Saturday, April 30, 2011

აღარ..

აღარ ვიფიქრო შენზე, 
ანუ ხვალინდელ დღეზე? 
 აღარ დავწერო მეტი?
მაინც თვლით,  რომ ვარ ცეტი,

 და რა იქნება მერე?
ვერ დავინახავ ფერებს,
შენს ხელებს, სხვის ნაფერებს
დარდი წალეკავს ბგერებს..

აღარ დავწერო მეტი?
ანდა რამეღა მეთქმის?
ჩემი ხმა შენ არ გესმის,
შენი სიჩუმე მწარედ
თავს ისევ ხშირად მესხმის....

იგ
აპრილი, 2011 

.

Monday, April 25, 2011

ირინა დეიდას და ბორია პაპას ზღაპარი (ანუ ნიკოლოზის ზღაპრები) I

შესავალი:  
ამ აღდგომას კახეთში შევხვდი, მთელმა ოჯახმა უფროსიან-უმცროსიანად ერთად მოვიყარეთ თავი, ისეთი ბედნიერი ვიყავი  ყველას ერთად რომ ვხედავდი!.. ჩვენი ოჯახური სამყაროს ღერძი კი მხოლოდ ერთი საოცრად თბილი, უსაყვარლესი არსების გარშემო ტრიალებდა (ტრიალებს და იტრიალებს) ჩემი დის შვილის, ნიკოლოზის გარშემო.. აღმოვაჩინე, რომ მამაჩემი, ანუ  ნიკოლოზის ბორია პაპა, აქამდე თუ მხოლოდ შაირობდა, თურმე კარგი მეზღაპრეც ყოფილა, არადა გეფიცებით, ჩემთვის ზღაპარი არ მოუყოლია, არც ჩემი დისთვის.. ნიკოლოზს კი.. ოღონდ ეჭამა საჭმელი და მზად ვიყავით მეც და მამაც ყირაზე დავმდგარიყავით.. და ეს ზღაპარი, რომელსაც წაიკითხავთ, სერიებად გაგრძელდება, ასე დავიწყეთ მე და მამამ.. დუეტში ძალიან საყვარელი ზღაპარი გამოგვივიდა (მგონი =))


 * * *
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, აღმოსავლეთის ერთ ბარაქიან მხარეში ძლევამოსილი სახელმწიფო არსებობდა, სადაც დედოფლის წყარო მოედინებოდა, ამ წყაროში განბანილნი კი საოცრად ლამაზდებოდნენ. სამეფოს  მოხუცი   მეფე განაგებდა, იგი იყო ჭკვიანი, მაგრამ ზოგჯერ მრისხანეც. ამ ქვეყნის დედოფალი კი განთქმული იყო თავისი აქიმობით, ჰკურნავდა დიდსა და პატარას .. მეფე- დედოფალი ცნობილი იყვნენ არა მარტო  აყვავებული სამეფოთი და ხალხთა კურნებით, მათ ულამაზესი ასულიც ჰყავდათ, გიშრისთმებიანი, მაყვალივით შავთვალება და  ირემივით მოხდენილი. პრინცესას საზრიანობასა და სილამაზეზე ბევრს ჰყვებოდნენ. 19 წლისა რომ გახდა მეფის ასული, მეფემ მეჯლისი გადაიხადა და შეათვალიერა თავისი შვილის შესაფერისი საქმროები, მაგრამ თავისი ასული არავისთვის არ ემეტებოდა, ვერავინ ნახა  მოსაწონი. სამაგიეროდ პრინცესას თვალს არ გამოჰპარვია ბროლის მთის პრინცი, რომელიც მალვით უმზერდა მას და გულში ჩაუვარდა.. 
მეჯლისის შემდეგ, მეფის კარზე ბევრი უცნაური შეტყობინება და  საჩუქარი მოდიოდა  მთის ქვეყნიდან. პრინცი არ მალავდა თავის  გრძნობას მეფის ასულის მიმართ და ერთ მშვენიერ დღეს, ახალი წლის დამდეგს პრინცესამ მამას განუცხადა, რომ მას ბროლის მთის პრინცი უყვარდა და მხოლოდ მას გაჰყვებოდა ცოლად, სხვას არავის. და თუკი დაუშლიდა მოხუცი ხელმწიფე მასზე გათხოვებას, სამუდამოდ მონასტერში გამოიკეტავდა თავს.. მეფე შეშინდა, იცოდა თავისი შვილის ჯიუტი ხასიათის ამბავი და დასთანხმდა ნიშნობაზე.  მეფის ბრძანებით დიდებული სუფრა გაიშალა, დაპატიჟეს სამეფო კარის წარჩინებულნი და არა მარტო ისინი, ყველა ვისაც კი გული შერტკიოდა მეფის ოჯახზე, ნიშნობის ცერემონიას ესწრებოდა.. ბროლის მთის ამალას კი შეაგვიანდა, უამინდობის გამო და პრინცესა შეშინდა, ვაი თუ აღარ ვუყვარვარ ჩემს პრინცს და  გადაიფიქრა ჩემი ცოლად შერთავაო.. სად იყო და სად არა, ლურჯა ცხენზე ამხედრებულმა უფლისწულმა და მისმა მეგობარმა შემოაგელვეს ბედაურები სასახლის ეზოში, მათ უკან მოჰყვებოდნენ ბროლის მთის მეფე, დედოფალი და მამიდა მისი.
გაიმართა ნიშნობის ცერემონია. უსაზღვროდ ბედნიერი იყო პრინცესა. ხარობდნენ მისი სიხარულით გარშემო მყოფნი. მოხუც მეფეს თვალები მოწყლიანებოდა და არც ბროლის მთის უფლისწულისთვის ემეტებოდა შვილი, დედოფალს კი სათვალე გაეკეთებინა, რომ კარგად შეეთვალიერებინა მომავალი სიძე და სახეზე ხან კმაყოფილი და ხანაც უკმაყოფილო ღიმილი დასთამაშებდა.. სიძეს დაუწუნა, რატომ არ არის ისე შემოსილი, როგორც პრინცს ეკადრებაო..მას მუდამ სპორტული ტანისამოსი ემოსა.
მაგრამ რაღას იზამდნენ მშობლები, დალოცეს შვილი და ერთ თვეში გადაიხადეს შვიდ დღიანი ქორწილი, იმისთანა,  ყველა გოგონას რომ მოუნდებოდა ისეთი. ულამაზესი იყო პატარძალი, სამეფო კარის მკერავმა ყველაზე გრძელი და ლამაზი კაბა  შეუკერა. დედოფალმა კი შვილის ქორწილის დღეს ნება დართო ხალხს მის წყაროში ებანავათ, რომ გალამაზებულიყვნენ ქორწილისთვის. 
დიდი დროსტარება გაიმართა. დაჰკრეს დაფ-დაფები, დოლ-გარმონი და კიდევ ბევრი უცნაუროი საკრავები.. ცეკვავდნენ და მღეროდნენ. აცეკვდა მოხუცი მეფეც და ცეკვისას უცებ გვირგვინი გადაუვარდა..  ყველა გაშტერდა, რადგან მეფეს ყურები ჰქონდა იმხელა, კაი ვირს შეშურდებოდა.. მაგრამ დედოფალმა, განმუხტა უხერხულობა, როგორც ყოველთვის და ხალხს ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინა,, 
შვიდ დღიანი დროსტარების შემდეგ, ნამთვრალევი და დამხიარულები ქვეყანა თავის ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, იმას კი ვერავინ შეეგუა, რომ,მათი საყვარელი პრინცესა ქორწილის შემდეგ ბროლის მთის სამეფოში გადავიდა საცხოვრებლად. 
აწ უკვე ბროლის მთის უმცროსი დედოფალს ენატრებოდა თავისი ლაღი სამშობლო, უჭირდა მთის მკაცრ პიროებთან შეგუება, მაგრამ თავის პრინცთან ერთად მას არცერთი სირთულის დაძლევის არ ეშინოდა. თითქოს ყველაფერი კარგად  მიდიოდა, მაგრამ ბევრს შეშურდა მისი სილამაზის მთაში და გადაწყვიტეს გაემწარებინათ. ათასი ჭორი მოუგონეს და ენა მიუტანეს  ბროლის მთის უფროსს დედოფალს, თითქოს მისი რძალი მოღალატედ შემოიპარა მათ ქვეყანაში და მის შვილს გონება აურია.. დედოფალმა დაიჯერა ერთგული მსახურების მოგონილი ტყუილი და გადაწყვიტა რადაც არ უნდა დასჯდომოდა, თავიდან მოეშორებინა თავისი შვილისთვის.. ბევრი განსაცდელი გამოიარა განებივრებულმა მეფის ასულმა, ბევრი ტანჯვა დაითბინა სიყვარულის სახელით და ამასობაში, 9 თვის თავზე პატარა უფლისწული დაიბადა, დედასავით ლამაზი, მაყვლისთვალება, გიშრის თმიანი, წითელ ლოყება ბიჭი.. 
მოხუცმა მეფემ და მისმა მეუღლემ, ისარგებლეს რა შვილის მოლოგინებით, სამშობლოში წამოიყვანეს პატარა უფლისწულათან ერთად მანამ, სანამ ბოლომდე არ გამოაჯანმრთელებდნენ.. 


გაგრძელება იქნება, თან მრავალი... 



იგ
აპრილი,2011 

ზ ღ ა პ ა რ ი სააღდგომოდ (გაგრძელება-დასასრული)

უცნაური სიზმარი კი ნახა, უბრალო კი არა, ფერადი.. სიზმარშიც აღდგომა იყო. სააღდგომოდ ბებიას ესტუმრა. .ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა ბებოს  სახლის წინ გადაშლილი მწვანე მოლი, ჩიტები ჭიკჭიკებდნენ, ეზოში დაბმული ფინია აეშვათ, ალბათ დღესასწაული რომ იყო იმასაც ეშველა და მოუსვენრად დასდევდა პეპლებს. მზე ანათებდა ისე, როგორც არასდროს. ბებია, გახარებული შვილიშვილის სტუმრობით, უფრო ხალისიანად დაფაცურობდა ეზოში და იმას ცდილობდა რა ეამებინა დიდი ხნის უნახავი შვილისვილისთვის, რომელიც ისევ ჩუმად დადიოდა ოთახიდან ოთახში, თითქოს რაღაცას ეძებდა. იგი მართლა ეძებდა რაღაცას და ეს პაპის დანატოვარი სკივრი იყო, ბებიამ დაპირდა, რომ ამ სკივრს სააღდგმოდ გახსნიდა. სწორედ ამ მომენტს ელოდებოდა გულის ფანცქალით. 
შუადღისას,  ბებიამ სუფრა გაშალა აივანზე, ტკიბლეულითა და ათასგვარი სასუსნავით  დაიხუნძლა მაგიდა  და სანამ სტუმრები მოვიდოდნენ, ბებიამ უხმო თავის საყვარელ შვილიშვილს და  დანაპირები სკივრი უჩვენა, თან უთხრა: 
- შვილო, კარგად დაიმახსოვრე ჩემი სიტყვა, აქ რასაც იპოვი და ჩემგან გაიგონებ, შენთვის შეინახე გულსა და გონებაში. შემდებ ბებიამ ახადა სკივრს თავი და იქიდან უძვირფასესი კალმისტარი და კომპასი ამოიღო. 
-ეს ჯადოსნური კალამია, ერთხელ პაპამ მოგზაურობისას   იპოვა, დაწერა კი ვცადეთ ამით, მაგრამ არაფერი გამოვიდა, თითქოს  გვეურჩებოდა და ხელშიც კი ვერ ვიჭერდით რომ დაგვეწერა.. ერთხელ კი, მოხდა სასწაული და კალმის გვერდით წერილი ვიპოვეთ, "ვინც ჩემი ღირსეული მფლობელი გახდება, ის იქნება ყველაზე უცნაური და საყვარელი მეზღაპრე"-ო.. მე და პაპაშენმა გადავწყვიტეთ, რომ შენთვის შეგვენახა, როგორც კი გაიზრდებოდი და ჭკუაში ჩავარდებოდი, გვეჩუქებინა. აიღე ეს კალმისტარი და გამოიყენე. ეს კომპასი კი, არც ეს გეგონოს უბრალო, ეს ცხოვრების კომპასია, ყოველთვის დაგეხმარება ცხოვრებაში, რომ სწორი გზიდან არ გადაუხვიო.. 
ისედაც ჩუმი ბიჭი  დუმილს მოეცვა, აღარ იცოდა რა ექნა.. რატომ უნდა გამოეყენებინა მაინცდამაინც მას ეს კალამი, ანდა კომპასი, არ იცოდა.. თუმცა-ღა გრძნობდა პაპის დანატოვარი საჩუქრის ფასს და ბებიას უცნაურად მოელვარე ჯადოსნური კალამი და კომპსი გამოართვა. სათუთად შეინახა და ხმა უპასუხა:
-ბებია ფრაუ, პირობას გაძლევ, რომ ამ კალამს და კოპმასს ღირსეულად გამოვიყენებ. 
ბებია გადაეხვია შვილიშვილს და დალოცა...
 ამასობაში სააღდგომო სუფრზე  სტუმრები ნელ-ნელა მოგროვდნენ და მხიარულობა გაიმართა.. უცნაური სიზმრის მორევში ჩაძირულმა ბიჭმა უცებ იგრძნო, თითქოს ვიღაცამ მოქაჩა ძლიერად.. და საიდღაციდან თავისი სახელის ძახილიც გაიგონა.. ბოლომდე ვერ გარკვეულიყო რა ხდებოდა, მაგრამ თვალები რომ გაახილა ვებერთელა თევზი დაინახა მის ანკესზე მობმული.. სახლის ფანჯრიდან კი დედა ეძახდა.. 
სახლი ხელდამშვენებული დაბრუნდა და გაახარა ყველა.. დედამ კი უთხრა, რომ სასწრაფოდ ბებიასთან წასულიყო სოფელში.  ბიჭს არ სჯეროდა, რომ სიზმარი თანდათან რეალობას ემსგავსებოდა.. მოულოდნელობით გაოგნებულმა ბიჭმა ისე მიაღწია ბებიის სახლს, ვერც კი გაიგო. მაშინ გამოერკვა ჭიკართან თავწაკრული ბებია რომ შეეგება.. ბებია ფრაუს მართლაც ჰქონდა უცნაური სააღდგომო საჩუქარი შვილიშვილისთვის, შავი ყუთში ჩადებული კალმისტარი და პაპის ნაქონი კომპასი.. როგორც კი ბებიამ დაიწყო სიტყვის თქმა, ბიჭმა შეაწყვეტინა:
-მე ყველაფერი ვიცი და მადლობა ბებია. 
ამ დღის მერე, სახლში დაბრუნებული ბიჭი ლაპარაკობდა და უფრო მეტიც.. სოცარ ამბებს ყვებოდა, სევდიანს რო გაამხიარულებდა და იმედ გაცრუებულს   ცხოვრების გზაზე აბრუნებდა.. ყველა გაოცებული იყო ქალაქში, აღდგომის მერე საოცრად შეცვლილი ჩუმი და მდუმარე ბიჭის კვალიც კი გამქრალიყო..  მის ადგილას გაჩნდა ადამიანი, რომელიც პატარებს და დიდებს ერთნაირად ახარებდა, ცხოვრებას უფრო ხალისიანს ხდიდა და მის გარეშე წამოუდგენელი იყო ამ ადამიანების ყოფა.. 
არავინ იცოდა, მაგრამ ქალბატონი სვითის და დურგალი ვუდის ვაჟი სწორედ რომ ჯადოსნური კალმით წერდა  ჯადოსნურ ზღაპრებს და მერე უამბობდა ხალხს.. კოპმასით კი არა მარტო თავისი, სხვათა ცხვორებასაც აძლევდა სწორ მიმართულებას.. 

ვინ იცის ახლა სად არის, როგორ არის, ან რა ერქვა მას სინამდვილეში, ეს მართლა არ ვიცი, არც არავინ იცის მგონი და როდესაც შემხვდება ხოლმე უცნობი მეზღაპრის ზღაპრები, მე ხვდები რომ ამ ბიჭის და მისი ჯადოსნური კალმის შემოქმედებაა.. და როდესაც მომდის ტკბილი ვანილის სურნელი, სულ ქალბატონი სვითი მახსენდება..  ახლა ალბათ თქვენც მიხვდებით.. ამ აღდგომის შემდეგ.. =)) =))

  P. S.  ისე, ჩემს ცხოვრებაშიც, როცა ძალიან მიჭირდა, სწორედ რომ ზღაპარმა ჰქმნა სასწაული და აი, იმ კოპმასმა, ცხოვრების კომპასი რომ რქმევია თურმე.. მგონი ის მეზღაპრე ბიჭი იყო რაღაცნაირად ჩემამდე მოსული და მას მერე დავსდევ მის ნაკვალევს.. 
არ მაქვს ჯადონური კალამი ნამდვილად, არც ცხოვრების ჯადოსნური კოპმასი, მაგრამ  მას შემდეგ მეც მეწერინება ზღაპრები =))

  P. P .S. ქრისტე აღსდგა!  მე ამ ზღაპრ(ივ)ით გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!  ღმერთს ებარებოდეთ! 

იგ
აპრილი, 2011 

Wednesday, April 20, 2011

ზ ღ ა პ ა რ ი სააღდგომოდ I

 დიდი ხნის წინ, ანუ მაშინ როცა ჯერ კიდევ არ არსებობდა საბეჭდი მანქანები, კომპიუტერები, პრინტერები და სხვადასხვა  ტექნიკის მიღწევები, არც თუ ისე შორეულ ქვეყნის ერთ პატარა კოხტა ქალაქში ლამაზი ტბის პირას მდებარე ხის სახლში ერთი უცნაური ბიჭი ცხოვრობდა. უცნაური იმიტომ რომ თითქმის არ ლაპარაკობდა, სამაგიეროდ, ისეთი მოქნილი იყო, რომ ბევრისთვის შეუძელებელ მოძრაობებს აკეთებდა  და ადვილად შეეძლო ხიდან ხეზე გადახტომაც, მაუგლისაც ეძახდნენ ამ ჩვენს უცნაურ ბიჭს. უტყვი კი იყო, მაგრამ ისეთი მეტყველი თვალები და სახე ჰქონდა, გარშემო ყველა ეუბნებოდა მამამისს,  ნამდვილ სასწაულს უნდა ელოდე მისგანო.სკოლაშიც გამორჩეულ მოსწავლედ ითვლებოდა.
 მის ოჯახს, მშობლებს პატარა ქალაქში კარგად იცნობდნენ, რადგან მამამისი დურგალი იყო და ხისგან საოცარ ნივთებს ამზადებდა. დედა  კი მთელს ქალაქში ყველაზე გემრიელ შოკოლადიან ფუნთუშებს აცხობდა. ყველას უყვარდა ქალბატონ სვითთან სტუმრობა და პირის ჩატკბარუნება.
დრო გადიოდა.. წელიწადის დროები იცვლებოდნენ თანმიმდევრობით..იზრდებოდნენ ბავშვები.. არ იცვლებოდა მხოლოდ პატარა ქალაქი, ის თავისი საინტერესო და მრავალფეროვანი მოსახლეობით  ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა ცხოვრებას. ქალბატონი სვითის სამზარეულოდან ისევ მოტკო,  ვანილის არომატით გაჟღენთილი სურნელი გამოდიოდა.  ამასობაში კი გაიზარდა მისი უცნაური შვილი, ძველებურად მშვიდი და ისევ მდუმარე..
-ნეტა როდემდე უნდა იყოს ასე?-კითხულობდნენ გარშემო..
-ისე, სულ რაღაცას უკირკიტებს, დაკვირვებულია, მაგრამ ხომ შეიძლება ხმა რომ ამოიღოს, არა?-ეკითხებოდენ ერთმანეთს მისი მეზობლები. 
მაშინ როცა ყველა ეჭვის თვალით შეჰყურებდა, თითქმის გიჟიც ეგონათ, ბიჭი მაინც წყბარად მიუყვებოდა თავის გზას და თავისი ლაღი სიჩუმით ყველას აოცებდა. 
გაზაფხული იდგა კოხტა პატარა ქალაქში, წინა სააღდგომო დღეები და  ყველა სახლში იღებებოდა კვერცხი, აცხობდნენ  პასკებს, ჯემიან ღვეზელებს. შაქრის პუდრა მოყრილ კრემიან "შუებს".
იმ დღესაც დილა მზიანი გათენდა, ჩიტების ჭიკჭიკს დაეყრუებინა არე-მარე, ხეებს  კვირტები აფეთქებოდა და საამო სურნელება თავბრუს ახვევდა ადამიანებს. აღდგომის სიხარულის გამო გარემო გარინდულიყო, თან თითქოს რაღაც სიახლე უნდა მომხდარიყო ყველას ცხოვრებაში. 
ბიჭმა სათევზაოდ გადაწყვიტა წასლვა. იჯდა იქვე ახლოში მდებარე ტბის პირას და თევზის მოლოდინში ჩასთვლიმა. სიზმარი ნახა... 



 (გაგრძელება იქნება...)

Saturday, April 16, 2011

პეიზაჟს მაინც აკლია სითბო

ისე აღარ წვიმს, გამოიდარა, 
გაზაფხულის მწუხრს  ნიავი უვლის,
შავმა ფერებმა პირი იცვალა, 
სავსე ფიალა რომ დაიცალა.. 

დღეს მეც  აღარ ვარ ისეთი ცივი, 
სადღაც შორიდან ტივი მოცურდა
მთვარესაც დაჰკრავს იმედის სხივი.. 

ბევრი გითხარი ჩემი სათქმელი,
დღეს კი სიტყვებსაც მე შენ გითმობ,
მახარებს შენი დანახვა თუმცა,
პეიზაჟს მაინც აკლია სითბო...


იგ,
2011 წელი 16 აპრილი 

Sunday, April 10, 2011

ვერ თუ არა?

ვერ  წაშლილი ფიქრები,
ვერ  დაღლილი მო-გონება,
ვერ  დამცხრალი გული,
ვერ  თუ არა?  ასე არის  რთული?
თვალსაც აღარ ეკარება რული,
ბევრი მესმის ჭორი მოარული..

ვერა, მაინც ვერ შევძელი წაშლა,
არაფერი უკვე აღარ მშველის,
ჩემს ოცნებას ჩამოეშვა ფარდა,
ვდგავარ მარტო უიმედო კართან..

იღვენთება სადღაც ბოლო წვეთი,
ძალ-ღონეს ვგრძნობ უკვე თითქმის აღარ,
ეს სასმისი ღვინით სავსე მგონი,
ჩემმა სისხლმა რომ შეღება მარად..

ვერა, მაინც ვერ შეძელი წაშლა,
გამარჯვების უკვე აღარ მწამს და...

იგ
აპრილი, 2011

Sunday, April 3, 2011

ისევ სველია ჩემი ფიქრები

ისევ სველია ჩემი ფიქრები,
ისევ დავეძებ ბედკრული შენს გზას,
ისევ უძილოდ გავიდა ღამე,
თვალზე არ შრება ნაკადი ცრემლთა,

შენს კართან მდოგმი დიდხანს ვიცდიდი,
არ მინანია არც ერთი წამი,
შენ არ ინებე, არ გადმომხედე,
ისევ  ამარიდე თვალი..

და თუ ოცნებას ცისკენ მივყავდი,
რაღაც უცნაურს ვგრძნობდი ამ გულში,
შენ თითქოს ახლოს მეგულებოდი
მაგრამ მაშინაც სხვაგან იყავი ...


იგ
აპრილი, 2011

მე მინდა, რომ. . .

მე მინდა, რომ             არ დაღამდეს მალე,
მე მინდა, რომ             კარგად ვიყო ხვალ(ე), 
მე მინდა, რომ             სევდა თან რომ მსდევდა, 
მე მინდა, რომ             ჩამომშორდეს ნელა..
მე მინდა, რომ             ცრემლი შემიმშრალოს დღემან, 
მე მინდა, რომ             შენ მოიშორო რიდი
მე მინდა, რომ             არ გარბოდე ჩემგან,
მე მინდა, რომ             შენ გხედავდე ყველგან..
მე მინდა, რომ             მზემან გაანათოს ყველა..  
მე მინდა, რომ             მაშინ, კარგად ვიყო ხვალ(ე)
მე მინდა, რომ             ყველაფერი ძნელი გამარტივდეს მალე...


იგ,
აპრილი, 2011 
 

მარად(ის)

ჩემი მუზა  დუმილს როცა არჩევდა,
მე  ვისწავლე ავ- კარგისა გარჩევა,
არ მეგონა ის თუ სხვას მე მარჩევდა,
დრო ერთ ადგილს მიეჯაჭვა, გაჩერდა.

დრო  მართლაც რომ  გაჩერდა ..
ის კი თითქოს ვერაფერს ვერ ამჩნევდა,
იყო დარი, წვიმა,  ქარი თავნება
მე სიყვარულს რად  დავუდექ თავდებად?!

მაშინ როცა ყველა ერთად დადუმდა,
ბედი ჩემი შორი გზისკენ გაბრუნდა,
რად მინდოდა მყვარებოდა მარად ის,
ჯობდა ამას განმესვენა მარადის! 


 იგ,
აპრილი, 2011 

Saturday, April 2, 2011

სოციალური ქსელი Facebook..

ნეტავ მართლა რაზე ფიქრობდა ცუკენბერგი სოციალური ქსელი Facebook-ი რომ შექმნა..
აი, ის კი ნამდვილად ვიცი, რომ  Facebook-ი მართლაც ყოველგვარი "friend request"-ის გარეშე შემოიჭრა ჩემს და არა მარტო ჩემს ცხოვრებაში, სწორედ Facebook-მა გადამიკეტა საბოლოოდ ნარჩენი ჭკუის ნატამალიც =)
XXI საუკუნის ანდაზა თუ გაგიგიათ? "Facebook-ის ფერმა ამეგობრებსო".. ნუ, ეს კი ჩემი მოგონილია, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასე იყო..
 როდესაც  Facebook-მა კონტაქტებისა და ურთიერთობების შენარჩუნების მარტივი გზა შემოგვთავაზა, ჩვენი ცხოვრების "გაზიარების" საშუალება მოგვცა და საკუთარი თავის რეკლამირებისთვის დიდი აუდიტორია შემოგვიკრიბა, მეგონა ცხოვრების იდეალურ მოდელს კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით. თუმცა, დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ პირადად ჩემი ყოფა უფრო უკან, პიროვნებისა და საზოგადოების რიგითი წევრის დასამარებისკენ მიდიოდა. არ ვიცი თქვენ როგორ ფიქრობთ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. სოციალური ქსელის მანია ნელ-ნელა როგორც ურთიერთობებს, ისე ჩვენს პირად ცხოვრებასა და საზოგადოებრივ სტატუსს ანადგურებს. როგორც ყველაფერს, ისე Facebook-საც აქვს გვერდითი მოვლენები.. დაუფიქრებლად არ უნდა "დავაკლიკოთ" ყველა ღილაკს წარწერით "Sign up".
თუ თქვენ მეტყვით, რომ სოციალური ქსელი Facebook-ი კარგი საშუალებაა შორეული ახლობლების ამბის გასაგებად, მე თქვენ გეტყვით, რომ ამაზე კარგი საშულებებიც არსეობს, თუნდაც  ჩემს თვალში ჯერ კიდევ საპატიო ადგილას მყოფი "Skype"-ი..
არა, მაინც რატომ ამოვიჩემე Facebook?!
იმიტმ რომ ლამის ჩემი მეგობრები რეალში ვერღარ ვიცანი რამდენიმე დღის წინ.. Facebook-მა მოგვცა საშუალება მეგობრებთან, ნაცნობებთან თუ უბრალოდ, საერთო ინტერესებისა თუ შეხედულებების მქონე ადამიანებთან ურთიერთობა პირადი შეხვედრის გარეშე გვქონდეს.ამ ფაქტით  მსოფლიოს წამყვანი ფსიქოლოგებიც  (გაეროსა და ევროკავშირივით :D) შეშფოთებას გამოხატავენ. როგორც ჩანს პირადმა ურთიერთობებმა ამ დროში ფასი დაკარგა.. მე "უარი" სწორედ ამიტომ ვუთხარი ცუკენბერგის Facebook-ს.
ამ ბოლო დროს ისიც აღმოვაჩინე, რომ Facebook-ში უაზრო თუ  აზრიანი (ამდაგვარი არა მახსოვს არა და)  ბოდიალის შედეგად  უფრო მალე დაიწყო დრო და ჟამმა სვლა ამ ისედაც აჩქარებული დედამიწის ფონზე. აღმოვაჩინე, რომ საათობით შემეძლო "ფერმის აშენება", თან განა საკუთარის?! ჩემსას რომ  აღარ დავჯერდი, მეზობლის "მიჯნაზე   გადავედი"..
ეს კიდევ არაფერი , უარესებიც ხდება, ხალხს  "Mafia Wars" უფრო აღელვებს, ვიდრე ერაყის, ლიბიისა თუ  ავღანეთის ომები".
მაგრამ მე გამოვფხიზლდი.. აი, "მეზობლის მიჯნაზე დამიჭირეს სწორედაც"  და მაშინ მივხვდი, რომ STOP!
 ახლა კი, Facebook-ში გასატარებელი საათების ნაცვლად ვკითხულობ, ვსწავლობ და გადავეჩვიე გზათა უკან ხეტიალს .. (პ.ს. ეს Facebook-ს გადავეჩვიე.. :)
 და ბოლოს რეზიუმე: ვიტყოდი, რომ ამა თუ იმ სოცილაური ქსელის, ფორუმებისა და ა.შ. გავლენა ადამიანებზე დამოკიდებულია თვითონ ადამიანის  ფსოქოლოგიურ კონდიციაზე.. მის ბუნებაზე, თუ  რამდენად მიცემს საშუალებას საკუთარ თავს ამ ყლვეფერში ჩაიძიროს..
და მათ, ვისაც თავზე მართლა დაათენდებათ სხვისი ფოტოების თვალიერებაში, ფერმისა თუ "მაფია ვორს"-ის თამაშში, კარგად დააკვირდეს ამ ფოტოებს და იხელმძღვანელოს  აქ მოყვანილი  ინსტრუქციით :)




N o b o d y

Nobody...
It is true:
I am for you nobody,
I have no face, no body,
No heart ..
Only bloody
Eyes always try
See you, guy..
But I am for you nobody,
With no face and no body!

 იგ,
აპრილი, 2011