ძლივს ადგამდა.. ამასობაში კი ფუტკრებმაც გაიგეს  დათუანიას ამბავი და ჭკუა იმით ასწავლეს, რომ დაკბინეს..
თავ-პირ დასიებული დრუნჩა სახლში ძლივს დაბრუნდა..  მისი საყვარელი სახლის ნაცვლად კი გამურული შენობა შერჩა ხელში და აცრემლებული დედა რომ დაინახა შერცხვა.. ისე შერცხვა, რომ  აღარ იცოდა რა ექნა.. სიარული რომ შესძლებოდა, ნამდვილად გაიქცეოდა სადმე შორს..მაგრამ დაკბენილი ფეხები ისე გაუსივდა, ვეღარ ადგამდა ნაბიჯს..
და იცით რა მოხდა მერე? დრუნჩა არ დაუსჯიათ.. დაბებრებული თავ-პირი რომ დაინახა ქალბატონმა ბეამ, შეიცოდა შვილი და მოუარა ავადმყოფს.. მთელი კვირის განმავლობაში მაღალი სიცხე ჰქონდა დათუანიას და სიცხისაგან ბოდავდა.. დედას, მამას, ძმას, პაპა-ბებიას და მეგიბრებს პატიებას სთხოვდა, რომ ასე მოიქცა.. როგორც კი გამოჯანმრთელდა და ექიმმა საწოლიდან წამოდგომის ნება მისცა, დასტაცა სკოლის ჩანთას ხელი და სკოლისაკენ გაიქცა.. დამწვარი სახლის შეკეთებაში აქტიურად ეხმარებოდა მამას და ბიძას.
 ვერ იჯერებდნენ მის გამოსწორებას და მაინც ეჭვის თვალით უყურედბენ, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს სკოლაში გამართულ ოლიმპიადაზე მათემატიკაში ყველას აჯობა და სნოუბორდი და ზამთარში აის  ლენდზე გასამგზავრებელი საგზური მიიღო საჩუქრად.
მან დაამტკიცა რომ   შეუძლია იყოს ჭკვიანი, მშრომელი და სანდო.. დედიკოს სახლში დიპლომი  მიუტანა და დაიფიცა, რომ არასდროს არ მოატყუებდა, თავისი ძმასავით დამჯერი და წიგნის მოყვარული იქნებოდა..

 . . .
 
 დიახ, აი ასე..
მე თქვენ გიამბეთ დრუნჩას ამბავი,
 უკვე გავიდა ჩვენთან ზამთარი..

გირჩევთ, არასდროს არ მოიტყუოთ
 რომ  დრუნჩსავით არ მოიმდუროთ
 
 კიდევ, გირჩვდით:
გიყვარდეთ კითხვა, წიგნები,
ნასწავლნი უფრო კარგები იქნებით..

ელასა მელასა,
ლხენა მოგცეთ ღმერთმა  ყველასა..
მიყარხართ, გეხვევით ყელასა..

იგ
მარტი, 2011

Saturday, March 12, 2011

უსახელო ლექსი

არ ვარ ლამაზი, როგორც ფერია,
არცა  მაღალი  ლერწამ ტანისა,
მიტომ ღიმილმა შენმა ნანატრმა
ასე უბრალოდ არ მიხალისა? 

მინდა წავიდე ხრა მთას,
გადავიხვეწო შორით,
ეს  დავიწყება დამწვავს,
მაშინ ატყდება შტორმი,
სათქმელს თუ აღარ ვიტყვი
თვალებს ვერაფერს ვშველი.. 
რა იქნებოდა ნეტა
ვყოფილიყავი შველი..
ჩუმად ვივლიდე ველად,
აღარ ვითხოვდი შველას.. 

პ.ს. 
თურმე მართალი თქმულა ამ ქვეყნად
"თუ ვინმე გიყვარს, თუ ვინმეს ეტრფი:
ეკალი ვარდად მოგეჩვენება,
ყორნის ფრთა თეთრი გამხდარა", გესმით?!

yuhuuuuuu :D :D 

იგ,
მარტი, 2011



ბუნებრივი კატაკლიზმები, აპოკალიფსის მოახლოება?


მოკლედ, იაპონიაში მომხდარმა სტიქიურმა უბედურებამ, რომელმაც ასეთი გამანადგურებელი შედეგი მოიტანა და ამ წუთამდე მძვინვარებს, ძალიან დიდი ემოიციური გავლენა მოახდინა ჩემზე.. მთელი გულით ვწუხვარ ათასობით გარდაცვლილი, უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანის გამო..
ბავშვობიდან მიწისძვრის ხსენებაზე ვიზაფრებოდი.. ბევრი მიწისძვრა მოხდა საქართველოშიც, მადლობა ღმერთს, რომ არა მასშტაბური და გამანადგურებელი.. და რაც ყველაზე მეტად მიკვირს დღემდე ისაა, რომ არც ერთხელ არ მიგრძვნია ბიძგიც კი.. ყველაზე კარგად კი ჩემს მეხსიერებას ჩვენს მეზობელ რესპუბლიკაში, სასომხეთში მომხდარი მიწისძვრა დაამახსოვრდა, 1988 წელს, რომლის შედეგადაც 25 ათასი ადამიანი დაიღუპა.. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, 2 წლის..

მიწისძვრა -პლანეტის ერთერთ ყველაზე დამანგრეველ სტიქიადაა მიჩნეული, წლის განმავლობაში დაახლოებით 500 000-ჯერ ხდება და 100 000-მდე მათგანის შეგრძნობა შეიძლება.
მიწისძვრის შესახებ პირველი ჩანაწერი ჩვ.წ. აღ-მდე 1831 წლით თარიღდება. ჩინეთში ხიას დინასტიის მმართველობისას, მთა ტაიშანზე მომხდარი მიწისძვრის შესახებ ცნობებს ჩინეთის ძველი ისტორიული წყარო ბამბუკის ანალები გადმოგვცემენ.
ჩვ. წ. აღ-მდე 464 წელს მიწისძვრამ ქალაქი სპარტა თითქმის მთლიანად დაანრგია. 526 წელს კი ანტიოქიაში 250 000 ადამიანი დაიღუპა. მიწისძვრამ გაანადგურა მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთერთი - ალექსანდრიის შუქურა და აია სოფიას ტაძრის ნაწილი ჩამოანგრია.
ისტორიის მანძილზე ყველაზე ძლიერი მიწისძვრების პირველ ხუთეული მე-19 და მე-20 საუკუნეებზე მოდის. 51 წლის წინ 22 მაისს, ჩილეს ქალაქ ვალდივიაში მომხდარი მიწისძვრა, 9,5 ბალიანი მაგნიტუდით, მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მძლავრი მიწისძვრის სახელით შევიდა. სტიქიურ უბედურებას მაშინ ცუნამების სერია მოჰყვა ჩილეს სამხრეთ ნაწილში, ჰავაიზე, იაპონიაში, ფილიპინებზე, ახალი ზელანდიაში, ავსტრალიასა და ალიუტას კუნძულებზე (ალასკა). ჰავაიზე, ეპიცენტრიდან 10, 000 კილომეტრის დაშორებით, ცუნამის ყველაზე დიდი, 35 მეტრიანი ტალღები დააფიქსირეს.
სიძლიერით მომდევნო 5 მიწისძვრა, რომელთა მაგნიტუდა 9 ბალს აღემატებოდა, ალასკაზე, ინდონეზიაში, კამჩატკაზე, კვლავ ჩილეში და კანადაში მოხდა.
მსხვერპლის რაოდენობის მიხედვით დალაგებულ მიწისძვრათა შკალაზე, პირველი ოთხიდან 3 ჩინეთზე მოდის. 1556 წლის 23 იანვარს, შანხაიში მომხდარი სტიქია, ისტორიაში ყველაზე სასიკვდილო მიწისძვრის სახელით შევიდა, მას 830 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ათეულისგან მიღებული სასიკვდილო ზარალი კი 3 მილიონს აღემატება.
2011 წლის 11 მარტს იაპონიაში მომხდარი მიწისძვრა თავისი სიმძლავრით 8.9 ბალი, ყველაზე დიდი მიწისძვრების ათეულში შევიდა. ამ უბედურებას ის მოჰყვა, რომ ცუნამი და რამდენიმე ქალაქში ხანძარი გამოიწვია, მათ შორის ტოკიოში, არის მსხვერპლიც. ქვეყანა ატომური ენერგიის გაჟონვის საფრთხის წინაშე დადგა და დღეს სინფორმაციო სააგენტოები როგორც იუწყებოდნენ, ფუკუშიმას ატომური ელექტრო სადგურზე ექვსი რეაქტორიდან ერთ-ერთში წნევა ნორმალურ მაჩვენებელს 1.5-ჯერ აღემატება. იაპონელმა სპეციალისტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ნელ-ნელა გამოუშვან რადიოაქტიური ორთქლი საფრთხის წინაშე მდგომი რეაქტორიდან.
ღმერთო, დაიფარე სამყარო ახალი ჩერნობილისგან!
ამ ბოლო დროინდელმა კატაკლიზმებმა კი (ჰაიტი, ჩილე, ახლა იაპონია) კი დღე-ღამის 24 საათიანი ხანგრძლიოვა საგრძნობლად შეამცირა, დედამიწა ღერძიდან 8 სმ-ით გადაიხარა. იაპნიაში მომხდარი მიწისჭვრის შემდეგ, კი ეს ციფრი 10 სმ–ით გაიზარდა.
ჩილეში მომხდარი 8.8 ბალიანი მიწისძვრის შემდეგ დედამიწა უფრო სწრაფად ბრუნავს თურმე და მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების დასკვნაზე დაყრდნობით, კაცობრიობა 24 სთ–იან რეჟიმში ცხოვრებას ვეღარ გააგრძელებს, ეს დრო ჩილეში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 1.27 მიკრო წამით შემცირდა, დედამიწის ფილებმა მოძრაობა სიღრმისკენ დაიწყეს, რამაც სამყაროს ღერძზე ბრუნვა ააჩქარა და მისი შეკუმშვა გამოიწვია. დღეს თითქმის ყველა მეცნიერი ამ მოვლენას, საბედისწერო ცვლილებად აფასებს ძლიერმა ბიძგებმა დროის შემცირების გარდა კიდევ ერთ საგანგაშო ცვლილება გამოიწვის, ასტრონომების დაკვირვებით დედამიწამ ღერძიდან გადაინაცვლა, მეცნიერები ზუსტად არ არიან დარწმუნებულნი, ცვლილებები მხოლოდ ძლიერი ბიძგების შედეგია თუ მასზე კიდევ სხვა მოვლენები მოქმედებს, მათთვის ცნობილი ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის, რომ დედამიწის მასა იცვლება.შარშან დედამიწაზე უზარმაზარი ნაპრალიც გაჩენილა, 50 გიგატონა ენერგია წარმოიქმნა, მიწის მასა ზემოთ ავიდა და ფილებიც ერთანეთის მიყოლებით გადაადგილდა, ეს დედამიწის ბრუნვის ცვლილებას იწვევს და ოდნავ ამცირებს მის სიჩქარეს, საუბარია წამის მემილიონედზე, ყველას გვინახავს გრაფიკულად როგორ ბრუნავს დედამიწა მზის გარშემო, მაგრამ ახლა არც ორბიტაა სრულყოფილი და არც ბრუნვა ის 8 წმ-ითაა გადახრილი. 

და როდესაც ვეცნობოდი სხვადასხვა კვლევებსა და ჩანაწერებს,  სეისმურად აქტიურ ზონაში არსებობს საქართველოც, ექსპერტების მონაცემებით კავკაკსიონის ქედზეც საშიში წერტილებია, 11-დან ერთ-ერთი(არაბეთის) ფილა ჩვენს ქვეყანასთან ყველაზე ახლოს მდებარეობს, ფილები კი მუდმივად მოძრაობენ
21 საუკუინეშიც კი ვერცერთი მეცნიერი ვერ აკეთებს პროგნოზს, როდის შეიძლება შეეჯახოს ეს ფილები ერთმანეთს. 

ამ ყველაფერს რომ ვაანალიზებდი ჩემთვის, 2012 წელი გამახსენდა და წინასწარმეტყველება.. რა ხდება აპოკალიფსის ჟამი ახლოვდება ნუთუ?? 





იგ, 
მარტი, 2011

Dirty dark side (real story)

ჩ ა ნ ა ხ ა ტ ი 
უკვე ჩამოთოვილი ზამთარიც გავიდა. ეს მარტი ბუინობდა თოვლ-ჭყაპითა და მარტისთვის დამახასიათებელი უაზრო ამინდებით.
მისთვის ამინდები და სიცოცხლეც  უაზრო გახდა. დღეები და საათები ისე გადიოდა ვერც გრძნობდა.. რაღაც გამოეპარა ცხოვრებაში და ცხოვრებამაც სასტიკი გაკვეთილების ჩატარება გადაწყვიტა. თითქოს მისი აღარავის ესმოდა, სახლშიც აუტანელი გახდა.
-რა გჭირს რა, რამ გამოგაშტერა? რა იყო, რა მოხდა შენს გარდა არავის ყვარებია? ასე ვინ გადარეულა? მორჩა კინო, გაარკვიე ყვლელაფერი და დაწყნარდი.. მიხედე შენს საქმეს და იარე წინ.."  ასე ესმოდათ მის კეთილისმყოფელებს.. მან ვერ გაიგო, ალბათ იმიტომ რომ არც სურდა. ადგა და სახლიდან წამოვიდა. თითქმის შიშველი, თუმცა სიცივეს ვერც გრძნობდა. უფულოდ, უკვე  უგულოდაც.  
ვაგზლის საათმა 10 ჩამორეკა. მაშინ გამოფხილზდა. მიმოიხედა, ბაქანზე მიყუჟულ კუთხეში იჯდა. ჩასძინებოდა.. სიცივე ახლაღა იგრძნო, შიმშილიც.. არადა რამდენი ხანი არ მოშიებია.. ფული არ აქვს.. ერთი გახვრეტილი ხურდაც კი.
 მკრთალ სინათლეზე გამოიკვეთა ლიანდაგები და სატვირთო ვაგონები. "ეს სად მოვსულვარ, ან საიდან აღმოვჩნდი აქ",  კი გაიფიქრა. გაყინული ფეხები ძლივს გაშალა და გასასვლელის საძებნელად გაემართა. 
რაღაც ავის მომასწავებლად გამოიყურებოდა ცარიელი, ბნელი  და მიტოვებული სატვირთო   მატარებლების სადგური.. ცხოვრებაში აზრადაც არ მოსვლია აქეთ გამოეხედა დღისით, ახლა აქ ეძინა ღამით და გასასვლელსაც ვეღარ პოულობდა. 
ტალახი, ჭუჭყი.. არყის ცარიელი ბოთლები, პოლიეთილენის ფერად-ფერადი პარკები გარშემო.. თანდათან გულის რევის შეგრძნება მატულობდა და სიცივისგან ვეღარ გრძნობდა ტერფებს.. ხელებს ჯემპრის სახელოებში მალავდა.. თმები გაიშალა და გრძელმა თმამ გაუთბო ყურები.. 
გული კი მაშინ  შეეკუმშა  ზურგს უკან ფეხის ხმა რომ შემოესმა.. თანდათან უახლოვდებოდა და არა ერთი ადამიანის.. თავად რამდენადაც შეეძლო აუჩაქარა ნაბიჯს, გაყინული ფეხებიც აღარ ემორჩილებოდა. თითქოს გასასვლელს მიამსგავსა და მარცხნივ იმიტომ გაუხვია.. კოცონი დაენთოთ, გარშემო რამდენიმე კაცი და ერთი ქალის მსგავსი იჯდა.. სვავდნენ.. რაღაცას ხარშავდნენ.. უაზროდ იღრიჯებოდნენ.. ეწეოდნენ..
-ეე, ნახე ანგელოზი გამოგვეცხადა.
-ანგელოზი კი არა შე ჩემა  ნაშააა.. კაკ რაზ ვინატრე..
აქ უკვე ქალის მსგავსმა ამოიღო ხმა: - წესიერად, თორე რაც გინახავს ვეღარ ნახავ!
-რა იყო , იეჭვიანე ფისო?
ღამის მოგზაური კი ახლა-ღა მიხვდა, რომ ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა.. დღის სინათლიდან პირდაპირ ჯოჯოხეთში ამოყო თავი.. გაქცევა უნდოდა და ვერ გარბოდა.. ან სად დაუსხლტებოდა ამდენს..ისევ გაყინული გონება დაძაბა. ამ დროს ერთი ბლანჟეიანი და პირსინგიანი ტიპი წამოდგა, ხელში არყის ბოთლი რომ ეჭირა და მიუახლოვდა:
-დალევ გოგონი? რა იყო,  "აქ რამ მოგიყვანა შე მადლიანო შენა", ხო გცივა დალიე და გათბები.. 
-რა იყო შეგეშინდა? არაფერს გიზამენ ესენი.. მე გიპატრონებ აქ.. 
ჰმ! დავლიო - არ დავლიო.. დალია.. მოვწიო-არ მოვწიო, მოწია და ..
ისე ცუდად აღარ გრძნობდა თავს, აღარ სციოდა, გათბა.. აღარც ეშინოდა, თავიაანთ თავს რო "თავისუფალ ადამიანებს" უწოდებდნენ, იმათ  ნამთვრალევ-მოწეულ ხუმრობაზეც გაეცინა..მაგრამ ის გასასვლელის საძებნელად წამოვიდა მარცხნივ.. 
-მე შანსო მქვია, შენ? 
-მე, მე  ვარ..  და შანსო, მომეცი შანსი, რომ გასასვლელი ვიპოვო ამ სადგურიდან..
-გასასვლელი აქ კი არა, პირდაპირ არის.. წადი და აქ აღარ დაბრუნდე, თორემ მასე  ვეღარ გახვალ, იცოდე..   
. . . 
სახლში რომ დაბრუნდა თენდებოდა.. თითქოს ძილ-ბურანში იყო და კოშმარული სიზმრიდან ბრუნდებოდა ცხადში.. ხელები და ფეხები უკანკალებდა.. პირი გამშრალი ჰქონდა,  დახეთქილი ტუჩების დასველებას ნერწყვით ცდილობდა.. თავბრუ ეხვეოდა და ის-ის იყო მიაღწია საკუთარი ბინის კარს, იქვე ჩაიკეცა.. 
 . . . 
შანსომ შანსი მისცა სწორ გზაზე გაეგრძელებინა სიარული და შავ-ბნელ მხარე დაატოვებინა.. კიდევ კაი.. არა მგონა მას დავიწყდეს მისი ბლანჟეიანი და პირსიანგიანი სიფათი მთელი ცხოვრება. გამოფხიზლებული მიხვდა, რომ "ხუჟე სმერწ, ნიჩივო ნე ბივაეტ".. 
 "-მაგრამ მაინც"..- გაიფიქრა და წერტილი დასვა პოსტის ბოლოს.

იგ
მარტი, 2011


Friday, March 11, 2011

ზღაპარ იყო, ნაწილი IV

ალბათ ესეც ბედის ირონია იყო, რომ ორი დაკარგული მეგობარი მაშო და დღნაშვო ერთი ქალაქის გარეუბანში სრულიად მარტო აღმოჩნდა.
ზამთრის მოახლოვებამ საფიქრალი მოუმატა დღნაშვოს.. სკვერშიც იკლო მოსეირნე ხალხის ნაკადმა.. ყოცელ დღე ჩიტებთან ჩხუბმაც დაღალა ნამცეცების გაყოფაზე.. მაგრამ რა შეეძელო გაეკეთებინა, აქ მისთვის არავინ მოიტანდა თხილს და კამფეტებს, რძეს და შოკოლადს.. ისიც კი არ იცოდა როგორ დაბრუნებულიყო სახლში. უფრო ღამით გამოდიოდა გარეთ, არ უნდოდა ვინმეს თვალში მოხვედროდა მეტად უცნაური ციყვი და კიდევ ფატერაკს არ აგადაყროდა.. მაგრამ შობის მოახლოებამ გამოაფხიზლა შავ-თეთრი ქალაქი.. მალე გავრცელდა ხმა,  "ტყიდან უშველებელი ნაძვის ხე მოიტანეს და ცენტრში აღმართეს"-ო.. "ტყიდან ნაძვის ხე.." ამ სიტყვებმა დღნაშვოს თავისი მშობლიური მხარე გაახსენა, იქაც ხომ ბევრი ნაძვის ხეა, რამდენი უთამაშია და უფრენია ნაძვებს შორის.. 
მაშო კი ამ დროს საზეომოდ მორთული ნაძვის ხის ძირას აბუზული იყურებოდა და მისკენ გაშვერილ თითებს ხედავდა მხოლოდ.. " ნახეთ, ნახეთ! ნამდვილია.. ! სუნთქავს.. თვალებს ახმხამებს!! ნამდვილი ციყვია დედაააა!" ბავშვების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.. მაშოს შეეშინდა და ნაძვს ხის ტოტებში შეიყუჟა.. გაიფიქრა, დაველოდები როდის წავლენ და ისე გავალ გარეთ.. ყველა კუთხე კუნჭულს მოვივლი, იქნებ სადმე დღნაშვოს შევხვდეო.. რა იცოდა პატარა მაშომ, რომ ძალიან ახლოს იყო თავის ნანატრ მეგობართან.. რამდენიმე საათი და რამდენიმე კილომეტრი აშორებდა მხოლოდ.. 
 შებინდდა, დაიშალა მოდანზე შეკრებილი ხალხი.. ფერადი ნათურები ანათებდა საშობაოდ უცაურად ჩაწყნარებულ გარემოს.. მაშომ გამოყო თავი ნაძვის წიწვებიდან და   როგორც კი სიმშვიდე  დაიგულა, ისკუპა ხიდან და ტროტუარს გაუყვა.. მიდიოდა და აქეთ-იქით აპარებდა მზერას..ეს სამყარო სულაც არ გავდა სიზმარში მის მიერ ნანახს, ფერადს.. არც შოკოლადის სახლები და ნაყინის ტორტები მოჩანდა.. არსად ჩანდა დღნაშვოც. იმედის მაინც არ კარგავდა და ღმერთს ევედრებოდა შობის დადგომამდე ეპოვა მეგობარი..
ამ დროს დღნაშვო თავისი ხის ფუღუროდან გამოძვრა და საახალწლოდ მორთული ნაძვის ხის სანახავად გაემოემართა.. უცნაურად ჩქარობდა ისიც, გული რაღაც უცნაურს და კარგს უგრძნობდა.. კი ვერ ვხდებოდა რას.. სიჩქარეში ჩაუქროლა ტროტუარზე ჩამომჯდარ და ჩაფიქრებულ მაშოს.. ისე კი გაუკვირდა თავისნაირი სულუეტის დანახვა და უკან მიბრუნდა..თვალებს არ უჯერებდა.. დიახ, ციყვი იჯდა ზურგშექცეული და თან ძალიან ნაცნობი, მაგრამ ვერ წარმოედგინა რანაირად შეიძლებოდა ყოფილიყო მაშო.. საიდან, როგორ.. "არა, უნდა მივიდე, ახლოდან უნდა შევხედო.. რამე მახეს ხომ არ მიგებენ კიდევ?" -გაიფიქრა და მიბედა მისვლა.. არა, არ  შეწმცდარა, ის ნამდვილი, ცოტათი შეცვლილი მაშო იყო.. თუმცა ისევ პატარა, მორცხვი და სიცივისგან მობუზული.. 
-მაშო.. მაშო შენ ხარ? ნუთუ მართლა შენ ხარ? აქ რას აკეთებ?"
მოტრიალდა პატარა ციყვი ნაცნობ ხმაზე..მის წინ საღ-სალამათი დღნაშვი იდგა შლიაპიან-პიჯაკიანი.. უცებ ტირილი დაიწყო, მეგობარს ჩაეხუტა, ცხელი   ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა.. 
-რა გატირებს, შე სულელო.. მე მაქვს სატირალი.. შენ კი არა.. არ ვღირვარ შენს ცრემლებად.. ბოდიში მინდა მოგიხადო შენც, ჩემს ოჯახის წევრებსაც.. მაპატიეთ, რომ ასე უთქმელად მიგატოვეთ ყველანი.. 
მაშოს დიდი ხნის წინ ეპატიებინა მეგობრისთვის, რომ ასე დაუკითხავად და ჩუმად გაიპარა.. სიხარულისგან აღარ იცოდა რა ექნა.. არ სჯეროდა, რომ მართლა შეხვდა დაკარგულ მეგობარს, რომლის პოვნის იმედს ჯიუტად არ კარგავდა.. 
-დღნაშვო, დავბრუნდეთ ჩვენს მხარში, აქ ჩვენი ადგილი არ არის.. ვიჩქაროთ, უკანსასაბრუნებელ გზას დავადგეთ და შობას იქნებ ჩავუსწროთ კიდეც..
დღნაშვომ კი  გადაწყვიტა მეორე დილით, როცა პატარები მოვიდოდნენ ნაძვის ხესთან, მათთვის ბოლო სიურპრიზი გაეკეთებინა..მაშო დაითანხმა და მეორე დღეს რო გათენდა და ამოძრავდა გაყინული გარეუბანი, ნაძვის ხესთან ნამდვილი სასწაული მოაწყვეს ციყვებმა.. ბავშვებმა ისე გაიხარეს ორი მხიარულად მოკუსკუსე ციყვის თამაშებზე, რომ მათმა ჟრიამულმა იქაურობა გააცოცხლა.
-დედიკო, მამიკო, ეს ციყვები საიდან მოხვდნენ ჩვენთან? თავისი სახლი არ აქვთ? დედა და მამა ამათ არ ყავთ?- უცებ დაინტერესდა ერთი ბავშვი.. -ამათ თავიაანთ სახლში არ უნდათ?
-კი, შვილო, ალბათ ტყეში ცხოვრობდნენ, მაგრამ ნაძვის ხე რომ მოჭრეს ეტყობა ამ ხეს გამოყვნენ..-უპასუხა ჭკვიანმა დედიკომ შვილს.. 
-მერე დე, არ შეილება, რომ დავაბრუნიოთ ისევ ტყეში? სობაზე დედასთან და მამასთან არ უნდათ ამათ?
-კი, როგორ არა.. მამას ვთხოვოთ და იქნებ დაგვთანხმდეს მათ ტყესი წაყვანაზე.. 
მაშო და დღნაშვო კეთილმა ადამიანებმა ჩასვეს ყუთში და ტყეში წამოიყვანეს, იმ შორელ მზარეში,  სადაც მათი მშობლიური გარემო იყო.. 
ალბათ რას გაიხარებდნენ მათი ოჯახის წევრები დაკარგულ შვილებს რომ დაიბუნებდნენ.. ფაქტი კი ისაა, დღნაშვს აპატიეს,  შობას ჩაუსწრეს, წვეულებაც გაიმართა და მაშო და დღნაშვო ისევ ერთად იყვნენ.. 
არა მგონია აწი ასეთი შეცდომა დაუშვას დნაშვომ და დაუკითხავად სადმე გაემგზავროს..
ჰო არ  შეიძლება ასეთი ნაბიჯის გადადგმა ნამდვილად.. უთქმელად არ უნდა მიატოვო ოჯახი, პასუხისმგებლობა მათ წინაშე, მეგობრები.. ამით მხოლოდ გული ეტკინება მათ.

დასასრული

იგ


იგ
მარტი 2011

Thursday, March 10, 2011

ზღაპარ იყო, ნაწილი III

პატარა ციყვი მაშო

ვიდრე დღნაშვო მოგზაურობდა, შორეულ მხარეში გაზაფხული მოვიდა, ზაფხული და შემოდგომაც, მაგრამ არა ისე ხალისიანი, ნათელი და ფერადი როგორც უწინ... მაშო მოწყენილი და გულჩათხრობილი დადიოდა.. ყოველ საღამოს სტუმრობდა იმ ადგილს, სადაც დღნაშვოს დაშორდა..  ციყვებმა ბევრი ეძებეს, მაგრამ ვერსად მიაგნეს დღნაშვოს. მისმა მშობლემბა ირწმუნეს ბოლოს, რომ ნამდვილად თავის ფერად სიზმრებში ნანახ შორეულ კუნძულზე სამოგზაუროდ გაემგზავრა.. მოიწყინა დღნაშვოს დამაც..
დღეები დღეებს მისდევდა..იცვლებოდა წელიწადის დროებიც.. თითქმის მთელი წელი მიილია  ამასობაში.. დღნაშვოს შესახებ კი არსაიდან არაფერი ისმოდა.. 
ზამთრის სიცივე უკვე კარგა ხნის გაბატონებული იყო შორეულ მხარეში.. პირველი თოვლიც მოვიდა და ციყვები შობის შესახვედრად ემზადებოდნენ.. ეს პირველი შობა უნდა ყოფილიყო დღნაშვოს გარეშე.. არადა ის იყო თითქმის ყველა საშობაო წვეულების სულის ჩამდგმელი და ვერავის ვერ გაებედა ორგანიზება.. თავსაც ვერ აბამდნენ.. 
მაშო ისევ მოწყენილი იყო.. მთელი წელი სკოლაში ძალით დადიოდა და ცუდი შედეგიც აჩვენა.. ყველას უკვირდა, ერთ დროს ასე ხალისიანი პატარა ციყვი როგორ შეიცვალა.. 
მაშომ გადაწყვიდა ადამინაების კუნძულზე ჩასულიყო, მეგობარი მოეძებნა, დაერწმუნებინა დაბრინებულიყო  და შობას ერთად შეხვედროდნენ. 
იმ ღამეს თოვლიანი ქარბუქი იყო..ისეთი ამინდი იყო, რომ მაშოს მშობლები ნებას დართავდნენ გარეთ გასულიყო.. მას დაავიწყდა თავისი ფილტვების ნათება.. მოიკიდა ზურგზე თავისი ჩანთა და სახლიდან გამოიპარა.. მტკიცედ გადაწყვიტა რადაც არ უნდა დასჯდომოდა დღნაშვო ეპოვა..თითქოს გული უგრძნიბდა, რომ გასაჭირში იყო მისი მეგობარი.. და სწორედ იქიდან დაადგა გზას, სადაც ადამიანებს კარვები ჰქონდათ გაშილი..არ იცოდა საით უნდა წასულიყო, რომელი გზა იყო სწორი.. თავის გულის კარნახს მიჰყვებოდა და უკვე გათენებული იყო, რომ გავიდა გზაზე და  მისთვის მეტად უცნაური სივრცე გადაიშალა წინ..  დაღლილ მაშოს გზის პირას მდგარ ნაძვის ხის ტოტზე ჩაეძინა.. 
ნაძვის ხეზე ჩაძინებულ პატარა ციყვს კი ადამიანების გარემოცვაში გაეღვიძა, რაღაცნაირ პატარა დაბურულ ქალაქში, რომელიც საშობაოდ მოერთოთ მბჟუტავი ნათურებით, მაგრამ მაინც შავ-თეთრი იყო იქაურობა. მოხდა სასწაული და მისი ნაძვის ხე, რომლის ტოტზეც ცოტა ხნით ჩათვლემას აპირებდა, პირდაპირ  ქალაქის შუაგულში წამოეჭიმათ.. დიახ, თითქმის ძირფესვიანად მოთხრილი ნაძვი ქალაქის ცენტრში, საგანგებოდ მოხაზულ წრეში იყო ჩამაგრებული.. და სათამაშოებს კიდებდნენ ბავშვები.. მაშო გაოცდა.. ამდენი ადამიანი.. ზოგი დიდი და ზოგი პატარა..ამდენი საოცარი ნივთი.. ასეთი უცხო გარემო.. მიხვდა, რომ ის ადამიანების სამყაროში მოხვდა და სწორედ იქ იყო, სადაც უნდა მოეძებნა დღნაშვო.. ბევრი აღარც უფიქრია და ხტუნვა ხტუნვით ჩამოვიდა ნაძვის ხიდან.. ბავშვებმა რომ დაინახეს პატარა და უცხო ციყვი, მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.. შეშინებული და თვალებ გაფართოებული მაშო კი აქეთ-იქით იცქირებოდა.. 
აი ასე მოხვდა მაშო პატარა  ქალაქში, სწორედ იმ გარეუბანში, სადაც დღნაშვო მარტო ცხოვრობდა და თავის გადასარჩენად ბევრი შრომის გაწევა უხდებოდა უცხო მხარეში.. 


(გაგრძელება იქნება..)

Tuesday, March 8, 2011

ზღაპარ იყო, ნაწილი II

დღნაშვოს მოგზაურობა
საღამო ხანს ადამინაებმა ნელ-ნელა აკრიფეს თავიაანთი კარვები, მოწყობილობები, დატვირთეს მანქანები და შორეული მხარის დატოვება დაიწყეს. მათთან მისული დღნაშვო თამამად ახტა მანქანაში და დამშვოდობებას რომ აპირებდა, უცებ ერთი გრძელთმიანი, ლამაზ თვალება არსება, რომელსაც დანარჩენი მისი მეგობრები მერის ეძახდნენ , დღნაშვოს მოეფერა, " რა იქნება, რომ ეს პატარა ციყვი თან წაგვეყვანა, რა მაგარი იქნებოდა!"  არ გინდა, რომ ჩვენთან ერთად წამოხვიდე? "  
დღნაშვოს კი თვალი გაექცა მისთვის უცნაური მოწყობილობისკენ, რომლის კლავიშებზეც მერი თითებს ათამაშებდა..და უცნაური გამოსახულებები ჩნდებოდა და ქრებოდა.  ეს ლეპტოპი იყო.. დღნაშვო გაერთო და არც კი უფიქრია ბევრი, ისე მოკალათდა მერის კალთაში და სულ მალე ადამიანებთან ერთად მიჰქროდა დიდი ქალქისკენ, სადაც ბევრი საინტერესო რამე ხდებოდა, ციყვებისგან განსხვავებული და ბევრად დიდი არსებები ცხოვრობდნენ..  აქედან დაიწყო დღანშვოს საოცარი მოგზაურობა. 
თანდათან მისი ფერადი სიზრების მსგავს სამყაროში გადაინაცვლა და უხაროდა.. ისედაც ოცნებოდა შორეულ მოგზაურობაზე .. სულ იმას ფიქრობდა, როდის შეძლებდა თავისი სახლის დატოვებას, მას თავგადასავლები იზიდავდა და სულ დაავიწყდა ციყვების  მხარე თითქოს.. 
ცათამბჯენების ქალაქში  სულაც არ იყო ზამთარი. ჩველებრივზე მეტად ცხელოდა და ყველაფერი ისე უზარმაზარი იყო.. მერის მსგავსი ადამიანები ძალიან ჩქარა მოძრაობდნენ, სულ სადღაც გარბოდნენ, ხმამაღლა საუბრობდნენ.. დღნაშვო ბედნიერი იყო.. ბინა მერის სახლში დაიდო. ის აწუხებდა მხოლოდ, რომ მისმა ადამინმა მეგობარმა მისთვის ტანისამოსის შეკერვა მოისურვა და ტანსაცმლის ტარება მოუწია.. ალღო მალე აუღო ახალ რიტმს და მალე ყველასთვის საყვარელი და სასურველი მეგობარი ციყვი გახდა.. თანაც ძალიან მხიარული იყო..  ყოველთვის ახერხებდა მის გარშემო მყოფთა გაოცებას.. მერი კი თავს იწონებდა მისით და დღნაშვო წვეულებების მუდმივი სტუმარი იყო. 
 დღნაშვოსთან პატარა ბავშვებიც  კარგად ერთობოდნენ, თანაც ისე,  რომ ერთ მშვენიერ დღეს მერის მეზობელმა შესთავაზა მფრინავი ციყვი მისთვის დაეთმო, მისი შვილი ძალიან კარგად იქცეოდა მის გვერდით რომ იყო.. "ოღონდ ეს ცოცხალი სათამშო მე დამითმე და რამდენსაც გინდა გადაგიხდიო".. მერის მისი გაყიდვა აზრადაც არ მოსვლია.. გასხვისებაც არასდროს უფიქრია, მაგრამ ისე ძალიან უყვარდა  მეზობელი ოჯახი, რომ გადაწყვიტა მათთვის ეჩუქებინა დღნაშვო.. იფიქრა,  იქ უკეთესად იქნება, პატარა ბავშვებთან ერთად უფრო მეტ სითბოსა და ყურადღებას აგრძნობინებენო.. დღნაშვომ ოჯახი მეორედ გამოიცვალა..პირველად თავისი მშობლიური და ახლ მერის დაშორდა, ოღონდ აქ არა თავისი ნებით.. მხარზე ჩაბღაუჭებოდა თავის მერის  და არ უნდოდა მისი დათმობა, ძალიან შუყვარდა.. მაგრამ გოგონამ ჩამოსვა და მეზობლის ბინის კარი მის ზურგს უკან მიიკეტა.. 
დღნაშვოს ბომონდური თავგადასავალი ამით დამთარდა და აწი მას განებივრებული ბავშვების გართობა მოუწევდა.. მას შემდეგ რაც დატოვა შორეული მხარე ციყვებისა, არც ერთხელ არ გახსენებია მაშო, არც კი უდარდია როგრო იქნებოდა მისი პატარა და ერთგული მეგობარი..  ახლა კი გულზე რაღაც სევდა შემოაწვა და ვერც კი მიმხვდარიყო რა სჭირდა.. თუმცა ვინ აცალა ფიქრი და სევდა, გარშემო პატარების გუნდი დაესია და მათი მხიარული სახეების შემხედვარეს გადაავიწყდა დარდი..
 ბავშვები და დღნაშვო ერთად მოგზაურობდნენ საბავშვო ცენტრებში.. შოკოლადის სახლები და ნაყინის ტორტები თავზე საყრელი ჰქონდა. მხიარული ციყვი მათთან ერთად ხალისობდა და ერთ მშვენიერ დღეს მისი ახალი მეგობრის, პატარა სალის დაბადების დღე რომ იყო, დღნაშვო სალის მამის მეგობარმა შეამჩნია.. ეუცნაურა ასეთი განვითარებული ციყვის არსებოდა და დიდხანს აკვირდებოდა.. საღამოს კი სტუმრები რომ დაიშალნენ, სალის კივილი მოესმათ მშობლებს: "დედიკო,მამიკო! ჩემი ციყვი გაქრა!!" ბავშვი დიდი ხმით მოსთქვავდა მის დაკარგვას და  არც ახალი ციყვი, არც ახალი თოჯინები და არაფერი არ უნდოდა მას,  დღნაშვო ქვეყანას ერჩია..
დღნაშვო კი სწორედ რომ სალის მამის მეგობარმა, ქალაქში ცნობილმა მეცნიერმა და მკლევარმა ჩუმად მოიპარა და წაიყვანა თავის ლაბორატორიაში, სადაც  სხვადასხვა ცხოველების  საინტერესო გამოვლინებებს აკვიდებოდნენ და მათზე ცდებს ატარებდნენ.. 
დღნაშვო ცხოვრებაში პირველად შეშინდა. მისთვის შეუჩვეველ ადგილას მოხვდა, ისიც სხვებივით გალიაში ჩასვეს და ნემსები გაუკეთეს. გალიაში მის გარდა ცხოვრობდნენ  ზაზუნები, თაგვები და ციყვები. თეთრ ხალათიანი, პირბადე აკრული ადამანები კი მოდიოდნენ მიყავდათ ისინი ჯერ-ჯერით. თუ უკან აბრუნებდნენ, ძალიან საცოდავად გამიყურებოდნენ.. თუ არა და,  მათი განმგმირავი კვნესის ხმა მოისმოდა დერეფნის ბოლოდან.. 
დღნაშვოს ვერც კი გაეგო რა უნდოდათ მისგან, რას ერჩოდნენ ადამიანები.. საშინელი სიმარტოვე შემოაწვა გულზე. ისე იყო, თითქოს თავის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა და გაახსენდა მშობლები, საკუთარი სახლი და გაახსენდა მაშო, რომელიც გზის პირას დატოვა ბოლოს.. ადამიანებთან გამოსამშვიდობებლად რომ წავიდა მარტო. თვალწინ წარმოუდგა პატარა, ნაზი და მორცხვი მეგობარი, სულ რომ მის სიახლოვეს რომ უნდოდა თამაში.. გული გადაეწურა რაღაცნაირად, თავი დამნაშავედ იგრძნო. მოუნდა რომ ჩახუტებოდა მას, თავის დედ-მამას, დას.. მოუნდა გამოესწორებინა თავისი საქციელი და ძალა იგრძნო ბრძოლის, გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა აქედან გაეღწია და შორეულ მხარეში დაბრუნებულიყო.. 
საზრიანმა ციყვმა სამოქმედო გეგმა დასახა. თავი მოიმკვდარუნა და როდესაც მის წინ გალიაში მჯდომი თაგვის წასაყვანად მოვიდნენ, გაშოტილი დღნაშვო დაინახეს.. არტყდა ერთი ამბავი.. მოცვივდნენ მკვლევარები. დღნაშვომ ცალი ქუთუთო ასწია და დაინახა სალის მამის ბოროტი მეგობარი, რომელმაც აქ ამოაყოფინა თავი.. უფრო გაჭიმა მკვდარივით ფეხები.. მკვდარი ციყვის გადაგდება ბრძანეს და დღნაშვო ნაგვის კონტეინერში ჩაუშვეს.. დიდხანს თავდაყირა მიფრინავდა მყრალ სუნიან მილში, მაგრამ რაღას დაეძებდა, ცოცხალი იყო.. 
ბოლოს ტყაპანი მოადინა დიდ გუბეში.. გარეთ წვიმდა და საგრძნობლად ციოდა.. საშინელი ამინდი იყო. დღნაშვო მიხვდა,  სადღაც მისთვის უცხო ადგილას იყო და არ იცოდა საით წასულიყო.. იცოდა,  ვერც მერის და ვერც სალის  სახლს ვერ მიაგნებდა, რადგან სადღაც გარეუბანში იმყოფებოდა.. 
 ბევრი იარა თუ ცოტა,  ბოლოს ერთი მიტოვებული სახლის კიბის ქვეშ შეიყუჟა ღამის გასათევად, მაგრამ იქვე მობირჟავე კატების გუნდი  გამოჩნდა, რომელთაც სულ არ ეპიტნავათ ტანსაცმლიანი ციყვი და  აგრესიულად აგრძნობინეს გაცლოდა იქაურობას.. 
დღნაშვოს სხვა რა დარჩენოდა,  მოშორდა მათ და მარტო ცხოვრების სწავლა დაიწყო, ბინა ხეზე დაიდო, ის სკვერში ჩიტებისთვის დაყრილი ნამცეცებით იკვებებოდა. ქალაქსა და მის გარეუბანში კი ზამთრის სუსხმა შემოტევა დაიწყო.. "სანამ დაზამთრდება ჩემს სახლში დაბრუნება უნდა შევძლო.. ჩემები მომენატრა.. მაშოც.. "


(გაგრძელება იქნება..)

იგ
მარტი, 2011


Monday, March 7, 2011

Kiwi–ის ლექსი.. მე მომწონს და მინდა წაიკითხოთ თქვენც..

სუნთქვის ხმაც კი აღარ ისმის არვის
და მინდება უცებ გაშლა კარვის,
ოცნებები სიმებივით წყდება,
არ წახვიდე, თუ არ მოგწყინდება.

შენი ხმაა?! როგორც ლანდი ქარვის,
შემოგვესმა სიმფონია არვის...
წუთები კი რუდუნებით გარბის,
შეჩერდიო! - ვინმემ მითხრას ნეტავ,
ლექსის წერას თავხედურად ვბედავ.

შემოგცქერი როგორც ანცი ბავშვი,
საყვედურს კი ჩემს თვალებში ხედავ.
მესმის ნოტი, მე, უღონოდ დაღლილს,

ბოლომდე მწოვს სიმარტოვის სევდას.
ამ დრომდე თუ მიმატოვა ბედმა,
ახლა მხოლოდ ფერად სიზმრებს ვხედავ.

თეთრ ოთახში კვლავაც მარტო დავრჩი,
დუდუნებენ - "გამაგრდიო, გესმის?!"
კედელსიქით შენს სილუეტს ვხედავ,
და ვერ ვხვდები შენს თავს რისთვის ებრძვი.


გამისწორე ძირსდახრილი თვალი,
ნუ გაგაკრთობს მწუხარება, დღეს კი-
იმსახურებ რომ მოვიდე ახლოს,
გაგიმხილო, მე რასაც ვგრძნობ შენ წინ.

დაიბნევი, უჩვეულოდ, გრძნობით
მითანაგრძნე - გეტყვი სევდით დაღლილს.
ნუ სწუხხარო - გადმომიგდებ ხვნეშით,
ბაგეზე კი მოგერევა დარდი.

ძალიან გსურს შეიკავო, ვიცი
ეგ ღიმილი, შენი გრძნობის ფერი.
უსასრულოდ არაფერი რჩება,
ისევ ნაზად მოვიღერე ყელი.

უშენობით გადავღლილვარ, მივხვდი.
შენს თვალებში წავიკითხე ვნება.
გამიღიმე შეციებულს, გიცდი
და ფიქრები აღარ ამეშლება.
ძლივს, უსიტყვოდ გამისწორე თვალი,
გაგიკვირდა შენ დანახვა ცრემლის,
მიყვარხარო, იჩურჩულე, ძლიერ
მოწყენაც კი სასწაულად გშვენის.

სუნთქვის ხმაც კი აღარ ისმის არვის,
და გვინდება უცებ გაშლა კარვის,
ოცნებები ჩვენთან ერთად რჩება,
არ წახვიდე, თუ არ მოგწყინდება!


January 3, 2011 1:41 PM

Kiwi

კიდევ ერთი ჩემი ლექსი

რომ დავიბადე მაშინაც თოვდა,
ქარბუქს მიჰქონდა კახეთს ტრამალი,
ზამთრის პრინცესას ვემსგავსე მაშინ,
მზე და სინათლე შემომხვდა თვალში,

ბევრი მაშია მოვირგე ფერხთა,
ჯადოსნურ ქოშებს დავაბაკუნებ,
ზამთრის პრინცესა ბუინობს ახლა,
მაინც ვერ გახდა შენი სიმაღლე.

უნდა დავტოვო ეს მხარე რადგან,
გაზაფხულს ჩემთვის არ ემეტები,
ზამთარს გავყვები შორეთში სადღაც.
სადაც ბობოქრობს სიცივე მართლაც,
 ქარბუქი ადის ზეცაზე მაღლა...


იგ
მარტი, 2011

Sunday, March 6, 2011

ვიცი, რომ..

ვიცი, მე შენთვის არაფერი ვარ,
შორიდან მაინც მოგეფერები,
დიდი ხანია იმასაც ვხვდები,
უჩინარია ჩემი ფერები.

ვიცი, ზამთარიც გავიდა უტყვი,
ეს მე ვიყავი მეტყველი, ურცხვი,
გაზაფხულს ისე ვერ ვეგებები,
რომ ვიცი ჩემად არ მეგულები.

ალბათ დრო ყველა სევდას წაიღებს,
ვიცი და ამ დროს არ ვედროვები,
აღარ ვენდობი მარტის მზეს ისე,
ვეღარც სითბოს ვგრძნობ უცნაურს, ისეთს..

ლექსების რითმაც ვერ ჯდება თითქოს,
ამასაც ვგრძნობ და არაფერს ვითხოვ,
მაინც სტრიქონებს ვაწყობ ყოველდღე
ვაწყობ და ისევ  ლექსებად გიქსოვ...

იგ
მარტი, 2011



ვწერ რა

როცა ჩავუჯექ წერას,
 ვგრძნობდი ჩემს ბედის-წერას,
იტყვის ვიღაცა, მომწონს,
ზოგიც აღმოთქვამს, წერს-რა..
მაინც არა ჰგავს მწერალს..


და იყო მაშინ დარი,
ეს გული ავა-დ არი,
ფიქრშიც მეწვევა მუზა,
ვერ ვუშვებ მე ჩემს ღუზას..


მომეცით გასაქანი,
მომწყინდა ბრძოლა, ქარი,
არ მინდა გულზე ბზარი
და ვიყო აბეზარი.


ბოლოჯერ ვითვლი წამებს,
გჩერდი, ნუ მა-წამებ,
ვემსგავსე განა-წამებს,
მაინც ვერ გაგეცალე!


*
და თუ არ მოგწონთ თემა,
მიმეცით ანა-თემას!




იგ
მარტი, 2011

მაპატიე

შენც მაპატიე, უფალმა მაპატია,
სიყვარულის მეტი არა მაბადია,
ცხოვრება ერთი მწარე არაკია
არც რა მქონია და ესეც "ამახია".

დიახ, ბატონო,  დღეს მე
მითხოვია პატიება,
თქვენ შენდობა მიბოძეთ,
არ ვიცი,  ეს გული რაღაცამ
ბოლომდე გადარია..
ნუთუ ასე ყოფნა "მაგარია?!


იგ
მარტი, 2011

პ.ს. შენდობის დღეა და შემინდეთ მეც :)

Saturday, March 5, 2011

ზღაპარ იყო, ნაწილი I

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა ამ ქვეყანაზე და კიდევ იყო ზღაპარი, რომელიც ოდითგანვე ვრცელდება და გადაეცემა თაობებს.. რომელიც ძალიან გვიყვარს და გვინდა რომ რეალობა  ოდესღაც გაგონილ ტკბილ ზღაპარს დაემსგავსოს. ზღაპარს კი, რომელსაც მე გიამბობთ არ ვიცი საიდან მოვიდა და როგორ, მაგრამ ჩემს გონებაში კი ამოტივტივდა და მინდა რომ თქვენც გიამბოთ.. =)
მაშ ასე, შორეულ მხარეში, სადაც ზამთარ-ზაფხულ ხალისი იყო,  უცნაური არსებები ცხოვრობდბენ,  ქურქები ეცვათ: თეთრი, კრემისფერი და სერი. ისინი ორ ფეხზე დადიოდნენ, დაფრინავდნენ  კიდეც ხეებს შორის, წინა თათებს უშნოდ იქნევდნენ ,  ძალიან ბევრს ხმაურობდნენ და მხიარულობდნენ. მათ სახლები ხეეზეც ჰქონდათ და ხმელეთზეც. ვერ მიხვდით? ამ არსებებს ჩვენ ციყვებს ვეძახით. სწორედ ციყვები ბინადრობდნენ შორეულ მხარეში.. მათ შორის ყველაზე საყვარელი მაშო და დღნაშვო იყვნენ.. ორი განუყრელი მეგობარი, სულ ერთად რომ თამაშობდა, ცელქობდა და ირგვლივ ყველას ახალისებდა. დღნაშვო თავის ტოლებში ყველაზე საზრიანი და მხიარული გახლდათ, მაშო კი - პატარა და მორცხვი.. და უყვარდა მოცვი.. საოცარი კიდევ ის იყო, რომ ორივეს ფერადი სიზმრები ესიზმრებოდა და ისინი თავიაანთ სიზმარეთში ერთად მოგზაურობნდენ უცხო კუნძულზე, სადაც ბევრი თხილიანი ნაყინი, შოკოლადის სახლი და გასართობი იყო.. ცხოვრება ხალისიანდ მიდიოდა შორეულ მხარეში. მშობლები  შეჰხაროდნენ თავიაანთ ცელქ შვილებს..
ასე გადიოდა ცხოვრება, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა. მაშინ ზამთარი იდგა შორეულ მხარეში. თეთრად გადაპენტილიყო არე-მარე.. ფანტელები ცვიოდა ციდან და სახლებში შეყუჟული ციყვები ფანჯრიდან უცქერდნენ თოვას..
 მაშოს გარეთ არ უშვედნენ მშობლები, რადგან პატარა გოგოს სიცივეზე ფილტვების ნათება  ემართებოდა.. დღნაშვო კი დანავარდობდა თოვლში და თავის მეგობარს ფანჯარასთან მდგარი ზღაპრებს უყვებოდა. სწორედ იმ ზამთარს, მათ მხარეში დაუპატიჟებელი სტუმრები გამოჩნდნენ. ისინი ბევრად მოზრდილები იყვნენ ციყვებზე, თავისუფლად დადიოდნენ დედამიწაზე.. ფრენა კი არ შეეძლოთ, მაგრამ უნცაური მოწყობილობები ჰქოდათ და რაღაც ენაზე ესაუბრებოდნენ ერთმანეთს.
ზამთრის ერთ მზიან დილას, მაშო და დღნაშვო თოვლში ნაფეხურობანას რომ თამშობდნენ, რაღაც საამო სურნელი მისწვდა მათ პატარა ცხვირებს და გადაწყვიტეს უცხო სტუმრების სადგომის შორი ახლოს მისულიყვნენ.. უცებ, ზემოთ რომ აიხედეს, რამდენიმე წყვილი მიშტერებული თვალი დაინახეს, წრე შემოერტყათ მათთვის. მაშო შეკრთა და აეკრა მეგობარს, რომელიც იხტიბარს არ იტეხდა და მედგრად იდგა.
 მათი არ შეშინებია , ალერსიანი ხმები ჰქონდათ. ან, რატომ უნდა შეშინებოდა. ერთი მიუახლოვდა და რაღაც გაუწოდა.
"აი, რას ჰქონია ასეთი კარგი სუნი!" - გაიფიქრა დღნაშვომ, სულმა წასძლია.  მაშოსაც სიფრთხილე სულ დაავიწყდა (თუმცა დედა სულ აფრთხილებდა, უცხოებთან ახლოს არ მიხვიდეო) და გამასპინძლება მიიღო. ძალიან გემრიელი აღმოჩნდა. მერე კიდევ მიაწოდეს, ფერადი კამფეტები, ისეთი, სიზმარში რომ ხედავდნენ.  ამ დღის თავგადასავლით თავბრუ დახვეული ციყვები სახლში დაბრუნდნენ, მაგრამ  დედისთვის არაფერი უთქვამთ, მაინც  შეეშინდათ, არ  გაგვიბრაზდნენო..
უცხო სტუმრები ადამიანები აღმოჩნენ და პატარა ციყვებს დაუმეგობრდნენ. მაშო და დღნაშვო ყოველ დღე მიდიოდნენ მათთან და სხვადასხვა გემრიელობებით პირს იტკბარუნებდნენ..
უკვე ზამთრის მიწურული იყო, გაზახფულის ნიშნები შეიმჩნეოდა.. ენძელებმა აქა-იქ თავიც კი ამოყვეს. ცოცხლდებოდა შორეული მხარე და იბრუნებდა ძველ ხალისს.  ადამიანების ბანაკში კი ფუსფუსი დაიწყო. თითქოს წასასვლელად ემზადებოდნენ და ნელ-ნელა მათი საცხოვრებლის ნაცვლად შეკრული ბარგი გაჩნდა.. მაშო და დღნაშვო შორიდან თვალს ადევნებდნენ და გული სწყდებოდათ მათ რომ ვეღარ ნახავდნენ. მაშოს არ უყვარდა დამშვიდობება და გადაწყვიტა გასცლოდა მათ გამგზავრებას.. დღნაშვომ კი მათთან მისვლა არჩია..
შორეულ მხარეში უკვე მოსაღამოვებული იყო, რომ მაშოს თვალები ისევ ადამინების ყოფილი ბანაკებისკენ გაურბოდა..  დღნაშვო, მათთან გამოსამშვიდობებლად რომ მივიდა უკან აღარ დაბრუნებულა.. როგროც გაირკვა, ის ადამიანებს გაჰყა უცხო კუნძულზე, სადაც ცათამბჯენები და ბევრი საინტერესო რამ ხდება..
მაშოს მას შემდეგ ფერადი სიზმრები აღარ უნახავს, მისთვის ზღაპარი აღარავის მოუყოლია და მან დაიწყო ფიქრი იმაზე, როგორ ეპოვა თავისი მეგობარი დღნაშვო, როგორ ჩაეღწია უცხო კუნძულზე,  სადაც ადამიანები ცხოვრობენ და სადაც მას ყველაზე ძვირფასი არსება, მისი მეგობარი დღნაშვო ეგულობოდა.


პ.ს. დღნაშვო, ჩუმად  წავიდა,  უფრო გაიპარა, დატოვა მშობლები, თავისი მხარე, მასზე უზმოდ შეყვარებული მეგობარი,  მაგრამ მას ბევრი საინტერესო და სახალისო  თავგადასავალი გადახდა  ..


(გაგრძელება იქნება, რა თქმა უნდა ...)

იგ
მარტი, 2011

Friday, March 4, 2011

გაზაფხულია

გა ზა ფხუ ლი ა!
რა მარტივია
ზოგჯერ აღმოთქვა 
მე შენ მიყვარხარ!

განა რთულია, 
ახლართულია,
ფიქრები შორით 
გაფანტულია..

გა ზა ფხუ ლია!
და ცა ფერია,
დღეები გრძელია,
ხეებიც  მღერიან.. 

გა ზა ფხუ ლია! 
როცა სიცოცხლე  
გულს გვიხარია!
მე შენ მიყვარხარ
სათქმელად ალბათ ძნელია(?)

იგ
 2011 წელი

Tuesday, March 1, 2011

ისევ უცნობი ქალის წერილი..

"...გვიანი საღამოა.. არა ღამეა თითქმის.. ისედაც ხომ ზამთარია და ცივა, მაგრამ ამ ბოლო დროს მე ვიყინები.. 
გარეთ თოვს, წვიმს, ავდარია.. ისეა არეული ამინდი, როგორც ჩემი გონება.. ფეხით სახლში დაბრუნება ჩვევად მექცა..მიხარია ხოლმე როცა ნისლია და ნალექი.. ასე ცრემლებს ჩემს სახეზე ვერავინ შეამჩნევს.. 
თითქოს ხალხში ვტრიალებ, ბევრი საქმეც მაქვს, ბევრი მეგობარი მყავს, ოჯახის წევრებიც გარს მახვევია,  მაგრამ მაინც უსაშველო მარტოობას განვიცდი.. და გული მეწურება.. აქამდე ისიც არ ვიცოდი გული სად მქონდა, აი მაშინ კი, მკერდის არეში  აუტანელი ტკვილი რომ ვიგრძენი, მივხვდი რომ უგულო არ ვყოფილვარ.. შენ მიხვდი?
გავივლი, გამოვივლი და მინდა გითხრა, მიყვარხარ! იცი როგორ, რაღაც არა მიწიერად.. ალბათ ზეცაში უყვართ ასე და ამიტომ დედამიწაზე ჩემთვის  არ შეიძლება ვუყვარდე! 
"თითქოს ყველაფერმა აზრი დაკარგა ჩემს ირგვლივ შენს გარეშე. ურთიერთობას ვეღარ ვახერხებ ვერც სულიერთან და ვერც უსულოსთან. ისინი მე გამირბიან. თითქოს დაიცალა მთელი სამყარო და დავბორიალობ უსახო სიცარიელეში. დილით რომ ვიღვიძებ, საშინელი სევდა მომყვება ხოლმე სიზმარეული ქვეყნიდან"   და თუ სიზმარში გნახე, სულ გამირბიხარ, მსაყვედურობ.. მე მაინც მოგყვები ფეხდაფეხ და სადღაც კუთხეში ატუზული მათხოვარი ბავშვივით შემოგყურებ შორიდან ისიც.. შენ კი ბედნიერი, ამაყი და თავაწეული სხვას ეგებები...ე.ი. ძილიც კოშმარად მექცა.. 
.. მიჭირს გადაჩვევა შენი, მაგრამ სხვა გზას ვერ ვხედავ.. დროდადრო მახსენდება ფრაგმენტები და ცრემლები მახრჩობს.. მე ცუდად ვარ.. 
გარეთ კი ისევ თოვს თუ წვიმს ამინდსაც ვერ გაუგია.. მეც ვერ გამიგეს.. "

* * * 

აი, ასეთი გზაარეულის წერილებსაც შევხვდი ცხოვრებაში.. ბევრი რამ მეც არ მესმის.. 


იგ

მარტი, 2011 წელი