Sunday, April 29, 2012

ნიშანი


გაჩნდა ახალი იდეა.
როცა დრო გავა გარდავისახებით.
ჩვენ სიყვარულით ვიცნობთ ერთმანეთს
და გარდასახვის დღენიც მიდიან,
სიზმრად ერთმანეთს თვალი შევავლეთ,

ჩვენ დავინახეთ, ერთმანეთს ვგავართ,
როგორც ერთმანეთს, ისე სულ ყველას,
ჩვენ ერთნაირნი ნამდვილად არ ვართ,
მაგრამ ერთნი ვართ, რადგან გვწყურდება,

ყოველთვის წყალი, წყალი წვეთი წვეთ,
რადგან გვიყვარდება და მივისწრაფით,
რადგან ერთმანეთი სიზმრად შევნიშნეთ
ღამის დარჩენით და დილის წასვლით,

ჩვენ არ ვიცვლებით ახლა აქყოფნით,
ჩვენ შევიცვლებით როცა დრო მოვა,
სუნთქვა არ გყოფნის ერთად სამყოფი
თითქოს სამყაროც გაიყო ორად,

მაგრამ დუალიზმით მე არ ვიხიბლები,
არც მიმაჩნია რომ ეს სწორეა,
ხიდები გავდეთ, გრძელი ხიდები,
ყველა დინება ისევ დროს მიაქვს,

ნეტავ ვიცოდე საით მიდიან,
იდეალები, გარდასახვანი,
გაჩნდა ახალი, ახალი იდეა,
მე ის ერთ წამში გავასამმაგე,

დიდი სიჩუმე სიტყვით შევამკე,
ჩვენი სიყვარულიც ნიშანი გახდება
და ჩვენ ამ ნიშნით ვიცნობთ ერთმანეთს
სამყაროს სახედ, ღმერთის სახებად.


დეფი 13 ივლისი 2011

ახლიდან



ისევ ახლიდან დავითვლი დღეებს,
 წუთებს და წამებს,
შემოდგომამდე ფიქრებს დავსერავ,
სანთლებს დავანთებ, ვილოცებ ბეევრს.
სიტყვებს დავაწყობ შენთვის ბგერებად..

ნუთუ მართლდება ჩემი სიზმარი
და ტკბილ  ოცნებად არ დაბერდება.
გრძნობა უთქმელი, შორი, ულევი
ჩემს გულს ძალიან სწრაფად ედება..

და კვლავ ავიღე ხელში კალამი,
ფურცელზე ვტოვებ სულის ანაბეჭდს,
მესმის სიჩუმე სევდის და მოლოდინი
შემოდგომამდე რომ გამაოცებს.

 იგ

29 აპრილი, 2012 წელი

Thursday, April 12, 2012

სამსახური, სამსახური, სამსახურიიიიი ...

დღევანდელი გადასახედიდან და განსაკუთრებით ღამის 1-ლი საათის კვალობაზე რომ ვფიქრობ,  რა ბედენა იქნებოდა ცხოვრება სამსახურის გარეშე, საქმის გარეშე.. უაზრობა და მოწყენილობა დაისადგურებდა.. 
ამ ბოლო დროს ჩემი ცხოვრება მართლაც მექანიკურად დაქოქილ საათს დაემსგავსა. ვდგები დილით ადრე ისედაც გამთენიისას ჩაძინებული, ვცდილობ არ დავაგვიანო სამსახურში, რადგან ტაბელი უნდა გავატარო და მისვლის დრო დავაფიქსირო.. არ უნდა დავაგვიანო.. ეს ფაქტი უბრალოდ "ტეხავს", თან ხელფასი ჩამომეჭრება, როგორც დაგვიანებაში შემჩნეულს.. 
ყოველი დილა ერთმანეთს ჰგავს, ვიღვიძებ, ვდგბი, თუ ვასწრებ ვვარჯიშობ, დილის ლოცვას აუცილებლად ვკითხულობ,  ასევე თუ ვასწრებ ვსაუზმობ და  მივიდვარ სამსახურში .. 
მივდივარ და ვმუშაობ, ვმუშაობ, ვმუშაობ.. ვასრულებ ჩემს საქმეს, ვიღიმი ხშირად  ფორმალობისთვისაც და შემრჩენია იმის თავი, რომ მივხვდე:  ჩემი ცხოვრება მექანიკურია, თუმცა ჩემ თავს გამოვუტყდი, რომ სამსახურის გამო ბევრი პირადი გვერდზე გადამიდია.. არ ვიცი, რაღაც უცნაურს "კაიფს" ვიჭერ.. არ ვიცი არც მე ამას რა ჰქვია..
შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს, მაგრამ სამსახურში მივდივარ მაშინაც, როცა მცივა, ან სიცხე მაქვს, ან მახველებს, ან უბრალოდ მეზარება და მეძინება, იმიტომ რომ ის ჩემი სამსახურია, ანუ ვალდებული ვარ, უნდა გავაკეთო საქმე, ასეთი ვარ. ან გავაკეთებ კარგად, ან საერთოდ არ უნდა გავაკეთო. პასუხიმგებლობას არ გავურბივარ, პირიქით, ზედმეტიც მაქვს მგონი..
  ასე დაიწყო მაშინ, როცა ჯერ კიდევ 19 წლის ვიყავი.. მაშინ მე თვითონ გადავწყვიტე, რომ უნდა მეპოვა სამსახური, ჩემი საქმე.. ვიპოვე კიდეც.
მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა.. დავიწყე სულ ნულიდან.. ვიმუშავე სტაჟიორად, უხელფასოდ, ბევრი ვიბოდიალე, ცხოვრებისეული გამოცდილება მივიღე , გავიზარდე პროფესიული თვალსაზრისითაც.. ბევრი ეტაპის შემდეგ  შრომა ნამდვილად დამიფასდა.. მე დღეს მენჯერი ვარ.. ვგრძნობ, რომ პატივს მცემენ, ჩემს სამქეში კომპეტენტურ ადამიანად მივაჩნივარ თანამშრომლებს.. 
ამასობაში, ჩემს სამსახურში ბევრი დადებითი და უარყოფითი აღმოვაინე, მაგრამ რაც მთავარია, არის ამოუწურავი პოტენციალი, რაც მე დღემდე მაჩერებს ერთ ადგილას  და მიადვილებს მარტივად შევხედო ყველაფერს.. მოვიკრიბო ძალები და ახალი ენთუზიაზმით შევუდგე სამუშაო დილას.. 
და ყველაფრის მიუხედავდ, მაინც ვიცი რომ ეს სამსახურიც, უკმაყოფილება, წარმატება თუ წარუმატებლობა მე მეკუთვნის, მე მაქვს ჩემი დამოუკიდებელი ცხოვრება, რომლებსაც სხვებს მხოლოდ ვუზიარებ, ალბათ საბოლოოდ სწორედ ეს მხიბლავს. 
"ცხოვრება ყოველთვის კარგია, რადგან ყოველთვის შეიძლება უარესი იყოს"–ო და  ალბათ დავიჭირე მე ეს მომენტი, რომელიც მასაზრდოებს და არა მარტო მე, ბევრ ჩემნაირს აი,  სწორედ ამ "კაიფის" განცდა გვხიბლავს ალბათ.. 


ანი ღაღანიძე, გიორგი ყურაშვილი–  ახლა მიხვდებით რაშია საქმე.. რატომაა უკვე მერამდენე ღამე თეთრად ნათენები ყველაზე დიდი ცის ქვეშ.. 
იდეაში,  სახალისო პოსტო მინდოდა რომ გამომსვლოდა, მაგრამ რაღაცნაირად დამაფიქრებელი გამოვიდა.. დამეთანხმეთ, მეგობრებო, რომ ყოველი დღე რაც არ უნდა იყოს, მაინც საინტერესოა,  თავისებურად განსხვავებული და უცნაური.






იგ


2012 წლის 13 აპრილი 







Saturday, March 24, 2012

მე დავბრუნდი . . .

დიდი ხანი გავიდა რაც ჩემს ბლოგზე არაფერი დამიწერია.. 

არასოდეს ვუჩიოდი მუზებს. შემოქმედებითი კრზისი დამემართა თუ რა იყო მეც არ ვიცი.. ამ დილას კი როგორც კი გავიღვიძე, მომინდა აქ შემომეხედა, ნეტავ რა ხდება-თქო, მესიამოვნა, როდესაც რეტინგს შევხედე, 26841 სტუმარს ითვლის უკვე  "Across the universe"-ი, ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ უნდა დავწერო საინტერესოდ და სასიამოვნოდ. 
ბევრმა წყალმა ჩაიარა, დიდი და ცივი ზამთარიც გადავაგორეთ.. გაზაფხულის ხალისი უკვე იგრძნობა ისე,რომ ადამიანების სულში შეაღწია.. ჩემთან ასეა და რავიცი.. 
ბევრი უთქმელი სიტყვა დამიგროვდა და ვიტყვი ჩემს სათქმელს როგორც ყოველთვის "სამყაროს გავლით"


ჩემთან აი ასეთი გაზაფხულია, მთლად უღრუბლო არა, მაგრამ სასიამოვნო შეგრძენება, როცა ცოცხალი ხარ, გიყვარს და გიხარია ! 




იგ
2012 წლის 24 მარტი

Sunday, December 18, 2011

ლექსები არქივიდან..

იცი, უთქმელობა მტანჯავს..
ფიცი დამიდია სადღაც,
მიცდის? როგორ?
ნავი მისადგომებს გასცდა..
ვერა, ვერ აგიხნით ამას,
ჩემი უცნაური განცდა..
გულში უსიამოდ გამცრა..
ძაფი,  დღეს ერთობის გაწყდა?!.. 


* * *
ისევ მე მარტო, ფიქრებით დაღალულს,
ამ ცივ დეკემბერში დამწვარს,
სასწაულების მოლოდინში გარინდებულს
ბედი ინტრიგებს მი-ხლართავს
ღამის საათის დარეკვამდე,
პულსი ძლიერად მარტყამს
ერთზე - გაიელვა მონატრებამ,
ორზე-  გაიხსნა ფარდა,
როცა შენსკენ სავალ გზას დავადექი,
მაშინ ისარმაც დაჰკრა..
ფიქრიდან უმალ გამოვეგე,
ღიმილი დილამდე გამყვა.. :)))


ღიმილიან დილას გისურვებთ :) 



იგ 


პოსტი არფერზე და ყველაფერზე

ადამიანებს დროდადრო უჩნდებათ სურვილი თავიაანთი გულის ნადები სხვებს გაუზიარონ. დღეს ასეთ ხასიათზე ვარ, მაგრამ რომ მივიხედ-მოვიხედე ჩემს გარშემო კაციშვილის ჭაჭანება არ იყო, ვინც მოთმინებით მიმისმენდა და კარგ, ჭკვიანურ დარიგებასაც მომცემდა. 
ბლოგი მონოლოგების საწერად არ შემიქმნია, მაგრამ სწორედ აქ, დავწერ, მთელი სამყაროს გავლით მოგაწვდენთ ხმას.
შარშან ამ დროს ბლოგზე წინა საახალწლო განწყობა გუგუნებდა, ბევრი საახალწლო პოსტი დავწერე.. მეც ვისიამოვნე და იმათაც, ვინც წაიკითხა. გასული წლის რეზიუმეც გავაკეთე და ახალ წლის იმედიანი პროგნოზები გაგიზიარეთ..
 წელს ჩემი პასიურობა მე თვითონ მაოცებს. იმის განცდაც კი არ მაქვს, რომ არა თვე, არამედ ერთი მთლიანი წელი გავიდა და უკვე ახალი 2012 წელი იწყება სულ რაღაც 13 დღეში .
ალბათ ბოლო დროს ჩემს ცხოვრებაში განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა. ერთბაშად გავიზარდე 25 წლის ასაკში, ეს ასე ადვილი ხომ არ გგონიათ? რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, აქამდე თავი კიდევ პატარა ნებიერა ბავშვი მეგონა  და ამ როლის თამაშს ვაგრძელებდი, მაგრამ უკვე აღარ გამომივა. კარგი გაკვეთილები ჩამიტარა თავად ამ უცნაურმა ცხოვრებამ, ხანაც საოცრად ტკბილმა და ზოგჯერ აუხსნელად მწარემ.

დავასკვენი, რომ მთავარია შემდეგი:

·         *იყავი გულწრფელი და შენი სიმართლე იქნება შენი ფარი ყველგან და ყველაფერში;
·        *არასდროს იყო გულგრილი შენს ირგვლივ მიმდინარე მოვლების მიმართ, სირაქლემას როლში ყოფნას არ გირჩევთ;
·         *სამართლიანად ნეიტრალური პოზიცია შეინაარჩუნეთ ყოველთვის;
·         *საკუთარ თავს დატეხილი უბედურება/პრობლემა სხვას არასდროს გადააბრალოთ. საკუთარი თავიდან დაიწყეთ ძიება. არ უნდა შეშინდე, პირიქით, ეს გაგაძლიერებს.. 
·         *ცხოვრებაში ჩადენილი შეცდომების ნუ შეგეშინდება. მთავარია აღარ გაიმეორო და ამ ყველაფრიდან გამოცდილება მიიღო;
·         *ეს სიმართლეა და ნუ შემეკამათებით, საკუთარი ყურით გაგონილის დაჯერება უნდა ვისწავლოთ და არა რამდენიმე ადმიანის მიერ გადმოცემული ამბავის; 
·         *ბოდიშის მოხდა უნდა შეძლო, სინანული არასდროს არ არის გვიანი. შეიძლება გაფუჭებულ საქმეს ვეღარა უშველო, მაგრამ მეტჯერ ხომ აღარ წაახდენ რასმე?!;
·         *როდესაც რეალობას ვერ შეცვლი, არსებული სიტუაციის მიმართ დამოკიდებულება უნდა შეიცვალო. სხვანაირად უბრალოდ ვერ იცხოვრებდა ადამიანი.. მიკვირს, მაგრამ ასეა მოწყობილი ღვთისაგან, ყველაფერს (თითქმის) ეგუება ძე კაცისა; 

კი მიჭირს დღემდე რაღაცეების/ვიღაცეებს თვალი გავუსწორო ისე, როგორხ საჭიროა, მაგრამ ვცდილობ და გამომივა;
·         *თავში არ უნდა აგივარდეს არაფერი, არც საზოგადოებრივი პრივილეგია და არც საკუთარი შესაძლებლობებით მიღწეული (კიდევ კარგი ბატონ-ყმობა გადავარდა დიდი ხნის წინ, თორემ რა გვეშველებოდა: ვაი) 
·         *ძალა, მართლა ერთობაშია J  და უნდა გწამდეს და გჯეროდეს- თუ მართლა მთელი გულით მოინდომებს ადამიანი, ყველაფერი შესაძელბელიაო
ახალი არაფერი დამიწერია, ისედაც ბევრჯერ გაგონილი, დაწერილი თუ მოყოლილია ამაზე კარგად და ხატოვნად..  უბრალოდ, მთავარი ის არის, რომ გვახსოვდეს ეს ყოველივე!!
ჩემი გადმოსახედაიდან ვამბობ: “ვარდისფერი სათვალიდან სამყაროს ცქერა შიშველი ხელებით უბრალოდ ძნელი ყოფილა.
 ხვალ უკეთესი დღე გათენდება და ერთი სული მაქვს ეს 2011 წელი გავიდეს, წავიდეს, მოშორდეს :)

პ.ს. არასდრის მითხოვია თქვენთვის, ვინც შემოდიხართ/მოხვდებით შემთხვევით თუ გააზრებულად/ ბლოგ "Across the universe"-ზე, ახლა   გთხოვთ, მიაწერეთ კომენტარი ამ  პოსტის ჩაკითხვისას. მაინტერესებს რამე ხომ არ გამომრჩა, კიდევ რა არის მნიშვნელოვანი..  :) 





მადლობა 
იგ 
18/12/2011