Wednesday, April 20, 2011

ზ ღ ა პ ა რ ი სააღდგომოდ I

 დიდი ხნის წინ, ანუ მაშინ როცა ჯერ კიდევ არ არსებობდა საბეჭდი მანქანები, კომპიუტერები, პრინტერები და სხვადასხვა  ტექნიკის მიღწევები, არც თუ ისე შორეულ ქვეყნის ერთ პატარა კოხტა ქალაქში ლამაზი ტბის პირას მდებარე ხის სახლში ერთი უცნაური ბიჭი ცხოვრობდა. უცნაური იმიტომ რომ თითქმის არ ლაპარაკობდა, სამაგიეროდ, ისეთი მოქნილი იყო, რომ ბევრისთვის შეუძელებელ მოძრაობებს აკეთებდა  და ადვილად შეეძლო ხიდან ხეზე გადახტომაც, მაუგლისაც ეძახდნენ ამ ჩვენს უცნაურ ბიჭს. უტყვი კი იყო, მაგრამ ისეთი მეტყველი თვალები და სახე ჰქონდა, გარშემო ყველა ეუბნებოდა მამამისს,  ნამდვილ სასწაულს უნდა ელოდე მისგანო.სკოლაშიც გამორჩეულ მოსწავლედ ითვლებოდა.
 მის ოჯახს, მშობლებს პატარა ქალაქში კარგად იცნობდნენ, რადგან მამამისი დურგალი იყო და ხისგან საოცარ ნივთებს ამზადებდა. დედა  კი მთელს ქალაქში ყველაზე გემრიელ შოკოლადიან ფუნთუშებს აცხობდა. ყველას უყვარდა ქალბატონ სვითთან სტუმრობა და პირის ჩატკბარუნება.
დრო გადიოდა.. წელიწადის დროები იცვლებოდნენ თანმიმდევრობით..იზრდებოდნენ ბავშვები.. არ იცვლებოდა მხოლოდ პატარა ქალაქი, ის თავისი საინტერესო და მრავალფეროვანი მოსახლეობით  ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა ცხოვრებას. ქალბატონი სვითის სამზარეულოდან ისევ მოტკო,  ვანილის არომატით გაჟღენთილი სურნელი გამოდიოდა.  ამასობაში კი გაიზარდა მისი უცნაური შვილი, ძველებურად მშვიდი და ისევ მდუმარე..
-ნეტა როდემდე უნდა იყოს ასე?-კითხულობდნენ გარშემო..
-ისე, სულ რაღაცას უკირკიტებს, დაკვირვებულია, მაგრამ ხომ შეიძლება ხმა რომ ამოიღოს, არა?-ეკითხებოდენ ერთმანეთს მისი მეზობლები. 
მაშინ როცა ყველა ეჭვის თვალით შეჰყურებდა, თითქმის გიჟიც ეგონათ, ბიჭი მაინც წყბარად მიუყვებოდა თავის გზას და თავისი ლაღი სიჩუმით ყველას აოცებდა. 
გაზაფხული იდგა კოხტა პატარა ქალაქში, წინა სააღდგომო დღეები და  ყველა სახლში იღებებოდა კვერცხი, აცხობდნენ  პასკებს, ჯემიან ღვეზელებს. შაქრის პუდრა მოყრილ კრემიან "შუებს".
იმ დღესაც დილა მზიანი გათენდა, ჩიტების ჭიკჭიკს დაეყრუებინა არე-მარე, ხეებს  კვირტები აფეთქებოდა და საამო სურნელება თავბრუს ახვევდა ადამიანებს. აღდგომის სიხარულის გამო გარემო გარინდულიყო, თან თითქოს რაღაც სიახლე უნდა მომხდარიყო ყველას ცხოვრებაში. 
ბიჭმა სათევზაოდ გადაწყვიტა წასლვა. იჯდა იქვე ახლოში მდებარე ტბის პირას და თევზის მოლოდინში ჩასთვლიმა. სიზმარი ნახა... 



 (გაგრძელება იქნება...)

1 comment:

  1. გთხოვ მალე დაწერე რა გაგრძელება! მშვენიერია...

    ReplyDelete