Monday, April 25, 2011

ირინა დეიდას და ბორია პაპას ზღაპარი (ანუ ნიკოლოზის ზღაპრები) I

შესავალი:  
ამ აღდგომას კახეთში შევხვდი, მთელმა ოჯახმა უფროსიან-უმცროსიანად ერთად მოვიყარეთ თავი, ისეთი ბედნიერი ვიყავი  ყველას ერთად რომ ვხედავდი!.. ჩვენი ოჯახური სამყაროს ღერძი კი მხოლოდ ერთი საოცრად თბილი, უსაყვარლესი არსების გარშემო ტრიალებდა (ტრიალებს და იტრიალებს) ჩემი დის შვილის, ნიკოლოზის გარშემო.. აღმოვაჩინე, რომ მამაჩემი, ანუ  ნიკოლოზის ბორია პაპა, აქამდე თუ მხოლოდ შაირობდა, თურმე კარგი მეზღაპრეც ყოფილა, არადა გეფიცებით, ჩემთვის ზღაპარი არ მოუყოლია, არც ჩემი დისთვის.. ნიკოლოზს კი.. ოღონდ ეჭამა საჭმელი და მზად ვიყავით მეც და მამაც ყირაზე დავმდგარიყავით.. და ეს ზღაპარი, რომელსაც წაიკითხავთ, სერიებად გაგრძელდება, ასე დავიწყეთ მე და მამამ.. დუეტში ძალიან საყვარელი ზღაპარი გამოგვივიდა (მგონი =))


 * * *
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, აღმოსავლეთის ერთ ბარაქიან მხარეში ძლევამოსილი სახელმწიფო არსებობდა, სადაც დედოფლის წყარო მოედინებოდა, ამ წყაროში განბანილნი კი საოცრად ლამაზდებოდნენ. სამეფოს  მოხუცი   მეფე განაგებდა, იგი იყო ჭკვიანი, მაგრამ ზოგჯერ მრისხანეც. ამ ქვეყნის დედოფალი კი განთქმული იყო თავისი აქიმობით, ჰკურნავდა დიდსა და პატარას .. მეფე- დედოფალი ცნობილი იყვნენ არა მარტო  აყვავებული სამეფოთი და ხალხთა კურნებით, მათ ულამაზესი ასულიც ჰყავდათ, გიშრისთმებიანი, მაყვალივით შავთვალება და  ირემივით მოხდენილი. პრინცესას საზრიანობასა და სილამაზეზე ბევრს ჰყვებოდნენ. 19 წლისა რომ გახდა მეფის ასული, მეფემ მეჯლისი გადაიხადა და შეათვალიერა თავისი შვილის შესაფერისი საქმროები, მაგრამ თავისი ასული არავისთვის არ ემეტებოდა, ვერავინ ნახა  მოსაწონი. სამაგიეროდ პრინცესას თვალს არ გამოჰპარვია ბროლის მთის პრინცი, რომელიც მალვით უმზერდა მას და გულში ჩაუვარდა.. 
მეჯლისის შემდეგ, მეფის კარზე ბევრი უცნაური შეტყობინება და  საჩუქარი მოდიოდა  მთის ქვეყნიდან. პრინცი არ მალავდა თავის  გრძნობას მეფის ასულის მიმართ და ერთ მშვენიერ დღეს, ახალი წლის დამდეგს პრინცესამ მამას განუცხადა, რომ მას ბროლის მთის პრინცი უყვარდა და მხოლოდ მას გაჰყვებოდა ცოლად, სხვას არავის. და თუკი დაუშლიდა მოხუცი ხელმწიფე მასზე გათხოვებას, სამუდამოდ მონასტერში გამოიკეტავდა თავს.. მეფე შეშინდა, იცოდა თავისი შვილის ჯიუტი ხასიათის ამბავი და დასთანხმდა ნიშნობაზე.  მეფის ბრძანებით დიდებული სუფრა გაიშალა, დაპატიჟეს სამეფო კარის წარჩინებულნი და არა მარტო ისინი, ყველა ვისაც კი გული შერტკიოდა მეფის ოჯახზე, ნიშნობის ცერემონიას ესწრებოდა.. ბროლის მთის ამალას კი შეაგვიანდა, უამინდობის გამო და პრინცესა შეშინდა, ვაი თუ აღარ ვუყვარვარ ჩემს პრინცს და  გადაიფიქრა ჩემი ცოლად შერთავაო.. სად იყო და სად არა, ლურჯა ცხენზე ამხედრებულმა უფლისწულმა და მისმა მეგობარმა შემოაგელვეს ბედაურები სასახლის ეზოში, მათ უკან მოჰყვებოდნენ ბროლის მთის მეფე, დედოფალი და მამიდა მისი.
გაიმართა ნიშნობის ცერემონია. უსაზღვროდ ბედნიერი იყო პრინცესა. ხარობდნენ მისი სიხარულით გარშემო მყოფნი. მოხუც მეფეს თვალები მოწყლიანებოდა და არც ბროლის მთის უფლისწულისთვის ემეტებოდა შვილი, დედოფალს კი სათვალე გაეკეთებინა, რომ კარგად შეეთვალიერებინა მომავალი სიძე და სახეზე ხან კმაყოფილი და ხანაც უკმაყოფილო ღიმილი დასთამაშებდა.. სიძეს დაუწუნა, რატომ არ არის ისე შემოსილი, როგორც პრინცს ეკადრებაო..მას მუდამ სპორტული ტანისამოსი ემოსა.
მაგრამ რაღას იზამდნენ მშობლები, დალოცეს შვილი და ერთ თვეში გადაიხადეს შვიდ დღიანი ქორწილი, იმისთანა,  ყველა გოგონას რომ მოუნდებოდა ისეთი. ულამაზესი იყო პატარძალი, სამეფო კარის მკერავმა ყველაზე გრძელი და ლამაზი კაბა  შეუკერა. დედოფალმა კი შვილის ქორწილის დღეს ნება დართო ხალხს მის წყაროში ებანავათ, რომ გალამაზებულიყვნენ ქორწილისთვის. 
დიდი დროსტარება გაიმართა. დაჰკრეს დაფ-დაფები, დოლ-გარმონი და კიდევ ბევრი უცნაუროი საკრავები.. ცეკვავდნენ და მღეროდნენ. აცეკვდა მოხუცი მეფეც და ცეკვისას უცებ გვირგვინი გადაუვარდა..  ყველა გაშტერდა, რადგან მეფეს ყურები ჰქონდა იმხელა, კაი ვირს შეშურდებოდა.. მაგრამ დედოფალმა, განმუხტა უხერხულობა, როგორც ყოველთვის და ხალხს ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინა,, 
შვიდ დღიანი დროსტარების შემდეგ, ნამთვრალევი და დამხიარულები ქვეყანა თავის ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, იმას კი ვერავინ შეეგუა, რომ,მათი საყვარელი პრინცესა ქორწილის შემდეგ ბროლის მთის სამეფოში გადავიდა საცხოვრებლად. 
აწ უკვე ბროლის მთის უმცროსი დედოფალს ენატრებოდა თავისი ლაღი სამშობლო, უჭირდა მთის მკაცრ პიროებთან შეგუება, მაგრამ თავის პრინცთან ერთად მას არცერთი სირთულის დაძლევის არ ეშინოდა. თითქოს ყველაფერი კარგად  მიდიოდა, მაგრამ ბევრს შეშურდა მისი სილამაზის მთაში და გადაწყვიტეს გაემწარებინათ. ათასი ჭორი მოუგონეს და ენა მიუტანეს  ბროლის მთის უფროსს დედოფალს, თითქოს მისი რძალი მოღალატედ შემოიპარა მათ ქვეყანაში და მის შვილს გონება აურია.. დედოფალმა დაიჯერა ერთგული მსახურების მოგონილი ტყუილი და გადაწყვიტა რადაც არ უნდა დასჯდომოდა, თავიდან მოეშორებინა თავისი შვილისთვის.. ბევრი განსაცდელი გამოიარა განებივრებულმა მეფის ასულმა, ბევრი ტანჯვა დაითბინა სიყვარულის სახელით და ამასობაში, 9 თვის თავზე პატარა უფლისწული დაიბადა, დედასავით ლამაზი, მაყვლისთვალება, გიშრის თმიანი, წითელ ლოყება ბიჭი.. 
მოხუცმა მეფემ და მისმა მეუღლემ, ისარგებლეს რა შვილის მოლოგინებით, სამშობლოში წამოიყვანეს პატარა უფლისწულათან ერთად მანამ, სანამ ბოლომდე არ გამოაჯანმრთელებდნენ.. 


გაგრძელება იქნება, თან მრავალი... 



იგ
აპრილი,2011 

No comments:

Post a Comment