Sunday, November 21, 2010

გული არა ბერდება (?)

შესვენება დაიწყო სამსახურში. 
თუმცა შესვენება მისთვის ხელშეკრულებაში ფორმალურადაა  ჩაწერილი, უმეტესად დრო ენანება იმისთვის, რომ "ლანჩზე" გავიდეს. 
ეს ბოლო პერიოდი განსაკუთრებით მძიმე და ემოციურად დატვირთული აღმოჩნდა.. მეტი აღარ შეიძლებოდა, იმიტომ რომ არ დაცემულიყო და ებრძოლა ბოლომდე, მიხვდა, უნდა შეესვენა. 
მარტო და უხალისოდ აუყვა გზას პოპულისკენ.. არადა, სულ ცოტა ხნის წინ ასე არ იყო. ბევრი რამე არ იყო ასე თუ ისე.. მოკლედ, შემოდგომის თბილ მზეს მიეფიცხა და არც თუ ისე დიდი გზის გავლას საკმაო ხანი მოანდომა. 
პოპულში როგროც იქნა მოვიდა მისი რიგი. "ლანჩის" მენიუ იგივე (ოლივიეს სალათი და პატარა ლობიანი). ეგონა დაჯდებოდა და მშვიდად წაიხემსებდა.. მაგრამ ამ დროს სიმპათიურმა, ასე 60-ს გადაცილებულმა ქალბატონმა ჰკითხა: "ხომ არ შეგაწუხებთ გოგონა, თქვენს გვერდით რომ დავჯდე".. ერთი მაგიდა იდგა, უზრდელი არ იყო, მერე რა თუ მას ხასიათი არ ჰქონდა იმ წუთას არავისი.. მშვიდად კი უპასუხა: "რა თქმა უნდა ქალბატონო, დაბრძანდით". 
მისი ვარაუდით 60-ს გადაცილებული ქალბატონი საოცრად ცნობისმოყვარე და კომუნიკაბელური ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი აღმოჩნდა. ახალგაზრდულ განწყობაზე მისი ჩაცმულობის სტილიც მიუთითებდა. გაეცნო და მოისურვა აელაპარაკებინდა მაგიდის მეორე მხარეს მჯდომი, რომელიც უხალისოდ იღეჭებოდა. ქალბატონი რ. 60 კი არა 70-ზე მეტი წლის იყო, მაგრამ არაფერი ეტყობოდა გამოცდილ და ავტორიტეტიან ექიმ-გინეკოლოგს.  მისმა ხალისმა და აქტიურობამ შედეგი გამოიღო და საინტერესო საუბარი გაიმართა ექიმისა და ეკონომისტის.. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ქალბატონმა რ-მ ბევრჯერ გაიმეორა, "ასე პატარა გოგონა, თან როგორი კოხტა (ნუ, ეგ საკითხავია),  რომელიც დასაქმებულია, მშობლები ყავს, აგერ დედმამიშვილი და ოჯახის პატარა წევრიც გყოლიათ, გაქვთ სწავლის სურვილი და სწავლობთ კიდევაც.. და რამ გაგიტეხათ ხალხნო გული-ო, ვერ მიყურებთ ამ ხნის ქალს, გული როგორ მერჩის, მე კიდევ არ ვაპირებ გაჩერებას.. ოჰ, ეს გული, რომ არა ბერდება"-ო. ამ ბოლო ფრაზაზე კი გამოეკიდა ეკონომისტ-მენჯერი. მიუხედავად იმისა, რომ გაგონილი ჰქონდა ათასგზის, გული არა ბერდებაო, იგი არ ეთანხმებოდა. მისი გული ისეთი აღარ იყო, როგროც, მაგალითად 16 წლის ასაკში  ან  თუნდაც 1 წლის წინ. 
 შესვენების 40 წუთი გავიდა ამასობაში. საუბარში დაამთავრეს "ლანჩი", მაგრამ აწ უკვე ნაცნობი ქალბატონი უკმაყოფილო ჩანდა იმით, რომ მისი თანამოსაუბრე 24 წლის სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა გაიძახოდა გული ბერდებაო. მან სთხოვა, კიდევ რამდენიმე წუთი მოეცადა და მაღაზიაში შემოსული რამდენიმე მომხმარებლისთვის  ეკითხათ  რას ფიქრობდნენ. შემოსული 5 მომხმარებლიდან ხუთივემ დაადასტურა ერთხმად რომ გული არ ბერდებაო.. ისიც კი დასძინეს, რას ამბობთ, თავი 18 წლის გვგონიაო... 
70-ს გადაცილებულმა ქ-მა გამარჯვბულის ღიმილით გადახედა გოგონას, რომელიც გაოცებული იყო. როგორც ექიმმა კი დაძინა,"შვილო შენ გული გქონია გატეხილი, მაგრამ დრო ყველაფრის მკურნალიაო; შენ უნდა მოინდომო და იბრძოლო თუ გიღირს და შენივე კეთილდღეობისთვის ეს აუცილებელიაო... გული კი არ ბერდება, აი, მომიგონებ ჩემი ტოლი რომ გახდები-ო."..
იგი ისევე უცნაურად წავიდა, როგროც მოვიდა მის მაგიდასთან და დაჯდომაზე ნებართვა ითხოვა.. 
საათის ისრები 4სთ-ს ასწორებდა. შესვენებისთვის განკუთვნილი დრო გასულიყო და დაჟე მეტიც. უცნაურად გაბრუებულმა პოპულის გამყიდველს მადლობა გადაუხადა და ოფისისკენ დაეშვა. 


* * * 
ე.ი. გული არა ბერდება (?) რა ვიცი, არ ვიცი.. რომ ტყდება ეგ ვიცი.. 


იგ, ნოემბერი 2010

No comments:

Post a Comment