Saturday, May 21, 2011

(ა)პოლიტიკური პოსტი

გაზაფხული მოვიდა.. თითქმის ზაფხულიც.. გამოთბა..გულს ნამდვილად ახარებს მზე და კაი ამინდი.. თბილი ამინდის დადგომასთან ერთად, რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა თბილისში რეჟიმის შეცვლის სეზონური კამპანია განაახლეს.  2007 წლიდან მოყოლებული რაც მახსოვს მათი ტაქტიკა უცვლელია: დედაქალაქის ქუჩებში არეულობის მოწყობით ხელისუფლების პროვოცირება, გამოიყენოს ძალა, რაც დასავლეთის თვალში მთავრობის ლეგიტიმურობის დაკარგვას და ქვეყნის იზოლაციას გამოიწვევს. 
დროთა განმავლობაში ჩემი პოლიტიკური ღირებულებების გადაფასდა მოვლენების კვალდაკვალ  და დღეს ჩემს თვალში ქართული რადიკალური ოპოზიცია თავისი თავკაცებით არანაირ ნდობას არ იმსახურებს.. მესმის მათი გამონათქვამები იმის შესახებ, რომ ჩვენი ბედკრული საქართველოს მომვალი აღელვებთ და ა. შ.  და ერთი თვალი ხომ არ შეგვევლო მათთვის, ვინც ამ ლოზუნგებით საზოგადოებას მოუწოდებს ქვეყნის გადასარჩენად,  ერთად,  თავისუფლების მოედანზე გამოსასვლელად.. 
”ქართული პარტია”, რომლის თავმჯდომარეა ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, ხოლო დამფუძნებელი ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და ”სახალხო კრება”, რომელსაც ექს-სპიკერი ნინო ბურჯანაძე უდგას სათავეში საქართველოს მოსახლეობას რევოლუცია დაუანონსეს, ოღონდ არა ერთად, არამედ ცალ-ცალკე. აი, მაგალითად, ”სახალხო კრებამ” აქციები  დღეს, 21 მაისს დაიწყო,  "ქართულმა პარტიამ” პერფომანსი 16 მაისს  აშშ-ის საელჩოსთან შემოგვთავაზა, რომლის მიზანი იყო  პროტესტის გამოხატვა იმის წინააღმდეგ, რაც ამერიკიდან მომდინარეობს, რადგან თურმე  აშშ-ის ხელისუფლება საქართველოში დემოკრატიას ასამარებს..  და საოცარი განცხადებაც მოისმინა ქართულმა საზოგადოებამ პარიზიდან:  "თქვენ გეძლევათ კიდევ ერთი შანსი ემსახუროთ საკუთარ ხალხს, მაგრამ თუ აპირებთ სააკაშვილის რეჟიმს საფლავში ჩაყვეთ, პირობას გაძლევთ, რომ არავის არ დაგინდობთ”, - გვითვლის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ამ ყველფრის ფონზე რუსული პოლიტიკის პოდიუმზე ვხედავთ მას ნინოს და ზურიკო ნოღაიდელის შემდეგ რა თქმა უნდა.. 
ოპოზიციური ფლანგის ლიდერები იმ ქვეყნის ხელისუფალთან გადიან  კონსულტაციებს, რომელთაც საკუთარი იმპერიული ვნებების დაოკება ქართული სისხლით მოინდომეს 2008 წელს.. მე არ დამვიწყებია ეს პირველი და იმედი მაქვს უკანასკნელი ომი, რომლის სიმწვავე მთელი სიცხადით შევიგრძენი. 
მე იმის თქმა არ მინდა, რომ ქვეყანა მართლაც სტაბილკურად და მდგრადად ვითარდება, არა, მეც ვხედავ და მესმის ყველაფერი, მაგრამ რევოლუციების დრო დამთავრდა, ეხლა ევოლუციაა საჭირო. ნაცვლად დემაგოგობისა და ერთმანეთის დაწიხლვისა,  დემოკრატიული პრინციპის დაცვით საჭიროა მოლაპარაკების წარმოება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ (ერთმორწმუნე იმპერიულ ვნებებს აყოლილ რუსეთთან)
კიდევ, იცით რა მწყინს ყველაზე მეტად და მგონი არა მარტო მე, ოპოზიციის მთელი პიარ-კომპანია აგებულია იმაზე, რომ სააკაშვილი და მისი გარემოცვა  ხელისუფლებაში ცუდები არიან, ჩვენ მოვალთ და უკეთესად გავაკეთებთ. მაგრამ ვერცერთხელ ვერავინ ვერ მოისმინა, რას გააკეთებენ უკეთესად. ბევრი მათგანი იყო უკვე ხელისუფლებაში. ჰქონდათ ძალიან მაღალი პოსტები  და ისიც აღსანიშნავია, რომ  წლების მანძილზე ე.წ. ოპოზიციური სპექტრი როგორც პოლიტიკური ძალა ვერ შედგა საქართველოში.. 
იმედი მაქვს, ქართული საზოგადოება გონს მოეგება (ჩვენ ხომ პროგრესულად მოაზროვნე ხალხი ვართ) და პოლიტიკური გადატრიალება კი არა, ქუჩებში ცივილიზაცია გამოგვიყვანს.. მაშინ მეც შევუერთდებო ჩემს თანამემამულეებს.. მაგრამ არა ამ, ჯერ კიდევ გაუგებარი ძალის მიერ  მართულ წარმოდგენებში არ მივიღებ მონაწილეობას.. 

პ.ს. დღეს გამართული აქციის სატელევიზიო გაშუქებისას არ გამომპარვია მხედველობიდან მიტინგის მონაწილეთა "ვითომ დროშის ტარები".. ჰმ!!! 


ირინა გორაშვილი
21 მაისი, 2011 წელი  

No comments:

Post a Comment