Tuesday, September 7, 2010

რა ვქნა მიყვარს ეს ლექსები და იცნობდეთ თქვენც..

თუმც კაცი ზეცისგან ვერაფერს გაიგებს

სინდისს ვფიცავარ,
კურნავდი იარებს.
მიყვარდი, როგორც ზღვა ალბატროსს.
მე შენთან შორიშორს ვიარე
და ახლოს არ მოველ არასდროს.

შენს ტრფობას მერჩია მარილი მეჭამა,
ან მძევლად ვყოლოდი ტაიგებს,
მე ცუდი არა ვარ, იცოდეს ზეცამაც,
თუმც კაცი ზეცისგან ვერაფერს გაიგებს.

ეს გული ხომ შენკენ ქარივით ილტვოდა,
არ მსურდა სიწმინდის შელახვაც.
მე შენი ტრფიალი მინდოდა,
და შენი ბავშვობის შენახვაც...


სიმონ ჩიქოვანი

* * *
  

მე და შენ

მე ასე მგონია, ლერწამი ვიყავი,
ვამბობდი სიმღერებს, ცის მადლით ცხებულს,
მე ვიყავ ლერწამი, შენ კიდევ ნიავი
და თბილი ღუღუნით მივსებდი სხეულს.

და როცა ჟამთასვლამ ცვლილება გვარგუნა
და მიწად ვიქეცით როცა,
მე ვიყავ ბალახი - შენ ჩემი შხაპუნა,
ცრემლებით, სიცილით გიყვარდა მოსვლა.

მე ასე მგონია, ჩიტებიც ვიყავით
და გზებზე ვფანტავდით ბარტყებს და სიზმრებს.
ბევრჯერ გადავლახეთ სიკვდილის სიავე
და ჰა, ერთმანეთი მოვძებნეთ ისევ.

გიყურებ, გისმენ და მტეხს გულისფიცარი,
რაღაც მაგონდება, ვით შორი სიზმარი -

თითქოსდა ხილვებით ნათდება უკუნი,
ირღვევა ჟამი და ერთმანეთს ერწყმის:
წვიმების შხაპუნი, ჩიტების ჟღურტული,
ჩურჩული ქარის და ღუღუნი ლერწმის..

შოთა ნიშნიანიძე

No comments:

Post a Comment