Saturday, January 15, 2011

ზღაპარივით ხელთათმანი

იყო და არა იყო იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა ამ ქვეყანაზე.. ერთ პატარა ქალაქში კი ცნობისმოყვარე გოგონა ცხოვრობდა. ყოველთვის ყველა დეტალს უკირკიტებდა და სანამ არ გაიგებდა ძირფესვიანად იმის ასავალ-დასავალს, რომ არ ჩერდბოდა.. ბევრს მობეზრდა მისი საქციელი და თავს არიდებდა მასთან შეხვედრას.. მაგრამ, მე როგორც მითხრეს, ბოროტი არ იყო,  პირიქით, იგებდა თითქმის ყველაფერს ყველაზე და მათ დახმარებას ცდილობდა.. საიდან  იყო ბევრმა არც იცოდა, მაგრამ ის არსებობდა და არავინ ჯავრობდა სხვა რამეზე.. როგორც ამბობენ ასაკით დიდი უნდა ყოფოლიყო, ათასგვარ მითსა თუ რეალობას ჰყვებოდნენ მის შესახებ.. იგი არასდროს არავის არაფერს უამბობდა. თუმცა-ღა პატარა ბავშვივით ჰქონდა პირი-სახე.. ტანთ ემოსა წითელი, თეთრი კოპლებიანი კაბა, პიჯაკი, რომელიც ოდნავ დიდიც კი ჰქონდა და თეთრი შარფი კისერზე მოეგდო, დაბალძირიანი ხაკისფერი ფეხსაცმელები ეცვა  და თმებს კიკინად შეკრეულს ან ნაწნავს ატარებდა. მხოლოდ ღრუბლიან ამინდში იშლიდა ოქროსფერ დალალებს, თითქოს მზეს უხმობდა..
 სად ცხვორობდა და ყველგან, მაგრამ ხშირად ერთ პატარა ქუჩაზე,  კაკაოს უბანში  მდებარე კაფეში შეიძლებოდა დაგენახათ.. სადაც ნაირ-ნაირი "შიკოლადი" იყიდებოდა..
მაშინ ზამთარი იყო.. პატარა ქალაქში ცხოვრება თავის რიტმს მიუყვებოდა მდორედ.. მაგრამ სადაც კი გამოჩნებოდა წითელ კაბიანი, მაშინვე საინტერესო და მხიარული რამ უნდა მომხდარიყო.. ის თითქოს ყველას უყვარდა..

ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ რაც, ქალაქში გამოჩნდა უცხო ვინმე სტუმარი, ერთი უკარება, ცივი ახალგაზრდა, შავ ტყავის პიჯაკში გამოწყობილი.. მისია მისი იყო ქალაქის მერიაში ფულის დათვლის ახალი მექნიზმის შემუშავება(ო) ასე ამიხსნეს.. ფულის დათვლასთან არაფერი არ ჰქონდა საერთო პატარა გოგონას, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, გზად მიმავალს ქვაფენილზე დაგდებულმა ნივთმა მოწყვიტა მზერა.. გაშლილ ხელს გავდა შორიდან და სწორედაც რომ.. ქვაფენილზე ხელთათმანი ეგდო.. მამაკაცის იყო.. დასწვდა, აიღო, დაყნოსა.. მოიზომა და რა თქმა უნდა დიდი მოუვიდა.. გადაწყვიტა ხელთათმანის პატრონი ეპოვა და დაებრუნებინა ნივთი
ცალ ხელზე გაკეთებული ხელთათმანით დადიოდა კარგა ხანს.. არ იშორებდა ხელიდან და  ძალიან მოსწონდა, თან  ერთი სული ჰქონდა გაერკვია ვის ეკუთვნოდა. ხელთათმანი კი ისეთი თბილი იყო, სიცხისგან ხელი ეწვოდა ლამის.. 
ამასობაში კი ცალი თათმანი არც მეტი და არც ნაკლები, ქალაქში სტუმრად ჩამოსულ ფინანსისტს  დაეკარგა..  დიდად არც უნაღვლია დანაკარგზე... თავის საქმეს ასრულებდა.. გულგრილად ათვალიერებდა ქალქის ქუჩებს.. აი, შუა ზამთარში კი საზაფხულო ტანსაცმელში გამოწყობილმა, წითელკაბინმა და ცალ ხელზე ხელთათმან წამოცმულმა გოგომ კი მიიქცია მისი ყურადღება, არ ვიცი რას გაიფიქრებდა მის დანახვაზე.. ალბათ იტყოდა პატარა ქალაქის გიჟიაო. 
ამასობაში კი,  ცნობისმოყვარე გოგონა, რა ცნობისმოყვარე იქნებოდა, რომ არ გაერკვია ვისი იყო მის მიერ ნაპოვნი ნივთი.. გადაწყვიტა, არად ჩაეგდო ახალგაზრდა მამაკაცის გულგრილობა და კაკაოს უბანში მდებარე შოკოლადის კაფეში დაეპატიჟებინა და  დაებრუნებინა თავისი ხელთათმანი.. დიდხანს ელოდა, მაგრამ ის არ გამოჩენილა, ანდა რას მივიდოდა, ერთი ცალი ხელთათმანის გულისთვის ვიღაც უცხო, შუა ზამთარში ზაფხულის კაბაში გამოწყობილ გოგოსთან კაკაოს უბანში, შოკოლადის კაფეში.. 
ეს ამბავი ისე გავრცელებულა ქალაქში, რომ ყველა ეკითხებოდა პატარა ცნობისმოყვარე გოგოს, "მოვიდა, რაო? მართლა ისეთი ცივი და უკარებაა როგორც ერთი შეხედვით გავსო" მაგრამ აქ უკვე პასუხი არ ჰქონდა გასაცემი, რადგან არა იცოდა რა.. 
გოგონა ერთ ხანს გულგატეხილი დადიოდა.. თითქოს ხვდებოდა, რომ ყველას საქმეში ცხვირის ჩაყოფა არა ვარგოდა, მაგრამ თავს იმართლებდა ისევ საკუთარ თავთან, მას ხომ ამით სიკეთე უნდოდა რომ მოეტანა ისევ იმათთვისვე.. 
დილა გათენდა მას შემდეგ მრავალი.. ქალქში ახალი სისტემით მარტივად ითვლიდნენ ფულს.. ცხოვრება არ ჩქარობდა, ერთი დრო გადიოდა მალე, თან ისე, რომ ყველას დაავიწყდა გოგონა, რომელიც სულ რაღაცას საინტერესოს და სახალისოს აკეთებდა.. ის უცებ გაქრა ქალაქიდან, იმ წელს მოსული თოვლივით.. 
მხოლოდ კაკაოს უბანში, შოკოლადის კაფეში დააკლდა გამყიდველს მუდმივი კლიენტი და სინანულით ამბობდა, რომელიმე თქვენგანს ხომ არ უნახია წითელ, თეთრ კოპლებიან კაბაში გამოწყობილი გოგონა, აწეული ოქროსფერი თმებით და ცალ ხელზე დიდი ხელთათმანითო.. 
Stanislaw Wyspianski: Portrait of a Girl in a Red Dressამ დროს რას არ ამბოდა იქ შეკრებილი ხალხი, თითქოს ის გოგონა, იმ ფინანსისტს გაჰყოლია უკან და ხელთათმანის დაბრუნება  უნდოდაო..


ნეტავ რატომ ლამობდა ასე მისთვის ხელთათმანი დაებრუნებინა, ეჰ მაგდენი რომ ვიცოდე.. ან ის ახალგაზრდაც მისულიყო შოკოლადის კაფეში, რა დაშავდებოდა, ასე ხომ აღარ გაქრებოდა ისეთი ადამიანი, რომელიც ისედაც სანთლით საძებარია ამ ქვეყანაზე, მაგრამ იცით, მე მჯერა, რომ ის მუდამ იქ არის, სადაც სითბო, გულწრფელობა და სიყვარულია, სადაც ცხოვრება უხარიათ, შეუძლიათ დაძლიონ საკუთარი სიჯიუტე და საკუთარ თავთან ერთად სხვასაც ბედნიერება მოუტანონ.. 
უჰ, რავიცი, ძალიან გამიგრძელდა ახლა საუბარი და სიბრძნის მაგვარი რამეების ფრქვევა(?).. 


ჭირი იქა, ლხინი აქა, 
ქატო იქა, ფქვილი აქა..


დასასრული(?)


იგ, იანვარი 2011





2 comments:

  1. rogori tbili zgapariaaa <3
    tavidan bolomde gimilit chavikitxe :)

    ReplyDelete
  2. კიწი, დიდი მადლობა.
    მადლობა კიდევ იმისთვის, რომ ჩემს ნაწერებს კითხულობ და აფასებ :)
    იგ

    ReplyDelete