Monday, June 20, 2011

წყლის მეფე და მისი შვილიშვილები (XX-XXI სს.)

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა.
 წყლის სამეფოში მეფობდა ძლევამოსილი ხელმწიფე, მეფე არჩილი. სამეფო წყლის ქვეშ სულაც არ მდებარეობდა, ხმელეთზე იყო, წყლის სამეფო  კი იმიტომ ეწოდა, რომ ხმელეთზე დიდი ფართობი წყალს ეკავა, ყოველი ფეხის ნაბიჯზეც წყარო თუ რუ მოედინებოდა. წყალუხვ სახელმწიფოში წყალს არ აფასებდნენ იქაური მოქალაქეები. მეფეს კი გული სტკიოდა ძალიან და ცდილობდა წყლის სიყვარული ჩაენერგა ხალხში, მაგრამ ამაოდ. სამეფო კარზეც ბევრი წყალი იღვრებოდა უქმად. არადა, უბრალო წყალი კი არ იყო, მიედინებოდა და თან მთისა და ბარის ამბავს ყვებოდა, ღიღინებდა წყნარად.. ხანდახან ბრაზდებოდა კიდეც და აბობოქრებული ზვირთები გადაედინებოდა კალაპოტიდან.. მიანგრ-მოანგრევდა იქაურობას და გული არ უძლებდა მაინც, ინდობდა ადამიანებს, წყნარდებოდა უმალ. 
მეფე არჩილის ცდა უიმედო არ გამოდგა, წყლის სიყვარული მის შვილიშვილებს  დაჰყვათ. სამეფო კარზე სამი ასული და ერთი ტახტის მემკვიდრე იზრდებოდა. მათ წყალი ძალიან უყვარდათ. წყლის გარეშე ცხვორება არ შეეძლოთ. პატივსაც ცემდნენ და უფრთხილდებოდნენ, უყაირათოდ არ აქცევდნენ და წყალიც მათი მადლიერი იყო ფრიად.  თუმცა, ერთი და ორი კაცის სიყვარული რას გახდებოდა. 
წყლის სამეფოში ყველა ამჩნევდა, რომ წყლის დონე სულ უფრო და უფრო მცირდებოდა და წყალი სადღაც მიდიოდა. მეფე არჩილი და მთელი სამეფო კარი ცდილობდა  წყლის დარწმუნებაში, რომ სამეფოში დარჩენილიყო, მაგრამ ერთი მშვენიერი დღე დედაქალაქში წყლის გარეშე გათენდა. აქა-იქ თუ მოწანწკარებდა. ისიც იმ უბნებში, სადაც წყლის ფასი იცოდნენ. სულ მალე კი წყალი სრულიად შეწყდა, დაშრა წყაროები, რუები, ტბები..  ზღვამ პირი იბრუნა შორს და მის ადგილას უზარმაზარი ღრმული გაჩნდა.. ტბების ადგილას მარილის ზვინი დადგა.. სამი დღიანი უწყლოობის შემდეგ წყლის  სამეფოში განგაშის ზარი დაირეკა.. 
აღარც გაწვიმებას აპირებდა.. ისედაც ცხელ ზაფხულს უჩანდა პირი და ასე უჩვეულო გვალვას თუ დაიჭერდა წყლის სამეფოში არავის ეგონა. ხალხი შეფიქრიანდა. დაღონებულიყო მეფე არჩილიც და საფიქრალს მიეცა. 
ადამინებს ახლაღა გაახსენდათ წყლის სიკეთე და უქმად გადაღვრილ წყალს მისტიროდნენ.  დღეები დღეებს მიჰყვებოდა და წყლის კვალი კი აღარ ჩანდა. ისე გაბრაზებულიყო წყლის მერი, აღარ უშვებდა თავის შენაკადებს აწ უკვე წყლის სამეფოში.  ადამიანებისთვის ჭკუის სწავლება კი გადაეწყვიტა, მაგრამ გული აღარა და აღარ უბრუნდებოდა მათკენ.
წყლის მეფის შვილიშვილებმა ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, გადაწყვიტეს დასდგომოდნენ გრძელ გზას, ჩასულიყვნენ წყლის სათავესთან და რადაც არ უნდა დასჯდომოდათ გული მოელბოთ წყლის მერისთვის და დაებრუნებინათ წყალი სამეფოში. რაც კი რამ დაჭკნობასა და გახმობას გადარჩენილი ყვავილი იყო, ლამაზი კალათები გააკეთეს, შიგ ძვირფასი ძღვენი მოათვსეს, შვეულმფრენიც მორთეს ყვავილებით და გაფრინდნენ წყლის მერთან შესახვედრათ,
მათმა შვეულმფრენმა, ყვავილებით მორთულ-მოკაზმულმა, ხანგრძლივი ფრენის შემდეგ  ჩააღწია ზღვის დონიდან 3000 მეტრზე. იქ, სადაც წყლის სათავე იყო და წყლის მერი აკონტროლებდა მთისა და ბარის წლის სადენებს. 
ხანგრძლივ  მოლაპარაკებებს ჰქონდა ადგილი.. კიდევ გავიდა დღე ერთი, ორი.. დედაქალაქში კი უწყლობით შეღონებულმა ხალხმა სუპერმარკეტებს მიაშულა.. იქიდანაც გაქრა გასაყიდად გამზადებული წყალი.. და ბოლოს კოკა-კოლაზე გადავიდნენ ადამინები.. სვავდნენ კიდეც და რეცხავდნენ კოლაში, ხეხავდნენ კოლათი და ა, შ. 
წყლის სათავეებთან კი  სამეფოდან ჩასული დელეგაცია მართავდა შეხვედრას.. მეფე არჩილის შვილიშვილების გულწრფელი თხოვნით, დაპირებით, რომ წყალი დაფასებული იქნებოდა სამი  დღის შემდეგ შედეგი გამოიღო. წყლის მერის მოთხოვნით, წყლის სამეფო დათანხმდა გამრიცხველიანებას. სამეფოში, თითოეულ ოჯახს  დახარჯული წყლის საზომი ექნებოდა და წყლის საფასურსაც  გადაიხდიდა.. 
ამის შემდეგ, წყლის სთავეებიდან წყალმა დაიწყო სვლა წყლის სამეფოსკენ.. პირველი წყლის წვეთი, სამეფო კარზე, მეფე არჩილის ონკანში გადმოვარდა ზუსტად საღამოს რვას რომ დაჰკრა საათმა.  მეფემ სასახლის აივნიდან სრულიად წყლის სამეფოს  აცნობა ახალი ამბავი..
დედაქალაქის ქუჩებში ფიესტა გაიმართა.. დიდი და პატარა ზეიმობდა წყლის დაბრუნებას ქალაქში.. მეფე არჩილის თხოვნით აღარ გამართულა სახალხო ბანაობა.. მორიდება იქონიეს ადამიანებმა.. 
მრიცხველების დაყენება  და საკანალიზაციო სისტემის გამართვა ეტაპობრივად მიმდინარებოდა და დღემდე გრძელდება თურმე..  
მეფე არჩილის  სამეფოში აღარ დასჭირვებიათ "მზია" და აღარც ონკანი დარჩენილა ტყუილად ღია.. 

ჭირი იქა, ლხინი აქა, 
ქატო იქა, ფქვილი აქა.. 


იგ
2011 წელი , ივნისი

No comments:

Post a Comment