Monday, July 18, 2011

დაბრუნება..

ასაკით 38 წლის იყო უკვე. დიდად კი არ ეტყობოდა, ასე 30 წლისას თუ იტყოდით მასზე. ტანად დაბალი, მაგრამ სასიამოვნო სლავური გარეგნობის ქალბატონი გახლდათ. ერთი წლის წინ დაბრუნდა სამშობლოში. 10 წელზე მეტი ხანი გადახვეწილი იყო უცხო მხარეში, ვერც ერთი მშობლის ამბავს ვერ დაესწრო. ოკეანის გაღმა ცხოვრობდა, ამერიკაში. იქ სწავლობდა, მუშაობდა. ასაკის მატებამ ეტყობა ნოსტალგია გაუმძაფრა, ფესვების ძახილმა ბოლო  პერიოდში ძილი გაუტეხა, ღამღამობით დედ-მამა ერთმანეთის მონაცვლეობით ესიზმრებოდნენ და ზურგს აქცევდნენ. მოენატრა თავისი ქვეყანა, და, დისშვილები, თავისი სახლი.. ის სულ მარტო იყო დიდი ქვეყნაშიც და სამშობლოშიაც.. პირადი ცხოვრება ვერ აიწყო, ვერავისთან გაჩერდა.. ბოლოს სახლში დაბრუნება არჩია და დაბრუნდა კიდეც..

*
როგორც კი ფეხი დავადგი ჩემი ქვეყნის მიწაზე, გულმა უცნაურად ჩქროლვა დამიწყო. ფეხის გულები ამეწვა, არადა თოვდა.. მე ჩემმა ქვეყანამ მიმიღო, როგორც უძღები შვილი. დედმამიშვილის სითმო, დიშვილების ალერსი.. ყველა მე მეფერება, მოვნატრებივარ.. მშობლების გაყინული საფლავი და ჩუმი სინანული.
მეორე დღესვე არა ერთი სამსახურეობრივი შემოთავაზებაც მივიღე. მუშაობა დავიწყე. გავიდა რამდენიმე თვე.. ბევრი საყვარელი ადამიანი მოვინახულე, ზოგიც გზაზე შემხვდა, ყველა გაზრდილა, დაოჯახებულა, დაწვრილშვილებულა, ერთი მე გამოვერიე მარტოკინა. ხანდახან ვფიქრობ, რომ უნდა დამეთმო  რაღაცეები და ახლა ასე არ ვიქნებოდი, მშობლების გულსაც გავახარებდი, მგონი ჩემზე დარდმა და უსასრულო მოლოდინმა იმსხვეპლა ისინი. ყველას ამბავი გვიგე, გარდა ერთი ადამიანისა, რომელიც დიდი ხნის წინ დიდი წვალების შემდეგ სამუდამოდ დავივიწყე. თუმცა მას შემდეგ არც არავინ შემყვარებია, ამიტომაც დიდი ხნით ვერავინ ავიტანე ჩემს გვერდით. გუშინ შემთხვევით მის ბიძაშვილს გადავეყარე საღამო ხანს. მან მიცნო, მე ვერა.. ეტყობა დიდად არ შევცვლილვარ. მოვიკითხეთ ერთმანეთი..მისგან გავიგე, რომ სამხრეთ ამერიკაშია უკვე სამი წელია. ხშირად ვერც უკავშირდებიან. არც ცოლი ჰყავს არც შვილი. ის ქალი, მე რომ მახსოვდა 15 წლის წინ, ერთ მშვენიერ დღეს მობეზრებია, მას მერე კიდევ ჰყოლია ვიღაც, ეგონა ისიც მოსწონდა თუ უყვარდა, მაგრამ.. მე მგონი არც დავემშვიდბე იმ გოგოს, სახლამდე ძლივს მივათრიე ფეხები.. დავეგდე საწოლზე და ავტირდი.. ძველმა იარებმა თავი გამახსენა. იმ ღამეს მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ქალაქად დარჩენა აღარ მინდოდა, მამისეულ სახლში მომინდა ცხოვრება,  სოფელში. ჩემს დას გავუმხილე ჩემი განზახვა და ოღონდ შენ კარგად იყავი, სულიერად მოისვენე და სადაც გაგიხარდება იქ იცხოვრეო. გასაღები ავიღე, ჩავალაგე მთელი ბარგი-ბარხანა, მივატოვე ახლად დაწყებული სამსახური და ასე გადმოვედი სოფელში საცხორებლად.
მეზობლებმა აღარ იცოდნენ რა ექნათ სიხარულისგან, ზოგს ცოცხალიც აღარ ვეგონე,,
-შვილო, ხედგამოჭრილი დედაშენი ხარ, ეხლა რო დაენახე ცხონებულ შენს მშობლებს რას გაიხარებდნენ.. გული მეტკინა, სული დამიმძიმდა.
-ნინა ბებია, აი, ახლა ხო აქ ვარ, იმიტომ დავბრუნდი, რომ მათი ხსოვნა შევინახო, აქაურობა ისევ ავაყვავო..

*
ასე შევუდექი სოფლის ცხოვრებას. სოფელში ყველას თვალში წონა მქონდა, შევატყე, მაინც საზღვარგარეთ ნასწავლი და კარგ პოსტებზე ნამუშევარი ქალი ვიყავი. რჩევებსაც ვაძლევდი ხოლმე მათ. მთელი ჩემი ფინანსები ჩემი საოჯახო მეურნების აყვავებისკენ მივმართე. მეზობლად გასაყიდი კარ-მიდამო იყო და ისიც შემოვუერთე ჩემს მამულს. სახლი მთლიანად გადავაკეთე და თანამედროვეობის ოზისად ვაქციე. გაზაფხულზე ხეხილი და ვაზი ჩავყარე.. იმედი მაქვს მალე გაიზრებიან და მათ ნაყოფს მოვესწრები. ქალაქიდან სტუმრების ნაკლებობას არასდროს განვციდი, პირიქით უყვართ ჩემთან ჩამოსვლა და აქ დროსტარება. საკუთარი მეურნეობიდან იმდენი მოსავალს ვიღებ, რომ სოფელში მეორე კათარზისი  ავაშენე და მეზობელი სოფლებიდანაც ვმასპინძლობ ხალხს. მიწის ნაკვეთების დამუშავებაში ადგილობრივები დავასაქმე. ერთადერთი ვერავის ვანდე ჩემი კარ-მიდამოსა და ჰოლანდიიდან ჩამოიყვანილი ჭრელი ძროხების მოვლა-პატრონობა. ერთი ვეტექიმი მოდის ხოლმე ჩემი საქონლის გასასინჯად მეზობელი სოფლიდან და მეტი არავინ. ეს კაცი ძალიან შემომეჩვია, ვერ იტყვით მასზე ლამაზიო, ერთი გამხდარი ახმახი ტიპია, მაგრამ ეტყობა გულწრფელად ეპყრობა ჩემს ჰოლანდიურ ძროხებს. გეგმიური ვიზიტების გარდა, ისედაც შემომივლის ხოლმე, ბოლოს რომ იყო თავის მიერ თიხისგან გაკეთებული მინდვრის ყვავილებით სავსე ლარნაკი მომართვა.. მგონი ამ კაცს მოვწონვარ.. მეზობლები ერთმანეთს გადახედავენ ხოლმე, როცა ჭიშკართან გავაცილებ ხოლმე ამ ჩემს ვეტექიმს. ექიმის ყოველ მოსვლაზე სულ უფრო და უფრო ვხვდები, რომ ვეტექიმს ძროხების გარდა სხვა ინტერესიც აქვს.. არ ვიცი რა ვუყო..

*
ამასობაში სოფელში ცხოვრების ერთი წელი მიილია. ქალაქში მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ჩავდივარ. აქ ბევრად უკეთესად ვგრძნობ თავს. საკუთარი რძის ნაწარმის მაღაზიაც გავხსენი.. მე თვითონ ამომყავს ყველი და ვადედებ მაწოს, ვდღვებავ კარაქს..
მომდევნო წლის შემოდგომა ჩემთვის ორმაგად ბარაქიანი აღმოჩნდა, ჩემი ძროხა ელიზაბეთი ხბოს ელოდება, დღე-დღეზეა. ღამეები არ მძინავს. გავხედავ ხოლმე არაფერი გამომეპაროს, არ გაუჭირდეს მშობიარობა. ვეტექიმს საბაბი აქვს მთელი დღეები ჩემს სახლში გაატაროს. ის ძალიან თბილი და მზრუნველია არა მარტო ელიზაბეთის, არამედ ჩემს მიმართაც. ჩემი და ბოლოს გამეხუმრა კიდეც, მეტი რაღა გინდა, გაბრწყინდება შენი მეურნეობაო.. ჰმ!
ბოლო დღეს გამომიცხადა, რომ ამ ღამეს უნდა მოიგოს ელიზაბეთმა.
-მეზობელს მაინც დაუძახე, მარტო ვერ შეძლებ მის დახმარებას.. ან თუ გინდა..
-კი კი, მინდა, დარჩი ამ ღამეს ჩემს მამულში და ერთად მივხედოთ ელიზაბეტს.. ბავშვივით გაუხარდა..
- მარტო ელიზაბეთს კკკიი არა, შენც რომ რამე დაგჭირდეს, მე სულ მზად ვარ შენს დასახმარებლად, მომეცი უფლება.. სიტყვა არ დავამთვრებინე.. სტუმრების ოთახში გავაცილე ცივად.. მაინც რა მჭირს, რატომ ვერ ვიტან..  ლამის ნემსის ყუნწში გაძვრეს, მე კიდევ არაფერს არ ვუფასებ, უმადური ვარ!
შუქი მის ოთახში დიდხანს ენთო, ფეხის ხმაც ჩამოდიოდა, ბოლთას სცემდა, ვერ ისვენებდა. მე ბუხართან სავარძელში ვიჯექი და გაშტერებული შევცქეორდი ნაკვერჩხლების ტკაცა-ტკუცს.. ვერ გავიგე ისე ჩამეძინა. უცებ აუტანელი სიცივე ვიგრძენი, თითქოს ვიყინებოდი. სიცივსგან კიდურები მტკიოდა, მიდნოდა დაყვირება, მაგრამ ხმაც არ მემორჩილებოდა. მერე  ვიღაცის ფეხის ხმა მომესხმა.. არა, ნამდვილად მიახლოვდებოდა ვიღაც.. სულ უფრო და უფრო ახლოს ვგრძნობდი ხმაურიან ცხელ სუნთქვას. ვიღაც ძალიან ახლოს მოვიდა, მომეხვია  და არა მარტო სითბო, სახეზე სველი შეხებაც ვიგრძენი.. ვერ ვინძრეოდი.
ამ დროს სინათლემ გაილევა და კარზე კაკუნი გაისმა. თვალი გავახილე და ჩემი გაბღენძილი ძაღლი ჩარლი მეკრობოდა და მლოკავდა, გარეთ ჭექა-ქუხილი იყო, სადღაც მეხი ჩამოვარდნილიყო, სინათლის კაბელები დაეწყვიტა ალბათ და ელექტრო ენერგია გათიშულიყო..  გვიანი შემოდგომის უკუნეთ სიბნელეში მხოლოდ გალევებისას ჩანდა გარემო. ოთახის ზღურბლზე ფანრით ხელში ვეტექიმი იდგა.
-გაიღვიძე, ელიზაბეთი მშობიარობს. საწვიმარი ჩაიცვი, საშინელი თქეში მოდის გარეთ.. წარღვნას გავს ისეთი ამინდია..

*
ელიზაბეთმა ზუსტად თავისნაირი ხბო მოიგო. მე და ვეტექიმი ვეხმარებოდით მისი შვილის ამ ქვეყნად მოვლინებაში.. წუხანდელი საშინლად ავდრიანი ღამის შემდეგ უჩვეულოდ მზიანი შემოდგომის დილა გათენდა. დილით ჩემმა დამაც დამირეკა,
-გთხოვ, ჩამოდი ქალაქში, რაღაც ახალია ამბავია და მჭირდებიო.. "ნუთუ კიდევ ბავშვს ელოდება"-გავიფიქრე და გამიხარდა.. "აბა სხვა რა უნდა იყოს"...
ამ დროს კი ჩემს ტელეფონზე უცხო ნომრიდან შეტყობინება მოვიდა: "მეც დავბრუნდი"


ირინა გორაშვილი
2011 წელი

2 comments: