Thursday, June 30, 2011

=(

გული რომ მტკივა, 
რა ვქნა?
მინდა ვიტირო, 
ცრემელბი არ მაქვს,
ეს გოგო  უკვე არც მგავს,
მინდა გავფრინდე მაღლა, 
სულ ზემოთ, ახლოს ცასთან..
მინდა ვილოცო ხატთან, 
ანდა გათენდეს მართლა...


იგ
2011 წელი 
 

Saturday, June 25, 2011

"მინდა გაკოცო, მაკოცოო... "



უკვე მეორე კვირაა იძულებითი შიდა პატიმრობა მაქვს.. 
ამასობაში კი ბევრი რამე შეიცვალა, ჩემი ცნობიერების ჩათვილით.
გავიგე, რომ აწი  ჩვენი მშვენიერი თბილი ქალაქის  გალამაზებულ პარკებსა და სკვერებში ამბორი რომ მოგვინდეს მიჯნურთან ან მეუღლესთან, GF-თან თუ BF-თან, დაგვაჯარიმებენ, გაგვაძევენ სკვერიდან და არა მარტო კოცნის გამო, არ უნდა "წამოვიპლაკოთ" (ფეხები დავალაგოთ  სკამზე).  გარდა ამისა, ქუჩაში და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში  ლუდის დალევაც იკრძალება.
არც ქუჩაში ზასაობაზე ვგიჟდები და ლუდი საერთოდაც არ მიყვარს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ასეთი ქცევების სანქცირება მიუღებელია,  საზოგადოების უმრავლესობა პიროვნული თავისუფლების ხელშეხებად აღიქვამს. თან ჩვენ ხომ ევროპას ვბაძავთ და კოცნა არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ არის აკრძალული. ამ სახით სიყვარუ­ლის გამოხატვას ზღუდავენ ინდოეთში, სამხრეთ აფრიკასა და სამხრეთ კორეაში. პაკისტანში კი წყვილს, რომელსაც საჯარო კოცნის დროს "წაასწრებენ", ქორწინების დამადასტურებელ ცნობას სთხოვენ - დაქორწინებულ მოსიყვარულე წყვილს უფრო მსუბუქი სასჯელი ელის, ვიდრე დაუ­ქორწინებელს. 
ასეთი აკრძალვების დაწესება ალბათ მისაღებია მხოლოს იმ შემთხვევაში, თუ კოცნა და ლუდის დალევა "ზღვარს გადავა", გარშემომყოფთა სიმშვიდეს და მყუდორებას დაარღვევს.
 პოსტს რომ ჩაიკითხავთ, ამ ლინკს გაყევით, გასული შაბათის პოსტსკრიპტუმი თუ არ გინახიათ. 
საჯაროდ კოცნის აკრძალვას კი ისეთი აჟიოტაჟი მოჰყვა, მგონი ასე გაზრდილ კომუნალურ  გადასახადზე არ უნერვიულიათ. სოციალურ ქსელებსა და ფორუმებზე განსჯის საგანი აკრძალული კოცნა და ლუდის დალევა  გახდა. 
მოკლედ, განსაკუთრებით ჩემი თანატოლი გოგო-ბიჭები და არა მარტო ისინი  ჩაებნენ საპროტესტო აქციაში,   რიყის ახლად გახსნილ პარკში  გუშინ (24/06) საღამოს თავიანთი რჩე­ულების  მიმართ სიყვარული საჯარო  კოცნით სახალხოდ გამოხატეს. "ივენთზე" მოსაწვევი მეც მივიღე სოციალურ ქსელში, ვერ მოგატყუებთ, არ წავსულვარ.. 
უბრალოდ დავფიქრდი, ფიქრისთვის  დრო კი ნამდვილად მქონდა.. ერთის მხრივ,  ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რატომაა ვიღაცისთვის შეურაცხმყოფელი, თუკი ჩემს შეყავრებულს ვაკოცებ? რატომ უნდა იყოს აკრძალული სითბოსა და სიყვარულის გამოხატვა ისეთი უწყინარი ფორმით, როგორიცაა კოცნა? მეტი საქმე არ აქვთ კანონმდებლებს და შემდგომში  კიდევ ბაღებისა და სკვერების დაცვის თანამშრომელბს  წყვილების თვალთვალის გარდა, არიქა როდის დაიწყებენ კოცნაობას შენიშვნა რომ მივცეთო??? მესმის, რომ გასაკეთებელი ბევრი აქვთ და შეუძლება აღარ იციან რა გააკეთონ.. 
მეორე მხრიდანაც შევხედე ამ ფაქტს, მე მშობელი (არ ვარ ჯერ მშობელი, მაგრამ), რომელიც ვასეირნებ/ვათამაშებ  ბავშვს და სკვერში "აპლაკული " წყვილი კოცნაობს.. ნამდვილად გავღიზიანდები და არ მომინდება ჩემმა პატარამ ამას შეხედოს, ნუ უდროოდ მაინც.. ყველაფერს კი თავისი დრო აქვს.. 
ბოლოს დასკვნა ასეთი გავაკეთე: ხალხო, გინდათ აკოცოთ, გაკოცონ, გვაკოცონ, ვაკოცოთ და ა.შ. ზღავარს მაინც ნუ გადავალთ, მთლად ამორ-ალურად რომ არ გამოვიდეს. 
პოსტსკრიპუმის სიუჟეტში  კი ნახავთ, რომ პარკში მჯდომი "მოზასავე" წყვილების ცქერით შეშფოთებული პენსიონერი ადამიანს და ძაღლს ადარებს ერთმანეთს. დავეთანხმოთ, რომ ადამიანებს იმპულსების მართვა შეგვიძლია ძაღლებისგან განსხვავებით და თან საქართველოში ვცხოვრობთ. =)
 ლუდისა და სხვა სასმელის აკძლავას რაც შეეხება, "დავსერჩე" ინტერნეტში და კანონიც გადავიკითხე,  მუხლი 171 შეგიძლიათ თქვენც იხილოთ.. კოცნის შესახებ ამკრძალავი ნორმატიულ აქტი კი ვერა მოვიძიე რა, თუმცა ისიც შევიტყვე ამასობაში, რომ რიყის პარკში (სხვაგან არ ვიცი), დაცვა კოცნას აღარ დაუშლის წყვილებს. ალბათ დათანხმდნენ დიდი ფანჯრიდან პარკის ხედის ხილვას კოცნით დაკავებული წყვილების ფონზე. =) 

და ბოლოს, აკრძალული ხილი გემრიელია და თავის დროზე თამბაქოს მოწევაც ხომ აიკრძალა.. რა აღარ ეწევიან თუ?! 

დიდი (ა)კრძალვით, 
იგ 
ივნისი, 2011 
   

Thursday, June 23, 2011

მე კი ვერ გავხდი..

ვერ გავხდი შენი რიგითი წუთი, 
ვერ შემამჩნიე და ვერ მიწამე, 
მას შემდეგ თან მდევს ტკივილი, სევდა..
ჩემს ბედისწერას მე ვყავარ მძევლად..

ვერ გავხდი შენი მუსიკის ჰანგი, 
კლასიკა, ჯაზი, ტანგო ან როკი..
აზრი აქვს ახლა ჩემს ყოფას ასე?
მირჩიეთ რამე,  მომეცით თოკი.. 

ვერ გავხდი შენთვის გაშლილი ქოლგა,
ან გადაშლილი წიგნი ცხოვრების,
ვინმემ მირჩიეთ რამე, რა მელის.. 
ცოტათი მაინც ვგავდე "ამელის".. 

მე გავხდი ერთი რიგითი თოვა, 
წვიმა, რომელიც უცბად არ მოდის,
მე გავხდი ერთი წარსულის ბორგვა,
ღამის სიზმარშიც შენ რომ გაურბი..  

მე ვარ ნაწილი,  ის ძველი ფოტო, 
ვლოცულობ, მიყვარს და  ისევ ვლოთობ...

 იგ
ივისი, 2011  


 ეს კი გიორგი ზანგურის ლექსი.. 

IG-ს ბლოგი "Across the universe"

"Across the universe"- სწორედ ასე ჰქვია ჩემს პირად ბლოგს, რომელიც 2010 წლის 7 აგვისტოს "დაიბადა"  და  მშვიდად არსებობს  თავის მოუსვენარ ავტორთან ერთად  =) 
არასდროს არავის უკითხია, რატომ ჰქვია  ბლოგს მაინცდამაინც  "Across the universe", მე მაინც გეტყვით, სწორედ სამყაროს გავლით ვცდილობ თქვენამდე მოსვლას და მეტი არაფერი.. 
მე ბავშვობიდან ვწერ. სანამ წერა-კითხვას ვისწავლიდი, იქამდე ზეპირად ვთხზავდი ათასგვარ ამბებს, უკვე მეორე კლასში კი რვეულში დავწერე ზღაპარი, რომელიც რამდენიმე ეგზემპლარად გადამიწერია და კითხვაზე: რას აკეთებ ირინა, რად გინდა ამდენი ცალი-ო, მიპასუხია, რომ ეს ჩემი წიგნია და უნდა გავყოდო-თქო. 
მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა, არა ერთი რვეული გაივსო ჩემი ნაწერით, უკვე დიდი გოგო ვარ, ჩემგან მწერალი ვერ დადგა, გიჟ-პოეტად კი სახლშიაც მაკურთხეს და მეგობრების წრეშიც. ამ ბლოგამდე სულ ჩემთვის ვწერდი, ეს ერთგვარი ჰობური თერაპიაა, განტვირთვა.. რაც მაწუხებდა და მაწუხებს, მიხაროდა და მიხარია, მტკივა და ა.შ. წერისას შვებას ვგრძნობ.. დიდი ვერაფერი თუ გამომდის ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ეს მე მშველის და ალბათ ბევრ სხვასაც. 
ადამიანის ცხოვრებაში კი ბევრი რამ იცვლება, ერთ მშვენიერ დღეს, ჩემშიც ბევრი უცნაური რამ მოხდა, უცებ ისიც მომინდა ჩემი ნაწერი ვინმე სხვას წაეკითხა, მომინდა გამეზიარებინა ამდენი დაგროვილი ნაჩხაპნი..  ამისთვის კი კარგი საშულებაა გქონდეს ბლოგი, ერთგვარი საიტივით, სადაც შესაძლებელია საკუთარი ნაწერის გამოქვეყნება, "დაპოსტვა",  კომენტირება. რატომღაც Blogger-ის სერვისი ავირჩიე და ზუსტად ხუთ წუთში უკვე მქონდა ჩემი პირადი ბლოგი.  ერთი მე-ღა ვაკლდი ქართულ ბლოგოსფეროს და მეც "დავდგი ფეხი" აქა მშვიდობით.. 
მას შემდეგ მე და ჩემი ბლოგი რაღაცნაირად დამოკიდებულნი ვართ. ეს ჩემს გარეშე ვერ ძლებს და მე მის გარეშე ვერ აღმოვთქვავ სათქმელს თამამად.  
როგორც კი დროს ვიხელთებ თავისუფალს, მაშინვე ვცდილობ ახალ-ახალი ამოფრქვევები გამოვაცხო. 
 ჩვევად მექცა, ყოველ დღე შევამოწმო სტატისტიკა და მიხარია, რომ დღითი დღე იზრდება ჩემი ბლოგის "ვიუერთა" რაოდებობა, არადა დიდად არ ვაპიარებ ჩემს ბლოგს.. ჩემთვის მაქვს.. ნამდვილად სასიამოვნოა, რომ  არ გეზარებათ აქ შემოიჭყიტით, კომენტარი დამიტოვოთ.. 
Kiwi,  ყველაზე პირველი იყო, რომელმაც გზა დამილოცა ბლოგოსფეროში.. მადლობა კიწუნია  შენ.. 
მადლობა ყველას თქვენ, ვინც კითხულობთ.. ჩემს პატარა სამყაროში თქვენი ყოველი ვიზიტი მე აზარტს მმატებს და მიბიძგებს სულ უფრო მეტი სასიამოვნო პოსტი დაგახვედროთ.  გულწრფელად მივიღებ თქვენს კრიტიკასაც და გავითვალისწინებ. 
 სწორედ სტატისტიკამ და ძალიან ბევრმა გულწრფელად დადებითმა დამოკიდებულებამ გადამაფიქრებიანა ჩემი ბლოგის,  "Across the universe"-ის წაშლა, რაღაც მომენტში, მინდოდა გამექრო, მაგრამ არა, დაე იყოს.. და კეთილი იყოს ყოველთვის თქვენი აქ მობრძანება. 


იგ
ივნისი, 2011 
 

Wednesday, June 22, 2011

Odnoklassniki vs Facebook



არ გვინდა კამათი, ისედაც ხომ ყველამ ვიცით, ორივე -Odnoklassniki (ოდნო) და Facebook ერთი და იგივე ...  ნუ, ორივე ერთიდა იგივეა, სოციალური ქსელია,  მაგრამ მაინც რომელი სჯობს, მაინც, მაინც, ჰაა, მაინც??  გემოვნებაზე კი  არა დაობენ, მაგრამ სწორედაც გემოვნებაზე დაობენ. 
სოციალურ ქსელ Facebook-ზე დავპოსტე ერთხელ.. კატეგორიულად  და ხმამაღლა განვაცხადე მაშინ, რომ  აღარ მინდა ფეიბუქი-მეთქი, მაგრამ რატომაც არ მინდა-თქო და "ქომ ბექ"  გავაკეთე მალევე.. არა მარტო "ფეისბუქში", არამედ საზღვრები გავაფართოვე და ოდნო-ში "გავიჩითე".. ჩემდა საბედნიეროდ, მინდა ავღნიშნო, რომ ორივე შემთხვევაში მე ბევრისგან განსხვავებით ძალიან ვხალისობ, ზედმეტადაც კი.. 
და დღეს რატომღაც მომინდა, რომ შემედარებინა ეს ორი სოციალური ქსელი და განსაკუთრებით გატაცებულ ადამინებს მივცე საშუალება აირჩიონ რომელი უკეთესია.
"ოდნოები" -ის მთავარი არსი ძველი კარგად დავიწყებული  ნაცნობების პოვნის შესაძლებლობაა.  თუმცა, საქართველოში ის ძირითადად გოგოების დასაკერად გამოიყენება (ან, გამოიყენებოდა). პირველი ნაბიჯი ადრესატის  ყველა სურათის 5-ით  შეფასება და ორი კომენტარის დატოვებაა, სადაც აღნიშნავ, რომ რომ “ძაან მაგარი ფოტოა”. შემდეგ საქმეში ერთვება "სოობშენიე" – “ძაან ლამაზი ხარ”, რასაც თითქმის ერთდროულად მოჰყვება მისი “მადლობა” და “მონადირის” წამიერი რეაქცია: “შენი გაცნობა თუ შეიძლება?”. პასუხი კი უკვე გოგოს მიერ მის გვერდსა და პირად ფოტოებში ვოიაჟის შედეგზეა დამოკიდებული, აბა.. 
აი, ამდაგვარი ქმდება, რომ შენს "ვენახში" ვინმე შემოვიდეს დაუკითხავად "ფეისბუქში", გამორიცხულია, ისე ჩაკეტავ-ჩარაზავ იქაურობას, "ჩიტი"  ვერ გადაიფრენს..
და თუნდაც შემოვიდეს, კვალს ვერ დატოვებს.. 
"ოდნოში" კი  "გოსწები" ფიქსირდება..  და  თუ პროფილის გასაიდუმლოებას შეეცდები უცხოებისთვის, ვერ მოგვართვეს რუსებმა უფასოდ ეს და კიდევც სხვა მრავალი ფუნქცია. გადაიხადე და გახდი უჩინარი! 
 ისედაც მწირ ოდნოში, დარეგისტრირებაც თურმე ფასიანია (რა ვიცი, მე უფასოდ კი მოვასწარი.. ) ისე, რად უნდა უხადო ფული რუსულ fეესბეს არც მე მესმის.. ამ მხრივ, "ფეისბუქი"  სჯობს.. უფასოდ მაინც გაერთობი და შენს დაუკითხავად ვერასდროს აღმოაჩენ შენს თავს "ძაან ძერსკებში", "ჩაყვარლებში" ანდა "ძალით ლამაზებში" :D   
მე დალოცვილი რაღამ მიმიყვანა ამ "ოდნოში"? ან  რამ დამაბრუნა "ფეისბუქში? უბრალოდ ვერთობი..  ამისთვის დრო კი, ასე სახლში, იძულებით მოცლილად ჯდომისას გამომენახა.. 21-ე საუკუნის ანდაზა დამემართა: " უსაქმური კაცი Facebook-ზე ტესტს ავსებდა,  Odnoklassnik-ში გულაობდაო". 
ისე  მაინც, "ოდნოს"  ცუკენბერგის "ფეისბუქი" სჯობს.. სოციალურ ქსელში მაინც მოვშორდეთ რუსულ fეესბეს. 
საბოლოოდ კი, არც ერთია და არც მეორე იმის ფასი, პირადი ურთიერთობები ვანაცვალოთ. 
მაინცდამაინც საქვეყნოდ "ვოლზე" არ დავწეროთ, რომ გვშია და გვეძინება.. ჯგუ–FUU-რად არ გამოვხატოთ უაზრო აზრები. 
და რადგან, ოჯახი ხრამია,  ერთი სოციალური ქსელი მაინც ეგდოს..  
"ოდნოები" VS "ფეისბუქი"
"ფეისბუქი"  ჯობიაო.. სხვა თუ არაფერი, აქ მაინც შედარებით დაცულია ადამიანის  კონფიდენციალობა =)
თან იცოდით თუ არა არ ვიცი, ეგვიპტეში მომხდარ რევოლუციას რომ სხვაგვარად „სოციალური ქსელების რევოლუციად“ მოიხსენიებენ, არავისთვის საიდუმლოს აღარ წარმოადგენს. ამ ქვეყანაში გამოსვლები სწორედ საშუალო ფენამ დაიწყო, რომელსაც ხელი მიუწვდებოდა კომპიუტერსა და ინტერნეტზე. პირველი საპროტესტო შეხვედრის თარიღი სწორედ „ფეისბუქზე“ იყო მითითებული და საპროტესტო მიტინგების ადგილად ტაჰრირის მოედანიც ამ სოციალურ ქსელში გახსნილ ჯგუფზე იყო მითითებული. ჯგუფის გახსნიდან ორ დღეში აქ გაწევრიანებულ ეგვიპტელთა რაოდენობამ 100.000 მიაღწია. ამდენი „ლაიქი“ ასე მოკლე დროის განმავლობაში „ფეისბუქზე“ არც ერთ ჯგუფს არ ახსოვს.  პირველი საპროტესტო მიტინგის შემდეგ ეგვიპტის ხელისუფლება გონს მოეგო და ინტერნეტის ბლოკირება გადაწყვიტა, თუმცა, ბოთლიდან უკვე გამოშვებული ჯინის უკან ჩაბრუნება შეუძლებელი აღმოჩნდა. და სულ მალე მადლიერმა ეგვიპტლემა - 20 წლის ჯამალ იბრაგიმმა საკუთარ ახლადდაბადებულ ქალიშვილს სახელად Facebook დაარქვა. 
ასეთი რამე ღმერთმა გვაშოროს , რევოლუციაც და ახალდაბადებული ჩვილები სახელად  Facebook.. 

 

იგ
ივნისი, 2011 

Tuesday, June 21, 2011

გიორგი ზანგური: "მანძილი"

ყველაზე სულის ნაწილებს,
ყველაზე ღრმას და მიუღწევს,
ერთი სული აქვს გესცილდეს
ტანს და ვარსკვლავებს მიუწვეს.

ყველაზე ცოდვის ატანას,
ყველაზე უხმოდ ტარებას,
მე დავამარცხებ სატანას _
ძილში კოშმარულ ზმანებას.

ყველაზე უთქმელ ტრფობას და
ყველაზე ფარულ ამბორებს,
შევხვდები ტყემლის თოვასთან
ჩემი ლექსების გამგონეს.

ყველაზე თეთრი ფანტელის
ყველაზე ცივი შეხებით
წელში გამტყდარი სანთელის
ცოდვილ ვედრებას შევხვდები.

ყველაზე სევდის გაძლება,
ყველაზე ტანჯვის ლახვარი,
ცისფერ ვენებში დაძვრება
სისხლი, უგულოდ ნახმარი.

ყველაზე დედის ლოცვებმა,
ყველაზე იავნანინა,
დღეს მიმატოვა ოცნებამ
ყველაზე ჩემიანიდან.

ყველაზე ტრაგიკომედის
ყველაზე ამტან ჰისტრიონს
სჭირდება ძალა კომეტის,
რომ თქვენს სურვილებს მისდიოს.

ყველაზე დიდი ბიძგიდან,
ყველაზე გულის ნაწილი
მჭირდება დედამიწიდან
ცას გასაფრენი მანძილი.

. . . . . . . . . . .: არ მიყვარს: ცუდი ხასიათის ადამიანები – ჩემი უხასი...

. . . . . . . . . . .: არ მიყვარს:

ცუდი ხასიათის ადამიანები – ჩემი უხასი...:

"არ მიყვარს:

ცუდი ხასიათის ადამიანები - ჩემი უხასიათობაც მყოფნის,

სიზმრის რაინდებზე დანიშნული,

უაზროდ შეყვარებული ქალები,

რომანის გმირების ასლები,

გამორჩენის მიზნით გაჩენილი რომანტიკოსები,

ალერსით დაღლილი წყვილები,

უმისამართო ღიმილი,

არამიწიერი სინაზე,

კოცნამდე ახსნილი სიყვარული.

სტუმრებისთვის დადგმული საქორწინო ცერემონიალი,

ძალიან საქმიანი, დაკავებული, "მეჩქარება ადამიანები",

ყვავილების ჩვეულებრივი თვალებით გამყიდველები,

საკუთარი შემოქმედებით აღფრთოვანებული შემოქმედები,

უაზროდ ბედნიერები,

სხვისი პირჯვრის წერის დროს გახსენებული რწმენა,

მთელი სიცოცხლის მანძილზე

არცერთხელღამეგანათენები ადამიანი.

მკერდდაკოცნილი ქალწულები,

უშრომლად მდიდრები,

ამპარტავანი თავმდაბლები,

ყველაფრის უფლებად აღქმული თავისუფლება,

სუფრაზე აცრემლებული პატრიოტები,

მარტოსულები ჩემი ჩათვლით,

ძალის მოყვარული ცოლები,

მორალის მქადაგებელი შინაბერები,

მტერის მტერთან ძმადნაფიცები,

ფულით აშენებული მზეთუნახავების სასახლეები,

ზარმაცი მეოცნებენი,

უშეცდომო სიყვარული,

ზამთრის სითბო,

ზაფხულის სიცივე,

წინასწარ გათვლილი დღეების განრიგი,

მშობლების მიერ შერჩეული შვილების მომავალი,

ლხინის მეგობრები,

სუფთად დაწერილი ლექსი,

ფხიზლად დატოვებული ქართული სუფრა.

განათლებული კაცის მტვრიანი ბიბლიოთეკა,

კომპლიმენტის მომლოდნე ლამაზი ქალი,

სიმშვიდის მოყვარული პოეტი,

მტირალა მასხარა,

საფლავში ჩაყოლილი ჭირისუფალი,

ლამაზი კაცი,

ომის არმნახველი სახელწიფო,

საკუთარ ნაკლოვანებებზე თვალდახუჭული ოსტორია,

თამაშით დაღლილი მსახიობი,

ორიგინალობისთვის გამოწვეული სევდა,

უსიზმრო ძილი,

დაგვიანებული პაემანი.


გიორგი ზანგური

Monday, June 20, 2011

მე და ღამე (ჩემი ვერსია)

ღამეა და სიჩუმეა, 
ვარსკვლავებით მოჭედილა ზეცა, 
მთვარის შუქით განათებულ არემარეს
ოცნებების საბურველში სძინავს. 
ჩემს სარკმლის წინ მოფარფატე სიზმარივით,
სიო არხევს იასამანს ცვრიანს,
თავს მიქნევს და მეუბნება რომ ჩემს ნაღველს
მხოლოდ შენი სიყვარული ჰქვია.. 


იგ
12/02/2005 წელი


პ.ს. თებევალი ყოფილა, ნეტავ,  იმ სიცივეში რა დროს  მესიყარულებოდა, არემარე იყინებოდა თურმე.. :D :D 
და ვაი, რომ "იასამანს გაუუხუნდა ფერიიიი", აი მანდ, უკაცრავად და "დამერხა.."  
   

ღამენათევი პოეტები

რით ვერ დავიღალეთ პოეტები
რით არ გვასვენებს მუზა
ბოლომდე ისიც ვერ გაგვიგია
ქვეყნად "გზები" არის თუ "გზა"

რით ვერ დავიღალეთ მოგონებით
რით ვერ დავიტიეთ რითმა
სიზმარში ნანახი გოგონებით
გულში დარჩენილმა მითმა

როგორ ვერ დავიოკეთ სურვილები
როგორ ვერ ვხვდებით რა გვსურს
თუ კი არაფერს არ ვიგონებთ
რატომ ვერ ვივიწყებთ წარსულს...

 რით ვერ დავიღალეთ პოეტები..



ლ.კვანტალიანი (www.lasharela.com)

მე:
მართლა ვერ დამღალა უძილობამ, 
ტკივილმა დიდმა, ათას გზის..
მართლა არ მეშვება მოგონება, 
თითქოს ბედისწერა ახლაც მცდის..




2011 წელი  

 

წყლის მეფე და მისი შვილიშვილები (XX-XXI სს.)

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა.
 წყლის სამეფოში მეფობდა ძლევამოსილი ხელმწიფე, მეფე არჩილი. სამეფო წყლის ქვეშ სულაც არ მდებარეობდა, ხმელეთზე იყო, წყლის სამეფო  კი იმიტომ ეწოდა, რომ ხმელეთზე დიდი ფართობი წყალს ეკავა, ყოველი ფეხის ნაბიჯზეც წყარო თუ რუ მოედინებოდა. წყალუხვ სახელმწიფოში წყალს არ აფასებდნენ იქაური მოქალაქეები. მეფეს კი გული სტკიოდა ძალიან და ცდილობდა წყლის სიყვარული ჩაენერგა ხალხში, მაგრამ ამაოდ. სამეფო კარზეც ბევრი წყალი იღვრებოდა უქმად. არადა, უბრალო წყალი კი არ იყო, მიედინებოდა და თან მთისა და ბარის ამბავს ყვებოდა, ღიღინებდა წყნარად.. ხანდახან ბრაზდებოდა კიდეც და აბობოქრებული ზვირთები გადაედინებოდა კალაპოტიდან.. მიანგრ-მოანგრევდა იქაურობას და გული არ უძლებდა მაინც, ინდობდა ადამიანებს, წყნარდებოდა უმალ. 
მეფე არჩილის ცდა უიმედო არ გამოდგა, წყლის სიყვარული მის შვილიშვილებს  დაჰყვათ. სამეფო კარზე სამი ასული და ერთი ტახტის მემკვიდრე იზრდებოდა. მათ წყალი ძალიან უყვარდათ. წყლის გარეშე ცხვორება არ შეეძლოთ. პატივსაც ცემდნენ და უფრთხილდებოდნენ, უყაირათოდ არ აქცევდნენ და წყალიც მათი მადლიერი იყო ფრიად.  თუმცა, ერთი და ორი კაცის სიყვარული რას გახდებოდა. 
წყლის სამეფოში ყველა ამჩნევდა, რომ წყლის დონე სულ უფრო და უფრო მცირდებოდა და წყალი სადღაც მიდიოდა. მეფე არჩილი და მთელი სამეფო კარი ცდილობდა  წყლის დარწმუნებაში, რომ სამეფოში დარჩენილიყო, მაგრამ ერთი მშვენიერი დღე დედაქალაქში წყლის გარეშე გათენდა. აქა-იქ თუ მოწანწკარებდა. ისიც იმ უბნებში, სადაც წყლის ფასი იცოდნენ. სულ მალე კი წყალი სრულიად შეწყდა, დაშრა წყაროები, რუები, ტბები..  ზღვამ პირი იბრუნა შორს და მის ადგილას უზარმაზარი ღრმული გაჩნდა.. ტბების ადგილას მარილის ზვინი დადგა.. სამი დღიანი უწყლოობის შემდეგ წყლის  სამეფოში განგაშის ზარი დაირეკა.. 
აღარც გაწვიმებას აპირებდა.. ისედაც ცხელ ზაფხულს უჩანდა პირი და ასე უჩვეულო გვალვას თუ დაიჭერდა წყლის სამეფოში არავის ეგონა. ხალხი შეფიქრიანდა. დაღონებულიყო მეფე არჩილიც და საფიქრალს მიეცა. 
ადამინებს ახლაღა გაახსენდათ წყლის სიკეთე და უქმად გადაღვრილ წყალს მისტიროდნენ.  დღეები დღეებს მიჰყვებოდა და წყლის კვალი კი აღარ ჩანდა. ისე გაბრაზებულიყო წყლის მერი, აღარ უშვებდა თავის შენაკადებს აწ უკვე წყლის სამეფოში.  ადამიანებისთვის ჭკუის სწავლება კი გადაეწყვიტა, მაგრამ გული აღარა და აღარ უბრუნდებოდა მათკენ.
წყლის მეფის შვილიშვილებმა ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, გადაწყვიტეს დასდგომოდნენ გრძელ გზას, ჩასულიყვნენ წყლის სათავესთან და რადაც არ უნდა დასჯდომოდათ გული მოელბოთ წყლის მერისთვის და დაებრუნებინათ წყალი სამეფოში. რაც კი რამ დაჭკნობასა და გახმობას გადარჩენილი ყვავილი იყო, ლამაზი კალათები გააკეთეს, შიგ ძვირფასი ძღვენი მოათვსეს, შვეულმფრენიც მორთეს ყვავილებით და გაფრინდნენ წყლის მერთან შესახვედრათ,
მათმა შვეულმფრენმა, ყვავილებით მორთულ-მოკაზმულმა, ხანგრძლივი ფრენის შემდეგ  ჩააღწია ზღვის დონიდან 3000 მეტრზე. იქ, სადაც წყლის სათავე იყო და წყლის მერი აკონტროლებდა მთისა და ბარის წლის სადენებს. 
ხანგრძლივ  მოლაპარაკებებს ჰქონდა ადგილი.. კიდევ გავიდა დღე ერთი, ორი.. დედაქალაქში კი უწყლობით შეღონებულმა ხალხმა სუპერმარკეტებს მიაშულა.. იქიდანაც გაქრა გასაყიდად გამზადებული წყალი.. და ბოლოს კოკა-კოლაზე გადავიდნენ ადამინები.. სვავდნენ კიდეც და რეცხავდნენ კოლაში, ხეხავდნენ კოლათი და ა, შ. 
წყლის სათავეებთან კი  სამეფოდან ჩასული დელეგაცია მართავდა შეხვედრას.. მეფე არჩილის შვილიშვილების გულწრფელი თხოვნით, დაპირებით, რომ წყალი დაფასებული იქნებოდა სამი  დღის შემდეგ შედეგი გამოიღო. წყლის მერის მოთხოვნით, წყლის სამეფო დათანხმდა გამრიცხველიანებას. სამეფოში, თითოეულ ოჯახს  დახარჯული წყლის საზომი ექნებოდა და წყლის საფასურსაც  გადაიხდიდა.. 
ამის შემდეგ, წყლის სთავეებიდან წყალმა დაიწყო სვლა წყლის სამეფოსკენ.. პირველი წყლის წვეთი, სამეფო კარზე, მეფე არჩილის ონკანში გადმოვარდა ზუსტად საღამოს რვას რომ დაჰკრა საათმა.  მეფემ სასახლის აივნიდან სრულიად წყლის სამეფოს  აცნობა ახალი ამბავი..
დედაქალაქის ქუჩებში ფიესტა გაიმართა.. დიდი და პატარა ზეიმობდა წყლის დაბრუნებას ქალაქში.. მეფე არჩილის თხოვნით აღარ გამართულა სახალხო ბანაობა.. მორიდება იქონიეს ადამიანებმა.. 
მრიცხველების დაყენება  და საკანალიზაციო სისტემის გამართვა ეტაპობრივად მიმდინარებოდა და დღემდე გრძელდება თურმე..  
მეფე არჩილის  სამეფოში აღარ დასჭირვებიათ "მზია" და აღარც ონკანი დარჩენილა ტყუილად ღია.. 

ჭირი იქა, ლხინი აქა, 
ქატო იქა, ფქვილი აქა.. 


იგ
2011 წელი , ივნისი

Friday, June 17, 2011

ეს მშვენიერი ცხოვრება (It's a Wonderful Life)

,,ყოველთვის როდესაც ზარი რეკავს,ანგელოზებიც ისხამენ ფრთებს".

  ადამიანები ვერ ხვდებიან თუ რა დიდი დანიშნულება აქვთ მათ ამ ცხოვრებაში და რომ მათ სიცოცხლეზე მარტო ,,მათი სიცოცხლე" არ არის დამოკიდებული.  ხშირად გვესმის ამგვარი ფრაზები: ნეტავ,რატომ გავჩნდი, რატომ ვცოცხლობ, რატომ ვამძიმებ ამ დედამიწას და . ხშირად ვინც ამგვარად აზროვნებს,თვითმკვლელობითაც კი ასრულებს თავის ცხოვრებას, გამოგიტყდებით, მეც მიფიქრია, ხმამაღლადაც კი მითქვია, დამიწერია, მაგრამ  . . .
  როგორია ცხოვრება ჩვენთან ერთად და რა იქნებოდა იგი ჩვენს გარეშე? ,,ეს მშვენიერი ცხოვრება" წარმოგვიდგენს ერთი ჩვეულებრივი ადამიანის არაჩვეულებრივ ცხოვრებას და მისი სიცოცხლის გავლენას საზოგადოებაზე. ფილმი გვახსენებს,რომ თითოეული  ადამიანი განსაკუთრებულ როლს თამაშობს სამყაროს ისტორიაში და რომ ყოველთვის არსებობს მიზეზი იმისა,რომ ბედნიერად იგრძნო თავი და თქვა, თუ რა  მშვენიერია ეს ცხოვრება! ფილმი გვეუბნება, რომ სიმდიდრე იმით კი არ განისაზღვრება, თუ რას ვფლობთ, არამედ იმით,თუ რისი გაცემა შეგვიძლია და რომ   ყოველი ადამიანი მდიდარია, ვისაც მეგობრები ჰყავს. არ ვიცი, ალბათ შემიძლია ვთქვა, რომ მეც მყავს ბევრი მეგობარი.. 
ფილმის მიმოხილვას გთავაზობთ, მაგრამ ამით არ დაკმაყოფილდეთ, ნახეთ =)
ჯორჯ ბეილი, პატარა სადაზღვეო კომპანიის მფლობელი გამოგონილ ამერიკულ ქალაქში ბედფორდ ფოლსი, პატიოსანი, თაბანგრძნობი, მოსიყვარულე ქმარი და მამა, დეპრესიაშია უსიამოვნებების გამო და თვითმკვლელობაზე ფიქრობს. აშკარაა, რომ ადამიანს, რომელიც უარს ამბობს ღმერთის ყველაზე დიდ მადლზე – სიცოცხლეზე – ესაჭიროება მფარველი–ანგელოზის დახმარებაში. და ზეცა მას გადასარჩენად კლარენსს გამოუშვებს, იმ მომენტისთვის ერთადერთ თავისუფალ მეორე ხარისხის ანგელოზს, სასიამოვნო, კეთილს, მაგრამ გამოუცდელს, რომელმაც ჯერ კიდევ ფრთებიც კი არ დაიმსახურა. თუ ის თავის სამსახურს კარგად გააკეთებს და შეძლებს ჯორჯის გადარწმუნებას უდიდესი ცოდვისგან, ის ფრთებს მიიღებს. დრო კი მას თითქმის არ დარჩა... კლარენსი ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას იპოვის – ის ჯორჯს აჩვენებს სამყაროს, რომელშიც ის არსებობს.  

ნახეთ ფილმი, ეს დრო უქმად არ დაგეკარგებათ ნამდვილად.. 

იგ
ივნისი, 2011